ისინი სასიხარულო ცნობას უზიარებენ ყრუ-მუნჯებს
ისინი სასიხარულო ცნობას უზიარებენ ყრუ-მუნჯებს
„ისინი თქვენს სულიერ კეთილდღეობაზე ზრუნავენ!“. ასეთი სიტყვებით შეაფასა ახლახანს ნავალკარნეროს (მადრიდი, ესპანეთი) მოხუცებულთა სახლის დირექტორმა მის ცენტრში იეჰოვას მოწმეთა ვიზიტი. რატომ თქვა მან ეს სიტყვები?
მოხუცებულთა ცენტრის, „როსას დელ კამინოს“, რამდენიმე მობინადრე ყრუ-მუნჯია. მაგრამ მას შემდეგ, რაც იეჰოვას მოწმეებმა ესპანური ჟესტების ენა შეისწავლეს, მათ შეძლეს ამ მობინადრეებთან ურთიერთობის დამყარება. დირექტორმა შეაქო მოწმეები, რომ არ ზოგავენ საკუთარ დროს და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანებს სულიერ ფასეულობებს უსასყიდლოდ უზიარებენ. მან დაინახა, რომ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა დადებითად მოქმედებდა მობინადრეებზე. თავის მხრივ, მობინადრეებიც — განსაკუთრებით ისინი, რომელთაც ცუდი სმენა და მხედველობა აქვთ — ძალიან აფასებდნენ მოწმეების ვიზიტებს.
იულოჰიო, უსინათლო და ყრუ-მუნჯი მამაკაცი, ამჟამად იეჰოვას მოწმეებთან სწავლობს ბიბლიას. ერთ დღესაც, სანამ შესწავლას დაიწყებდნენ, მოხუცი კაცი მიუახლოვდა მოწმეებს და ლექსი გადასცა, რომელიც ერთმა მობინადრემ მადლიერების ნიშნად დაწერა. ლექსის სათაური იყო: „მოწმედ ყოფნა“. ერთ ნაწილში ნათქვამი იყო: „ისინი ცხოვრობენ კარგი, ორგანიზებული ცხოვრებით და იეჰოვა აკურთხებთ სიხარულის მომტანი სიბრძნით. ისინი ბრუნდებიან და ხშირად გვაკითხავენ სახლებში, ვინაიდან დარწმუნებულნი არიან იეჰოვაში“.
სწორედ იეჰოვასადმი რწმენა აღძრავს მთელ მსოფლიოში მრავალ მოწმეს, რომ ჟესტების ენა ისწავლონ თავიანთ ქვეყანაში მცხოვრები ყრუ–მუნჯების დასახმარებლად. ასეთი სახით ისინი გამამხნევებელ ბიბლიურ იმედს უზიარებენ ყრუ–მუნჯებს.