არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?

მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?

მშობლებო, როგორი მომავალი გსურთ შვილებისთვის?

„ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო . . . ადიდეთ სახელი უფლისა“ (ფსალმუნები 148:12, 13).

1. რა საწუხარი აქვთ მშობლებს შვილებთან დაკავშირებით?

რომელი მშობელი არ წუხს შვილის მომავალზე?! ბავშვის დაბადებისთანავე, შესაძლოა მანამდეც, მშობლები მის კეთილდღეობაზე იწყებენ ფიქრს. ჯანმრთელი იქნება? ნორმალურად განვითარდება? ბავშვის ზრდასთან ერთად მშობლის საწუხარი უფრო მატულობს. ცხადია, მშობლებს შვილებისთვის მხოლოდ საუკეთესო სურთ (1 მეფეთა 1:11, 27, 28; ფსალმუნები 126:3—5).

2. რატომ აქვს ბევრ მშობელს იმის დიდი სურვილი, რომ მათ შვილებს უკეთესი ცხოვრება ჰქონდეთ?

2 დღეს მშობლებისთვის ადვილი არ არის, შვილებს საუკეთესო მომავალი შეუქმნან. ბევრმა მშობელმა საკუთარ თავზე დიდი გაჭირვება გადაიტანა. ეს შეიძლება იყო ომი, პოლიტიკური გადატრიალება, ეკონომიკური სიდუხჭირე, ფიზიკური ან ემოციური ტრავმა და სხვა. ბუნებრივია, მათ არ სურთ, მსგავსი გაჭირვება შვილებსაც შეხვდეთ. მდიდარ ქვეყნებში მშობლები შეიძლება ამჩნევენ, რომ მათი მეგობრებისა და ნათესავების შვილები კარიერას იქმნიან და, ერთი შეხედვით, უზრუნველ ცხოვრებას ეწევიან. ამიტომ მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ შვილებს უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრება ჰქონდეთ (ეკლესიასტე 3:13).

სწრაფვა უკეთესი ცხოვრებისკენ

3. რა არჩევანი გააკეთეს ქრისტიანებმა?

3 როგორც იესო ქრისტეს მიმდევრებმა, ქრისტიანებმა უკვე გააკეთეს არჩევანი და იეჰოვას მიუძღვნეს თავი. მათ გულთან ახლოს მიიტანეს იესოს სიტყვები: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, ყოველდღე ატაროს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (ლუკა 9:23; 14:27). დიახ, ქრისტიანის ცხოვრება თავგანწირვას მოითხოვს. თუმცა ეს არ ნიშნავს სიღარიბესა და ტანჯვაში ცხოვრებას. პირიქით, ეს კმაყოფილებისა და სიამოვნების მომგვრელია, რადგან თავგანწირვა გაცემასაც გულისხმობს. როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).

4. რისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს?

4 იესოს დროს ხალხს ძალიან რთულ პირობებში უწევდა ცხოვრება. გარდა იმისა, რომ თავი მძიმე შრომით უნდა ერჩინათ, მათ რომაელთა მკაცრი წესები უნდა დაეცვათ და თვალთმაქცი რელიგიური წინამძღოლების „მძიმე ტვირთი“ ეტარებინათ (მათე 23:2—4). და მაინც, ბევრმა, ვინც იესოს შესახებ გაიგო, სიხარულით გადადო გვერდზე პირადი მისწრაფებები, მათ შორის კარიერა, და ქრისტეს მიმდევარი გახდა (მათე 4:18—22; 9:9; კოლოსელები 4:14). რისკზე წავიდნენ ის მოწაფეები და საფრთხეში ჩაიგდეს თავიანთი მომავალი? ყურადღება მიაქციეთ, რა თქვა იესომ: „ყოველი, ვინც დატოვა სახლები ან ძმები, ან დები, ან მამა, ან დედა, ან შვილები, ან ადგილ-მამული ჩემი სახელისთვის, ბევრად მეტს მიიღებს და მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მათე 19:29). იესომ დაარწმუნა თავისი მიმდევრები, რომ მათმა ზეციერმა მამამ იცოდა მათი მოთხოვნილებები. ამიტომ მოუწოდა მათ: „უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:31—33).

5. როგორ უყურებს ზოგი მშობელი იესოს ნათქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი იზრუნებს თავის მსახურებზე?

5 დღესაც მსგავსი სიტუაციაა. იეჰოვამ იცის ჩვენი მოთხოვნილებები და მათ, რომლებიც ცხოვრებაში სამეფოს პირველ ადგილზე აყენებენ, განსაკუთრებით სრული დროით მსახურებს, მსგავსად არწმუნებს, რომ იზრუნებს მათზე (მალაქია 3:6, 16; 1 პეტრე 5:7). მაგრამ ზოგი მშობელი არ არის დარწმუნებული, როგორ მოიქცეს. ერთი მხრივ, მათ სურთ, რომ შვილებმა წარმატებას მიაღწიონ იეჰოვას მსახურებაში და დროთა განმავლობაში სრული დროით მსახურება დაიწყონ. მეორე მხრივ, ისინი ხედავენ, თუ როგორი ეკონომიკური მდგომარეობაა მსოფლიოში და ადვილი არ არის შესაფერისი სამუშაოს შოვნა. ამიტომ მშობლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, რათა სასურველი სამუშაო იშოვონ ან საჭიროების შემთხვევაში ცხოვრებაში დასაყრდენი ჰქონდეთ. ასეთი მშობლები ხშირად კარგ განათლებაში უმაღლეს განათლებას გულისხმობენ.

მომავლისთვის მომზადება

6. ამ სტატიაში სწავლების როგორი სისტემა იგულისხმება უმაღლესი განათლების მიღებაში?

6 სხვადასხვა ქვეყანაში განათლების სისტემა სხვადასხვანაირია. მაგალითად, შეერთებულ შტატებში ზოგადი განათლების მისაღებად 12 წელია საჭირო. ამის შემდეგ სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში ან ინსტიტუტში შეიძლება, სადაც ოთხი ან უფრო მეტი წლის შემდეგ კურსდამთავრებული ღებულობს ბაკალავრის დიპლომს. ზოგი ასპირანტურაში აგრძელებს სწავლას, რათა კარიერა შეიქმნას მედიცინაში, იურისპრუდენციაში, საინჟინრო მეცნიერებასა თუ სხვა რომელიმე დარგში. ამ სტატიაში უმაღლეს განათლებაში სწავლების ასეთი სისტემა იგულისხმება. არსებობს პროფესიული სასწავლებლები, სადაც მოკლე ვადაში შესაძლებელია რაიმე სპეციალობის ან ხელობის დაუფლება და სერტიფიკატის ან დიპლომის მიღება.

7. რა გავლენას განიცდიან სკოლის მოსწავლეები?

7 დღეს გავრცელებული ტენდენციის მიხედვით ბოლო კლასებში მოწაფეები უმაღლესში მოწყობისთვის ემზადებიან. ამის გამო, ძირითადი ყურადღება იმ საგნებს ექცევა, რომლებიც იქ ბარდება და არა იმის სწავლას, რაც სამუშაოს საშოვნელად არის საჭირო. დღეს მოსწავლეები მასწავლებლების, ახლობლებისა და თანატოლების მხრიდან დიდ ზეგავლენას განიცდიან იმასთან დაკავშირებით, რომ საუკეთესო უნივერსიტეტებში განაგრძონ სწავლა, რათა მომავალში საიმედო და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ჰქონდეთ.

8. რა არჩევნის წინაშე დგებიან ქრისტიანი მშობლები?

8 როგორ უნდა მოიქცნენ ქრისტიანი მშობლები? ცხადია, მათ სურთ, რომ მათმა შვილებმა სკოლაში კარგად ისწავლონ და დაეუფლონ აუცილებელ სპეციალობებს, რათა მომავალში თავის რჩენა შეძლონ (იგავები 22:29). მაგრამ უნდა დაუშვან მშობლებმა, რომ მათი შვილები დინებას მიჰყვნენ და ქვეყნიერებაში გავრცელებული მეტოქეობის მატერიალისტური სული აირეკლონ? როგორ მიზნებს უსახავენ ისინი შვილებს სიტყვით თუ პირადი მაგალითით? ზოგი მშობელი მძიმედ შრომობს, რომ ფული დაზოგოს და მომავალში შვილებს უმაღლესი განათლება მიაღებინოს. სხვები ამის გამო ვალებსაც კი იღებენ. მაგრამ ის, თუ რა ფასად დაუჯდება ოჯახს ასეთი გადაწყვეტილება, მხოლოდ ფულით არ განისაზღვრება. რად უჯდება ადამიანს დღეს უმაღლესი განათლებისკენ სწრაფვა? (ლუკა 14:28—33).

რის ფასად უჯდებათ უმაღლესი განათლება?

9. რა შეიძლება ითქვას უმაღლესი განათლების საფასურის შესახებ?

9 ფასის ხსენებაზე გონებაში ყოველთვის ფინანსები წარმოგვიდგება. ზოგ ქვეყანაში უმაღლესი განათლების საფასურს მთავრობა იხდის და სტუდენტს აღარ უწევს სწავლის საფასურის გადახდა. მაგრამ უმეტეს ადგილას განათლების მიღება საკმაოდ ძვირია და გადასახადი დღითი დღე იზრდება. „ნიუ-იორკ ტაიმზში“ აღნიშნული იყო: „უწინ თვლიდნენ, რომ უმაღლესი განათლების მიღებით ადამიანს შესაძლებლობების ფართო კარი ეხსნებოდა. დღეს კი ის უფსკრულს ქმნის მდიდრებსა და ღარიბებს შორის“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგი უმაღლესი განათლება სწრაფად ხდება მდიდართა და გავლენიანთა „საკუთრება“. მდიდარ მშობლებს სურთ, რომ მათმა შვილებმა მიიღონ უმაღლესი განათლება, რათა ისინიც მდიდრები და გავლენიანები გახდნენ. უნდა დაუსახოს ქრისტიანმა მშობელმა შვილს ასეთი მიზანი? (ფილიპელები 3:7, 8; იაკობი 4:4).

10. რა კავშირია უმაღლეს განათლებასა და თანამედროვე სისტემის წინსვლას შორის?

10 იქაც კი, სადაც უმაღლესი განათლების მიღება უფასოა, სტუდენტებს დამატებით ტვირთს აკისრებენ. მაგალითად, გაზეთ „უოლ-სტრიტ ჯორნელში“ აღნიშნულია, რომ სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ერთ ქვეყანაში მთავრობამ შეიმუშავა სწავლების „პირამიდის ტიპის სტრუქტურა. საუკეთესო სტუდენტებს მოურიდებლად სწევენ წინ და ისინი პირამიდის წვერზე ხვდებიან“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მათ სწავლა უნდა განაგრძონ ოქსფორდში, კემბრიჯში ან შეერთებული შტატების რომელიმე ელიტარულ უნივერსიტეტში. რატომ ცდილობს მთავრობა, რომ სტუდენტებმა სწავლების ასეთი ხანგრძლივი პროგრამა გაიარონ? „ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერების მიზნით“, — ნათქვამია იმავე გაზეთში. განათლების მიღება შესაძლოა უფასოა, მაგრამ სტუდენტს განათლება მაინც ძვირი უჯდება — ის თავს უძღვნის იმას, რომ წინ წასწიოს თანამედროვე სისტემა. მართალია, ეს დღეს პოპულარულია, მაგრამ ასეთი ცხოვრება სურს ქრისტიან მშობელს თავისი შვილისთვის? (იოანე 15:19; 1 იოანე 2:15—17).

11. მონაცემების თანახმად, რა შეიძლება ითქვას სტუდენტთა ამორალურ ცხოვრებასა და ალკოჰოლის გადაჭარბებულ სმასთან დაკავშირებით?

11 არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი — გარემო. უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში ცუდი ატმოსფეროა შექმნილი. ნარკოტიკები, ალკოჰოლი, უზნეობა, თაღლითობა, დამცირება იქ არსებულ პრობლემათა მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. განვიხილოთ ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღების პრობლემა. ჟურნალ „ნიუ-საიენტისტში“ ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების უნივერსიტეტების სტუდენტთა „დაახლოებით 44 პროცენტი ორ კვირაში ერთხელ მაინც დათრობამდე სვამს“. მსგავსი პრობლემა ავსტრალიაში, ბრიტანეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ახალგაზრდებშიც შეინიშნება. რაც შეეხება სქესობრივ უზნეობას, ჟურნალ „ნიუსუიკის“ თანახმად, დღეს სტუდენტებში სრულიად მიღებულია „ნებისმიერ შემხვედრთან სქესობრივი ურთიერთობა, რის შემდეგაც პარტნიორებს ერთმანეთთან ურთიერთობის გაგრძელების არანაირი სურვილი არა აქვთ“. გამოკვლევები ცხადყოფს, რომ სტუდენტთა 60—80 პროცენტი ასეთ ცხოვრებას ეწევა. „თუ გინდა, ნორმალურ სტუდენტად ითვლებოდე, ასეთ ცხოვრებას უნდა ეწეოდე“ — ამბობს ერთი მკვლევარი (1 კორინთელები 5:11; 6:9, 10).

12. რა პრობლემებს ხვდებიან სტუდენტები?

12 ცუდი გარემოს გარდა, სტუდენტები პრობლემებს საშინაო დავალების მომზადებისა და გამოცდების დროსაც ხვდებიან. ცხადია, სტუდენტებმა გამოცდები რომ ჩააბარონ, უნდა ისწავლონ და საშინაო დავალებები მოამზადონ. ამასთანავე, ზოგი სტუდენტი იძულებულია ნახევარ განაკვეთზე იმუშაოს. ეს კი მათ დიდ დროსა და ენერგიას ართმევს. დარჩებათ მათ დრო და ძალები სულიერი საქმეებისთვის? როცა უამრავი საქმე იჩენს თავს, რა გადაიწევს უკანა პლანზე? კვლავაც პირველ ადგილზე იქნება სამეფოს ინტერესები? (მათე 6:33). ბიბლია ქრისტიანებს მოუწოდებს: „კარგად დაუკვირდით, რომ ისე კი არ იაროთ როგორც უგუნურებმა, არამედ როგორც ბრძენებმა, გამოისყიდეთ თქვენთვის ხელსაყრელი დრო, რადგან დღეები ბოროტია“ (ეფესოელები 5:15, 16). რა სამწუხაროა, რომ ზოგმა რწმენა უარყო, რადგან დრო და ენერგია ინსტიტუტს შესწირა ან სხვების არაბიბლიური ქცევები გადაიღო.

13. რა კითხვებზე უნდა დაფიქრდნენ ქრისტიანი მშობლები?

13 რასაკვირველია, უზნეობა, ცუდი ყოფაქცევა და ცუდი ზეგავლენა მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებში არ გვხვდება. მიუხედავად ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბევრი ახალგაზრდა ამ ყველაფერს განათლების ნაწილად მიიჩნევს და ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს. გონივრული იქნება, რომ ქრისტიანმა მშობელმა შეგნებულად უბიძგოს შვილს, ოთხი წელი, ან შესაძლოა მეტიც, ასეთ გარემოში დაჰყოს? (იგავები 22:3; 2 ტიმოთე 2:22). როგორი კარგი განათლებაც უნდა მიიღოს შვილმა, ღირს რისკზე წასვლა? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რას სწავლობენ სტუდენტები იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია *? (ფილიპელები 1:10, 1 თესალონიკელები 5:21). მშობლებმა სერიოზულად უნდა იფიქრონ ამ კითხვებზე და ლოცვით აწონ-დაწონონ ისინი. ასევე მხედველობაში უნდა მიიღონ საშიშროება, რომელიც არსებობს შვილების სხვა ქალაქში ან ქვეყანაში განათლების მისაღებად გაგზავნისას.

არსებობს სხვა გზა?

14, 15. ა) გავრცელებული თვალსაზრისის მიუხედავად, რომელი ბიბლიური რჩევა უნდა გავითვალისწინოთ? ბ) რა კითხვები შეუძლიათ დაუსვან ახალგაზრდებმა საკუთარ თავს?

14 დღეს გავრცელებული თვალსაზრისის თანახმად, ახალგაზრდისთვის წარმატების მისაღწევი ერთადერთი საშუალება უმაღლესი განათლების მიღებაა. მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ იმას მიჰყვნენ, რაც პოპულარულია, ქრისტიანები ღვთის სიტყვაში მოცემულ რჩევას ითვალისწინებენ: „ნუღარ იცხოვრებთ ამ სისტემის ყაიდაზე, არამედ განიახლეთ გონება და გარდაიქმენით, რათა დარწმუნდეთ, რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი“ (რომაელები 12:2). ამ უკანასკნელი ჟამის ბოლო ეტაპზე რა არის ღვთის ნება თავისი ხალხის მიმართ — როგორც ახალგაზრდებისთვის, ისე ხანდაზმულებისთვის? პავლე ტიმოთეს მოუწოდებდა: „ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება“. ეს სიტყვები ყველას გვეხება (2 ტიმოთე 4:5).

15 ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელმა მატერიალისტურმა სულმა გაგვიტაცოს, ყველა ჩვენგანმა უნდა ‘ვიფხიზლოთ’, ყურადღება სულიერს უნდა მივაპყროთ. თუ ახალგაზრდა ხარ, ჰკითხე საკუთარ თავს: „ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ ‘შევასრულო ჩემი მსახურება’, რათა სრულიად შევესაბამებოდე ღვთის მსახურისთვის წაყენებულ მოთხოვნებს?“, «როგორი მიზნები მაქვს დასახული, რომ „ყოველმხრივ“ შევასრულო მსახურება?», „მსურს, რომ სრული დროით მსახურება უმთავრესი იყოს ჩემს ცხოვრებაში?“ ეს არ არის იოლი კითხვები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხედავ, რომ სხვები ეგოისტურ მიზნებს ისახავენ და „დიდს ითხოვენ“, რადგან ფიქრობენ, რომ ეს მათ ნათელ მომავალს მოუტანს (იერემია 45:5). ამიტომაც ქრისტიანი მშობლები შვილებს ჩვილობიდანვე ჯანსაღ სულიერ გარემოს უქმნიან და მათ აღზრდაზე ზრუნავენ (იგავები 22:6; ეკლესიასტე 12:1; 2 ტიმოთე 3:14, 15).

16. როგორ შეუძლიათ ქრისტიან მშობლებს შვილებს კარგი სულიერი გარემო შეუქმნან?

16 „დედა ყოველთვის გვამოწმებდა, ვისთან გვქონდა ურთიერთობა, — გვიყვება უფროსი ვაჟი, რომლის დედაც მრავალი წელია, რაც სრული დროით მსახურობს. — ჩვენ არ გვქონდა ახლო ურთიერთობა თანაკლასელებთან და მხოლოდ კრების იმ წევრებთან ვმეგობრობდით, რომლებსაც კარგი სულიერი ჩვევები ჰქონდათ. დედა ხშირად ეპატიჟებოდა სახლში სრული დროით მსახურებს — მისიონერებს, მიმომსვლელ ზედამხედველებს, ბეთელელებს და პიონერებს. მათმა საინტერესო შემთხვევებმა და მსახურებაში განცდილმა სიხარულმა ჩვენს გულებში სრული დროით მსახურების სურვილი ჩანერგა“. რა სასიხარულოა, რომ დღეს ამ ოჯახის სამივე ვაჟი სრული დროით მსახურობს. ერთი — ბეთელში, მეორემ მსახურებაში დახელოვნების სკოლა დაამთავრა, მესამე კი პიონერია.

17. როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს საგნების არჩევასა და სულიერი მიზნების დასახვაში? (იხილეთ ჩარჩო 29-ე გვერდზე).

17 კარგი სულიერი გარემოს გარდა, მშობლები, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდანვე უნდა დაეხმარონ შვილებს აუცილებელი საგნებისა და სპეციალობის შერჩევაში. ერთი ახალგაზრდა, რომელიც ბეთელში მსახურობს, ამბობს: „ჩემი მშობლები დაქორწინებამდე და მის მერეც სრული დროით მსახურობდნენ. ისინი ყოველმხრივ ცდილობდნენ, პიონერული სული მთელი ოჯახისთვის ჩაენერგათ. სკოლაში საგნების შერჩევისა და მომავალთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, მშობლები ყოველთვის მოგვიწოდებდნენ, ისეთი არჩევანი გაგვეკეთებინა, რაც მომავალში ნახევარ განაკვეთზე მუშაობისა და პიონერობის შესაძლებლობას მოგვცემდა“. ნაცვლად იმისა, რომ ისეთი საგნები აირჩიონ, რაც უნივერსიტეტში მოსაწყობად არის საჭირო, უკეთესია შვილებმა მშობლებთან ერთად რაიმე კურსები შეარჩიონ, რაც მათ თეოკრატიული მიზნების მიღწევაში შეუწყობს ხელს *.

18. რა სახის სამუშაოზე შეიძლება შეაჩეროს არჩევანი ახალგაზრდა ქრისტიანმა?

18 გამოკვლევები ცხადყოფს, რომ ბევრ ქვეყანაში უფრო მეტი მოთხოვნილება უმაღლესდამთავრებულებზე კი არ არის, არამედ მათზე, ვისაც ხელობა აქვთ. ჟურნალ „იუ-ეს-ეი ტუდეიში“ ნათქვამია, რომ „მომავალ ათწლეულებში უნივერსიტეტის დიპლომზე უფრო ნაკლები მოთხოვნილება იქნება, ვიდრე კოლეჯის ან რომელიმე პროფესიული სასწავლებლების სერტიფიკატზე“. ბევრ ასეთ სასწავლებელში მოკლე ვადაში ასწავლიან კომპიუტერებზე მუშაობასა და მათ შეკეთებას, ავტომობილების შეკეთებას, წყალგაყვანილობის სისტემებზე მუშაობას, პარიკმახერობას და ბევრ სხვა სპეციალობას. საინტერესოა ასეთი სპეციალობები? ცხადია! შესაძლოა ზოგის აზრით, ისინი პრესტიჟული არ არის, მაგრამ იმ ადამიანს, რომლის მოწოდებაც სრული დროით მსახურებაა, ეს შესაძლებლობას აძლევს, საკმარისი სახსრები ჰქონდეს და სამუშაო თავის გრაფიკს მოარგოს (2 კორინთელები 3:8).

19. რა არის ცხოვრებაში სიხარულისა და კმაყოფილების გარანტია?

19 ბიბლია მოგვიწოდებს: „ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო . . . ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიადეა ქვეყნად და ცაში“ (ფსალმუნები 148:12, 13). კარიერასა და დიდებასთან შედარებით იეჰოვასადმი სრული დროით მსახურება, მართლაც, უდიდესი სიხარულისა და კმაყოფილების მომტანია. გულთან ახლოს მიიტანეთ ბიბლიის სიტყვები: „უფლის კურთხევა ამდიდრებს და დარდი არ ემატება მას“ (იგავები 10:22).

[სქოლიოები]

^ აბზ. 13 მათ შესახებ, რომლებიც თეოკრატიულ განათლებას უფრო მეტად აფასებდნენ, ვიდრე უნივერსიტეტის, წაიკითხეთ „საგუშაგო კოშკი“, 1 მაისი, 1982 წელი, გვერდები 3—6 (ინგლ.) და 15 აპრილი, 1979 წელი, გვერდები 5—10 (ინგლ.); აგრეთვე „გამოიღვიძეთ!“, 8 ივნისი, 1978 წელი, გვერდი 15 (ინგლ.) და 8 აგვისტო, 1974 წელი, გვერდები 3—7 (ინგლ.).

^ აბზ. 17 იხილეთ 1998 წლის 8 ოქტომბრის „გამოიღვიძეთ!“, „უსაფრთხო ცხოვრების ძიებაში“, გვერდები 4—6 და 1989 წლის 8 მაისი, „ცხოვრების რომელი გზა ავირჩიო?“, გვერდები 12—14 (ინგლ.).

შეგიძლიათ ახსნათ?

• უსაფრთხო მომავალთან დაკავშირებით რაზე ამყარებენ ქრისტიანები იმედს?

• რა სირთულეებს ხვდებიან ქრისტიანი მშობლები შვილების მომავალთან დაკავშირებით?

• რა უნდა გაითვალისწინოთ უმაღლესი განათლების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასებისას?

• როგორ შეუძლიათ მშობლებს დაეხმარონ შვილებს, რომ მათთვის იეჰოვას მსახურება უმთავრესი იყოს ცხოვრებაში?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 29 გვერდზე]

რამდენად ფასობს უმაღლესი განათლება?

უმეტესობა უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარებას უსაფრთხო ცხოვრებისა და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის გარანტიად მიიჩნევს. მაგრამ, როგორც სამთავრობო ანგარიშები ცხადყოფს, სტუდენტთა დაახლოებით ერთი მეოთხედი ახერხებს დიპლომის დაცვას ექვსი წლის სწავლის შემდეგ. შეიძლება იმის თქმა, რომ უმაღლესში ჩაბარება წარმატების საწინდარია? მათთვის, ვინც ახერხებს დიპლომის დაცვას, არის ის კარგი სამსახურის შოვნის გარანტია? ყურადღება მიაქციეთ თანამედროვე გამოკვლევების შედეგებს.

„ჰარვარდისა და დიუკის უნივერსიტეტები ავტომატურად არ იძლევა უკეთეს და მაღალანაზღაურებად სამუშაოს . . . კომპანიებმა თითქმის არაფერი იციან ახალგაზრდა კადრების შესაძლებლობების შესახებ. ელიტარული უნივერსიტეტის დიპლომი შესაძლოა თვალისმომჭრელად გამოიყურება, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რისი გაკეთება შეუძლია მის მფლობელს“ (ჟურნალი „ნიუსუიკი“, 1999 წლის 1 ნოემბერი).

„მართალია, დღეს ჩვეულებრივი სამუშაო უფრო მეტ ცოდნას მოითხოვს, ვიდრე წარსულში . . . მაგრამ საკმარისია ისეთი საგნების ცოდნა, რაც საშუალო სკოლების მეცხრე კლასში ისწავლება და არა ინსტიტუტში, მაგალითად მათემატიკისა და კარგი წერა-კითხვის ცოდნა . . . კარგი სამუშაოს საშოვნელად მაინც და მაინც ინსტიტუტის დამთავრება არ არის საჭირო, მაგრამ კარგი განათლება საჭიროა“ (American Educator, 2004 წელი, მარტი/აპრილი/მაისი).

„ინსტიტუტთა უმრავლესობა ფეხს ვერ უწყობს თანამედროვე ცხოვრებას და საფუძვლიანად ვერ ამზადებს სტუდენტებს. ბოლო წლებში პროფესიულ სასწავლებლებში . . . მოსწავლეთა მოზღვავება შეინიშნება. სტუდენტთა რიცხვი 1996 წლიდან 2000 წლამდე 48 პროცენტით გაიზარდა . . . ინსტიტუტის დიპლომი კი, სადაც სწავლა უფრო ძვირი და მრავალწლიანია, დღეს უფრო ნაკლებად ფასეული გახდა, ვიდრე ოდესმე“ (ჟურნალი „ტაიმი“, 2005 წლის 24 იანვარი).

„შეერთებული შტატების შრომის დეპარტამენტი პესიმისტურ პროგნოზს აკეთებს: 2005 წელს ინსტიტუტდამთავრებულთა, სულ მცირე, ერთი მესამედი ვერ იშოვის სამსახურს სპეციალობით“ (The Futurist, 2000 წელი, ივლისი/აგვისტო).

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, განათლების სულ უფრო და უფრო მეტი მუშაკი ეჭვობს, საერთოდ თუ ღირს დღეს უმაღლესი განათლების მიღება. „როგორც ჩანს, ხალხს არასწორი მიმართულებით ვაძლევთ განათლებას“, — წუხილს გამოთქვამენ ზემოხსენებულ ჟურნალში (The Futurist). ამის საპირისპიროდ, ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს ბიბლია ღვთის შესახებ: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი. ნეტავ ყურადგეღო ჩემი მცნებები! მაშინ მდინარესავით იქნებოდა შენი სიმრთელე და ზღვის ტალღებივით — შენი სიმართლე“ (ესაია 48:17, 18, სსგ).

[სურათი 26 გვერდზე]

მათ გვერდზე გადადეს პირადი მისწრაფებები და იესოს გაჰყვნენ.

[სურათი 31 გვერდზე]

ქრისტიანი მშობლები შვილებს ჩვილობიდანვე ჯანსაღ სულიერ გარემოში ზრდიან.