არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთ

იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთ

იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთ

იუდეაში მცხოვრები ქრისტიანები დიდ ზეწოლას განიცდიდნენ. ისინი უნდა შეწინააღმდეგებოდნენ მატერიალიზმთან დაკავშირებით გარშემო მცხოვრებთა შეხედულებას. მათ გასამხნევებლად პავლე მოციქულმა მოიყვანა სიტყვები, რომლებიც იეჰოვამ აღთქმულ მიწაზე შესვლამდე უთხრა ისრაელებს. პავლემ დაწერა: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“ (ებრაელები 13:5; მეორე რჯული 31:6). უეჭველია, ამ დაპირებამ განამტკიცა პირველი საუკუნის ებრაელი ქრისტიანები.

ამ დაპირებამ ჩვენც უნდა გაგვაძლიეროს, რათა შევძლოთ „ძნელად ასატან დროში“ ცხოვრებისეულ საზრუნავს გავუმკლავდეთ (2 ტიმოთე 3:1). თუ მივენდობით იეჰოვას და შესაბამისად ვიმოქმედებთ, ის ყველაზე რთულ ვითარებებშიც კი დაგვიჭერს მხარს. ვნახოთ, თუ როგორ ასრულებს იეჰოვა ამ დანაპირებს და განვიხილოთ მათი მაგალითი, რომლებმაც საარსებო წყარო მოულოდნელად დაკარგეს.

მოულოდნელი ცვლილების პირისპირ

მთელ მსოფლიოში სულ უფრო იზრდება უმუშევართა რიცხვი. პოლონეთში გამომავალი ერთი გაზეთის თანახმად, უმუშევრობა „ერთ-ერთ ყველაზე რთულ სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემად“ ითვლება. ამ მხრივ არც განვითარებული ქვეყნები წარმოადგენენ გამონაკლისს. მაგალითად, 2004 წლისთვის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში უმუშევართა რიცხვმა „32 მილიონს გადააჭარბა, რაც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში არსებულ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან შედარებით უფრო მაღალი მაჩვენებელია“. პოლონეთში, სტატისტიკის ცენტრალური სამმართველოს მონაცემების თანახმად, 2003 წლის დეკემბერში სამი მილიონი უმუშევარი იყო, რაც „შრომისუნარიანი ადამიანების 18 პროცენტს შეადგენდა“. ერთი წყაროს თანახმად, 2002 წელს აფრიკული წარმოშობის მოსახლეობას შორის უმუშევართა რიცხვმა სამხრეთ აფრიკაში 47,8 პროცენტს მიაღწია.

უმუშევრობა და სამსახურის მოულოდნელად დაკარგვა რეალურად ემუქრება ბევრს, მათ შორის იეჰოვას მსახურებსაც. „დრო და შემთხვევა“ ყველა ადამიანზე მოქმედებს (ეკლესიასტე 9:11, სსგ). ჩვენც შეიძლება გვითქვამს ფსალმუნმომღერალ დავითის მსგავსად: „განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა“ (ფსალმუნები 24:17). შეძლებთ ასეთ არასასურველ მდგომარეობასთან გამკლავებას? ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ემოციურ, სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობაზე. თუ უმუშევარი ხართ, ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ სამსახური იშოვოთ?

ემოციურ დაძაბულობასთან გამკლავება

ფსიქოლოგი იანუშ ვიეტჟინსკი ამბობს, რომ „სამსახურის დაკარგვას მამაკაცები უფრო განიცდიან“, რადგან, როგორც წესი, ოჯახის მარჩენლებად ისინი ითვლებიან. მან თქვა, რომ უმუშევრობამ შეიძლება მამაკაცებში „უეცარი და რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს“; ზოგი შეიძლება განრისხდეს, ზოგი კი სასოწარკვეთილებამდე მივიდეს. ოჯახისთავმა, რომელიც სამსახურიდან დაითხოვეს, შეიძლება პირადი ღირსების გრძნობა დაკარგოს და „ოჯახის წევრებთან იკამათოს“.

ერთი ქრისტიანი, სახელად ადამი, რომელიც ორი შვილის მამაა, ამბობს, თუ რას გრძნობდა, როცა სამსახური დაკარგა: „ადვილად ვღიზიანდებოდი და ყველაფერზე ნერვები მეშლებოდა. ღამითაც კი სამსახურზე ვფიქრობდი, თუ როგორ მერჩინა ბავშვები და ცოლი, რომელიც ასევე სამსახურიდან მოულოდნელად დაითხოვეს“. დაქორწინებულმა წყვილმა, რიჩარდმა და მარიოლამ, რომლებსაც ერთი ბავშვი ჰყავდათ, შემოსავლის წყარო დაკარგეს; მათ ბანკისთვის დიდი ვალი დარჩათ გადასახდელი. ცოლი იხსენებს: „გონებაში სულ ეს მიტრიალებდა. სინდისი მქენჯნიდა, რომ ვალი ავიღე. ყველაფერში თავს ვიდანაშაულებდი“. ასეთ მდგომარეობაში შეიძლება ადვილად გავღიზიანდეთ, დავმწუხრდეთ ან მწვავე რეაქცია გვქონდეს და ემოციებმა დაგვძლიოს. მაშ, როგორ შეგვიძლია ვაკონტროლოთ უარყოფითი ემოციები, რომლებიც შეიძლება მოგვეძალოს?

ბიბლია გონივრულ რჩევას გვაძლევს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შევინარჩუნოთ დადებითი განწყობა. „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, — გვაფრთხილებს პავლე მოციქული, — არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). იეჰოვასადმი ლოცვა მოგვგვრის „ღვთის მშვიდობას“ — შინაგან სიმშვიდეს, რომელსაც საფუძვლად ჩვენი რწმენა უდევს. ადამის ცოლი, ირენი, ამბობს: „ლოცვებში იეჰოვას ჩვენი მდგომარეობის შესახებ ვუყვებით, თუ როგორ შევძლოთ უფრო გავიმარტივოთ ცხოვრება. ამის წყალობით ჩემს მეუღლეს, რომელიც ადვილად ღიზიანდება, ახლა უკვე ესმის, რომ გამოსავალს იპოვის“.

სამსახურს თუ მოულოდნელად დაკარგავთ, კარგი შესაძლებლობა გეძლევათ, გაითვალისწინოთ იესო ქრისტეს მიერ მთაზე ქადაგების დროს წარმოთქმული გაფრთხილება: „ნუღარ წუხხართ თქვენი სულისთვის, რა ჭამოთ ან რა სვათ, ნურც სხეულისთვის, რა ჩაიცვათ . . . ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:25, 33). რიჩარდმა და მარიოლამ ამ რჩევის გამოყენების შედეგად მოთოკეს ემოციები. „მეუღლე ყოველთვის მანუგეშებდა და მეუბნებოდა, რომ იეჰოვა არასოდეს მიგვატოვებდა“, — იხსენებს მარიოლა. მისი მეუღლე კი ამბობს: „გამუდმებით ერთად ლოცვამ უფრო მეტად დაგვაახლოვა ღმერთთან და ერთმანეთთან, ამან კი სიმშვიდე მოგვგვარა“.

პრობლემებთან გამკლავებაში ასევე ღვთის წმინდა სული დაგვეხმარება. თავშეკავება, რასაც წმინდა სული ავითარებს ჩვენში, საკუთარი თავისა და გრძნობების მოთოკვაში დაგვეხმარება (გალატელები 5:22, 23). ეს არც თუ ისე ადვილია, მაგრამ შესაძლებელია, რადგან იესო დაგვპირდა, რომ „ზეციერი მამა მისცემს წმინდა სულს მათ, ვინც სთხოვს“ (ლუკა 11:13; 1 იოანე 5:14, 15).

ნუ უგულებელყოფთ თქვენს სულიერ მოთხოვნილებებს

სამსახურიდან მოულოდნელად გათავისუფლებამ თავდაპირველად შეიძლება ძალიან გაწონასწორებულ ქრისტიანსაც კი გაუტეხოს გული, მაგრამ ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ სულიერი მოთხოვნილებები. მაგალითად, მოსემ 40 წლის ასაკში მაღალი მდგომარეობა დაკარგა და მწყემსი გახდა, რასაც ეგვიპტელები სისაძაგლედ მიიჩნევდნენ (დაბადება 46:34). მოსეს თავის ახალ მდგომარეობასთან შეგუება მოუწია. შემდგომი 40 წლის განმავლობაში მან საშუალება მისცა იეჰოვას, რომ მისი ფორმირება მოეხდინა და ახალი დავალების შესასრულებლად მოემზადებინა (გამოსვლა 2:11—22; საქმეები 7:29, 30; ებრაელები 11:24—26). სირთულეების მიუხედავად, მოსე კონცენტრირებას სულიერზე ახდენდა და მზად იყო იეჰოვასგან დასწავლების მისაღებად. დაე არასოდეს დავუშვათ, რომ არასასიამოვნო სიტუაციებმა ჩვენი სულიერი ღირებულებები დაჩრდილოს!

სამსახურის მოულოდნელად დაკარგვა შეიძლება თავზარდამცემი იყოს, მაგრამ ეს საუკეთესო დროა, რომ იეჰოვა ღმერთთან და მის ხალხთან ურთიერთობა განამტკიცოთ. ადამმა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, საკუთარ თავზე გამოსცადა ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ის ამბობს: „მე და ჩემმა მეუღლემ სამსახური დავკარგეთ, მაგრამ გონებაში არც კი გაგვივლია, რომ ქრისტიანული შეხვედრები გაგვეცდინა ან ნაკლებად მიგვეღო მონაწილეობა სამქადაგებლო საქმიანობაში. ამან ხვალინდელ დღეზე ზედმეტი წუხილისაგან დაგვიცვა“. რიჩარდიც იმავეს ამბობს: „კრებებს რომ არ დავსწრებოდით და მსახურებაში მონაწილეობა არ მიგვეღო, პრობლემებთან გამკლავებას ვერასდროს შევძლებდით; დარდი, უბრალოდ, გვშთანთქავდა. სხვებთან სულიერ საკითხებზე საუბრები გამამხნევებელია, რადგან ყურადღებას სხვების საჭიროებებზე ვამახვილებთ და არა — საკუთარზე“ (ფილიპელები 2:4).

დიახ, იმის მაგივრად, რომ უმუშევრობამ დაგამწუხროთ, შეეცადეთ, თავისუფალი დრო სულიერ საქმეებს დაუთმოთ, პირადი შესწავლა ჩაიტაროთ, უფრო მეტი მონაწილეობა მიიღოთ კრების საქმიანობასა და ქადაგებაში. ნაცვლად იმისა, რომ არაფერი აკეთოთ, „ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში“, რაც სიხარულს მოგიტანთ თქვენც და იმ გულწრფელ ადამიანებსაც, რომლებიც დადებითად ეხმაურებიან სასიხარულო ცნობას (1 კორინთელები 15:58).

ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა

მაგრამ სულიერი საკვებით ფიზიკურ შიმშილს ვერ დავიკმაყოფილებთ. ამიტომ მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს შემდეგი პრინციპი: „ცხადია, ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, განსაკუთრებით კი ოჯახის წევრებზე, რწმენა უარყო და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). „თუმცა კრებაში ძმები დაუყოვნებლივ გვიწვდიან დახმარების ხელს ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად, — ამბობს ადამი, — ქრისტიანები ვალდებულები ვართ, ვიმუშაოთ“. ჩვენ შეგვიძლია იეჰოვა ღმერთისა და მისი ხალხის მხარდაჭერის იმედი გვქონდეს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამსახურის საშოვნელად ჩვენ უნდა გამოვავლინოთ ინიციატივა.

როგორ შეგიძლიათ ინიციატივის გამოვლენა? „ნუ იჯდებით გულხელდაკრეფილნი იმის მოლოდინში, რომ თქვენს დასახმარებლად იეჰოვა სასწაულს მოახდენს, — ამბობს ადამი. — როცა სამსახურის ძებნას დაიწყებთ, ყოყმანის გარეშე თქვით, რომ იეჰოვას მოწმე ხართ. დამსაქმებლები ჩვეულებრივ აფასებენ ამას“. რიჩარდი ასეთ რჩევას გვაძლევს: «მიმართეთ თხოვნით მათ, ვინც სამსახურის შოვნაში დაგეხმარებათ, ხშირად მიაკითხეთ შრომის ბირჟას, წაიკითხეთ ისეთი სარეკლამო განცხადებები, როგორიცაა „ინვალიდის მოსავლელად გვჭირდება მანდილოსანი“, ან „დროებითი სამუშაო: მარწყვის კრეფა“». არ შეწყვიტოთ სამსახურის ძებნა! ნუ იქნებით წუნია, მაშინაც კი, თუ შავი საქმის კეთება ან ისეთი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ, რომელიც არც ისე ძალიან მოგწონთ“.

დიახ, ‘იეჰოვაა თქვენი შემწე’. ის ‘არასოდეს დაგტოვებთ და არ მიგატოვებთ’ (ებრაელები 13:5, 6). ზედმეტად ნუ იღელვებთ. ფსალმუნმომღერალი დავითი წერდა: „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი, მიენდე მას და ის აღასრულებს“ (ფსალმუნები 36:5). „მიაქციე ღმერთზე შენი გზასავალი“ ნიშნავს, მივენდოთ იეჰოვას და მის ნებასთან შეთანხმებულად მოვიქცეთ მაშინაც კი, თუ სასურველ პირობებში არ გვიწევს ცხოვრება.

ადამი და ირენი თავის სარჩენად ფანჯრებს წმენდნენ და კიბეებს რეცხავდნენ და ფულს ეკონომიურად ხარჯავდნენ. ისინი ასევე რეგულარულად აკითხავდნენ შრომის ბირჟას. „დახმარებას სწორედ მაშინ ვიღებდით, როცა ძალიან გვჭირდებოდა“, — ამბობს ირენი. მისი მეუღლე დასძენს: „დრომ გვიჩვენა, რომ რასაც ღმერთს ვთხოვდით ლოცვაში, მის ნებასთან არ იყო შეთანხმებული. ამის წყალობით კი ვისწავლეთ, რომ მივენდოთ მის სიბრძნეს და ისე არ მოვიქცეთ, როგორც თავად მივიჩნევთ სწორად. უმჯობესია, მშვიდად დაველოდოთ ღვთისგან დახმარებას“ (იაკობი 1:4).

რიჩარდი და მარიოლა დროებით სამუშაოებს ასრულებდნენ, მაგრამ ამასთანავე იმ ტერიტორიებზე ქადაგებდნენ, სადაც მეტი მოთხოვნილება იყო. „ახალ სამსახურს ზუსტად მაშინ ვშოულობდით, როცა საჭმელი აღარ გვქონდა, — ამბობს რიჩარდი. — ჩვენ უარს ვამბობდით ისეთ სამსახურზე, რომელიც თეოკრატიული პასუხისმგებლობების შესრულებაში შეგვიშლიდა ხელს. ჩვენ გადავწყვიტეთ, იეჰოვას დავლოდებოდით“. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, იეჰოვა ისე წარმართავდა მოვლენებს, რომ შეძლებდნენ ბინის იაფად დაქირავებას და საბოლოოდ რიჩარდიც იშოვიდა სამსახურს.

საარსებო წყაროს დაკარგვამ შეიძლება ძალიან დაგამწუხროთ, მაგრამ პირადად შეგიძლიათ გამოსცადოთ, რომ იეჰოვა არასოდეს დაგტოვებთ. ის ზრუნავს თქვენზე (1 პეტრე 5:6, 7). წინასწარმეტყველ ესაიას მეშვეობით ღმერთი გვპირდება: „ნუ ფრთხი, რადგან შენი ღმერთი ვარ მე. გაგამაგრებ და შეგეწევი“ (ესაია 41:10). არ დაუშვათ, რომ მოულოდნელმა შემთხვევებმა, მაგალითად სამსახურის დაკარგვამ, მოგადუნოთ. შეძლებისდაგვარად აკეთეთ ყველაფერი, დანარჩენი კი იეჰოვას მიანდეთ. „მდუმარედ“ დაელოდეთ იეჰოვას (იერემიას გოდება 3:26). უხვი კურთხევები არ მოგაკლდებათ (იერემია 17:7).

[სურათი 9 გვერდზე]

გამოიყენეთ დრო სულიერი საქმეებისთვის.

[სურათები 10 გვერდზე]

ისწავლეთ მომჭირნეობა და სამსახურის ძებნისას ნუ იქნებით წუნია.