„ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულები“
„ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულები“
ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროზე, მასაჩუსეტსის შტატში, მდებარე გლოსტერის ნავსადგურზე აღმართულია მესაჭეს ბრინჯაოს ქანდაკება. ამ მონუმენტზე გამოსახული მესაჭე ზღვაზე ამოვარდნილი ქარიშხლის დროს მართავს გემს. ეს ქანდაკება ზღვაში დაღუპული ათასობით გლოსტერელი მეთევზის ხსოვნის საპატივცემულოდ არის აღმართული. ქანდაკების ქვემოთ მიმაგრებულ დაფაზე ფსალმუნების 106:23, 24–ში მოცემული სიტყვებია ამოტვიფრული: „ზღვაში ხომალდებით გამგზავრებულებმა, დიდ წყლებზე საქმის მკეთებლებმა, რომელთაც ნახეს საქმენი უფლისა და საოცრებანი მისნი სიღრმეებში“.
ატლანტიის ოკეანის თევზით მდიდარ, მაგრამ, ამავე დროს, წყალქვეშა რიფებით სავსე ადგილებში თევზაობა სახიფათო საქმიანობაა. ცნობილია, რომ 5 368–ზე მეტი გლოსტერელი მამაკაცი დაიღუპა ზღვაში თევზაობის დროს. ამჟამად გლოსტერში დაახლოებით 30 000 მოსახლეა. დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მონუმენტზე ასეთი წარწერაა გაკეთებული: „ზოგი მეთევზე ჩრდილო–აღმოსავლეთიდან ამოვარდნილი ძლიერი ქარიშხლის შედეგად წარმოქმნილ უზარმაზარ ტალღებში სრულიად მოულოდნელად დაიხრჩო. სხვები ეულად სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი; ისინი თავიანთი პატარა თევზსაჭერი ნავებით ასცდნენ იალქნიან გემს და წყალქვეშა რიფებს შეეჯახნენ. ზოგი გემი ძლიერ შტორმში მოჰყვა და საშინლად დაიმსხვრა. სხვები კი საზღვაო ხაზით მიმავალ გემებს შეეჯახნენ“.
ამ მონუმენტზე ასახულია, თუ რა მძიმე შრომას ეწეოდნენ და რამხელა საშიშროების წინაშე იმყოფებოდნენ მეთევზეები საუკუნეების მანძილზე. წარმოიდგინეთ, რამდენ ცრემლს დაღვრიდნენ სასოწარკვეთილი ნათესავები დაკარგული ქმრების, მამების, ძმებისა და შვილებისთვის. მაგრამ იეჰოვა არ ივიწყებს ქვრივებს, დაობლებულებსა და იმათ, რომლებიც ზღვაში დაიღუპნენ. იოანე მოციქული ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რა მოხდება მომავალში: „ზღვამ მისცა მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და ჰადესმაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები“ (გამოცხადება 20:13). მართლაც, აღდგომის დროს ისინი, რომლებიც ‘ზღვაში ხომალდებით გაემგზავრნენ’, ‘უფლის საოცარ საქმეებს’ იხილავენ.