არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

‘გულისწადილი ამისრულდა’

‘გულისწადილი ამისრულდა’

ბიოგრაფია

‘გულისწადილი ამისრულდა’

მოგვითხრო დომინიკ მორგუმ

როგორც იქნა, 1998 წლის დეკემბერში აფრიკაში ჩავედი. ბავშვობის ოცნება ამიხდა. ყოველთვის მომწონდა აფრიკის სივრცეები და თვალწარმტაცი ბუნება. არ მჯეროდა, რომ იქ ვიყავი! ამასთან ერთად, სხვა ოცნებაც ამიხდა. უცხო ქვეყანაში სრული დროით საქადაგებლად ვიყავი. ბევრს შეიძლება ეს შეუძლებლად მოეჩვენოს. ძალიან ცუდი მხედველობის გამო აფრიკის სოფლების ქვიშიან ქუჩებში გამყოლი ძაღლის დახმარებით დავდიოდი, რომელიც ევროპის ქალაქებისთვის იყო გაწვრთნილი. ნება მიბოძეთ, მოგიყვეთ, როგორ გახდა ჩემთვის შესაძლებელი აფრიკაში მსახურება და იეჰოვამ როგორ ‘ამისრულა გულისწადილი’ (ფსალმუნები 36:4).

დავიბადე 1966 წლის 9 ივნისს სამხრეთ საფრანგეთში. მე ყველაზე უმცროსი ვიყავი ორ ძმასა და ხუთ დას შორის; ჩვენზე მოსიყვარულე მშობლები ზრუნავდნენ. ჩემს ცხოვრებაში სამწუხარო ის არის, რომ ბებიის, დედაჩემის და ერთ-ერთი დის მსგავსად, მემკვიდრული დაავადება მაქვს, რომელიც სრულ სიბრმავეს იწვევს.

მოზარდობის წლებში მიწევდა რასიზმის, წინასწარ შექმნილი უარყოფითი აზრის და თვალთმაქცობის შედეგებთან გამკლავება, რამაც საზოგადოების წინააღმდეგ განმაწყო. სწორედ ამ რთული პერიოდის დროს გადავედით ეროს რეგიონში საცხოვრებლად. მაგრამ იქ შესანიშნავი რამ მოხდა.

ერთ კვირა დილით ჩვენს კართან ორი იეჰოვას მოწმე მოვიდა. დედაჩემი იცნობდა მათ და შინ შეიპატიჟა. ერთ-ერთმა მათგანმა დედას ჰკითხა, ახსოვდა თუ არა თავისი დანაპირები იმის თაობაზე, რომ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა. დედას ახსოვდა და უთხრა: „როდის დავიწყოთ?“ მათ მოილაპარაკეს, რომ ყოველ კვირა დილით შეხვდებოდნენ. აი ასე დაიწყო დედაჩემმა „სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტების“ სწავლა (გალატელები 2:14).

ვეცნობი ბიბლიას

დედაჩემი ძალ-ღონეს არ იშურებდა იმისათვის, რომ გაეგო და დაემახსოვრებინა ის, რასაც სწავლობდა. რადგანაც ბრმა იყო, მას ყველაფრის დამახსოვრება უწევდა. მოწმეები დიდი მოთმინებით ეპყრობოდნენ მას. როდესაც მოწმეები ჩვენთან იყვნენ, მე ჩემს ოთახში ვიმალებოდი და მხოლოდ მაშინ გამოვდიოდი, როცა ისინი მიდიოდნენ. მაგრამ ერთ ნაშუადღევს იუჟენი, იეჰოვას მოწმე, შემხვდა და დამელაპარაკა. მან მითხრა, რომ ღვთის სამეფოს მმართველობისას აღარ იქნებოდა მსოფლიოში არსებული თვალთმაქცობა, სიძულვილი და წინასწარ შექმნილი აზრი. „მხოლოდ ღმერთი მოაგვარებს ამ პრობლემებს“, — თქვა მან. მოწმეებმა შემომთავაზეს, უფრო მეტი გამეგო. ბიბლიის შესწავლა მეორე დღესვე დავიწყე.

ყველაფერი, რასაც ვსწავლობდი, ახალი იყო ჩემთვის. გავიგე, რომ ღმერთი, საფუძვლიანი მიზეზების გამო, დროებით უშვებდა ბოროტებას დედამიწაზე (დაბადება 3:15; იოანე 3:16; რომაელები 9:17). ისიც გავიგე, რომ იეჰოვა არ გვტოვებს იმედის გარეშე. იგი გვპირდება მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე (ფსალმუნები 36:29; 95:11, 12; ესაია 35:1, 2; 45:18). სამოთხეში კვლავ დამიბრუნდება მხედველობა, რომელიც თანდათანობით დავკარგე (ესაია 35:5).

სრული დროით მსახურების დაწყება

1985 წლის 12 დეკემბერს იეჰოვას მივუძღვენი თავი და მოვინათლე. ამგვარად მივყევი ჩემი დის, მარი-კლარის მაგალითს, რომელიც მონათლული იყო. მალე ჩემი ძმა ჟან-პიერი და დედაჩემიც მოინათლნენ.

კრებაში, სადაც დავდიოდი, რამდენიმე სრული დროით მსახური პიონერი იყო. მათმა სიხარულმა და ენთუზიაზმმა აღმძრა, მეც იგივე გამეკეთებინა. სრული დროით მსახურება მარი-კლარიმაც კი დაიწყო, რომელსაც თვალი დაზიანებული ჰქონდა და ცალ ფეხზე ორთოპედიულ აპარატს ატარებდა. დღემდე ის ჩემთვის სულიერი გამხნევების წყაროს წარმოადგენს. კრებაში თუ სახლში, ჩემ ირგვლივ მყოფი პიონერები დამეხმარნენ, სრული დროით მსახურების ძლიერი სურვილი განმევითარებინა. ასე რომ, 1990 წლის ნოემბერში ქალაქ ბეზიეში პიონერად მსახურება დავიწყე (ფსალმუნები 93:17—19).

გულგატეხილობასთან გამკლავება

მსახურებაში მეხმარებოდა პიონერების მიერ გამოვლენილი დიდი ყურადღება. დროდადრო მაინც გულგატეხილობა მეუფლებოდა იმის გამო, რომ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდული იყო. მე კი უფრო მეტის გაკეთება მინდოდა. მაგრამ ასეთ პერიოდებში იეჰოვა მაძლიერებდა. «„საგუშაგო კოშკის“ პუბლიკაციების საძიებელში» ვეძებდი იმ პიონერთა ბიოგრაფიებს, რომლებსაც ჩემ მსგავსად მხედველობა დაქვეითებული ჰქონდათ. მაოცებდა ის, რომ ასეთ მდგომარეობაში ღვთის ბევრი მსახური იყო. იმ პრაქტიკულმა და გამამხნევებელმა მაგალითებმა მასწავლა, დამეფასებინა ის, რის გაკეთებაც შემეძლო და შევგუებოდი ჩემს პრობლემას.

თავი რომ მერჩინა, სხვა მოწმეებთან ერთად სავაჭრო ცენტრში დამლაგებლად დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს შევნიშნე, რომ ჩემი თანამშრომლები იმ ადგილს ასუფთავებდნენ, სადაც უკვე დასუფთავებული მქონდა. აშკარა იყო, რომ ძალიან უხარისხოდ ვალაგებდი. მივედი ვალერიასთან, რომელიც ჩვენს ჯგუფზე იყო პასუხისმგებელი. ვთხოვე მას, რომ გულწრფელად ეთქვა, თუ ვურთულებდი სხვებს სამუშაოს. ის თავაზიანად დამელაპარაკა და დამანახვა, რომ გადაწყვეტილება თავად უნდა გამომეტანა. მივხვდი, რომ სამუშაოსთვის თავი უნდა დამენებებინა. 1994 წლის მარტში მივატოვე დამლაგებლად მუშაობა.

კვლავ დამეუფლა ისეთი გრძნობა, რომ არაფრის მაქნისი ვიყავი. მხურვალედ ვლოცულობდი და ვიცოდი, რომ იეჰოვა ისმენდა ჩემს ვედრებას. კვლავ დიდი დახმარება გამიწია ბიბლიის შესწავლამ და ქრისტიანულმა პუბლიკაციებმა. მიუხედავად იმისა, რომ მხედველობა მიუარესდებოდა, იეჰოვასადმი მსახურების სურვილი უფრო მიძლიერდებოდა. რა უნდა გამეკეთებინა?

თავიდან გრძელ სიაში, შემდეგ კი მოულოდნელი გამოსავალი

შევავსე განცხადება, რომ ბრმათა და მხედველობა დაქვეითებულთა ქალაქ ნიმის სარეაბილიტაციო ცენტრში კურსები გამევლო. მიმიღეს სამთვიან კურსებზე. ეს დრო ნამდვილად ღირდა იმისთვის, რომ დაწვრილებით გამეგო, თუ რაში მდგომარეობდა ჩემი პრობლემა და როგორ გავმკლავებოდი ამ ფიზიკურ ნაკლთან დაკავშირებულ პრობლემებს. ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვადასხვა დაავადებით იტანჯებოდნენ, დამეხმარა, რომ დამენახა, რამდენად ძვირფასი იყო ჩემი ქრისტიანული იმედი. სხვა თუ არაფერი, მე მიზანი მაინც მქონდა და შემეძლო ისეთი რამ მეკეთებინა, რაც სასარგებლო იქნებოდა. გარდა ამისა, ვისწავლე კითხვა ფრანგული ბრაილის შრიფტით.

სახლში რომ დავბრუნდი, ოჯახის წევრებმა დაინახეს, თუ როგორ დამეხმარა გავლილი კურსები. ერთადერთი, რაც ნამდვილად არ მომწონდა, თეთრი ხელჯოხი იყო, რომელიც უნდა მეტარებინა. ძალიან გამიჭირდა ხელჯოხის ტარებასთან შეგუება. ჩემთვის ბევრად უფრო სასურველი იყო სხვა სახის დამხმარე საშუალება, მაგალითად ბრმის გამყოლი ძაღლი.

ამის თაობაზე შევავსე განცხადება, მაგრამ მითხრეს, რომ საკმაოდ დიდი რიგი იყო. აგრეთვე, ორგანიზაციას, რომელიც ასეთ ძაღლებს იძლეოდა, ჩემი მდგომარეობა უნდა გამოეკვლია, რადგან ძაღლებს ყველას არ აძლევდნენ. ერთ დღეს ქალმა, რომელიც ბრმათა საზოგადოების ხელმძღვანელობას ეხმარებოდა, მითხრა, რომ ადგილობრივი ტენისის კლუბის წევრები აპირებდნენ ასეთი ძაღლის ჩუქებას ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ბრმისთვის ან მხედველობა დაქვეითებული პიროვნებისთვის. მან თქვა, რომ მაშინვე ჩემზე იფიქრა. მივიღებდი ასეთ საჩუქარს? ამ საქმეში იეჰოვას ხელი დავინახე და საჩუქარი მივიღე. თუმცა ლოდინი მაინც მომიწია.

კვლავ ვფიქრობ აფრიკაზე

სანამ ძაღლის მიღებას ველოდებოდი, სულ სხვა საკითხით დავინტერესდი. როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვობიდან ძალიან მიზიდავდა აფრიკა. მხედველობის გაუარესების მიუხედავად აფრიკისადმი ინტერესი უფრო გამიძლიერდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ იქ მცხოვრები ბევრი ადამიანი ბიბლიის შესწავლითა და იეჰოვასადმი მსახურებით იყო დაინტერესებული. ცოტა ხნით ადრე ვალერიასთან სხვათა შორის ვთქვი, რომ სიამოვნებით წავიდოდი აფრიკაში. ვალერიას ვკითხე, თუ წამოვიდოდა ჩემთან ერთად. ის დამთანხმდა. ჩვენ წერილი მივწერეთ იეჰოვას მოწმეთა ფრანგულენოვან რამდენიმე ფილიალს აფრიკაში.

პასუხი ტოგოდან მოვიდა. ამან აღმაფრთოვანა და ვალერიას ვთხოვე, რომ წერილი ჩემთვის წაეკითხა. წერილი გამამხნევებელი იყო, ვალერიამ თქვა: „რა გვიშლის ხელს, რომ წავიდეთ?“ ფილიალში ძმებისთვის მიწერის შემდეგ დავუკავშირდი სანდრას, რომელიც ლომეში, ტოგოს დედაქალაქში, პიონერად მსახურობდა. ჩვენ დავთქვით გამგზავრების თარიღი — 1998 წლის 1 დეკემბერი.

იქ ჩასულებს უზარმაზარი, თუმცა სასიამოვნო სხვაობა დაგვხვდა. თვითმფრინავიდან გადმოსვლისთანავე აფრიკის თაკარა მზის მცხუნვარება ვიგრძენით. იქ სანდრა დაგვხვდა. ჩვენ არასდროს გვყავდა ერთმანეთი ნანახი, მაგრამ ძველი მეგობრებივით შევხვდით. ჩვენ ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე სანდრა კრისტიანთან ერთად სპეციალურ პიონერად დანიშნეს პატარა ქალაქ ტაბლიგბოში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, სამქადაგებლო მსახურებაში მათთან ერთად გვეთანამშრომლა. იქ დაახლოებით ორი თვე დავრჩით და წამოსვლისას ვიცოდი, რომ კვლავ დავბრუნდებოდი.

სიამოვნებით ვბრუნდები უკან

საფრანგეთში დაუყოვნებლივ დავიწყე ტოგოში მეორე მოგზაურობისთვის მზადება. ჩემი ოჯახის დახმარებით შევძელი იქ კიდევ ექვსი თვით წასვლა. ასე რომ, 1999 წლის სექტემბერში ტოგოში ჩავფრინდი. ამჯერად მარტო ვიყავი. წარმოგიდგენიათ, რას იგრძნობდნენ ჩემი მდგომარეობის შემხედვარე ოჯახის წევრები, როცა მარტო გამიშვეს! მაგრამ სანერვიულო არაფერი ჰქონდათ. მე დავარწმუნე ისინი, რომ მეგობრები, რომლებიც ლომეში დამხვდებოდნენ, ჩემთვის უკვე ოჯახის წევრებივით იყვნენ.

ძალიან მიხაროდა იმ ტერიტორიაზე დაბრუნება, სადაც მრავალს ბიბლია აინტერესებდა. იქ ხშირად დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში კითხულობენ ბიბლიას. ტაბლიგბოში ადამიანები ბიბლიაზე სასაუბროდ თვითონ გეძახიან. შესანიშნავი შესაძლებლობა გვქონდა, უბრალო საცხოვრებელ ადგილას ორ სპეციალურ პიონერ დასთან ერთად გვეცხოვრა. გავეცანი მათ კულტურას, რაც დამეხმარა იმაში, რომ ბევრი რამისთვის სხვა თვალით შემეხედა. პირველ რიგში, თვალში მოსახვედრი ის იყო, რომ აფრიკაში ქრისტიანი და-ძმები სამეფოს ინტერესებს ცხოვრებაში პირველ ადგილზე აყენებენ. მაგალითად, ის, რომ სამეფო დარბაზამდე მისასვლელად ფეხით მრავალი კილომეტრია გასავლელი, მათ ხელს არ უშლით შეხვედრებზე დასწრებაში. მე აგრეთვე ბევრი რამ მასწავლა მათი მხრიდან გამოვლენილმა სითბომ და სტუმართმოყვარეობამ.

ერთ დღეს, როცა სამქადაგებლო მსახურებიდან დავბრუნდი, სანდრას ვუთხარი, რომ საფრანგეთში დაბრუნების მეშინოდა. მხედველობა უფრო გამიუარესდა. ვფიქრობდი ბეზიეს ხალხით სავსე და ხმაურიან ქუჩებზე, შენობების კიბეებზე, და სხვა მრავალ რამეზე, რაც სირთულეს წარმოადგენდა მხედველობა დაქვეითებული ადამიანისთვის. ტაბლიგბოს მოუკირწყლავ ქუჩებში კი სიწყნარე იყო; ისინი არც ხალხით და ტრანსპორტით იყო გადატვირთული. როგორ შევძლებდი საფრანგეთში ცხოვრებას, როცა ტაბლიგბოს შევეჩვიე?

ორი დღის შემდეგ დედაჩემმა დამირეკა და მითხრა, რომ მელოდებოდნენ სკოლაში, სადაც ბრმის გამყოლ ძაღლებს წვრთნიდნენ. მეძებარი ძაღლი, რომელსაც ოსეანი ერქვა, მზად იყო, ჩემთვის „თვალები“ გამხდარიყო. იეჰოვამ კიდევ ერთხელ ამისრულა გულის წადილი და საზრუნავი შემიმსუბუქა. ტაბლიგბოში ექვსი თვის განმავლობაში სიამოვნებით მსახურების შემდეგ დავბრუნდი საფრანგეთში, სადაც ოსეანი დამხვდებოდა.

რამდენიმე თვის წვრთნის შემდეგ, ჩემზე ზრუნვა ოსეანმა დაიწყო. თავიდან არ იყო ადვილი, რადგან უნდა გვესწავლა ერთმანეთისთვის გაგება. მაგრამ თანდათანობით მივხვდი, თუ როგორ მჭირდებოდა ოსეანის დახმარება. ოსეანი დღესაც ჩემი ცხოვრების განუყოფელი თანამგზავრია. რა რეაქცია ჰქონდა ბეზიეში მცხოვრებ ხალხს, როდესაც თავიანთ კართან ძაღლთან ერთად მხედავდნენ? დიდ პატივს მცემდნენ და თავაზიანობას ავლენდნენ. ოსეანი ჩემი მეზობლების თვალში „გმირი“ გახდა. რამდენადაც ბევრი ადამიანი გარკვეულ დისკომფორტს გრძნობს, როცა მის გვერდით ინვალიდი პიროვნებაა, ძაღლთან ერთად სიარული საშუალებას მაძლევდა, თავისუფლად მესაუბრა ჩემს უძლურებაზე. ხალხი თავისუფლად გრძნობდა თავს და მისმენდა. მართლაც, ოსეანი საუბრის დასაწყებად საუკეთესო შესაძლებლობებს მიქმნიდა.

ოსეანთან ერთად აფრიკაში

აფრიკა არ დამვიწყებია და დავიწყე მზადება მესამე მოგზაურობისთვის. ამჯერად ოსეანიც მახლდა. ჩემთან ერთად იყო ახალგაზრდა წყვილი — ენტონი და ორორა, და ჩემი მეგობარი — კაროლინი. ჩვენ ყველანი პიონერებად ვმსახურობდით. 2000 წლის 10 სექტემბერს ლომეში ჩავედით.

თავდაპირველად ბევრს ეშინოდა ოსეანის. ლომეში ცოტას თუ ჰყავდა ნანახი ასეთი დიდი ძაღლი, რადგან ტოგოში უმეტესად პატარა ძაღლებია. როდესაც ხალხი ძაღლის საყელოს ხედავდა, ზოგი ფიქრობდა, რომ ის ავი იყო და დაჭერა სჭირდებოდა. თავის მხრივ, ოსეანი ყოველთვის ფხიზლობდა და მზად იყო დავეცავი ნებისმიერი რამისგან, რასაც ჩემთვის სახიფათოდ ჩათვლიდა. მიუხედავად ამისა, ოსეანი მალევე შეეგუა ახალ გარემოს. როცა მას საყელო უკეთია სამუშაო მზადყოფნაშია — „წესების“ თანახმად მოქმედებს, პასუხისმგებლობას გრძნობს და ჩემ გვერდითაა. მაგრამ როცა თავისუფალია, თამაშობს და ზოგჯერ ურჩობს კიდეც. ჩვენ კარგადაც ვერთობით ერთად.

ტაბლიგბოში სანდრამ და კრისტიანამ შემოგვთავაზეს, მათთან გვეცხოვრა. იმისათვის, რომ ადგილობრივ და-ძმებს დავხმარებოდით ოსეანთან შეგუებაში, სტუმრად ჩვენთან ვეპატიჟებოდით და ვუხსნიდით, თუ რა როლი აკისრია ბრმის გამყოლ ძაღლს, რატომ მჭირდებოდა ის და როგორ უნდა მოქცეულიყვნენ მასთან. უხუცესები დამთანხმდნენ, ოსეანთან ერთად მევლო სამეფო დარბაზში. ასეთი რამ ტოგოში უჩვეულო იყო, ამიტომაც კრებაში ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. რაც შეეხება მსახურებას, ოსეანი მიმყავდა მაშინ, როცა განმეორებით მონახულებებს ვაკეთებდი და ბიბლიის შესწავლებს ვატარებდი, ანუ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩემ გვერდით მის ყოფნას უფრო გაგებით მოეკიდებოდნენ.

ამ ტერიტორიაზე ქადაგება ძალიან სასიამოვნოა. ყოველთვის ვგრძნობდი თავაზიანი ადამიანების მხრიდან ყურადღებას, მათ კეთილ საქმეებს, მაგალითად მათ მზადყოფნას, რომ ჩემთვის სკამი შემოეთავაზებინათ. 2001 წლის ოქტომბერში, როდესაც ტოგოში მეოთხედ ჩამოვედი, დედაც თან მახლდა. სამ კვირაში საფრანგეთში ის ბედნიერი დაბრუნდა, რადგან დარწმუნდა, რომ კარგად ვიყავი.

ძალიან მადლობელი ვარ იეჰოვასი, რომ ტოგოში მსახურების შესაძლებლობა მომეცა. დარწმუნებული ვარ, სანამ ვაკეთებ ყველაფერს, რაც შემიძლია, იეჰოვა კვლავაც ამისრულებს „გულისწადილს“ *.

[სქოლიოები]

^ აბზ. 37 და მორგუ დაბრუნდა საფრანგეთში. 2003 წლის ოქტომბერში მან შეძლო ტოგოში მეხუთეჯერ გამგზავრება და იქ 2004 წლის 6 თებერვლამდე დარჩენა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებების გამო ამ სისტემაში ეს მისი უკანასკნელი მოგზაურობა იყო. მიუხედავად ამისა, მას ძლიერი სურვილი აქვს, კვლავაც განაგრძოს იეჰოვასადმი მსახურება.

[სურათები 10 გვერდზე]

ყოველთვის მომწონდა აფრიკის სივრცეები და თვალწარმტაცი ბუნება.

[სურათი 10 გვერდზე]

ოსეანი ჩემთან ერთად განმეორებით მონახულებაზე.

[სურათი 11 გვერდზე]

უხუცესებმა დამთანხმდნენ, რომ კრების შეხვედრებზე ოსეანიც მყოლოდა.