კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?
კარგად არის განსწავლული თქვენი სინდისი?
ოდესმე თუ გითქვამთ: „გულის სიღრმეში ვგრძნობ, რომ ამის გაკეთება სწორი არ არის“ ან „არ შემიძლია შეგისრულო სათხოვარი. შინაგანად ვგრძნობ, რომ ეს არასწორია“. ეს არის თქვენი სინდისის „ხმა“, კარგისა და ცუდის, საკუთარი საქციელის ავ-კარგიანობის შინაგანი შეგრძნება ან შეფასება, რის მეშვეობითაც ადამიანი ან ამართლებს, ან ადანაშაულებს საკუთარ თავს. დიახ, ჩვენში ჩადებულია სინდისი.
თუმცა ადამიანები ღვთისგან გაუცხოებულნი არიან, მთლიანობაში მათ მაინც აქვთ კარგის ცუდისგან გარჩევის უნარი. ამის მიზეზი ის არის, რომ ისინი ღვთის ხატად არიან შექმნილნი და გარკვეულწილად ირეკლავენ ღვთის თვისებებს — სიბრძნესა და სამართლიანობას (დაბადება 1:26, 27). ამის თაობაზე პავლე მოციქულმა ღვთის შთაგონებით დაწერა: „უცხოტომელები, რომლებსაც კანონი არა აქვთ, თავიანთი ბუნებით ასრულებენ იმას, რაც კანონშია, ისინი, თუმცა კანონი არა აქვთ, თავიანთი თავის კანონი არიან. ისინი აჩვენებენ, რომ კანონის არსი გულებში უწერიათ. ამას მათთან ერთად მოწმობს მათი სინდისიც და საკუთარი აზრები ხან ბრალს სდებენ მათ, ხან ამართლებენ“ (რომაელები 2:14, 15) *.
ეს ზნეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა, რომელიც შთამომავლობით გადმოგვეცა პირველი მამაკაცისგან, ადამისგან, ნებისმიერი მოდგმისა თუ ეროვნების ადამიანისთვის „კანონად“ ანუ ქცევის ნორმად იქცა. ეს არის უნარი, რის მეშვეობითაც შეგვიძლია შევამოწმოთ საკუთარი თავი და თავად გამოვუტანოთ მას განაჩენი (რომაელები 9:1). ადამი და ევა ღვთის კანონის დარღვევისთანავე დაიმალნენ, რითაც ცხადყვეს, რომ ჰქონდათ ეს უნარი (დაბადება 3:7, 8). მეფე დავითის შემთხვევაც გვანახვებს, თუ როგორ მოქმედებს სინდისი. დავითზე ძალიან იმოქმედა, როცა მიხვდა, რომ ხალხის აღრიცხვა შეცდომა იყო. ბიბლიაში ნათქვამია, რომ „გული აუჩქარდა დავითს“ (2 მეფეთა 24:1—10, აქ).
საკუთარ წარსულსა და ზნეობრივ საქციელზე დაფიქრების უნარი ღვთისთვის მოსაწონი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისკენ, მონანიებისკენ, აღგვძრავს. დავითმა დაწერა: «როდესაც ვდუმდი გაცვითა ჩემი ძვლები ყოველდღიურმა გოდებამ ჩემმა. ცოდვა ჩემი გაუწყე, და ბრალი ჩემი არ დამიმალავს. ვთქვი: „ვაღიარებ ჩემს ცოდვებს უფლის წინაშე“. და შენ მომიტევე დანაშაული ჩემი ცოდვისა» (ფსალმუნები 31:3, 5). ამგვარად, სწორად ამოქმედებული სინდისის წყალობით შემცოდველი ღმერთს ურიგდება და ათვითცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ღვთისგან პატიების მიღება და მისი გზებით სიარული (ფსალმუნები 50:3—6, 11, 15—17).
სინდისი აგრეთვე გვაფრთხილებს ან გვხელმძღვანელობს, როცა არჩევნის წინაშე ვდგავართ და ზნეობრივ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებთ. შესაძლოა იოსებს სწორედ ამ მხრივ დაეხმარა სინდისი, წინასწარ განესაზღვრა, რომ მრუშობა არასწორი და ზნეობრივად გაუმართლებელი საქციელი იყო; იოსები ხვდებოდა, რომ მრუშობის ჩადენით ღმერთს შესცოდავდა. მრუშობასთან დაკავშირებული კონკრეტული კანონი ისრაელისთვის მოგვიანებით მიცემულ ათ მცნებაში შედიოდა (დაბადება 39:1—9; გამოსვლა 20:14). აშკარაა, რომ, როდესაც ჩვენი სინდისი განსწავლულია, უფრო მეტად გვიცავს — ის არა მარტო განგვსჯის, არამედ ხელმძღვანელობასაც გვიწევს. მოქმედებს ამგვარად თქვენი სინდისი?
სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად განსწავლული სინდისი
თუმცა სინდისის თანდაყოლილი უნარით ვართ დაჯილდოებულნი, სამწუხაროდ, ეს ძღვენი არასრულფასოვანია. მართალია, კაცობრიობას სრულყოფილი საწყისი ჰქონდა, მაგრამ „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“ (რომაელები 3:23). ცოდვისა და არასრულყოფილების შედეგად ჩვენი სინდისი შეიძლება გაუხეშდეს და იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესაბამისად ყოველმხრივ ვეღარ შეასრულოს თავისი ფუნქცია (რომაელები 7:18—23). გარდა ამისა, ჩვენს სინდისზე გარეგანი ფაქტორებიც მოქმედებს. შეიძლება მასზე გავლენა მოახდინოს აღზრდამ, ადგილობრივმა წეს–ჩვეულებებმა, მრწამსმა და გარემომ. რასაკვირველია, მათ, რომლებსაც სურთ, სუფთა სინდისი ჰქონდეთ, ვერ იხელმძღვანელებენ დღევანდელი ქვეყნიერების დეგრადირებული და დაცემული მორალური ნორმებით.
ამიტომ ქრისტიანებმა დახმარება უნდა მიიღონ ღვთის სიტყვის, ბიბლიის, მეშვეობით, რომელშიც მოცემულია უცვლელი და სამართლიანი ნორმები. ამ ნორმებს შეუძლია ისე წარმართოს ჩვენი სინდისი, რომ საკითხების სწორად შეფასება შევძლოთ და შესაბამისად სწორი მიმართულებით ვიაროთ (2 ტიმოთე 3:16). როდესაც ჩვენი სინდისი ღვთის ნორმების თანახმად განისწავლება, ის შეიძლება დაგვეხმაროს, თავი ავარიდოთ ისეთ ქმედებებს, რომელთა შედეგადაც ზნეობრივ სისუფთავეს დავკარგავდით; ამგვარად განსწავლული სინდისი „კარგისა და ცუდის გარჩევის“ საშუალებას გვაძლევს (ებრაელები 5:14). თუ სინდისი ღვთის ნორმებით არ იქნება განსწავლული, შეიძლება მან არ მოგვცეს გამაფრთხილებელი ნიშანი მაშინ, როცა სახიფათო გზას ვადგავართ. „არის გზა, რომელიც სწორი ჩანს კაცის წინაშე, — ნათქვამია ბიბლიაში, — მისი ბოლო კი სიკვდილის გზებია“ (იგავები 16:25; 17:20).
ზოგ ცხოვრებისეულ საკითხში ღვთის სიტყვა ნათელ ხელმძღვანელობასა და მიმართულებას გვაძლევს, და, თუ მივყვებით მას, სარგებლობას მივიღებთ. მეორე მხრივ, არსებობს ბევრი ისეთი სიტუაცია, რომელთა შესახებაც ბიბლიაში კონკრეტული მითითებები არ არის მოცემული. ეს შეიძლება ეხებოდეს არჩევნის გაკეთებას სამუშაოსთან, ჯანმრთელობასთან, დასვენებასთან, ჩაცმულობასთან, გარეგნობასა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ადვილი არ არის, იცოდე, რის გაკეთება გმართებს თითოეულ სიტუაციაში და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილებაც მიიღო. ამიტომ ჩვენ უნდა გვქონდეს დავითის თვალსაზრისი, რომელიც ლოცულობდა: „შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი. წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენ ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა“ (ფსალმუნები 24:4, 5). რაც უფრო უკეთ ვწვდებით ღვთის გზებს და რაც უფრო კარგად გვესმის ამა თუ იმ საკითხზე მისი თვალსაზრისი, მით უფრო მეტად შეგვიძლია სწორად შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა და სუფთა სინდისით მივიღოთ გადაწყვეტილებები.
მაშასადამე, როცა ამა თუ იმ საკითხის ან გადაწყვეტილების წინაშე ვდგავართ, თავდაპირველად უნდა დავფიქრდეთ ბიბლიურ პრინციპებზე, რომლებიც შეგვიძლია გამოვიყენოთ. ზოგი პრინციპი კოლოსელები 3:18, 20); ყველაფერში პატიოსნად მოქცევა (ებრაელები 13:18); ბოროტების სიძულვილი (ფსალმუნები 96:10); მშვიდობის ძიება (რომაელები 14:19); დადგენილი ხელისუფლებებისადმი მორჩილება (მათე 22:21; რომაელები 13:1—7); ღვთისადმი განსაკუთრებული ერთგულების გამოვლენა (მათე 4:10); ქვეყნიერებისგან გამოყოფა (იოანე 17:14); ცუდი საზოგადოებებისთვის თავის არიდება (1 კორინთელები 15:33); მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა (1 ტიმოთე 2:9, 10); არ დავაბრკოლოთ სხვები (ფილიპელები 1:10). სათანადო ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება სწორად აამოქმედებს ჩვენს სინდისს და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარება.
ასეთია: მეთაურობის პრინციპის პატივისცემა (უსმინეთ საკუთარ სინდისს
საკუთარმა სინდისმა რომ დახმარება აღმოგვიჩინოს, უნდა მოვუსმინოთ მას. ეს კი მხოლოდ მაშინ მოგვიტანს სარგებლობას, თუ მყისვე მოვახდენთ რეაგირებას ბიბლიით განსწავლული სინდისის მიერ მოცემულ გამაფრთხილებელ ნიშნებზე. ჩვენ შეგვიძლია განსწავლული სინდისი შევადაროთ ავტომანქანის პანელზე ანთებულ გამაფრთხილებელ წითელ შუქს. ეს წითელი შუქი იმის მიმანიშნებელია, რომ მანქანის ზეთი თავდება. რა მოხდება, თუ უმალვე არ მივიღებთ შესაბამის ზომებს და განვაგრძობთ მანქანის ტარებას? შეიძლება მანქანის ძრავა სერიოზულად დავაზიანოთ. მსგავსად ამისა, ჩვენი სინდისი, ანუ შინაგანი ხმა, შეიძლება გვაფრთხილებს, რომ ესა თუ ის საქციელი არასწორია. როდესაც ვფიქრობთ, რამდენად შეესაბამება ჩვენი საქციელი ბიბლიურ ნორმებსა და ფასეულობებს, რომლებითაც ვხელმძღვანელობთ, სინდისი, მანქანის პანელზე ანთებული გამაფრთხილებელი წითელი შუქის მსგავსად, ნიშანს გვაძლევს. თუ ამ გაფრთხილებას ყურად ვიღებთ, არა მხოლოდ არასწორი საქციელის არასასურველ შედეგებს ავირიდებთ თავიდან, არამედ საკუთარ სინდისს სათანადოდ მოქმედების საშუალებასაც მივცემთ.
რა მოხდება, თუ უგულებელვყოფთ ამ გაფრთხილებას? დროთა განმავლობაში ჩვენი სინდისი შეიძლება უგრძნობი გახდეს. თუ გამუდმებით ვახშობთ სინდისის ხმას, შედეგი შეიძლება სხეულზე დაღის დასმის მსგავსი იყოს. ნაიარევი ქსოვილი, რომელშიც მკვდარია ნერვული დაბოლოებები, ყველანაირ შეგრძნებას კარგავს (1 ტიმოთე 4:2). ასეთი სინდისი აღარ რეაგირებს, როცა ცოდვას ჩავდივართ, და აღარც წინასწარ გვაძლევს გამაფრთხილებელ ნიშანს, რათა არ გავიმეოროთ იგივე შეცდომა. უგრძნობი სინდისი ვეღარ განასხვავებს ერთმანეთისგან, ბიბლიური ნორმებიდან გამომდინარე, რა არის სწორი და რა — არასწორი; და ამგვარად ის უხეშდება. ეს არის შებღალული სინდისი და მისი მფლობელი „ყველანაირად ზნედაცემული“ და ღვთისგან გაუცხოებულია (ეფესოელები 4:17—19; ტიტე 1:15). რა სავალალო შედეგია!
„სუფთა სინდისი გქონდეთ“
სუფთა სინდისის შესანარჩუნებლად გამუდმებული ძალისხმევა მოითხოვება. პავლე მოციქულმა განაცხადა: „ყოველთვის ვცდილობ, გათვითცნობიერებული მქონდეს, რომ ცუდი არაფერი გავაკეთო ღვთისა და ადამიანების წინაშე“ (საქმეები 24:16). პავლე, როგორც ქრისტიანი, ყოველთვის იკვლევდა საკუთარ თავს და ასწორებდა თავის გზასავალს; მას სურდა დარწმუნებულიყო, რომ ღვთის საწინააღმდეგოს არაფერს აკეთებდა. მან იცოდა, რომ საბოლოოდ ღმერთი გაგვასამართლებს — სამართლიანად ვიქცევით თუ უსამართლოდ (რომაელები 14:10—12; 1 კორინთელები 4:4). პავლემ აღნიშნა: „ყოველივე გაშიშვლებული და ღიაა მის თვალთა წინაშე, ვისაც ანგარიშს ვაბარებთ“ (ებრაელები 4:13).
პავლემ აგრეთვე მოიხსენია, რამდენად მნიშვნელოვანია, არ დავაბრკოლოთ ადამიანები. ამის თვალსაჩინო მაგალითი კორინთელი ქრისტიანებისთვის „კერპთშენაწირის ჭამასთან“ დაკავშირებული პავლეს რჩევიდან ჩანს. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მაშინაც კი, თუ ღვთის სიტყვის თანახმად გარკვეული კურსით სვლა საძრახისი არ არის, მნიშვნელოვანია სხვების სინდისისთვის ანგარიშის გაწევა. ამის უგულებელყოფამ შეიძლება სულიერად ‘დაღუპოს ჩვენი ძმები, რომელთა გულისთვისაც ქრისტე მოკვდა’. შედეგად შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობასაც გაუჩნდეს ბზარი (1 კორინთელები 8:4, 11—13; 10:23, 24).
ამიტომ განაგრძეთ თქვენი სინდისის განსწავლა და შეინარჩუნეთ ის სუფთად. გადაწყვეტილებების მიღებისას ეძებთ ღვთის ხელმძღვანელობა (იაკობი 1:5). შეისწავლეთ ღვთის სიტყვა და საშუალება მიეცით ბიბლიურ პრინციპებს, თქვენი გონებისა და გულის ფორმირება მოახდინოს (იგავები 2:3—5). როდესაც სერიოზული საკითხის წინაშე დადგებით, სთხოვეთ რჩევა მოწიფულ ქრისტიანებს, რათა დარწმუნდეთ, რომ სწორად გესმით ამ საკითხთან დაკავშირებული ბიბლიური პრინციპები (იგავები 12:15; რომაელები 14:1; გალატელები 6:5). დაფიქრდით, როგორ იმოქმედებს თქვენი გადაწყვეტილება თქვენს სინდისზე; რა გავლენას მოახდენს ის სხვებზე და, რაც ყველაზე მთავარია, როგორ იმოქმედებს ის იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე (1 ტიმოთე 1:5, 18, 19).
სინდისი ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამისგან, იეჰოვა ღმერთისგან ნაბოძები სასწაულებრივი ძღვენია. თუ მას მისივე მბოძებლის ნების თანახმად გამოვიყენებთ, უფრო დავუახლოვდებით ჩვენს შემოქმედს. ჩვენ ძალ–ღონეს არ ვიშურებთ იმისათვის, რომ ‘სუფთა სინდისი გვქონდეს’, ამიტომ ყველაფერში, რასაც ვაკეთებთ, უფრო ნათლად ცხადვყოფთ, რომ ღვთის ხატად ვართ შექმნილნი (1 პეტრე 3:16; კოლოსელები 3:10).
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ერთი ლექსიკონის თანახმად, რომაელების 2:15-ში სინდისად ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „ზნეობის შეფასების შინაგან უნარს“ (The Analytical Greek Lexicon Revised, by Harold K. Moulton); სხვა ლექსიკონში კი ამ სიტყვის მნიშვნელობა ასე იხსნება: „ზნეობის მიხედვით კარგის და ცუდის ერთმანეთისგან გარჩევა“ (Greek-English Lexicon, by J. H. Thayer).
[სურათები 13 გვერდზე]
განსწავლულია თქვენი სინდისი ისე, რომ უფრო მეტად გხელმძღვანელობთ, ვიდრე მხოლოდ განგსჯით?
[სურათი 14 გვერდზე]
ბიბლიური პრინციპების შესწავლისა და გამოყენების შედეგად ჩვენ შეგვიძლია კარგად განსწავლული სინდისი გვქონდეს.
[სურათები 15 გვერდზე]
ნუ უგულებელყოფთ სინდისის მიერ ნაკარნახევ გამაფრთხილებელ ნიშნებს.