ხართ ‘ღმერთში მდიდარი’?
ხართ ‘ღმერთში მდიდარი’?
იესო ქრისტემ მრავალი დამაფიქრებელი მაგალითი მოიყვანა, მათ შორის მდიდარი მიწათმფლობელის შესახებ. ეს კაცი ცდილობდა, უზრუნველყოფილი მომავალი ჰქონოდა. ამის გამო გადაწყვიტა, უფრო დიდი ბეღლები აეშენებინა. თუმცა მაგალითში ეს კაცი „უგუნურად“ არის მოხსენიებული (ლუკა 12:16—21). რამდენიმე ბიბლიურ თარგმანში კი გამოყენებულია სიტყვა „სულელი“. რატომ არის ის ასე მოხსენიებული?
როგორც ჩანს, ამ მდიდარ კაცს სამომავლო გეგმების შედგენისას ღმერთი არ გახსენებია; მან მადლობაც კი არ უთხრა ღმერთს კარგი მოსავლის გამო (მათე 5:45). პირიქით, დაიკვეხნა: „სულო, ბევრი დოვლათი გაქვს დაგროვებული, მრავალი წლის სამყოფი, დაისვენე, ჭამე, სვი და იმხიარულე“. დიახ, მას ეგონა, რომ თავისი შრომის შედეგი „მაღალი გალავნის“ მაგივრობას გაუწევდა (იგავები 18:11).
მოწაფე იაკობი ასეთ ამპარტავნულ სულთან დაკავშირებით გვაფრთხილებს: „ახლა თქვენ მისმინეთ, რომლებიც ამბობთ, დღეს ან ხვალ ამა და ამ ქალაქში წავალთ, იქ ერთი წელი დავყოფთ, ვივაჭრებთ და მოგებას ვნახავთო. ის კი არ იცით, რას მოგიტანთ ხვალინდელი დღე, რადგან ბურუსივით ხართ, რომელიც ცოტა ხნით ჩნდება, მერე კი ქრება“ (იაკობი 4:13, 14).
ამ სიტყვების ჭეშმარიტება იესოს მაგალითში მოხსენიებულ მდიდარ კაცზეც გამართლდა; მას ღმერთმა უთხრა: „უგუნურო, ამაღამ სულს მოგთხოვენ და ვიღას დარჩება, რაც მოაგროვე?“ მდიდარი კაცი ბურუსივით გაქრა; ის მოულოდნელად მოკვდა და მისი ოცნება ვერ შესრულდა. რას გვასწავლის ეს მაგალითი? იესომ თქვა: „ასე ემართება კაცს, რომელიც თავისთვის აგროვებს განძს და ღმერთში არ არის მდიდარი“ (მათე 16:26). თქვენ ხართ ‘ღმერთში მდიდარი’?