არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უამრავი ადამიანი უერთდება იეჰოვას თაყვანისმცემლობას

უამრავი ადამიანი უერთდება იეჰოვას თაყვანისმცემლობას

„ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“

უამრავი ადამიანი უერთდება იეჰოვას თაყვანისმცემლობას

ჩვენს დღეებთან დაკავშირებით ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ადამიანები ყველა ტომიდან ჯგუფ-ჯგუფად შეუერთდებოდნენ იეჰოვას წმინდა თაყვანისმცემლობას. მაგალითად, ანგია წინასწარმეტყველის მეშვეობით იეჰოვა ღმერთმა განაცხადა: „შევარყევ ყველა ხალხს და აღსრულდება ყოველი ხალხის საწადელი: დიდებით ავავსებ ამ სახლს“ (ანგია 2:7). ესაიაც და მიქაც წინასწარმეტყველებდნენ, რომ ჩვენს დროში — „უკანასკნელ დღეებში“ — ერები და ხალხები თაყვანს სცემდნენ იეჰოვას მისთვის მოსაწონი სახით (ესაია 2:2—4; მიქა 4:1—4).

ნამდვილად სრულდება დღეს ეს წინასწარმეტყველებები? მოდი განვიხილოთ, რას ცხადყოფენ ფაქტები. მხოლოდ გასული ათი წლის განმავლობაში 230-ზე მეტ ქვეყანაში 3 110 000-ზე მეტმა ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას. მართლაც, ყოველი ათი მოწმიდან, რომლებიც დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემსახურებიან იეჰოვას, ექვსი მოინათლა ბოლო ათი წლის მანძილზე. 2004 წელს ყოველ ორ წუთში საშუალოდ იეჰოვას ერთი ახალი მსახური ემატებოდა ქრისტიანულ კრებას! *

პირველი საუკუნის მსგავსად, დღესაც „დიდძალმა ხალხმა ირწმუნა და უფლისკენ მოიქცა“. თუმცა რიცხობრივი ზრდა თავისთავად ღვთის კურთხევებს არ ნიშნავს, ის იმაზე მიუთითებს, რომ „იეჰოვას ხელი“ მის ხალხთან არის (საქმეები 11:21). რა აღძრავს მილიონებს, რომ იეჰოვას სცენ თაყვანი? და პირადად თქვენ როგორ გეხებათ ეს?

გულმართალი ადამიანების მოზიდვა

იესომ ნათლად თქვა: „ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:44). ამიტომ, საბოლოო ჯამში, იეჰოვას პასუხისმგებლობაა, მოიზიდოს ადამიანები, რომლებიც ‘მარადიული სიცოცხლისთვის არიან განწყობილნი’ (საქმეები 13:48). ღვთის სულს შეუძლია ადამიანებში სულიერი მოთხოვნილებები გააღვიძოს (მათე 5:3). სინდისის ქენჯნამ, იმედის უშედეგო ძიებამ ან კრიზისულმა სიტუაციამ შეიძლება აღძრას ზოგი, ღმერთი ეძებონ და ამგვარად კაცობრიობასთან დაკავშირებული მისი განზრახვების შესახებ ცოდნა შეიძინონ (მარკოზი 7:26—30; ლუკა 19:2—10).

ბევრ ადამიანს იმიტომ იზიდავს იეჰოვას თაყვანისმცემლობა, რომ ქრისტიანულ კრებაში მიმდინარე ბიბლიური საგანმანათლებლო პროგრამა ეხმარებათ, იმ კითხვებზე მიიღონ პასუხები, რომლებიც საგონებელში აგდებთ.

„თუ ღმერთი არსებობს, რატომღა იტანჯებიან უსამართლოდ ადამიანები?“ — ასეთ კითხვას სვამდა დავიდი, რომელიც იტალიაში ნარკოტიკებით ვაჭრობდა. მას რელიგიური საკითხები მაინცდამაინც არ აინტერესებდა, მაგრამ ამ კითხვას მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო სვამდა. „არ მეგონა, რომ ამ კითხვაზე ვინმე გონივრულ და დამაჯერებელ პასუხს გამცემდა, — ამბობს ის, — მაგრამ მოწმე, რომელიც მელაპარაკა, დიდ მოთმინებას იჩენდა და ყველაფერს, რასაც ამბობდა, ბიბლიიდან ამტკიცებდა. ამ საუბარმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე“. დავიდმა შეიცვალა ცხოვრების წესი და დღეს იეჰოვას ემსახურება.

სხვები იმიტომ უერთდებიან იეჰოვას მიწიერ ორგანიზაციას, რომ თავიანთი ცხოვრების აზრსა და მიზანს ეძებენ. ერთმა ფსიქიატრმა ზაგრებიდან (ხორვატია) თავისი ემოციური პრობლემების მოსაგვარებლად ცნობილ კოლეგას მიმართა. მისდა გასაკვირად, ექიმმა ზაგრებში არსებული იეჰოვას მოწმეების ფილიალის ტელეფონის ნომერი და ერთი ნაცნობი მოწმის სახელი ჩააწერინა. „ვფიქრობ, — უთხრა მან ქალს, — ეს ხალხი დაგეხმარება. ეკლესიაში გაგიშვებდი, მაგრამ იქ მხოლოდ უსიცოცხლო ქანდაკებები დგას — ლაპარაკი არც ერთს არ შეუძლია და ყველაფერი სულიერი სიბნელითაა მოცული. ვეჭვობ, ეკლესია რამეში დაგეხმაროს. მე სხვა პაციენტებსაც იეჰოვას მოწმეებთან ვგზავნი და ვფიქრობ, ეს შენთვისაც საუკეთესო იქნება“. იეჰოვას მოწმეებმა სიამოვნებით მოინახულეს ეს ქალი და მალე მასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. რამდენიმე კვირაში ამ ფსიქიატრმა გახარებულმა თქვა, რომ ღვთის განზრახვების ცოდნამ მის ცხოვრებას აზრი შემატა (ეკლესიასტე 12:13).

კრიზისულ სიტუაციაში მყოფმა ბევრმა ადამიანმა აღმოაჩინა, რომ ნამდვილი ნუგეშისცემა მხოლოდ ბიბლიურ ჭეშმარიტებას მოაქვს. საბერძნეთში შვიდი წლის ბიჭი სკოლის სახურავიდან გადმოვარდა და მოკვდა. რამდენიმე თვის შემდეგ, ორი მოწმე შეხვდა ამ ბიჭის დედას და აღდგომის იმედით ანუგეშეს (იოანე 5:28, 29). ქალს ცრემლები წამოსცვივდა. დებმა ჰკითხეს: „თუ ბიბლიის შესახებ უფრო მეტის გაგება გსურთ, როდის შეგვიძლია მოგაკითხოთ?“ „ახლავე“, — უპასუხა მან. ქალმა მოწმეები სახლში წაიყვანა და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. დღეს მთელი მისი ოჯახი იეჰოვას ემსახურება.

თქვენც მათ რიცხვს ეკუთვნით?

მთელ მსოფლიოში ასეთი შემთხვევები ხშირია. იეჰოვა კრებს და ასწავლის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ყველა ერიდან. ამ საერთაშორისო საძმოს წევრებს აქვთ შესანიშნავი იმედი, რომ ქვეყნიერების მოახლოებული აღსასრულის დროს გადარჩებიან და სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრებენ (2 პეტრე 3:13).

იეჰოვას კურთხევის შედეგად, შეკრების ეს უპრეცედენტო საქმიანობა შეუფერხებლად უახლოვდება დასასრულს (ესაია 55:10, 11; მათე 24:3, 14). თქვენც ქადაგებთ მთელი ენთუზიაზმით სამეფოს შესახებ? თუ დიახ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ ღვთის მხარდაჭერაში და ფსალმუნმომღერლის სიტყვები გაიზიაროთ: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 121:2, აქ [120:2]).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ „იეჰოვას მოწმეების 2005 წლის კალენდარი“, სექტემბერი/ოქტომბერი.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„ჩემთან ვერავინ მოვა, თუ მამამ, ჩემმა გამომგზავნელმა, არ მოიზიდა“ (იოანე 6:44).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

ვინ დგას ასეთი ზრდის მიღმა?

„სადაც უფალი არ ააშენებს სახლს, იქ ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნები 126:1).

„ღმერთმა გაზარდა. ასე რომ, არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის“ (1 კორინთელები 3:6, 7).