ნიშნების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია!
ნიშნების ამოცნობა ძალიან მნიშვნელოვანია!
„თავდაპირველად, მეგონა, რომ ჩვენს ვაჟს, ანდრეასს, უბრალოდ თავი ასტკივდა; მაგრამ მას ჭამის მადა დაეკარგა და მაღალი სიცხე მისცა. ანდრეასს თავის ტკივილი უფრო უძლიერდებოდა და ამან ძალიან ამაღელვა. როდესაც მეუღლე სახლში დაბრუნდა, ანდრეასი ექიმთან წავიყვანეთ. მან გასინჯა ის და სასწრაფოდ საავადმყოფოში დააწვინა. პრობლემა უფრო სერიოზული იყო, ვიდრე გვეგონა. ანდრეასს მენინგიტი ჰქონდა. მას მკურნალობა ჩაუტარდა და მალე გამოჯანმრთელდა“ (გერტრუდი, გერმანია).
გერტრუდის შემთხვევა, ალბათ, ნაცნობია მრავალი მშობლისთვის. ისინი სიმპტომებით საზღვრავენ, ავად არის თუ არა მათი შვილი. თუმცა ყველა დაავადება სერიოზული არ არის, მშობლები ცუდ შედეგებს მოიმკიან, თუ ყურადღებას არ მიაქცევენ დაავადების სიმპტომებს. ნიშნებზე დაკვირვება და შესაბამისი რეაგირების მოხდენა შეიძლება დიდად დამხმარე აღმოჩნდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ნიშნებზე დაკვირვება, ჯანმრთელობის გარდა, სხვა საკითხებშიც მნიშვნელოვანია. ამის სათანადო მაგალითია ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე 2004 წლის დეკემბერში მომხდარი დამანგრეველი ცუნამი. ავსტრალიისა და ჰავაის სამთავრობო ორგანიზაციებმა დააფიქსირეს ძლიერი მიწისძვრა ჩრდილოეთ სუმატრაში და წინასწარ განჭვრიტეს, თუ რა საშიშროება იყო მოსალოდნელი. მაგრამ ამ საშიშ ზონაში არ იყო არანაირი საშუალება, რითაც ხალხს გააფრთხილებდნენ. შედეგად, 220 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ნიშნები
როდესაც იესო ქრისტე დედამიწაზე იყო, მან თავის მსმენელებს მაგალითით დაანახვა, რომ დაკვირვებოდნენ ნიშნებს და შესაბამისად მოქცეულიყვნენ. ის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანზე საუბრობდა. ბიბლიაში ნათქვამია: «მივიდნენ მასთან ფარისევლები და სადუკეველები და საცდუნებლად სთხოვეს, ციდან ნიშანი ეჩვენებინა მათთვის. მან მიუგო: „საღამოობით ამბობთ ხოლმე, ცა წითელია, მზიანი ამინდი იქნებაო, დილით კი, დღეს გაავდრდება, რადგან ცა, თუმცა წითელია, მოქუფრულიაო. ცის ფერის ახსნა შეგიძლიათ, დროის ნიშნების კი — არა“» (მათე 16:1—3).
„დროის ნიშნების“ მოხსენიებისას იესომ ყურადღება გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი
იყო, პირველი საუკუნის იუდეველებს სცოდნოდათ, რომ არ იყო დაყოვნების დრო. იუდეველთა სისტემის აღსასრული ახლოვდებოდა, რაც თითოეულზე მოახდენდა გავლენას. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე იესო ესაუბრა თავის მოწაფეებს სხვა ნიშანზე — თავისი მოსვლის ნიშანზე. მისი სიტყვები დღესაც ყველასთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.