იეჰოვაა ჩვენი მწყემსი
იეჰოვაა ჩვენი მწყემსი
„იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“ (ფსალმუნები 23:1, აქ [22:1]).
1—3. რატომ არ არის გასაკვირი, რომ დავითმა იეჰოვა მწყემსს შეადარა?
თუ გთხოვდნენ, სიტყვებით გადმოგეცათ, როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის ხალხზე, რას იტყოდით? რას შეადარებდით იმ სათუთ მზრუნველობას, რომელსაც ის თავისი ერთგული მსახურების მიმართ ავლენს? 3 000-ზე მეტი წლის წინათ ფსალმუნმომღერალმა მეფე დავითმა მშვენიერი სიტყვებით აღწერა იეჰოვა; ამისთვის მან გამოიყენა ანალოგია, რაც დამახასიათებელი იყო ახალგაზრდა დავითის შემოქმედებისთვის.
2 ახალგაზრდობაში დავითი მწყემსი იყო და ამიტომ იცოდა, როგორ ეზრუნა ცხვარზე. მას კარგად ესმოდა, რომ ცხვარს თუ არ მოუვლიდა, ადვილად დაეკარგებოდა ის და ქურდების ან გარეული ცხოველების მსხვერპლი გახდებოდა (1 მეფეთა 17:34—36). მწყემსის მზრუნველობის გარეშე ცხვრებს შეიძლება ვერ მიეგნოთ თავიანთი საძოვრისა და საკვებისთვის. მოგვიანებით დავითი, ეჭვგარეშეა, სიყვარულით იხსენებდა იმ პერიოდს, როცა დიდ დროს უთმობდა ცხვრის მწყემსვას, დაცვასა და გამოკვებას.
3 გასაკვირი არაა, რომ დავითს მწყემსის საქმიანობა გაახსენდა, როდესაც ღვთის შთაგონებით აღწერა, თუ როგორ ავლენს იეჰოვა თავისი ხალხის მიმართ მზრუნველობას. 22-ე ფსალმუნი, რომელიც დავითმა დაწერა, ბიბლიის ახალი ქვეყნიერების თარგმანში 23-ე ნომრით არის შესული და შემდეგი სიტყვებით იწყება: „იეჰოვაა ჩემი მწყემსი, არაფერი მომაკლდება“. მოდი განვიხილოთ, რატომ არის ეს შედარება მართებული. ამ ფსალმუნის დახმარებით შევძლებთ იმის დანახვას, თუ როგორ ზრუნავს იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებზე ისევე, როგორც მწყემსი თავის ცხვარზე (1 პეტრე 2:25).
მართებული შედარება
4, 5. როგორ აღწერს ბიბლია ცხვრისთვის დამახასიათებელ თვისებებს?
4 ბიბლიიდან ჩანს, რომ იეჰოვას უამრავი ტიტული აქვს, მაგრამ სახელწოდება „მწყემსში“ ყველაზე მეტი გრძნობებია ჩაქსოვილი (ფსალმუნები 79:2). იმის უკეთესად გასაგებად, თუ რატომ ეწოდება იეჰოვას მართებულად მწყემსი, ორი რამის ცოდნა დაგვეხმარება: პირველია ცხვრის ბუნება, მეორე კი — კარგი მწყემსის მოვალეობა და თვისებები.
5 ბიბლია ხშირად საუბრობს ცხვრისთვის დამახასიათებელ თვისებებზე და აღწერს მას მწყემსის მზრუნველობაზე ადვილად დამყოლ (2 მეფეთა 12:3), მშვიდ (ესაია 53:7) და უმწეო არსებად (მიქა 5:8). ერთი მწერალი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უვლიდა ცხვრებს, ამბობს, რომ „მათ არ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა, როგორც ეს ზოგს მიაჩნია. ცხვრებს ყველა სხვა შინაურ პირუტყვზე მეტი მოთხოვნილებები აქვთ — მუდმივი ყურადღება და საგულდაგულო ზრუნვა სჭირდებათ“. არსებობისათვის ამ უმწეო ცხოველს მწყემსის მზრუნველობა ესაჭიროება (ეზეკიელი 34:5).
6. როგორ აღწერს ბიბლიის ერთი ლექსიკონი ძველ დროში მცხოვრები მწყემსის ჩვეულებრივ სამუშაო დღეს?
*.
6 როგორი იყო ძველ დროში მცხოვრები მწყემსის ჩვეულებრივი სამუშაო დღე? ბიბლიის ერთი ლექსიკონი განმარტავს: „დილაადრიან მწყემსი ცხვარს ფარეხიდან ერეკებოდა და წინ მიუძღოდა იმ მინდვრამდე, სადაც ისინი უნდა ეძოვებინა. აქ ის მთელი დღის განმავლობაში თვალს ადევნებდა და ზრუნავდა მათზე, რომ არც ერთი ცხვარი არ დაჰკარგოდა; თუ რომელიმე ცხვარი დროებით მისი მხედველობის არედან დაიკარგებოდა და ფარას ჩამორჩებოდა, ყურადღებით მოძებნიდა მანამ, სანამ არ იპოვიდა და უკან არ დააბრუნებდა . . . საღამოს მწყემსი ცხვარს ფარეხში ერეკებოდა და როცა ისინი ფარეხის კარში შედიოდნენ, სათითაოდ ითვლიდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ არც ერთი არ აკლდა . . . ხშირად ის მთელი ღამე ფხიზლობდა, რომ ფარა გარეული მხეცებისა და მზაკვარი ქურდებისგან დაეცვა“7. რატომ სჭირდება მწყემსს დროდადრო დიდი მოთმინებისა და მზრუნველობის გამოვლენა?
7 დგებოდა ისეთი დროც, როცა ცხვრებს, განსაკუთრებით კი მაკე ცხვრებსა და ბატკნებს, მეტი მოთმინება და მზრუნველობა სჭირდებოდათ (დაბადება 33:13). ერთ ბიბლიურ ნაშრომში ნათქვამია, რომ „ბატკნების დაბადება ფარაში ხშირად მაშინ ხდება, როცა ცხვარი მთაშია. მწყემსი ყურადღებით უვლის უმწეო მდგომარეობაში მყოფ დედა ცხვარს; ის ხელში იყვანს ბატკანს და ფარეხში მიჰყავს. რამდენიმე დღის განმავლობაში, სანამ ბატკანი სიარულს ისწავლის, მან შეიძლება ის ხელით ატაროს ან უბეში ჩაისვას“ (ესაია 40:10, 11). ნათელია, რომ კარგი მწყემსი ძლიერიც უნდა იყოს და მზრუნველიც.
8. იეჰოვასადმი ნდობის რომელი მიზეზები მოჰყავს დავითს?
8 „იეჰოვაა ჩემი მწყემსი“ — განა ეს სიტყვები მართლაც სათანადოდ არ აღწერს ჩვენს ზეციერ მამას? თუ 23-ე ფსალმუნს განვიხილავთ, დავინახავთ, როგორ ავლენს ღმერთი მწყემსის მსგავსად ჩვენდამი თავის ძალასა და სათუთ გრძნობებს. პირველ მუხლში დავითი გამოხატავს ნდობას, რომ ღმერთი ყოველივე აუცილებლით უზრუნველყოფს თავის ცხვრებს, რათა მათ „არაფერი მოაკლდეთ“. მომდევნო მუხლებში დავითს მოჰყავს თავისი ნდობის დამამტკიცებელი სამი მიზეზი: იეჰოვა ხელმძღვანელობს, იცავს და კვებავს თავის ცხვრებს. მოდი თანმიმდევრობით განვიხილოთ ისინი.
მას „მივყავარ“
9. როგორი ადგილი აღწერა დავითმა და როგორ შეუძლიათ ცხვრებს ასეთ ადგილას მოხვედრა?
9 უპირველესად, იეჰოვა ხელმძღვანელობს თავის ხალხს. დავითი წერს: „აბიბინებულ საძოვრებზე მასვენებს, წყალუხვი მოსასვენებელი ადგილებისკენ მიმიძღვის. სულს მიცოცხლებს. სიმართლის ბილიკებით მივყავარ თავისი სახელის გულისთვის“ (ფსალმუნები 23:2, 3, აქ). ფარა მშვიდად წამოწოლილა უხვ საძოვარზე — დავითი ამით დამაკმაყოფილებელ, გამომაცოცხლებელ და უსაფრთხო ადგილს აღწერს. ებრაული სიტყვა, რომელიც „საძოვრად“ ითარგმნა, „სასიამოვნო ადგილს“ ნიშნავს. ჩვეულებრივ ცხვრები თავად ვერ პოულობენ ისეთ გრილ ადგილს, სადაც მშვიდად წამოწვებიან. ისინი მწყემსმა უნდა მიიყვანოს ასეთ „სასიამოვნო ადგილზე“.
10. როგორ ცხადყოფს ღმერთი, რომ გვენდობა?
10 ჩვენ როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა დღეს? ის ამას მაგალითის მეშვეობით აკეთებს. მისი სიტყვა მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’ (ეფესოელები 5:1). ამ სიტყვების კონტექსტში მოხსენიებულია თანაგრძნობა, მიტევება და სიყვარული (ეფესოელები 4:32; 5:2). უდავოდ, იეჰოვა ამ მიმზიდველი თვისებების გამოვლენით შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს. ნუთუ არარეალურია ჩვენგან იმის მოთხოვნა, რომ მას მივბაძოთ? რა თქმა უნდა, არა. ღვთისგან შთაგონებული ეს რჩევა სინამდვილეში ჩვენდამი მისი ნდობის საოცარი გამოხატულებაა. რა გაგებით? ჩვენ ღვთის მსგავსად ვართ შექმნილები, რაც იმას ნიშნავს, რომ ზნეობრივი თვისებებითა და სულიერი მოთხოვნილებების შეგრძნებით ვართ დაჯილდოებულნი (დაბადება 1:26). აქედან გამომდინარე, იეჰოვამ იცის, რომ არასრულყოფილების მიუხედავად, ჩვენ იმ თვისებების განვითარების უნარი გვაქვს, რასაც თავად ავლენს, და ამით მაგალითს გვაძლევს. მხოლოდ დაფიქრდით — ჩვენი ზეციერი მამა დარწმუნებულია, რომ ჩვენ შეგვიძლია მას მივბაძოთ. თუ მის მაგალითს მივყვებით, გადატანითი მნიშვნელობით რომ ვთქვათ, ის მიგვიყვანს სასიამოვნო „მოსასვენებელ ადგილზე“. ამ მოძალადე წუთისოფელში უშიშრად და მშვიდად ვიქნებით, რადგან ვიცით, რომ ღვთის მოწონება გვაქვს (ფსალმუნები 4:9; 28:11).
11. რას ითვალისწინებს იეჰოვა თავისი ცხვრების მწყემსვისას და როგორ ირეკლება ეს ჩვენდამი მის მოთხოვნებზე?
11 იეჰოვა სათუთად და მოთმინებით გვექცევა, როცა გვხელმძღვანელობს. მწყემსი ითვალისწინებს თავისი ცხვრის შეზღუდვებს, ამიტომ ის ‘ფეხდაფეხ მიჰყვება საქონელს’ (დაბადება 33:14, სსგ). იეჰოვა მსგავსად ‘მიჰყვება ფეხდაფეხ’ თავის ცხვარს. ის ითვალისწინებს ჩვენს შესაძლებლობებსა და მდგომარეობას. შედეგად, ის ფეხს გვიწყობს და არასდროს გვთხოვს იმაზე მეტს, ვიდრე შეგვიძლია. ერთადერთი, რასაც ის გვთხოვს, მისი საქმის გულმოდგინედ შესრულებაა (კოლოსელები 3:23). მაგრამ, როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანდაზმული ხართ და იმდენის გაკეთება არ შეგიძლიათ, რამდენსაც აკეთებდით? ან თუ სერიოზული ავადმყოფობა გაწუხებთ, რის გამოც თქვენი შესაძლებლობები შეზღუდულია? ამ დროს ყველაზე საუკეთესო იქნება მთელი სულითა და გულით ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. არ არსებობს ორი ერთნაირი ადამიანი. მთელი სულითა და გულით მსახურება ნიშნავს ღვთის მსახურებაში მთელი თქვენი ძალისა და ენერგიის გამოყენებას იმ ზომით, რამდენიც თქვენთვის არის შესაძლებელი. მიუხედავად ავადმყოფობისა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ჩვენს ნაბიჯზე, იეჰოვა აფასებს ჩვენს გულმოდგინე მსახურებას (მარკოზი 12:29, 30).
12. რომელი მაგალითი ცხადყოფს მოსეს კანონიდან, რომ იეჰოვა ‘ფეხდაფეხ მიჰყვება’ თავის ცხვარს?
12 უკეთ რომ გავიგოთ, როგორ ‘მიჰყვება ფეხდაფეხ’ იეჰოვა თავის ცხვარს, დავფიქრდეთ, რა იყო ნათქვამი მოსეს კანონში მსხვერპლშეწირვასთან დაკავშირებული გარკვეული დანაშაულის შესახებ. იეჰოვას უნდოდა მისთვის საუკეთესო შეეწირათ, რაც მადლიერი გულით იქნებოდა გაკეთებული. ამავე დროს, შესაწირავები შემწირველის შესაძლებლობების მიხედვით იყო დაყოფილი. კანონი ამბობდა: „თუ ხელი არ მიუწვდება ცხვარზე, მიიტანოს . . . ორი გვრიტი ან ორი მართვე მტრედისა“. მაგრამ, თუ ორი მტრედის მიტანის შესაძლებლობაც არ ჰქონდა? მაშინ მას „საუკეთესო ფქვილი“ შეეძლო მიეტანა (ლევიანები 5:7, 11, აქ). ეს ცხადყოფს, რომ ღმერთი არ ითხოვდა შემწირველის შესაძლებლობაზე მეტს. ვინაიდან ღმერთი არ შეცვლილა, გვამშვიდებს იმის ცოდნა, რომ ის არასდროს მოგვთხოვს იმაზე მეტს, რის გაცემაც შეგვიძლია; რა თქმა უნდა, მას სიამოვნებს იმის მიღება, რის მიცემაც ძალგვიძს (მალაქია 3:6). მართლაც რა სასიამოვნოა ასეთი გულისხმიერი მწყემსის ყოლა!
„ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან“
13. რით გამოხატა დავითმა ფსალმუნის 23:4-ში იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა და რატომ არ არის ეს გასაკვირი?
13 დავითი მოიხსენიებს თავისი ნდობის მესამე მიზეზს: იეჰოვას იცავს თავის ცხვარს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებ, მაგრამ ბოროტება არ მაშინებს, რადგან შენა ხარ ჩემთან; შენი ჯოხი და შენი კვერთხი მანუგეშებენ“ (ფსალმუნები 23:4, აქ). დავითი ამ სიტყვებში უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას იეჰოვასთან ახლო ურთიერთობაზე, რადგან მისადმი მიმართვისას „შენ“ ნაცვალსახელს იყენებს. ეს გასაკვირიც არაა, რადგან დავითი ლაპარაკობს იმაზე, თუ როგორ დაეხმარა ღმერთი გაჭირვების დროს. დავითს მრავალჯერ მოუწია „სიბნელით მოცულ ხევში“ სიარული — მაშინ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ ის არ დაემონა შიშს, რადგან გრძნობდა, რომ ღმერთი — თავისი შემართული „ჯოხითა“ და „კვერთხით“ — მასთან იყო. დავითს ანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იცავდა მას და ეჭვგარეშეა, იზიდავდა, რომ დაახლოებოდა მას *.
14. როგორ გვარწმუნებს ბიბლია, რომ იეჰოვა გვიცავს, მაგრამ რას არ ნიშნავს ეს?
14 როგორ იცავს იეჰოვა დღეს თავის ცხვარს? ბიბლია გვარწმუნებს, რომ ვერავითარი მოწინააღმდეგე — დემონი იქნება ის თუ ადამიანი — ვერასდროს შეძლებს, მიწის პირისაგან აღგავოს მისი ცხვრები. იეჰოვა არასოდეს დაუშვებს ამას (ესაია 54:17; 2 პეტრე 2:9). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი მწყემსი ყოველგვარი უბედურებისგან დაგვიფარავს. ჩვენ მსგავსი განსაცდელები გვაქვს, რაც მთელ კაცობრიობას, და იმავე წინააღმდეგობას ვხვდებით, რასაც ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანი (2 ტიმოთე 3:12; იაკობი 1:2). ამ დროს თითოეული ჩვენგანი, შეიძლება ითქვას, „უკუნი სიბნელით მოცულ ხევში დავაბიჯებთ“. მაგალითად, შეიძლება დევნის ან ჯანმრთელობის გაუარესების გამო სიკვდილის პირას ვიყოთ. ან შეიძლება ჩვენთვის ძვირფასი ადამიანი იყოს სიკვდილის პირას ან მოკვდეს კიდეც. ასეთ ბნელ დროში ჩვენი მწყემსი ჩვენ გვერდითაა და გვიცავს. როგორ?
15, 16. ა) როგორ გვეხმარება იეჰოვა იმ განსაცდელებთან გამკლავებაში, რომელთაც შეიძლება წავაწყდეთ? ბ) მოყევით შემთხვევა, საიდანაც ჩანს, როგორ დახმარებას გვიწევს იეჰოვა განსაცდელების დროს.
15 იეჰოვა არ გვპირდება სასწაულებრივ ჩარევას *. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ: იეჰოვა დაგვეხმარება ყველანაირი დაბრკოლების გადალახვაში, რასაც კი შევხვდებით. ის სიბრძნეს მოგვცემს, რათა თავი გავართვათ „ნებისმიერ განსაცდელს“ (იაკობი 1:2—5). მწყემსი თავის ჯოხს ანუ კვერთხს არა მხოლოდ მტაცებლების მოსაგერიებლად იყენებს, არამედ მსუბუქად უბიძგებს თავის ცხვრებს, რათა მათ სწორი მიმართულებით იარონ. იეჰოვა მსუბუქად გვიბიძგებს ჩვენ, შესაძლოა თანამორწმუნის საშუალებით, მივყვეთ ბიბლიურ რჩევას, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ჩვენს მდგომარეობაზე. გარდა ამისა, იეჰოვა ძალას მოგვცემს, რათა ყველაფერი გადავიტანოთ (ფილიპელები 4:13). თავისი წმინდა სულის საშუალებით მას შეუძლია უზრუნველგვყოს „ძალით, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7). ღვთის სული შეგვაძლებინებს, გადავიტანოთ ნებისმიერი განსაცდელი, რომლებიც შეიძლება სატანამ დაგვატეხოს თავს (1 კორინთელები 10:13). განა არ გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ყოველთვის მზად არის დასახმარებლად?
16 დიახ, რის გამოც არ უნდა აღმოვჩნდეთ ბნელ ხევში, მარტონი არ დავდივართ. ჩვენი მწყემსი ჩვენთან არის და გვეხმარება იმ საკითხებში, რომელთაც შესაძლოა თავიდან ვერ ვწვდებით. განვიხილოთ ერთი ქრისტიანი უხუცესის მაგალითი, რომელსაც ტვინის ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ის ამბობს: „უნდა გამოგიტყდეთ, რომ თავიდან გაურკვევლობაში ვიყავი, არ ვიცოდი, იეჰოვა ამით გულისწყრომას გამოხატავდა ჩემდამი თუ სიყვარულს. მაგრამ გადავწყვიტე, არ მიმეტოვებინა ის. ნაცვლად ამისა, ჩემი საწუხარი მას მივანდე. იეჰოვა დამეხმარა და ხშირად მანუგეშებდა ჩემი სულიერი და-ძმების მეშვეობით. ბევრმა გამიზიარა თავისი გამოცდილება, თუ როგორ ართმევდნენ თავს სერიოზულ დაავადებებს. მათი გაწონასწორებული თვალსაზრისი დამეხმარა, მხსომებოდა, რომ არაფერი იყო უჩვეულო იმაში, თუ ბოლომდე არ განვიკურნებოდი. პრაქტიკულმა დახმარებამ, მათ შორის ზოგიერთის მხრიდან სიკეთით სავსე და გულის ამაჩუყებელმა წინადადებებმა, დამარწმუნა, რომ იეჰოვა უკმაყოფილო არ იყო ჩემით. რა თქმა უნდა, მე კვლავაც უნდა განვაგრძო ჩემს დაავადებასთან ბრძოლა. არ ვიცი, რა შედეგს გამოიღებს ეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ,
რომ იეჰოვა ჩემთანაა და ის კვლავაც დამეხმარება ამ განსაცდელის დროს“.„სუფრას მიშლი“
17. როგორ აღწერს დავითი ფსალმუნის 23:5-ში იეჰოვას და რატომ არ ეწინააღმდეგება ეს შედარებები ერთმანეთს?
17 დავითს ახლა იმის მესამე მიზეზი მოჰყავს, თუ რატომ ენდობა თავის მწყემსს: იეჰოვა კვებავს თავის ცხვრებს და თანაც უხვად. დავითი წერს: „სუფრას მიშლი ჩემი მტრების წინაშე. შენ მცხე ზეთი თავზე; ჩემი სასმისი პირამდეა სავსე“ (ფსალმუნები 23:5, აქ). ამ მუხლში დავითი თავის მწყემსს ხელგაშლილ მასპინძლად აღწერს, რომელიც გულუხვად იძლევა საჭმელ-სასმელს. ეს ორი შედარება — მზრუნველი მწყემსი და ხელგაშლილი მასპინძელი — არ ეწინააღმდეგება ერთმანეთს. კარგმა მწყემსმა იცის, სად იპოვოს უხვი საძოვრები და საკმარისი სასმელი წყალი, რათა მის ფარას ‘არაფერი მოაკლდეს’ (ფსალმუნები 23:1, 2, აქ).
18. რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა ხელგაშლილი მასპინძელია?
18 ჩვენი მწყემსიც ხელგაშლილი მასპინძელია? რა თქმა უნდა! მხოლოდ დაფიქრდი იმ სულიერი საზრდოს ხარისხზე, რაოდენობასა და მრავალფეროვნებაზე, რომლითაც ახლა ვხარობთ. ერთგული და გონიერი მონის კლასის მეშვეობით იეჰოვა უზრუნველგვყოფს დამხმარე პუბლიკაციებითა და უხვი პროგრამით კრებებსა და კონგრესებზე, რაც გვიკმაყოფილებს სულიერ მოთხოვნილებებს (მათე 24:45—47). სულიერი საკვები უდავოდ უხვადაა. „ერთგული და გონიერი მონა“ ბეჭდავს მილიონობით ბიბლიასა და ბიბლიის შემსწავლელ პუბლიკაციას; ეს პუბლიკაციები 413 ენაზეა ხელმისაწვდომი. იეჰოვა სულიერ საკვებს მრავალგვარი სახით ხდის ხელმისაწვდომს: ის გვაძლევს როგორც „რძეს“ — ბიბლიის ძირითად სწავლებებს, ასევე „მაგარ საჭმელს“ — ბიბლიის ღრმა სწავლებებს (ებრაელები 5:11—14). შედეგად, როდესაც პრობლემებს ვაწყდებით ან გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ჩვენ შეგვიძლია ადვილად ვიპოვოთ ზუსტად ის, რაც გვჭირდება. რა დაგვემართებოდა ამ სულიერი საკვების გარეშე? ჩვენი მწყემსი მართლაც ხელგაშლილი მასპინძელია! (ესაია 25:6; 65:13).
„დავმკვიდრდები იეჰოვას სახლში“
19, 20. ა) რა ნდობა გამოხატა დავითმა ფსალმუნის 23:6-ში და როგორ შეგვიძლია ჩვენც გვქონდეს ასეთი ნდობა? ბ) რას განვიხილავთ შემდეგ სტატიაში?
19 თავისი მწყემსისა და ხელგაშლილი ღმერთის საქმეებზე დაფიქრების შემდეგ, დავითი ასკვნის: „კეთილშობილება და სიკეთე თან მდევს მთელი ჩემი სიცოცხლის დღენი; დავმკვიდრდები იეჰოვას სახლში მრავალი დღე“ (ფსალმუნები 23:6, აქ). დავითის გული სავსეა მადლიერებითა და რწმენით — მადლიერება წარსულის გამოძახილია, რწმენა კი — მომავლის იმედი. როგორც ყოფილ მწყემსს, დავითს აძლიერებს იმის ცოდნა, რომ თავის ზეციერ მწყემსთან თუ ახლოს დარჩება, ასე ვთქვათ, თუ მის სახლში დამკვიდრდება, იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით იზრუნებს მასზე.
20 როგორი მადლიერები ვართ 23-ე ფსალმუნში ჩაწერილი შესანიშნავი სიტყვებისთვის! დავითი, ალბათ, ვერც კი შეძლებდა უფრო უკეთ აღეწერა, თუ როგორ ხელმძღვანელობს, იცავს და კვებავს თავის ცხვარს იეჰოვა. ბიბლიამ შემოგვინახა დავითის თბილი სიტყვები, რათა ჩვენც გვქონოდა იმის რწმენა, რომ იეჰოვა ჩვენი მწყემსიცაა. დიახ, სანამ იეჰოვასთან ახლოს ვიქნებით, ის, როგორც მოსიყვარულე მწყემსი, „მრავალი დღე“, შესაძლოა მთელი მარადიულობის განმავლობაშიც კი, იზრუნებს ჩვენზე. მაგრამ, როგორც მის ცხვარს, პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ ჩვენს უდიდეს მწყემსთან, იეჰოვასთან, ერთად ვიაროთ. რა იგულისხმება ამაში? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 13 დავითმა შეთხზა რამდენიმე ფსალმუნი, რომლებშიც განადიდებს იეჰოვას, რადგან მან საფრთხისგან იხსნა ის. მაგალითისთვის იხილეთ შესავალი სიტყვები შემდეგ ფსალმუნებში: 17, 33, 55, 56, 58 და 62.
^ აბზ. 15 იხილეთ 2003 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკში“ სტატია „როგორ ჩაერევა ღმერთი ადამიანთა საქმეებში?“
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რატომ არის მართებული, რომ დავითმა იეჰოვა მწყემსს შეადარა?
• როგორ გვმწყემსავს იეჰოვა გულისხმიერებით?
• როგორ გვეხმარება იეჰოვა განსაცდელების დაძლევაში?
• რა ცხადყოფს, რომ იეჰოვა ხელგაშლილი მასპინძელია?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვას თავისი ცხვარი ისრაელი მწყემსის მსგავსად მიჰყავს.