არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უსამართლო მსოფლიო

უსამართლო მსოფლიო

უსამართლო მსოფლიო

იზიარებთ იმ აზრს, რომ უსამართლო მსოფლიოში ვცხოვრობთ? ალბათ, კი. რამდენად ნიჭიერებიც უნდა ვიყოთ და რა გონივრულადაც უნდა დავგეგმოთ ცხოვრება გარანტირებული არც სიმდიდრე გვაქვს, არც წარმატება და ზოგჯერ არც საკვები. ხშირად მართლდება ძველ დროში მცხოვრები ბრძენი მეფე სოლომონის სიტყვები: „არც ბრძენთ აქვთ პური და არც გონიერთ — სიმდიდრე და არც მცოდნეთ — მოწონება“. რატომ? მიზეზის პოვნა შეგვიძლია სოლომონის შემდეგ სიტყვებში: „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11, სსგ).

„უბედურების ჟამი, უცებ რომ დაატყდება თავს“

დიახ, „დრო და შემთხვევა“, რაც ხშირად ცუდ ადგილზე ცუდ დროს ყოფნას ნიშნავს, გვიფუშავს გულმოდგინედ შედგენილ გეგმებს და გვიცრუებს საფუძვლიან იმედებს. სოლომონის სიტყვების თანახმად, ჩვენ ‘მსგავსად თევზებისა, ჩაჭიდებულნი რომ არიან ბოროტ ბადეს, შეპყრობილნი ვართ უბედურების ჟამს, უცებ რომ დაგვატყდება თავს’ (ეკლესიასტე 9:12). მაგალითად, მილიონობით ადამიანი მუხლჩაუხრელად მუშაობს, რათა მიწა დაამუშაოს და აღებული მოსავლით ოჯახი არჩინოს, მაგრამ „უბედურების ჟამი“ იპყრობთ, როდესაც წვიმა არ მოდის და გვალვა მოსავალს უნადგურებთ.

სხვები ცდილობენ მათ დახმარებას, მაგრამ მსხვერპლთათვის „უბედურების ჟამს“ გაწეულ დახმარებაშიც კი უსამართლობა ჩანს. მაგალითად, ერთ-ერთი წამყვანი საქველმოქმედო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, გასულ წლებში შიმშილობის წინააღმდეგ საბრძოლველად „მთელი [აფრიკის] კონტინენტისთვის გამოყვეს თანხა, რომელიც სპარსეთის ყურეში ომისთვის გამოყოფილი თანხის მხოლოდ მეხუთედს შეადგენდა“. განა სამართლიანობის გამოვლენა იყო დახმარების გამწევი ქვეყნების მხრიდან მთელ კონტინენტზე შიმშილობით გამოწვეულ ტკივილთან და ტანჯვასთან საბრძოლველად იმ თანხის მეხუთედის გამოყოფა, რაც მხოლოდ ერთ ქვეყანაში ომის წარმოებას მოახმარეს? ან განა სამართლიანია, რომ ბევრისთვის მატერიალური კეთილდღეობის პერიოდში დედამიწის მოსახლეობიდან ყოველი მეოთხე უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს ან ყოველწლიურად მილიონობით ბავშვი იღუპება ისეთი დაავადების შედეგად, რომლის განკურნებაც შესაძლებელია? რასაკვირველია არა!

რა თქმა უნდა, მხოლოდ „დრო და შემთხვევა“ არ განაპირობებს იმას, რომ ადამიანს „უბედურების ჟამი“ ეწევა. ჩვენს ცხოვრებაზე მოქმედებს ძლიერი ძალებიც, რომლებიც ჩვენს ზემოქმედებას არ ექვემდებარება და განაპირობებს ამა თუ იმ შემთხვევას. ამის თქმა შეიძლება 2004 წლის შემოდგომაზე ბესლანში (ჩრდილოეთ ოსეთი) მომხდარ შემთხვევაზე. მაშინ ასობით ადამიანი, რომელთა შორის მრავალი პატარა ბავშვი იყო და ბევრი მათ შორის პირველ კლასში მივიდა, ტერორისტებსა და სპეცრაზმელებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაიღუპა. მართალია, ვინ დაიღუპებოდა და ვინ გადარჩებოდა ამ საშინელი ტრაგედიის დროს, ძირითადად შემთხვევითობაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ ამ „უბედური ჟამის“ მთავარი მიზეზი ადამიანებს შორის არსებული კონფლიქტი იყო.

ყოველთვის ასე იქნება?

„ასეთია ცხოვრება, — შეიძლება თქვას ვინმემ. — უსამართლობა ყოველთვის იყო და იქნება“. მათი აზრით, ძლიერები ყოველთვის დაჩაგრავენ სუსტებს და მდიდრები — ღარიბებს; როგორც ისინი ამბობენ, ეს ფაქტი და „დრო და შემთხვევა“ ადამიანებზე იმოქმედებს მანამ, სანამ ისინი არსებობენ.

ნამდვილად ასე უნდა იყოს ეს? ოდესმე მიეცემათ ადამიანებს იმის შესაძლებლობა, რომ თავიანთი უნარი გონივრულად გამოიყენონ და სამართლიანად მოიმკან მძიმე შრომის ნაყოფი? შეუძლია ვინმეს რამის გაკეთება უსამართლო მსოფლიოს სამუდამოდ შესაცვლელად? ვნახოთ, რას გვეტყვის ამასთან დაკავშირებით მომდევნო სტატია.

[სურათის საავტორო უფლება 2 გვერდზე]

COVER: Man with a child: UN PHOTO 148426/McCurry/Stockbower

[სურათის საავტორო უფლება 3 გვერდზე]

MAXIM MARMUR/AFP/Getty Images