შეუძლია ვინმეს ნამდვილად შეცვალოს მსოფლიო?
შეუძლია ვინმეს ნამდვილად შეცვალოს მსოფლიო?
„ღარიბი ადამიანები ამბობენ, რომ ყველაფერზე მეტად მშვიდობა და უსაფრთხოება სურთ, და მხოლოდ ამის შემდეგ უნდათ, რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ ცხოვრება. სურთ, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო დონეზე — ყველგან სამართლიანობა იყოს, რათა მათ მცდელობებს ხელი არ შეუშალოს გაბატონებული ქვეყნების ან მდიდარი კომპანიების ინტერესებმა“.
ასე აღწერა ღარიბ ადამიანთა იმედები და სურვილები გაჭირვებულთა დახმარების საერთაშორისო ორგანიზაციის ერთ–ერთმა პასუხისმგებელმა პირმა. ფაქტობრივად, მისი სიტყვები კარგად გადმოსცემს მსოფლიო ტრაგედიებისა და უსამართლობის ყველა მსხვერპლის სურვილებს. თითოეულ მათგანს სწყურია ჭეშმარიტი მშვიდობა და უსაფრთხოება. ოდესმე იქნება მსოფლიო ასეთი? აქვს ვინმეს ნამდვილად იმის ძალა და უნარი, რომ ძირფესვიანად შეცვალოს უსამართლო მსოფლიო?
ცვლილებებისკენ მიმართული ძალისხმევა
მრავალმა ადამიანმა სცადა ამ მიმართულებით რაღაცის გაკეთება. მაგალითად, ფლორენს ნაიტინგეილმა, XIX საუკუნეში მცხოვრებმა ინგლისელმა ქალმა, მთელი ცხოვრება მოახმარა იმას, რომ ავადმყოფები კარგი ჰიგიენური პირობებით უზრუნველეყოთ და მოწყალების დებს პაციენტების მიმართ თანაგრძნობა ჰქონოდათ. მაშინ — როდესაც ანტისეპტიკა და ანტიბიოტიკები ჯერ კიდევ არ იყო აღმოჩენილი — საავადმყოფოებში ავადმყოფებზე ზრუნვა ისეთი სულაც არ იყო, როგორსაც დღეს ჩვენ ვხედავთ. ერთი წიგნის თანახმად, „მოწყალების დები გაუნათლებლები და უსუფთაოები იყვნენ; აგრეთვე ლოთობისა და უზნეობის გამო ცუდი რეპუტაციით სარგებლობდნენ“. ჰქონდა ფლორენს ნაიტინგეილს რაიმე წარმატება და შეძლო მან მოწყალების დების საქმიანობაში ცვლილებების მოხდენა? დიახ. მსგავსად ამისა, უამრავ მზრუნველ, უანგარო ადამიანს მიუღწევია წარმატებებისთვის ცხოვრების მრავალი სფეროს გაუმჯობესებაში; მაგალითად, ხალხისთვის წერა–კითხვის სწავლებასა და განათლებაში, ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და მედიცინაში, გაჭირვებულთა საკვებით უზრუნველყოფასა და სხვა მრავალ საკითხში. შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მილიონობით არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ცხოვრების დონე.
მიუხედავად ამისა, შეუძლებელია მწარე სინამდვილის უგულებელყოფა — ასობით მილიონი ადამიანი ჯერაც საშინელ მდგომარეობაშია ომის, დამნაშავეობის, ავადმყოფობის, შიმშილობისა და სხვა უბედურებების გამო. ირლანდიის საქველმოქმედო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „სიღარიბის გამო ყოველდღიურად 30 000 ადამიანი იღუპება“. მონობა, რომელსაც მრავალი რეფორმატორი საუკუნეების განმავლობაში ებრძოდა, ჯერაც არსებობს. „დღეს იმაზე მეტი მონაა, ვიდრე აფრიკიდან მთლიანად იქნა წაყვანილი მონებით ტრანსატლანტიური ვაჭრობის პერიოდში“, — ნათქვამია ერთ ცნობაში (Disposable People—New Slavery in the Global Economy).
რა უშლის ხელს ადამიანებს, სამუდამოდ და ძირფესვიანად შეცვალონ მსოფლიო? ნუთუ მხოლოდ მდიდარი და გავლენიანი ადამიანების ინტერესები? თუ სხვა მიზეზიც არსებობს?
რა უშლის ხელს ცვლილებებს?
ღვთის სიტყვის თანახმად, ადამიანების მცდელობას, მსოფლიოში სამართლიანობა დაამყარონ, ყველაზე მეტად სატანა ეშმაკი უშლის ხელს. მოციქული იოანე გვეუბნება, რომ „მთელი ქვეყნიერება ბოროტის ძალაუფლებაშია“ (1 იოანე 5:19). სატანას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9). მისი ბოროტი გავლენის მოსპობამდე ყოველთვის იქნება ბოროტება და უსამართლობა. რით არის განპირობებული ასეთი სამწუხარო მდგომარეობის არსებობა?
ჩვენს წინაპრებს, ადამსა და ევას, ღმერთმა დედამიწა უბოძა, რომელიც სრულყოფილ სამოთხედ უნდა ექციათ, რათა მთელი კაცობრიობის სამკვიდრებელი გამხდარიყო; ის მსოფლიო მაშინ „ძალზე კარგი იყო“ (დაბადება 1:31). რატომ მოხდა ასე რადიკალური ცვლილებები? ამის მიზეზი სატანა იყო. მან საკამათო გახადა ღვთის უფლება, დაედგინა კანონები, რომელთა თანახმადაც უნდა ეცხოვრათ ადამიანებს. სატანამ ირიბად თქვა, რომ ღმერთი უსამართლო მმართველი იყო. მან ადამსა და ევას უბიძგა, რომ დამოუკიდებლობა აერჩიათ და თავად გადაეწყვიტათ, რა იყო სიკეთე და რა — ბოროტება (დაბადება 3:1—6). ამან კაცობრიობას სამართლიანობის გზაზე შეუქმნა მეორე ბარიერი — ცოდვა და არასრულყოფილება (რომაელები 5:12).
რატომ უშვებს ღმერთი ამას?
„მაგრამ რატომ დაუშვა ღმერთმა ცოდვისა და არასრულყოფილების არსებობა? — შეიძლება იკითხოს ვინმემ. — რატომ არ გამოიყენა ღმერთმა თავისი უსაზღვრო ძალა იმისათვის, რომ მაშინვე მოესპო ურჩები და ყველაფერი თავიდან დაეწყო?“ ამგვარად მოქცევა თითქოს საქმის მარტივად მოგვარება იქნებოდა. მაგრამ ძალის გამოყენება მრავალ კითხვას წამოჭრიდა. განა ღარიბები და ჩაგრულები ძირითადად იმაზე არ ჩივიან, რომ ადამიანები ძალას ბოროტად იყენებენ? განა სამართლიან ადამიანებს მრავალი კითხვა არ უჩნდებათ, როდესაც რომელიმე დიქტატორი თავის ძალას იყენებს იმისათვის, რომ მოსპოს ყველა, ვინც მის პოლიტიკას ეწინააღმდეგება?
გულწრფელი ადამიანების იმაში დასარწმუნებლად, რომ ის ძალას ტირანივით ბოროტად არ იყენებს, ღმერთმა არჩია, სატანისა და ურჩი ადამიანებისთვის ღვთიური კანონებისა და პრინციპების დაცვის გარეშე ცხოვრების საშუალება მიეცა, მაგრამ ეს მხოლოდ გარკვეული დროით დაუშვა. დრო აჩვენებდა, რომ მმართველობებს შორის ერთადერთი სწორი ფორმა მხოლოდ ღვთის მმართველობაა. გამოჩნდებოდა, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ღმერთი გვიდგენს, მხოლოდ ჩვენს სიკეთეს ემსახურება. ღვთის მმართველობის წინააღმდეგ წასვლის ტრაგიკულმა შედეგებმა უკვე ცხადყო, რომ ეს ასეა. აგრეთვე ცხადი გახდა, რომ ღმერთი აბსოლუტურად მართალი იქნება, როდესაც სათანადო დროს ბოროტების აღმოსაფხვრელად თავის უდიდეს ძალას გამოიყენებს. ეს დრო კი ძალიან მალე დადგება (დაბადება 18:23—32; მეორე რჯული 32:4; ფსალმუნები 36:9, 10, 38).
მანამდე კი მოქცეულნი ვართ უსამართლო სისტემის მარწუხებში და კაცობრიობა „ოხრავს და იტანჯება“ (რომაელები 8:22). რა ცვლილებებიც უნდა მოვახდინოთ მსოფლიოში, ვერაფრით მოვსპობთ სატანას; ჩვენ ვერც არასრულყოფილების მიზეზს აღმოვფხვრით; ყოველგვარი სატანჯველი კი არასრულყოფილების გამო არსებობს. ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის შედეგებისგან გათავისუფლება, უბრალოდ, ჩვენს ძალებს აღემატება (ფსალმუნები 48:8—10).
იესო სამუდამოდ შეცვლის მდგომარეობას
ნიშნავს თუ არა ეს, რომ მდგომარეობა სრულიად უიმედოა? არა. არსებობს მოკვდავ ადამიანზე ბევრად ძლიერი პიროვნება, ვისაც მინდობილი აქვს პასუხისმგებლობა, სამუდამოდ შეცვალოს მსოფლიო მდგომარეობა. ვინ არის ეს პიროვნება? იესო ქრისტე. ის ბიბლიაში ადამიანთა მხსნელად და მეთაურად არის აღწერილი (საქმეები 5:31).
ახლა იესო ელოდება „დანიშნულ დროს“, რათა იმოქმედოს (გამოცხადება 11:18). კონკრეტულად რას გააკეთებს ის? ‘აღადგენს ყველაფერს, რაზეც ღმერთი ლაპარაკობდა ძველ დროს თავის წმინდა წინასწარმეტყველთა პირით’ (საქმეები 3:21). მაგალითად, იესო „იხსნის ღარიბს, მღაღადებელს, და ღატაკს, რომელსაც არა ჰყავს შემწე . . . ძალადობისაგან დაიხსნის მათ სულებს“ (ფსალმუნები 71:12—16). ღმერთი აღგვითქვამს, რომ იესოს მეშვეობით „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით — კიდემდე“ (ფსალმუნები 45:10). «არ იტყვის [დედამიწის] მკვიდრი: „ავადა ვარ“», — გვპირდება ის. ბრმები, ყრუები და ხეიბრები — ყველა დაავადებული განიკურნება და მათ სრულყოფილი ჯანმრთელობა ექნებათ (ესაია 33:24; 35:5, 6; გამოცხადება 21:3, 4). ცვლილებები შეეხებათ საუკუნეების წინათ გარდაცვლილებსაც. ღმერთი გვპირდება, რომ გააცოცხლებს უსამართლობისა და ჩაგვრის ყველა მსხვერპლს (იოანე 5:28, 29).
იესო ქრისტე არ მოახდენს ნაწილობრივ ან დროებით ცვლილებებს. ის მთლიანად მოსპობს ყველა ბარიერს, რომლებიც ხელს უშლის ნამდვილად სამართლიანი მსოფლიოს არსებობას. იესო კაცობრიობას ჩამოაშორებს ცოდვასა და არასრულყოფილებას, მოსპობს სატანა ეშმაკსა და ყველა მის მიმდევარს (გამოცხადება 19:19, 20; 20:1—3, 10). უბედურება და ტანჯვა, რომლებიც ღმერთმა დროებით დაუშვა, „მეორედ აღარ დადგება“ (ნაუმი 1:9, აქ). ეს ჰქონდა იესოს მხედველობაში, როდესაც თავის მოწაფეებს ასწავლიდა, ელოცათ, მოსულიყო ღვთის სამეფო და ღვთის ნება შესრულებულიყო „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).
„განა თავად იესომ არ თქვა, რომ ‘ღარიბები ყოველთვის ჩვენთან იქნებოდნენ’? განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უსამართლობა და სიღარიბე ყოველთვის იარსებებს?“ — შეიძლება იკითხოთ თქვენ (მათე 26:11). დიახ, იესომ თქვა, რომ ყოველთვის იქნებოდნენ ღარიბები. მაგრამ ამ მუხლის კონტექსტი და ღვთის სიტყვაში მოცემული დაპირებები ცხადყოფს, რომ ღარიბები ყოველთვის იქნებოდნენ იმ დრომდე, ვიდრე ეს სისტემა იარსებებდა. იესომ იცოდა, რომ ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებდა მსოფლიოში სიღარიბისა და უსამართლობის მოსპობას. მან აგრეთვე იცოდა, რომ თავად გააკეთებდა ამას. ის მალე დაამყარებს სრულიად ახალ სისტემას — „ახალ ცასა და ახალ დედამიწას“, რომელზეც ტკივილი, ავადმყოფობა, სიღარიბე და სიკვდილი აღარ იარსებებს (2 პეტრე 3:13; გამოცხადება 21:1).
„ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებას“
ნიშნავს თუ არა ზემოთ ნათქვამი სიტყვები, რომ სხვების დასახმარებლად რამის გაკეთება ამაოა? არავითარ შემთხვევაში. ბიბლია მოგვიწოდებს, დავეხმაროთ სხვებს, როდესაც ისინი განსაცდელში ცვივდებიან ან მათ უჭირთ. „ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება“, — წერდა ძველ დროში მცხოვრები მეფე სოლომონი (იგავები 3:27). „ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას“, — მოგვიწოდებს მოციქული პავლე (ებრაელები 13:16).
თავად იესო ქრისტემ მოგვიწოდა, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალურად დავეხმაროთ სხვებს. მან მოიყვანა მაგალითი სამარიელი კაცის შესახებ, რომელმაც გზაზე ნაცემი და გაძარცვული ებრაელი იპოვა. იესომ აღნიშნა, რომ სამარიელს „გული დაეწვა“. ამიტომ ჭრილობები შეუხვია ნაცემ კაცს და დაეხმარა მდგომარეობის შემსუბუქებაში (ლუკა 10:29—37). იმ თანამგრძნობ სამარიელს მსოფლიო არ შეუცვლია, მაგრამ ბევრი რამ შეცვალა ნაცემი და გაძარცული კაცისთვის. ჩვენც შეგვიძლია მსგავსად მოვიქცეთ.
ცხადია, სხვების დასახმარებლად იესო ქრისტეს ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია. მას ნამდვილად შეუძლია ცვლილებების მოხდენა და ძალიან მალე ასეც მოიქცევა. მაშინ დღევანდელი უსამართლობის მსხვერპლნი უკეთესად იცხოვრებენ და ნამდვილი მშვიდობითა და უსაფრთხოებით გაიხარებენ (ფსალმუნები 4:9; 36:10, 11).
სანამ ამის მოხდენას ველოდებით, მოდი არასოდეს დავიხიოთ უკან და ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ სულიერად თუ მატერიალურად „სიკეთე გავუკეთოთ“ ყველას, ვინც უსამართლობის მსხვერპლია (გალატელები 6:10).
[სურათები 5 გვერდზე]
ფლორენს ნაიტინგეილმა დიდი ცვლილებები შეიტანა მოწყალების დების საქმიანობაში.
[საავტორო უფლება]
Courtesy National Library of Medicine
[სურათები 7 გვერდზე]
ქრისტეს მიმდევრები სიკეთეს უკეთებენ სხვებს.
[საავტორო უფლებები დაცულია 4 გვერდზე]
The Star, Johannesburg, S.A.