არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა

განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა

განივითარეთ ნამდვილი თავმდაბლობა

„თავმდაბალ ხალხს იხსნი“ (2 მეფეთა 22:28, აქ).

1, 2. რა საერთო აქვს მრავალ მმართველს?

ეგვიპტის პირამიდები მოწმობს მამაკაცებზე, რომლებიც ერთ დროს ამ ქვეყანას მართავდნენ. ისტორიაზე თავიანთი კვალი სხვა მმართველებმაც დატოვეს. მაგალითად, სინახერიბმა (ასურეთი), ალექსანდრე მაკედონელმა (საბერძნეთი) და იულიუს კეისარმა (რომი). ყველა ამ მმართველს ერთი რამ ჰქონდა საერთო: მათ არ დაუტოვებიათ ნამდვილად თავმდაბალი ადამიანების სახელი (მათე 20:25, 26).

2 შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ ზემოთ მოხსენიებულ რომელიმე მმართველს ჩვეულებად ჰქონდა თავის სამფლობელოში ისეთი უბრალო ქვეშევრდომების ძებნა, რომელთაც ნუგეშისცემა სჭირდებოდათ? რა თქმა უნდა, არა! თქვენ ვერც იმას წარმოიდგენთ, რომ ისინი ცხოვრებით დატანჯული მოქალაქეების გასამხნევებლად მათ მოკრძალებულ საცხოვრებელ ადგილებზე მიდიოდნენ. რაოდენ განსხვავდება უბრალო ხალხისადმი მათი დამოკიდებულება სამყაროს უზენაესი მმართველის, იეჰოვა ღმერთის, დამოკიდებულებისგან!

თავმდაბლობის უდიდესი მაგალითი

3. როგორ ეპყრობა უზენაესი მმართველი თავის მიწიერ ქვეშევრდომებს?

3 იეჰოვა ღმერთს წარმოუდგენლად მაღალი მდგომარეობა უკავია. მიუხედავად ამისა, მისი „თვალი დაჰყურებს მთელ ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი“ (2 ნეშტთა 16:9). რას აკეთებს იეჰოვა, როდესაც ხედავს, რომ მისი თავმდაბალი თაყვანისმცემლები განსაცდელების გამო გულდამძიმებულნი არიან? ის, ასე ვთქვათ, „მკვიდრობს“ (აქ) მათთან წმინდა სულის საშუალებით, რათა „გამოაცოცხლოს თვინიერთა სული, და გამოაცოცხლოს შემუსვრილთა გული“ (ესაია 57:15). ამგვარად, მისი თაყვანისმცემლები იღებენ საჭირო დახმარებას, რათა კვლავაც სიხარულით განაგრძონ მსახურება. ღვთის მხრიდან ეს მართლაც საოცარი თავმდაბლობის გამოვლენაა!

4, 5. ა) რას ფიქრობდა ფსალმუნმომღერალი ღვთის მმართველობაზე? ბ) რას ნიშნავს, რომ ღმერთი ‘დაბლა იხრება’, რათა დაეხმაროს „საწყალს“?

4 სამყაროში არასოდეს არავის დაუმდაბლებია თავი ისე, როგორც ამას უზენაესი უფალი აკეთებს იმ მიზნით, რომ ცოდვილ ადამიანებს დაეხმაროს. ფსალმუნმომღერალს ჰქონდა საფუძველი შემდეგი სიტყვების დასაწერად: «მაღალია ყველა ხალხზე უფალი, ცათა მაღლაა მისი დიდება. ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული? დაბლა მჭვრეტელი, რომ ხედავდეს ცას და ქვეყანას [„დაბლა იხრება და დაჰყურებს ცასა და მიწას“, აქ], წამოაყენოს მტვრიდან საწყალი, სანაგვიდან აღამაღლოს ღატაკი» (ფსალმუნები 112:4—7, სსგ).

5 იეჰოვა წმინდაა და მასში არ არის „ამპარტავნობა“ (მარკოზი 7:22, 23). ‘დაბლა დახრაში’ იგულისხმება სოციალურად უფრო დაბალ საფეხურზე მყოფთან გატოლება ან უფრო მაღლა მდგომის ჩამოსვლა იმავე საფეხურზე, რომელზეც უფრო დაბლა მდგომია. ამიტომ ბიბლიის ზოგ თარგმანში ფსალმუნების 112:6-ში ნათქვამია, რომ იეჰოვა თავს იმდაბლებს. ამ სიტყვებით მართლაც შესანიშნავად არის გადმოცემული ჩვენი თავმდაბალი ღმერთის პიროვნება, რომელიც სიყვარულით ყურადღებას აქცევს თავისი არასრულყოფილი მიწიერი თაყვანისმცემლების საჭიროებებს! (2 მეფეთა 22:36).

რატომ იყო იესო თავმდაბალი?

6. როდის გამოავლინა ღმერთმა უდიდესი თავმდაბლობა?

6 ღმერთმა უდიდესი თავმდაბლობა და სიყვარული მაშინ გამოავლინა, როცა დედამიწაზე თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რათა ის გამხდარიყო ადამიანი, რომელიც კაცობრიობას იხსნიდა (იოანე 3:16). იესომ გადმოგვცა ჭეშმარიტება ზეციერი მამის შესახებ და, შემდეგ, თავისი სრულყოფილი სიცოცხლე „ქვეყნიერების ცოდვის“ აღმოსაფხვრელად გაიღო (იოანე 1:29; 18:37). იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის თვისებებს, მათ შორის თავმდაბლობას. ამიტომ იგი მზად იყო ღვთის ნების შესასრულებლად. ეს იყო ღვთის ქმნილების მიერ თავმდაბლობისა და სიყვარულის გამოვლენის უდიდესი მაგალითი. მაგრამ იესოს თავმდაბლობას ყველა არ აფასებდა. მტრები მას „კაცთაგან ყველაზე დამცირებულადაც“ კი მიიჩნევდნენ (დანიელი 4:17). მიუხედავად ამისა, მოციქულ პავლეს ესმოდა, რომ მის თანამორწმუნეებს უნდა მიებაძათ იესოსთვის და ერთმანეთთან ურთიერთობისას თავმდაბლები ყოფილიყვნენ (1 კორინთელები 11:1; ფილიპელები 2:3, 4). იესოს დიდებულ მაგალითზე ყურადღების გასამახვილებლად პავლემ დაწერა:

7, 8. ა) როგორ ისწავლა იესომ თავმდაბლობა? ბ) რა მოწოდებით მიმართავდა იესო მათ, ვინც შეიძლებოდა მისი მოწაფე გამხდარიყო?

7 „ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა. თუმცა ის იმ სახით არსებობდა, როგორც ღმერთი, ფიქრადაც არ მოსვლია მიტაცება, კერძოდ, ღვთის თანასწორად ყოფნა. პირიქით, ყველაფერზე უარი თქვა, მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა. უფრო მეტიც, როცა ადამიანის სახე მიიღო, თავი დაიმდაბლა და მორჩილი იყო სიკვდილამდე, წამების ბოძზე სიკვდილამდე“ (ფილიპელები 2:5—8).

8 ზოგი შეიძლება დაინტერესდეს: „როგორ ისწავლა იესომ თავმდაბლობა?“ ეს იყო ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობის შედეგი. ღმერთთან ასეთი ურთიერთობა იესოს ძალიან დიდი ხნის მანძილზე ჰქონდა, რომლის განმავლობაშიც მის „ოსტატად“ მსახურობდა და მასთან ერთად ყველაფერს ქმნიდა (იგავები 8:30). ედემში მომხდარი მოვლენების შემდეგ ღვთის ძე ხედავდა, თუ როგორ ავლენდა იეჰოვა თავმდაბლობას ცოდვილ ადამიანებთან ურთიერთობაში. ამიტომაც დედამიწაზე ყოფნისას იესო მამის მსგავსად ავლენდა თავმდაბლობას და ხალხს მიმართავდა: „დაიდგით ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, რადგან რბილი და გულით თავმდაბალი ვარ, და გამოცოცხლდება თქვენი სული“ (მათე 11:29; იოანე 14:9).

9. ა) რით იზიდავდა იესოს ბავშვები? ბ) რა ასწავლა იესომ თავის მიმდევრებს ბავშვის მაგალითზე?

9 ვინაიდან იესო ნამდვილად თავმდაბალი იყო, პატარა ბავშვებს მისი არ ეშინოდათ. პირიქით, მათ გული უწევდა მისკენ. იესო კი, თავის მხრივ, ბავშვებისადმი სიყვარულსა და ყურადღებას ავლენდა (მარკოზი 10:13—16). რა მოსწონდა იესოს ბავშვებში? მათ ჰქონდათ სასურველი თვისებები, რომლებსაც მის სრულასაკოვან მოწაფეთაგან ზოგიერთი ყოველთვის ვერ ავლენდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ პატარა ბავშვები უფროსებს უფრო მაღლა მდგომად მიიჩნევენ. სწორედ ამიტომ ისინი მათ ბევრ კითხვას უსვამენ. უფროსი ასაკის მრავალი ადამიანისგან განსხვავებით, ისინი მზად არიან სასწავლებლად და ნაკლებად არიან მიდრეკილნი სიამაყის გამოვლენისკენ. ერთხელ იესომ ერთი ბავშვი თავის მიმდევრებს შორის ჩააყენა და მათ უთხრა: „თუ არ მობრუნდებით და ბავშვებივით არ გახდებით, ვერ შეხვალთ ზეციერ სამეფოში“. შემდეგ კი დასძინა: „ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის არის ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში“ (მათე 18:3, 4). იესომ აგრეთვე თქვა: „ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს, ამაღლდება“ (ლუკა 14:11; 18:14; მათე 23:12).

10. რა კითხვებს განვიხილავთ?

10 აღნიშნულიდან გამომდინარე, წამოიჭრება მნიშვნელოვანი კითხვები. ვიცოცხლებთ მარადიულად თუ არა, ეს გარკვეულწილად დამოკიდებულია ჩვენი მხრიდან ნამდვილი თავმდაბლობის განვითარებაზე, მაგრამ რატომ არის ქრისტიანებისთვის ზოგჯერ რთული, იყვნენ თავმდაბლები? რატომ არაა ადვილი სიამაყის ჩახშობა და განსაცდელებზე თავმდაბლად რეაგირება? რა დაგვეხმარება ნამდვილი თავმდაბლობის განვითარებაში? (იაკობი 4:6, 10).

რატომ არის რთული, ვიყოთ თავმდაბლები?

11. რატომ არაა გასაკვირი, რომ ბრძოლა გვიწევს თავმდაბლობის განსავითარებლად?

11 თუ დიდი ბრძოლის ფასად გიჯდებათ ის, რომ თავმდაბლები იყოთ, თქვენი შემთხვევა გამონაკლისი არ არის. თავმდაბლობის საჭიროების შესახებ ბიბლიაზე დაფუძნებული მასალის განხილვისას 1920 წელს ამ ჟურნალში ნათქვამი იყო: „იმის დანახვამ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა უფალი თავმდაბლობას, მისი ყველა ჭეშმარიტი მოწაფე უნდა წაახალისოს, ყოველდღიურად იმუშაოს ამ თვისების განვითარებაზე“. შემდეგ გულახდილად იყო აღნიშნული: „ბიბლიის ყველა ამ რჩევის მიუხედავად, ადამიანის ბუნების მანკიერების გამო მათთვის, ვინც უფლის მსახური ხდება და მისი გზით სიარულს ირჩევს, ნებისმიერ სხვა თვისებასთან შედარებით, თავმდაბლობის გამომუშავება უფრო მეტ სირთულესთანაა დაკავშირებული და უფრო მეტ ბრძოლას მოითხოვს“. ამ სიტყვებიდან კარგად ჩანს ერთი მიზეზი, რის გამოც ქრისტიანებისთვის რთულია, იყვნენ თავმდაბლები — ჩვენს ცოდვიან ბუნებას მეტისმეტი დიდება სწყურია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ იმ ცოდვილი წყვილის, ადამისა და ევას, შთამომავლები ვართ, რომელთაც ეგოისტური მისწრაფებები ამოძრავებდათ (რომაელები 5:12).

12, 13. ა) როგორ უშლის ქვეყნიერება ქრისტიანებს ხელს თავმდაბლობის გამოვლენაში? ბ) ვინ გვიშლის ხელს კიდევ უფრო მეტად თავმდაბლობის განვითარებაში?

12 მეორე მიზეზი, რის გამოც რთულია თავმდაბლობის გამოვლენა, დაკავშირებულია ქვეყნიერებასთან, რომელშიც ვცხოვრობთ. ქვეყნიერება ხალხს უბიძგებს, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ სხვებზე მაღლა იდგნენ. ქვეყნიერებაში ხალხი ისწრაფვის, მაგალითად, ცოდვიანი „ხორცის სურვილის [და] თვალთა სურვილის“ დაკმაყოფილებისკენ და „ქონებით ტრაბახისკენ“ (1 იოანე 2:16). იესოს მოწაფეებს ასეთი ქვეყნიური სურვილები არ უნდა მართავდეთ. ნაცვლად ამისა, მათ სუფთად უნდა დაიცვან თვალი და ყურადღება ღვთის ნების შესრულებაზე გადაიტანონ (მათე 6:22—24, 31—33; 1 იოანე 2:17).

13 მესამე მიზეზი, რაც გვირთულებს თავმდაბლობის განვითარებასა და გამოვლენას, ისაა, რომ ამ ქვეყნიერებას ამპარტავნობის „ფუძემდებელი“, სატანა ეშმაკი, მართავს (2 კორინთელები 4:4; 1 ტიმოთე 3:6). სატანა ხელს უწყობს მისთვის დამახასიათებელი თვისებების გავრცელებას. მაგალითად, მან იესოს „მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება“ შესთავაზა, რათა მისგან თაყვანისცემა მიეღო. როგორც ყოველთვის, იესომ ამ შემთხვევაშიც თავმდაბლობა გამოავლინა და კატეგორიულად უარყო ეშმაკის წინადადება (მათე 4:8, 10). მსგავსად, სატანა ცდილობს, აცდუნოს ქრისტიანები იმით, რომ მათ საკუთარი დიდებისკენ სწრაფვა დააწყებინოს. მაგრამ თავმდაბალი ქრისტიანები ყველაფერს აკეთებენ, რათა მიჰყვნენ იესოს მაგალითს და, საკუთარი თავის ნაცვლად, ღმერთს მიაგონ დიდება და პატივი (მარკოზი 10:17, 18).

განვავითაროთ და გამოვავლინოთ ნამდვილი თავმდაბლობა

14. რა არის „მოჩვენებითი თავმდაბლობა“?

14 თავის წერილში პავლემ კოლოსელები გააფრთხილა, რომ თავმდაბლობა სხვების დასანახად, მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად არ უნდა გამოევლინათ. ასეთ თავმდაბლობას პავლემ „მოჩვენებითი“ უწოდა. ის, ვისაც მხოლოდ მოაქვს თავი, რომ თავმდაბალია, სულიერი ადამიანი არ არის. პირიქით, ასეთი მოქმედება იმაზე მეტყველებს, რომ სინამდვილეში ადამიანი სიამაყით არის „გაყოყოჩებული“ (კოლოსელები 2:18, 23). იესო ყურადღებას ამახვილებდა ასეთი ცრუ თავმდაბლობის მაგალითებზე. ის ამხელდა ფარისევლებს იმის გამო, რომ სხვების საჩვენებლად ლოცულობდნენ და მარხვისას დამწუხრებულ და დაღვრემილ სახეს იღებდნენ, რათა სხვებს დაენახათ. ამისგან განსხვავებით, ღვთისადმი მიმართულ ჩვენს პირად ლოცვებს ფასი რომ ჰქონდეს, ისინი თავმდაბლურად უნდა იყოს წარმოთქმული (მათე 6:5, 6, 16).

15. ა) რისი გაკეთება შეგვიძლია თავმდაბლური აზროვნების შესანარჩუნებლად? ბ) მოიყვანეთ თავმდაბლობის გამოვლენის შესანიშნავი მაგალითები.

15 ნამდვილად თავმდაბლური აზროვნების შენარჩუნებაში ქრისტიანებს დაეხმარება ყურადღების გამახვილება იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითებზე. ამისათვის საჭიროა რეგულარულად ვიკითხოთ ბიბლია და „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მოწოდებული პუბლიკაციები, რომლებიც ბიბლიის შესწავლაში გვეხმარება (მათე 24:45). ასეთი შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია ქრისტიანი ზედამხედველებისთვის, რათა ისინი ‘არ გაუდიდგულდნენ თავიანთ ძმებს’ (მეორე რჯული 17:19, 20; 1 პეტრე 5:1—3). იფიქრეთ რუთის, ხანას, ელისაბედის და ღვთის სხვა მრავალი მსახურის მაგალითებზე, რომლებიც ღმერთმა აკურთხა თავმდაბლური აზროვნებისთვის (რუთი 1:16, 17; 1 მეფეთა 1:11, 20; ლუკა 1:41—43). აგრეთვე იფიქრეთ დავითის, იოშიას, იოანე ნათლისმცემლის, პავლე მოციქულისა და სხვა ცნობილი მამაკაცების მაგალითებზე, რომლებმაც არ დაკარგეს თავმდაბლობა იეჰოვას მსახურებაში (2 ნეშტთა 34:1, 2, 19, 26—28; ფსალმუნები 130:1; იოანე 1:26, 27; 3:26—30; საქმეები 21:20—26; 1 კორინთელები 15:9). თავმდაბლობის მრავალი თანამედროვე მაგალითის ნახვა შეგვიძლია ქრისტიანულ კრებაში. ამ მაგალითებზე ფიქრი ჭეშმარიტ ქრისტიანებს დაეხმარება, ‘ერთმანეთის მიმართ თავმდაბლობით შემოისალტონ’ (1 პეტრე 5:5).

16. როგორ გვეხმარება ქრისტიანული მსახურება, ვიყოთ თავმდაბლები?

16 ჩვენ ქრისტიანულ მსახურებაში რეგულარულად მონაწილეობაც დაგვეხმარება, ვიყოთ თავმდაბლები. თავმდაბლობა უფრო ეფექტურებს გვხდის, როცა ვცდილობთ ვუქადაგოთ ხალხს კარდაკარ და სხვა ადგილებზე. ეს ასეა განსაკუთრებით მაშინ, როცა მობინადრეებისგან თავდაპირველად გულგრილ ან უხეშ პასუხს ვხვდებით. ჩვენს შეხედულებებს ხშირად კრიტიკულად ეკიდებიან და თავმდაბლობა გვეხმარება პასუხის „რბილად და ღრმა პატივისცემით“ გაცემაში (1 პეტრე 3:15). ღვთის თავმდაბალი მსახურები სხვა ტერიტორიებზე გადადიან და ეხმარებიან ადამიანებს, რომელთაც განსხვავებული კულტურა და ცხოვრების დონე აქვთ. ამ მაუწყებლებს თავმდაბლობის გამოვლენა უწევთ, როცა ახალ ენას სწავლობენ, რათა უკეთესად შეძლონ მათი დახმარება, ვისთვისაც სასიხარულო ცნობის გაზიარება სურთ. ეს მართლაც ქების ღირსია! (მათე 28:19, 20).

17. რომელი ქრისტიანული ვალდებულებები მოითხოვს თავმდაბლობის გამოვლენას?

17 ღვთის ბევრი მსახური თავმდაბლობას ავლენს ქრისტიანული ვალდებულებების შესრულებისას იმით, რომ სხვების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებს. მაგალითად, ქრისტიანი მამისგან თავმდაბლობა მოითხოვება, რათა დრო გამონახოს და შვილებთან ჩაატაროს ბიბლიის ეფექტური შესწავლა. თავმდაბლობა ასევე ეხმარება ბავშვებს, პატივი სცენ და დაემორჩილონ მშობლებს, რომლებიც არასრულყოფილები არიან (ეფესოელები 6:1—4). ცოლები, რომელთა მეუღლეებიც არ არიან მორწმუნეები, და ცდილობენ ‘სუფთა ქცევით და დიდი პატივისცემის გამოვლენით მოიპოვონ ისინი’, ხშირად ხვდებიან სიტუაციებს, როდესაც საჭიროა თავმდაბლობა (1 პეტრე 3:1, 2). თავმდაბლობას და თავდაუზოგავად სიყვარულის გამოვლენას დიდი ფასი აქვს მაშინაც, როცა ვზრუნავთ მშობლებზე, რომლებიც ავადმყოფობენ ან ასაკში არიან (1 ტიმოთე 5:4).

თავმდაბლობა გვეხმარება პრობლემების მოგვარებაში

18. როგორ შეიძლება დაგვეხმაროს თავმდაბლობა პრობლემების მოგვარებაში?

18 ღვთის ყველა მსახური არასრულყოფილია (იაკობი 3:2). დროდადრო ქრისტიანებს შორის შეიძლება გაუგებრობამ ან უთანხმოებამ იჩინოს თავი. ვინმეს შეიძლება საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდეს იმისათვის, რომ მეორე ადამიანის საქციელით უკმაყოფილო იყოს. ასეთი სიტუაციების მოგვარება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია შემდეგი რჩევის გამოყენებით: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს მთელი გულით“ (კოლოსელები 3:13). გასაგებია, რომ ამ რჩევის გათვალისწინება ადვილი არ არის, მაგრამ თავმდაბლობა დაგვეხმარება მის თანახმად მოქმედებაში.

19. რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვსურს დაველაპარაკოთ მას, ვინც გვაწყენინა?

19 ზოგჯერ ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ უკმაყოფილების საფუძველი იმდენად სერიოზულია, რომ მასზე არ უნდა დახუჭოს თვალი. ასეთ შემთხვევაში, თავმდაბლობა დაეხმარება ადამიანს, კარგი ურთიერთობის აღდგენის მიზნით დაელაპარაკოს მას, ვისაც დამნაშავედ თვლის (მათე 18:15). ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ზოგჯერ ქრისტიანებს შორის პრობლემები არ გვარდება, ისაა, რომ სიამაყე ხელს უშლის ერთ ან, შესაძლოა, ორივე მხარეს საკუთარი შეცდომის აღიარებაში. ან ადამიანი, რომელიც ინიციატივას ავლენს მეორე მხარესთან დასალაპარაკებლად, შეიძლება ამას ისე აკეთებს, რომ მის სიტყვებში საკუთარ სიმართლეში დაჯერებულობა და კრიტიკა ჩანს. ამის საპირისპიროდ, ნამდვილი თავმდაბლური აზროვნება ძალიან ეფექტური საშუალებაა უთანხმოებების მოსაგვარებლად.

20, 21. რა არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, რომელიც გვეხმარება, ვიყოთ თავმდაბლები?

20 თავმდაბლობის განსავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია, ლოცვის საშუალებით ღმერთს დახმარება და წმინდა სული ვთხოვოთ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღმერთი ‘თავმდაბლების მიმართ ავლენს წყალობას’ და მათ აძლევს წმინდა სულს (იაკობი 4:6). ასე რომ, თუ თანამორწმუნესთან უთანხმოება გაქვთ, სთხოვეთ იეჰოვას დაგეხმაროთ, თავმდაბლურად აღიაროთ თქვენ მიერ დაშვებული დიდი თუ პატარა შეცდომა, რომელმაც ხელი შეუწყო უთანხმოებას. თუ ადამიანმა გული გატკინათ, მაგრამ გულწრფელად გეუბნებათ: „ბოდიში“, გამოავლინეთ თავმდაბლობა და აპატიეთ. თუ გიჭირთ პატიება, სთხოვეთ ლოცვით იეჰოვას, დაგეხმაროთ გულში ჩარჩენილი ამპარტავნობისგან გათავისუფლებაში.

21 იმ მრავალი კარგი შედეგის ცოდნამ, რაც თავმდაბლობის გამოვლენას მოაქვს, უნდა აღგვძრას, გამოვიმუშავოთ და შევინარჩუნოთ ეს ფასდაუდებელი თვისება. იეჰოვა ღმერთი და იესო ქრისტე ამ მხრივ მართლაც ბრწყინვალე მაგალითს გვაძლევენ! ნურასდროს დაივიწყებთ ღვთის პირობას: «თვინიერების [„თავმდაბლობის“, აქ] და უფლის შიშის საზღაური სიმდიდრე, დიდება და სიცოცხლეა» (იგავები 22:4, სსგ).

დასაფიქრებელი საკითხები

• ვინ გვაძლევს თავმდაბლობის საუკეთესო მაგალითებს?

• რატომ არის რთული თავმდაბლობის განვითარება?

• რა დაგვეხმარება იმაში, რომ ვიყოთ თავმდაბლები?

• რატომ არის მნიშვნელოვანი თავმდაბლობის შენარჩუნება?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 26 გვერდზე]

იესო ნამდვილად თავმდაბალი იყო.

[სურათი 28 გვერდზე]

ქვეყნიერება უბიძგებს ხალხს, იმისკენ ისწრაფონ, რომ სხვებზე მაღლა იდგნენ.

[საავტორო უფლება]

WHO photo by L. Almasi/K. Hemzǒ

[სურათი 29 გვერდზე]

თავმდაბლობა გვეხმარება, ვუქადაგოთ უცხო ადამიანებს.

[სურათები 30 გვერდზე]

ხშირად, უთანხმოებები შეგვიძლია სიყვარულის თავმდაბლად გამოვლენით მოვაგვაროთ.

[სურათები 31 გვერდზე]

ქრისტიანებს მრავალი სახით შეუძლიათ თავმდაბლობის გამოვლენა.