როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს?
როგორ გავუმკლავდეთ ჩვენს ემოციებს?
ზოგჯერ უარყოფითი ემოციები ხომ არ გეუფლებათ? ადვილად ხომ არ ნაწყენდებით, რისხდებით ან ღიზიანდებით? ცხოვრებისეული საზრუნავი მძიმე ტვირთად ხომ არ გაწევთ? თუ დიახ, რა დაგეხმარებათ?
ემოციების გამოხატვა ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ადამიანი სათანადოდ მართავს მათ, ცხოვრება უფრო საინტერესო ხდება. თუმცა ბიბლიაში ისიც არის ნათქვამი, რომ „ჩაგვრისას ბრძენი კარგავს გონებას“ (ეკლესიასტე 7:7). მსოფლიოში, სადაც ძალადობა და უბედური შემთხვევები ფართოდ არის გავრცელებული, ვისზე არ იმოქმედებს ის, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება? მაგრამ საღვთო წერილი აგრეთვე ამბობს: „არაფერია იმაზე უკეთესი, ვიდრე ხარობდეს ადამიანი თვისი საქმით“ (ეკლესიასტე 3:22). ცხოვრება რომ გავიხალისოთ, საჭიროა, ვისწავლოთ დადებითი ემოციების განვითარება. როგორ შეგვიძლია გასაქანი მივცეთ დადებით ემოციებს და კონტროლი გავუწიოთ უარყოფით ემოციებს?
მდგომარეობის გამოსასწორებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამცირებს უარყოფითი ემოციების სიმძაფრეს. მაგალითად, როცა რაღაც გაწუხებთ და ვერ უმკლავდებით პრობლემებს, მათზე გამუდმებით ფიქრის ნაცვლად, ნუთუ არ იქნებოდა უფრო კარგი, რომ ცხოვრებაში ცვლილებები შეგეტანათ? აუჩქარებელი ნაბიჯით სიარული, წყნარი მუსიკის მოსმენა, ვარჯიშები ან ვინმესთვის სიკეთის კეთება სიმშვიდეს მოგგვრით და ბედნიერებას მოგანიჭებთ (საქმეები 20:35).
საუკეთესო საშუალება, რომ განვდევნოთ უარყოფითი ფიქრები, არის ჩვენს შემოქმედზე მინდობა. როცა უარყოფითი ფიქრები მოსვენებას არ გვაძლევს, საჭიროა ლოცვებში ყველა ჩვენი საწუხარი ღმერთს მივანდოთ (1 პეტრე 5:6, 7). ბიბლია გვარწმუნებს: „ახლოა უფალი გულმოდრეკილებთან . . . მრავალი სიავე ხვდება მართალს; და ყველაფრისაგან იხსნის უფალი“ (ფსალმუნები 33:19, 20). რა განგვიმტკიცებს იმის რწმენას, ‘რომ ღმერთს შეუძლია ჩვენი დახმარება და ხსნა’? (ფსალმუნები 39:18). ამაში დაგვეხმარება ბიბლიის შესწავლა და იმ მაგალითებზე დაფიქრება, რომლებიდანაც ჩანს, რომ ღმერთი დაინტერესებულია თავის მსახურთა კეთილდღეობით.