„ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში“
„ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში“
„დეპრესია ახალგაზრდებში ყველაზე მეტად გავრცელებული და, როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესი ემოციური მოშლილობაა“, — აცხადებს ავსტრალიის ერთ-ერთი სახელმწიფო სააგენტო (Beyondblue). გამოკვლევები გვიჩვენებს, რომ ყოველწლიურად დეპრესიით დაახლოებით 100 000 ახალგაზრდა ავსტრალიელი ავადდება.
არც ახალგაზრდა ქრისტიანები არიან დაზღვეულნი დეპრესიისგან. მაგრამ იეჰოვასადმი რწმენა ეხმარება მათ, დასძლიონ უარყოფითი გრძნობები და კარგად გამოიყენონ ახალგაზრდობის წლები. ასე მოქმედებით ისინი კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ სხვებზე. როგორ?
განვიხილოთ 18 წლის კლერის შემთხვევა. კლერი დედასთან ერთად იეჰოვას მოწმეების მელბურნის კრებებს ესწრება. როდესაც მამამისმა ოჯახი მიატოვა, კლერი დეპრესიაში ჩავარდა. მიუხედავად ამისა, ზეციერი მამისადმი, იეჰოვასადმი, ძლიერი რწმენა არ დაუკარგავს. ერთხელაც კლერი ოჯახის ექიმმა, ლიდიამ, მოინახულა. შემდეგ მან მეგობრულად შესთავაზა კლერს სავაჭრო ცენტრში წაყვანა. გზაზე ლიდიამ ჰკითხა, ჰყავდა თუ არა შეყვარებული. კლერმა აუხსნა, რომ იეჰოვას მოწმე იყო და ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა; ის გართობის მიზნით ბიჭებს პაემნებს არ უნიშნავდა. ამის მოსმენამ ექიმი გააოცა. კლერმა აუხსნა, თუ როგორ დაეხმარა ბიბლია ცხოვრებაში გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ბოლოს ექიმს შესთავაზა, რომ მიუტანდა ბიბლიაზე დაფუძნებულ წიგნს, სახელწოდებით „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, რომელიც თავად ძალიან დაეხმარა.
წიგნის მიღებიდან სამი დღის შემდეგ ლიდიამ კლერის დედას დაურეკა და უთხრა, რომ ძალიან მოეწონა ეს წიგნი. შემდეგ ექიმმა კიდევ ექვსი ეგზემპლარი სთხოვა თანამშრომლებისთვის. როდესაც კლერმა წიგნები მიუტანა, ექიმმა უთხრა, რომ მისმა რწმენამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე. კლერმა მას ბიბლიის შესწავლა შესთავაზა, რაზეც თანხმობა მიიღო.
თვეების განმავლობაში კლერი ექიმთან ბიბლიის შესწავლას სამუშაოზე, შესვენებისას, ატარებდა. ერთხელაც ლიდიამ ჰკითხა კლერს, შეეძლო თუ არა, სემინარზე ახალგაზრდებში გავრცელებული დეპრესიის შესახებ ესაუბრა. კლერი შიშობდა, მაგრამ დათანხმდა. სემინარს 60–ზე მეტი ადამიანი დაესწრო. აუდიტორიის წინაშე ოთხი პროფესიონალი ფსიქიატრი გამოვიდა. შემდეგ კლერის ჯერი დადგა. კლერმა ყურადღება იმაზე გაამახვილა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ღმერთთან ურთიერთობა. მან ახსნა, რომ იეჰოვა ღმერთი ძალიან ზრუნავს ახალგაზრდებზე და ეხმარება ყველას, ვინც მხარდაჭერისა და ნუგეშისთვის მიმართავს. ასევე, მან გამოხატა რწმენა იმის შესახებ, რომ მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ფიზიკური და ემოციური ავადმყოფობის ყველა ფორმას (ესაია 33:24). რა შედეგი მოჰყვა მის ბრწყინვალე დამოწმებას?
«სემინარის დამთავრების შემდეგ ბევრმა მითხრა, თუ რამხელა შთაბეჭდილება მოახდინა მათზე იმან, რომ ღმერთზე ახალგაზრდა ლაპარაკობდა, — ამბობს კლერი. — წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვების“ 23 ეგზემპლარი გავავრცელე. აუდიტორიაში მჯდომმა სამმა გოგონამ ტელეფონის ნომრები მომცა. ერთ-ერთი მათგანი ახლა ბიბლიას სწავლობს. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო დღე ჩემს ცხოვრებაში“».