არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

თავგანწირვის სულს იეჰოვას კურთხევები მოაქვს

თავგანწირვის სულს იეჰოვას კურთხევები მოაქვს

„ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“

თავგანწირვის სულს იეჰოვას კურთხევები მოაქვს

კამერუნის უღრან ტყეში მამაკაცი ველოსიპედით მგზავრობს. ის საათობით დადის ტალახიან, დატბორილ გზებზე და სხვების განსამტკიცებლად სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს. ზიმბაბვეში ორი ძმა დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად ადიდებული მდინარეების გავლით 15 კილომეტრს გადის. როცა მათ მდინარის გადაკვეთა უწევთ, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს თავზე იდებენ. სხვა მხარეში ერთი მანდილოსანი დილის ოთხ საათზე დგება, რომ მედდა მოინახულოს და შესწავლა ჩაუტაროს; მედდას მხოლოდ ამ დროს შეუძლია ბიბლიის შესწავლა.

რა საერთო აქვს ერთმანეთთან ამ სამ შემთხვევას? ეს ადამიანები იეჰოვას მოწმეები არიან, რომლებიც სრული დროით მონაწილეობენ ბიბლიური ჭეშმარიტების სწავლებაში. სრული დროით მსახურებს შორის არიან პიონერები, სპეციალური პიონერები, მისიონერები, მიმომსვლელი ზედამხედველები და ბეთელებში მომსახურე ათასობით მოხალისე. ეს მსახურები თავგანწირვის სულს ავლენენ *.

სწორი მოტივები

იეჰოვას მოწმეები ყურად იღებენ პავლე მოციქულის მიერ ტიმოთესადმი მიცემულ რჩევას: „ყველანაირად ეცადე, ღმერთს თავი წარუდგინო მოსაწონ მუშად, რომელიც სასირცხვილოს არაფერს აკეთებს და სწორად გადასცემს ჭეშმარიტების სიტყვას“ (2 ტიმოთე 2:15). მაგრამ რა აღძრავს ასი ათასობით მოწმეს სრული დროით მსახურებისკენ?

როდესაც სრული დროით მსახურებს ეკითხებიან, რატომ ახმარენ მთელ ძალ-ღონეს იეჰოვასთვის მსახურებას, ისინი პასუხობენ, რომ ამისკენ ღვთისა და ადამიანებისადმი სიყვარული აღძრავთ (მათე 22:37—39). და ეს ასეც არის, რადგან სიყვარულის გარეშე ნებისმიერი მცდელობა ფუჭი იქნებოდა (1 კორინთელები 13:1—3).

თავგანწირული მსახურება

ღვთისადმი მიძღვნილი ქრისტიანები იესოს მოწოდების თანახმად მოქმედებენ: „თუ ვინმეს უნდა, რომ მომყვეს, უარყოს საკუთარი თავი, აიღოს თავისი წამების ბოძი და გამომყვეს“ (მათე 16:24). საკუთარი თავის უარყოფა ნიშნავს იმას, რომ იეჰოვა ღმერთისა და იესო ქრისტეს საკუთრებად ვაღიაროთ თავი და საშუალება მივცეთ მათ, უხელმძღვანელონ ჩვენს ცხოვრებას. ბევრს ეს სრული დროით მსახურებისას თავგანწირვის სულის გამოვლენისკენ უბიძგებს.

ბევრი მოწმე დიდ ძალისხმევას ახმარს იმას, რომ გააფართოვოს იეჰოვასადმი მსახურება. დავფიქრდეთ სან-პაულუში (ბრაზილია) მცხოვრები ერთი პიონერის, 56 წლის ჯულიას, მაგალითზე. ის ყვება: „ერთხელ ჩინელმა ძმამ დამირეკა და მკითხა, მქონდა თუ არა ჩინური ენის შესწავლის სურვილი. ასაკის გამო ვფიქრობდი, რომ ჩემთვის უკვე გვიანი იყო ახალი ენის შესწავლის დაწყება. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გადავწყვიტე, შევჭიდებოდი ამ რთულ საქმეს. დღეს უკვე ჩინურ ენაზე ბიბლიური შეთავაზების გაკეთება შემიძლია“.

პერუში არსებული იეჰოვას მოწმეთა ფილიალი იტყობინება: „ბოლო წლებში ასობით პიონერი გადავიდა დაუმუშავებელ ტერიტორიებზე, რითაც გაბედულება და თავგანწირვის სული გამოავლინეს. ისინი მსახურობენ შორეულ ქალაქებში, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია და სამუშაოს შოვნაც რთულია. ეს და-ძმები მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ იმისათვის, რომ დარჩნენ თავიანთი დანიშნულების ადგილას. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ბევრგან მათ მსახურებას ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. მიმომსვლელი ზედამხედველები იტყობინებიან, რომ ამ თავგანწირვის სულის მქონე პიონერების წყალობით ახალი ჯგუფები ყალიბდება“.

ზოგი ქრისტიანი თანამორწმუნეებისთვის დახმარების აღმოსაჩენად საფრთხეში იგდებს საკუთარ სიცოცხლეს (რომაელები 16:3, 4). აფრიკაში, კონფლიქტის ზონაში მომსახურე სარაიონო ზედამხედველი გვატყობინებს: „სანამ მეამბოხეების მიერ დაკავებულ ტერიტორიასა და ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას შორის არსებულ პიკეტამდე მივაღწევდით, მე და ჩემი მეუღლე მეამბოხეთა ჯარის ოთხმა მეთაურმა და მათმა მცველებმა გაგვაჩერეს; მათ ჩვენი ვინაობა აინტერესებდათ. სანამ პირადობის მოწმობებს ამოწმებდნენ, მიხვდნენ, რომ ჩვენ მთავრობის მიერ კონტროლირებადი მხრიდან ვიყავით, ამიტომ ეჭვის თვალით დაგვიწყეს ყურება. მე ჯაშუშობაში დამდეს ბრალი და დილეგში ჩაგდებას მიპირებდნენ. როცა ავუხსენი, ვინ ვიყავით, გამოგვიშვეს“. რა მადლიერი იყო კრება, რომ ამ წყვილმა თავგანწირვის სული გამოავლინა და მათი მონახულება მოახერხა!

სირთულეების მიუხედავად, მთელ მსოფლიოში იზრდება სრული დროით მსახურთა რიცხვი (ესაია 6:8). ეს გულმოდგინე მსახურები ძალიან აფასებენ, რომ იეჰოვასთვის ასეთი განსაკუთრებული სახით მსახურების შესაძლებლობა აქვთ. ამჟამად მილიონობით სხვა ადამიანიც ავლენს ასეთივე თავგანწირვის სულს და განადიდებს იეჰოვას. ის კი თავის მხრივ უხვად აკურთხებს მათ (იგავები 10:22). ეს თავდაუზოგავი მშრომელები დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა კვლავაც აკურთხებს და მხარს დაუჭერს მათ. ისინი დავითის მსგავსად ფიქრობენ: „ჩემი შველა იეჰოვასგან მოვა“ (ფსალმუნები 120:2, აქ).

[სქოლიოები]

^ აბზ. 4 იხილეთ 2005 წლის იეჰოვას მოწმეთა კალენდარი, ნოემბერი/დეკემბერი.

[ჩანართი 9 გვერდზე]

„შენი ხალხი მოხალისედ წამოვა შენი გალაშქრების ჟამს“ (ფსალმუნები 109:3).

[ჩარჩო 8 გვერდზე]

იეჰოვა აფასებს მისდამი მიძღვნილ მსახურებს

„იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორინთელები 15:58).

„ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრაელები 6:10).