არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლების მაგალითმა გამაძლიერა

მშობლების მაგალითმა გამაძლიერა

ბიოგრაფია

მშობლების მაგალითმა გამაძლიერა

მოგვითხრო იანეზ რეკელმა

იდგა 1958 წელი. მე და ჩემი მეუღლე, სტანკა, იუგოსლავია-ავსტრიის საზღვარზე მდებარე ალპების მთაგრეხილზე, კარავანკეზე, ვიდექით და ავსტრიაში გაქცევას ვცდილობდით. ეს საშიში იყო, რადგან იუგოსლავიის შეიარაღებულ მესაზღვრეებს გადაწყვეტილი ჰქონდათ, ხელი შეეშალათ ყველასთვის, ვინც საზღვრის გადაკვეთას მოისურვებდა. ფრიალო კლდეს მივადექით და ერთი ნაბიჯიც კი საკმარისი იყო, რომ გადავცვენილიყავით. მე და სტანკას აქამდე არასდროს გვინახავს ავსტრიის ეს მთაგორიანი მხარე. აღმოსავლეთისკენ დავადექით გზას და მანამდე ვიარეთ, სანამ კლდის უსწორმასწორო და ქვიან ფერდობს არ მივადექით. ბრეზენტში გახვეულები მთის ფერდობზე ჩავსრიალდით. წარმოდგენაც კი არ გვქონდა, რას გვიმზადებდა მომავალი.

ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში და როგორ აღმძრა მშობლების ერთგულების მაგალითმა, სიძნელეების დროს იეჰოვას ერთგული დავრჩენილიყავი.

გავიზარდე ცენტრალური ევროპის ერთ პატარა ქვეყანაში, სლოვენიაში, რომელიც ევროპის ალპებში მდებარეობს; ჩრდილოეთით მას ავსტრია ესაზღვრება, დასავლეთით — იტალია, სამხრეთით — ხორვატია, აღმოსავლეთით კი — უნგრეთი. თუმცა, როცა ჩემი მშობლები, ფრანც და როზალია რეკელები დაიბადნენ, სლოვენია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის დასასრულს სლოვენია ახალი ქვეყნის ნაწილი გახდა, რომელსაც სერბიის, ხორვატიისა და სლოვენიის სამეფო ეწოდებოდა. 1929 წელს ქვეყანას ახალი სახელი, იუგოსლავია, დაარქვეს, რაც სიტყვა-სიტყვით „სამხრეთ სლავიას“ ნიშნავს. მე იმავე წლის 9 იანვარს დავიბადე განაპირა სოფელ პოდჰომში, რომელიც თვალწარმტაც ტბა ბლედთან ახლოს მდებარეობს.

დედაჩემს მკაცრი კათოლიკური აღზრდა ჰქონდა მიღებული. მამამისის უმცროსი ძმა მღვდელი იყო, ხოლო სამი უფროსი და — მონაზონი. დედაჩემს ძალიან უნდოდა, საკუთარი ბიბლია ჰქონოდა, რათა წაეკითხა და გაეგო ის. მაგრამ მამაჩემი რელიგიის მიმართ მტრულად იყო განწყობილი. მას სძულდა რელიგია 1914—1918 წლების „დიდ ომში“ ჩარევის გამო.

ჭეშმარიტების შესწავლა

ომის შემდეგ დედაჩემის ნათესავი ჯანეზ ბრაიესი და მისი მეუღლე, ანეკა, ბიბლიის მკვლევარები გახდნენ, რომელთაც შემდეგში იეჰოვას მოწმეები ეწოდათ. იმ დროისათვის ისინი ავსტრიაში ცხოვრობდნენ. დაახლოებით 1936 წლიდან მოყოლებული ანეკა რამდენჯერმე ჩამოვიდა დედაჩემთან. მან ბიბლია დაუტოვა დედას, რომელმაც მალევე წაიკითხა ის სლოვენურ ენაზე გამოცემულ „საგუშაგო კოშკსა“ და სხვა ბიბლიურ პუბლიკაციებთან ერთად. ბოლოს, როცა 1938 წელს ჰიტლერმა ავსტრიის ანექსია მოახდინა, ჯანეზი და ანეკა საცხოვრებლად სლოვენიაში დაბრუნდნენ. ეს იყო განათლებული და შეგნებული წყვილი, რომელთაც ნამდვილად უყვარდათ იეჰოვა. ისინი ხშირად საუბრობდნენ დედასთან ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე, რამაც აღძრა დედა, რომ თავისი სიცოცხლე იეჰოვასთვის მიეძღვნა. ის 1938 წელს მოინათლა.

ჩვენს მხარეში მითქმა-მოთქმა გამოიწვია იმან, რომ დედაჩემმა უარი თქვა არაბიბლიური დღესასწაულების, მაგალითად ქრისტეშობის, აღნიშვნაზე; ის აღარ ჭამდა სისხლის შემცველ ძეხვს; განსაკუთრებით იმან აღაშფოთა ყველა, რომ მან სახლიდან ყველა ხატი გამოიტანა და ცეცხლში დაწვა. წინააღმდეგობამაც მალევე იჩინა თავი. მონაზონმა მამიდებმა დედაჩემს წერილი მოსწერეს და ეცადნენ, დაერწმუნებინათ ის, რომ დაბრუნებოდა ღვთისმშობელსა და კათოლიკურ ეკლესიას. მაგრამ, როცა დედამ წერილში სთხოვა მათ, განსაზღვრულ ბიბლიურ კითხვებზე პასუხები გაეცათ, მათ აღარაფერი მოუწერიათ. ბაბუაჩემიც ძალიან ეწინააღმდეგებოდა დედას. ის ცუდი კაცი არ იყო, მაგრამ ხშირად ნათესავებისა და თანასოფლელების გავლენის ქვეშ ექცეოდა. შედეგად, მან რამდენჯერმე გაუნადგურა დედას ბიბლიური ლიტერატურა, მაგრამ ბიბლიისთვის ხელი არასოდეს დაუკარებია. ბაბუა მუხლებზე დაჩოქილი ევედრებოდა დედას, ეკლესიაში დაბრუნებულიყო. ის იქამდეც კი მივიდა, რომ დანით დაემუქრა. მაგრამ მამაჩემმა საკმაოდ დამაჯერებლად უთხრა, რომ ასეთ საქციელს მეტად აღარ მოითმენდა.

მამაჩემი კვლავაც მხარს უჭერდა დედას, რომ ბიბლია ეკითხა და რწმენასთან დაკავშირებით თავად გაეკეთებინა არჩევანი. 1946 წელს მამაჩემიც მოინათლა. იმის დანახვამ, თუ როგორ გააძლიერა იეჰოვამ დედაჩემი, წინააღმდეგობების მიუხედავად, უშიშრად მდგარიყო ჭეშმარიტებაში და როგორ აკურთხა ის თავისი რწმენისთვის, ღმერთთან პირადი ურთიერთობის განვითარებისკენ აღმძრა. ჩემთვის აგრეთვე ძალიან დამხმარე აღმოჩნდა ის, რომ დედაჩემი ყოველთვის ხმამაღლა მიკითხავდა ბიბლიასა და ბიბლიაზე დაფუძნებულ პუბლიკაციებს.

დედა აგრეთვე ბევრს ელაპარაკებოდა თავის დას, მარია რეპეს; საბოლოოდ, მე და დეიდა მარია 1942 წლის შუა ივლისის ერთ დღეს მოვინათლეთ. ძმამ მოკლე მოხსენება წაიკითხა და ჩვენს სახლში ხის დიდ კასრში მოვინათლეთ.

იძულებითი შრომა მეორე მსოფლიო ომის დროს

1942 წელს, მეორე მსოფლიო ომის შუა ხანებში, გერმანია და იტალია სლოვენიაში შეიჭრნენ და უნგრეთთან ერთად დაინაწილეს ის. ჩემმა მშობლებმა უარი თქვეს ნაცისტურ ორგანიზაციაში, ფოლკსბუნტში, შესვლაზე. მე კი უარი განვაცხადე სკოლაში „ჰაილ ჰიტლერის“ თქმაზე. როგორც ჩანს, ამასთან დაკავშირებით ჩემმა მასწავლებელმა საქმის კურსში ჩააყენა მთავრობის წარმომადგენლები.

ჩვენ ჩაგვსხეს მატარებელში, რომელიც ბავარიის სოფელ ჰუეტენბახთან ახლოს მდებარე ციხე-სიმაგრესთან მიდიოდა, რომელსაც იძულებით მომუშავეთა ბანაკად იყენებდნენ. მამამ იზრუნა, რომ ადგილობრივ მეპურესთან მემუშავა და მეცხოვრა. იმ პერიოდში ვისწავლე პურის ცხობა, რაც შემდეგში ძალიან გამომადგა. დროთა განმავლობაში ჩემი ოჯახის ყველა წევრი (მათ შორის დეიდა მარია და მისი ოჯახი) გუნზენჰაუზენის ბანაკში გადაიყვანეს.

ომის დასასრულს ვაპირებდი, ერთ ჯგუფთან ერთად გავმგზავრებულიყავი იმ ადგილამდე, სადაც ჩემი მშობლები იყვნენ. საღამოს, სანამ სახლიდან გავიდოდი, მოულოდნელად მამაჩემი დამადგა თავზე. არც კი ვიცი, სად ამოვყოფდი თავს, იმ ჯგუფთან ერთად რომ წავსულიყავი, რადგან სანდო ხალხი არ ჩანდა. კვლავაც ვიგრძენი იეჰოვას სიყვარული, რადგან მან ჩემი მშობლები გამოიყენა ჩემი დაცვისა და დასწავლებისთვის. მე და მამამ სამი დღე ვიარეთ, რომ ოჯახის წევრებს შევხვედროდით. 1945 წლის ივნისში ყველანი სახლში დავბრუნდით.

ომის შემდეგ კომუნისტების მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოვიდა იუგოსლავიის პრეზიდენტი იოსიპ ბროზ ტიტო. შედეგად, იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

1948 წელს ავსტრიიდან ჩამოვიდა ერთი ძმა და სადილად დაგვეწვია. პოლიცია უთვალთვალებდა მას და ვინც კი ამ ძმამ მოინახულა, ყველა დააპატიმრეს. რადგან მამაჩემმა სტუმართმოყვარეობა აღმოუჩინა და პოლიციას არ შეატყობინა მის შესახებ, ისიც დააპატიმრეს და ორი წლით ჩასვეს ციხეში. ეს ძალიან რთული დრო იყო დედაჩემისთვის არა მხოლოდ იმიტომ, რომ მამა ჩვენთან არ იყო, არამედ იმიტომაც, რომ იცოდა, მალე მე და ჩემს უმცროს ძმასაც გვექნებოდა ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პრობლემები.

პატიმრობა მაკედონიაში

1949 წლის ნოემბერში სამხედრო მოწვევა მივიღე. გამოვცხადდი მთავრობის წარმომადგენლების წინაშე და შევეცადე ამეხსნა, რომ სინდისის საფუძველზე უარს ვამბობდი სამხედრო სამსახურზე. მათ არც კი მომისმინეს და პირდაპირ მატარებელში მიკრეს თავი, რომელსაც ახალწვეულები მაკედონიაში, იუგოსლავიის მეორე ბოლოში, მიჰყავდა.

სამი წლის განმავლობაში არანაირი კავშირი არ მქონდა ოჯახსა და თანაქრისტიანებთან და ლიტერატურისა და ბიბლიის გარეშეც კი დავრჩი. ეს ძალიან რთული იყო. გამუდმებით ვფიქრობდი იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, მაგალითზე. ჩემი მშობლების მაგალითიც მაძლიერებდა. გარდა ამისა, გამუდმებულმა ლოცვამ ძალები შემმატა, რომ იმედი არ დამეკარგა.

საბოლოოდ, იდრიზოვოს ციხეში გადამაგზავნეს, რომელიც სკოპიესთან ახლოს მდებარეობდა. ამ ციხეში პატიმრები სხვადასხვა სახის სამუშაოსა და დავალებას ასრულებდნენ. თავიდან დამლაგებლად და ოფისებს შორის კურიერად ვმუშაობდი. ერთი პატიმრის გარდა, რომელიც ადრე საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი იყო და ხშირად ცუდად მექცეოდა, სამუშაოზე ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა — დაცვასთან, პატიმრებსა და ციხის ფაბრიკის გამგესთანაც კი.

მოგვიანებით გავიგე, რომ ციხის საცხობში პურის მცხობელი სჭირდებოდათ. რამდენიმე დღის შემდეგ, გვარების ამოკითხვის დროს, გამგე მოვიდა. ის მოუახლოვდა პატიმრების მწკრივს, ჩემს პირდაპირ გაჩერდა და მკითხა: „პურის მცხობელი ხარ?“ „დიახ, სერ“, — ვუპასუხე მე. „ხვალ დილით საცხობში გამოცხადდები“, — მითხრა მან. პატიმარი, რომელიც ცუდად მეპყრობოდა, ხშირად ჩაივლიდა ხოლმე საცხობთან, მაგრამ ვეღარაფერს მიშავებდა. საცხობში 1950 წლის თებერვლიდან ივლისამდე ვიმუშავე.

შემდეგ გადამაგზავნეს სამხრეთ მაკედონიაში არსებულ ვოლკოდერის ბარაკებში, ტბა პრესპასთან ახლოს. მეზობელი ოტეშოვოდან სახლში წერილების გაგზავნის საშუალება მომეცა. გზების შემკეთებელ ბრიგადაში ვმუშაობდი, მაგრამ უმეტესად პურს ვაცხობდი, რაც ადვილი იყო ჩემთვის. 1952 წლის ნოემბერში კი გამათავისუფლეს.

პოდჰომში ჩემი არყოფნის განმავლობაში იმ ტერიტორიაზე კრება ჩამოყალიბდა. თავდაპირველად, კრების შეხვედრები ტარდებოდა პატარა სასტუმრო „სპოდნიე გორიეში“. მოგვიანებით, კრების შეხვედრების ჩასატარებლად მამამ ერთი ოთახი გააკეთა ჩვენს სახლში. როცა მაკედონიიდან დავბრუნდი, სიხარულით შევუერთდი მათ. აგრეთვე ურთიერთობა განვაახლე სტანკასთან, რომელიც ციხეში წასვლამდე გავიცანი. 1954 წლის 24 აპრილს მე და სტანკა დავქორწინდით. მაგრამ ჩემი თავისუფლება დიდხანს არ გაგრძელებულა.

პატიმრობა მარიბორში

1954 წლის სექტემბერში კიდევ გამიწვიეს სამხედრო სამსახურში. იმ დროისათვის სამ წელიწად-ნახევარზე მეტი მომისაჯეს მარიბორის ციხეში, რომელიც აღმოსავლეთ სლოვენიის განაპირას მდებარეობდა. რამდენადაც შესაძლებელი იყო, მალევე შევიძინე რამდენიმე ქაღალდი და ფანქარი. ვიწერდი ყველაფერს, რასაც ვიხსენებდი — ბიბლიურ მუხლებს, ციტატებს „საგუშაგო კოშკიდან“ და აზრებს სხვა ქრისტიანული პუბლიკაციებიდან. ვკითხულობდი საკუთარ კომენტარებს და ჩემ მიერ ფურცლებისგან შედგენილ წიგნს ვუმატებდი ახალ კომენტარებს, რაც კი მახსენდებოდა. პატიმრობის პერიოდში მთელი წიგნი შევავსე, რაც დამეხმარა, რომ ყურადღება ჭეშმარიტებაზე გამემახვილებინა და სულიერად ძლიერი დავრჩენილიყავი. ლოცვა და ფიქრიც ფასდაუდებელი დახმარება იყო, რომ სულიერად ძლიერი ვყოფილიყავი და უფრო გაბედულად მექადაგა სხვებისთვის ბიბლიური ჭეშმარიტება.

იმ დროს თვეში მხოლოდ ერთი წერილის მიღებისა და 15-წუთიანი ვიზიტის უფლება მქონდა. სტანკა მთელი ღამე მგზავრობდა მატარებლით, რათა წესით დადგენილ დროს, დილით ადრე, მოვენახულებინე ციხეში; შემდეგ ის იმ დღესვე უკან ბრუნდებოდა მატარებლით. ეს ვიზიტები ძალიან გამამხნევებელი იყო ჩემთვის. შემდეგში შევადგინე გეგმა, თუ რა გზით მეშოვნა ბიბლია. მე და სტანკა ყოველთვის პირისპირ ვისხედით მაგიდასთან და დარაჯი თვალყურს გვადევნებდა. როცა მან თვალი მოგვაცილა, სტანკას ხელჩანთაში წერილი შევუცურე, რომელშიც ვთხოვდი, რომ შემდეგი ვიზიტის დროს ჩანთაში ბიბლია ჩაედო.

სტანკასა და ჩემი მშობლების აზრით, ეს ძალიან საშიში იყო, ამიტომ მათ ბერძნული წერილების ერთი ეგზემპლარი აიღეს და მისი ფურცლები ფუნთუშაში ჩადეს. ამ გზით მივიღე ბიბლია, რომელიც ასე ძალიან მჭირდებოდა. ამავე საშუალებით ვიღებდი აგრეთვე „საგუშაგო კოშკის“ ასლებს, რომლებსაც სტანკა თავისი ხელით იწერდა. როგორც კი მივიღებდი მათ, სასწრაფოდ გადავწერდი ხოლმე და ორიგინალებს ვანადგურებდი, რათა არავის ეპოვნა სტატიები.

ვინაიდან შეუპოვრად ვქადაგებდი, ახალგაზრდა პატიმრებმა მითხრეს, რომ ნამდვილად გადავეყრებოდი უსიამოვნებას. ერთხელაც გატაცებით ვსაუბრობდი ბიბლიურ ჭეშმარიტებაზე ერთ ახალგაზრდა პატიმართან. გასაღების ჩხაკუნი მოგვესმა და საკანში დარაჯმა შემოაბიჯა. უეცრად გამიელვა აზრმა, რომ სამარტოო საკანში გადამიყვანდნენ. მაგრამ დარაჯს ეს აზრადაც არ მოსვლია. მას ყური მოეკრა საუბრისთვის და სურდა თვითონაც ჩაბმულიყო. როდესაც მის კითხვებს პასუხები გავეცი, კმაყოფილმა დარაჯმა დაგვტოვა და საკნის კარი გარედან გადაკეტა.

გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე კომისარმა, რომელსაც პატიმრების გამოსწორება ევალებოდა, შემაქო, რომ ჭეშმარიტებაში მყარად ვიდექი. ვიგრძენი, რომ ეს შესანიშნავი ჯილდო იყო იეჰოვას სახელის გასაცხადებლად ჩემ მიერ გაწეული ძალისხმევისთვის. 1958 წლის მაისში ისევ გამათავისუფლეს ციხიდან.

გაქცევა ავსტრიაში, შემდეგ კი ავსტრალიაში

დედაჩემი 1958 წლის აგვისტოში დაიღუპა, რადგან ბოლო დროს ავადმყოფობდა. 1958 წლის სექტემბერში მესამედ გამიწვიეს სამხედრო სამსახურში. იმ საღამოს მე და სტანკამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ; ამ გადაწყვეტილებამ გვიბიძგა, რომ გადაგვეკვეთა საშიში საზღვარი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიე. არავისთვის არაფერი გვითქვამს; ორი ზურგჩანთა და ბრეზენტი ავიღეთ და ფანჯრიდან გადავძვერით; გეზი ავსტრიის დასავლეთ საზღვარზე მდებარე მთა სტოულისკენ ავიღეთ. ისე ჩანდა, რომ იეჰოვა გვიკვალავდა გზას, რადგან იცოდა, რომ შვება გვჭირდებოდა.

ავსტრიის ხელისუფლებამ ზალცბურგთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკში გაგვამწესა. ჩვენ იქ ექვსი თვე დავყავით; ამ ხნის მანძილზე ყოველთვის ადგილობრივ მოწმეებთან ვრჩებოდით, ამიტომ ბანაკში ცოტა დროს ვატარებდით. ბანაკში მყოფთ უკვირდათ, რა უცბად გავიჩინეთ მეგობრები. იქ ყოფნის დროს ცხოვრებაში პირველად დავესწარით კონგრესს. აგრეთვე პირველად დავიწყეთ კარდაკარ თავისუფლად ქადაგება. როცა ქვეყნის დატოვების დრო დადგა, ძალიან გაგვიჭირდა ჩვენს ძვირფას მეგობრებთან განშორება.

ავსტრიის მთავრობამ ავსტრალიაში იმიგრირება შემოგვთავაზა. ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ასე შორს მოგვიწევდა წასვლა. გენუამდე მატარებლით ვიმგზავრეთ და შემდეგ ავსტრალიაში მიმავალ გემში ჩავსხედით. საბოლოოდ დავსახლდით ახალი სამხრეთი უელსის ქალაქ ვულონგონგში, სადაც 1965 წლის 30 მარტს დაიბადა ჩვენი ვაჟი ფილიპი.

ავსტრალიაში ცხოვრებით მსახურების მრავალი გზა გაგვეხსნა, მათ შორის ყოფილი იუგოსლავიიდან იმიგრირებულ ადამიანებთან ქადაგების შესაძლებლობაც მოგვეცა. მადლობლები ვართ იეჰოვას კურთხევებისთვის და იმისათვის, რომ ისევ ვემსახურებით მას გაერთიანებულად. ფილიპი და მისი მეუღლე, სიუზი, იეჰოვას მოწმეთა ავსტრალიის ფილიალში მსახურობენ; მათ იმის შესანიშნავი შესაძლებლობაც ჰქონდათ, რომ ორი წლის განმავლობაში სლოვენიის ფილიალში ემსახურათ.

ასაკის მომატებასთან დაკავშირებული სირთულეებისა და ავადმყოფობის მიუხედავად, მე და ჩემი მეუღლე იეჰოვასადმი მსახურებას ვაგრძელებთ. მე ძალიან მადლიერი ვარ ჩემი მშობლების, რომ ასეთი მშვენიერი მაგალითი მომცეს! ეს კვლავაც მაძლიერებს და მეხმარება, ვაკეთო ის, რაც პავლე მოციქულმა თქვა: „იხარეთ იმედში. გაუძელით გასაჭირს. გამუდმებით ილოცეთ“ (რომაელები 12:12).

[სურათი 16, 17 გვერდებზე]

ჩემი მშობლები მეოცე საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს.

[სურათი 17 გვერდზე]

დედაჩემი (მარჯვნივ) ანეკასთან ერთად, რომელმაც ჭეშმარიტება შეასწავლა.

[სურათი 18 გვერდზე]

მე და სტანკა ჩვენი ქორწინებიდან ცოტა ხნის შემდეგ.

[სურათი 19 გვერდზე]

კრება, რომელიც 1955 წელს ჩვენს სახლში ტარდებოდა.

[სურათი 20 გვერდზე]

ჩემს ცოლთან, ჩვენს ვაჟ ფილიპსა და მის მეუღლესთან, სიუზისთან, ერთად.