მკითხველთა შეკითხვები
მკითხველთა შეკითხვები
შესაძლებელია, რომ ძალადობის ამსახველმა კომპიუტერულმა თამაშებმა იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე იმოქმედოს?
„უფალი გამოსცდის მართალსა და ბოროტს, ხოლო ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს“, — დაწერა ძველი ისრაელის მეფე დავითმა (ფსალმუნები 10:5). აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა „სძულს“ შეიძლება მტრის მისამართით ითქვას. აქედან გამომდინარე, ის, ვისაც ძალადობა უყვარს, ღვთის მტერი ხდება. შეკითხვა, რომელსაც ამჯერად განვიხილავთ ასეთია: შესაძლებელია, რომ ადამიანს ძალადობისადმი სიყვარული განუვითარდეს ზოგიერთი კომპიუტერული თამაშებით გართობისას?
ძალადობის ამსახველ კომპიუტერულ თამაშებში განდიდებულია იარაღის გამოყენება. ხშირად, ასეთი თამაშების დროს მოთამაშე ბრძოლის ტაქტიკას სწავლობს. ჟურნალ „ეკონომისტში“ ნათქვამია: „ამერიკის სამხედრო ძალები კომპიუტერულ თამაშებს უფრო და უფრო მეტად მიმართავენ, როგორც საწვრთნელ საშუალებას. ზოგ თამაშს, რომელსაც სამხედროები იყენებენ, სამოქალაქო ბაზარზეც შეხვდებით“.
მართალია, ის, ვინც ასეთი თამაშებით ერთობა, რეალურ ადამიანებს არ ხოცავს, მაგრამ განა არ მოქმედებს გართობის ასეთი არჩევანი მოთამაშის გულზე? (მათე 5:21, 22; ლუკა 6:45) რას იტყვით ადამიანზე, რომელსაც სიამოვნებას ანიჭებს ეკრანზე ადამიანების დაჭრა, დასახიჩრება და მოკვლა? და, თუ ის სიამოვნებისთვის კვირაში საკმაოდ ბევრ დროს უთმობს ძალადობის ამსახველ თამაშებს და მათზე დამოკიდებული ხდება? სულ ცოტა, იმას მაინც იტყვით, რომ მას ძალადობისადმი სიყვარული განუვითარდა, ისე როგორც პორნოგრაფიის ყურებისას უჩნდება ადამიანს უზნეობისკენ სწრაფვა (მათე 5:27—29).
რამდენად სძულს იეჰოვას ძალადობის მოყვარული? იეჰოვას დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა სიტყვებში, რომლებიც ნოეს უთხრა: „ყოველი ხორციელის აღსასრული მოვიდა ჩემს წინაშე, რადგან აღივსო ქვეყანა მათი ძალადობით; და მე აღვგვი მათ მიწიდან“ (დაბადება 6:13). იმის გამო, რომ ძალადობა ფართოდ იყო გავრცელებული, ჭეშმარიტმა ღმერთმა მთელი კაცობრიობა მოსპო. მან მხოლოდ ნოე და მისი ოჯახი — რვა სული, დაინდო, რომლებმაც არ შეიყვარეს ძალადობა (2 პეტრე 2:5).
ისინი, რომლებსაც სურთ, რომ იეჰოვას მეგობრები გახდნენ, ‘ჭედავენ თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს — ნამგლებად’. ისინი არ სწავლობენ ძალადობის სიყვარულს და ‘აღარ სწავლობენ მეტად ბრძოლას’ (ესაია 2:4). თუ გვინდა, რომ ღვთის მტერი არ გავხდეთ და მასთან მეგობრობა შევინარჩუნოთ, ‘ზურგი უნდა ვაქციოთ ცუდს და ვაკეთოთ კარგი. მშვიდობა ვეძებოთ და მისკენ ვისწრაფვოთ’ (1 პეტრე 3:11).
როგორ მოვიქცეთ, თუ გვიტაცებს ძალადობის ამსახველი კომპიუტერული თამაშები? მტკიცედ უნდა გადავწყვიტოთ, ვასიამოვნოთ იეჰოვას და უარი ვთქვათ იმის გაკეთებაზე, რაც სძულს მას. ცხადია, უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა წმინდა სული მოგვცეს, რაც ამ საზიანო ჩვევის დაძლევაში დაგვეხმარება. მათ დაძლევას შევძლებთ, თუ გამოვავლენთ ისეთ თვისებებს, როგორიცაა მშვიდობა, სიკარგე და თავშეკავება (ლუკა 11:13; გალატელები 5:22, 23).