არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რამდენად რეალური პიროვნებაა ეშმაკი თქვენთვის?

რამდენად რეალური პიროვნებაა ეშმაკი თქვენთვის?

რამდენად რეალური პიროვნებაა ეშმაკი თქვენთვის?

საღვთო წერილში ეშმაკი რეალურ პიროვნებად არის წარმოდგენილი. ის უხილავია ადამიანებისთვის იმავე მიზეზით, რა მიზეზითაც ღმერთია უხილავი. ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სულია“ (იოანე 4:24). ეშმაკი სულიერი ქმნილებაა. მაგრამ შემოქმედისგან განსხვავებით, ეშმაკს ჰქონდა დასაწყისი.

ადამიანების შექმნამდე დიდი ხნით ადრე იეჰოვა ღმერთმა შექმნა უამრავი სულიერი ქმნილება (იობი 38:4, 7). ბიბლიაში ამ სულებს ანგელოზები ეწოდებათ (ებრაელები 1:13, 14). ღმერთმა ისინი სრულყოფილები შექმნა — არც ერთი მათგანი არ იყო ეშმაკი და არც ერთს არ ჰქონდა ბოროტი თვისება. მაშ, როგორ გაჩნდა ეშმაკი? სიტყვა „ეშმაკი“ ნიშნავს „ცილისმწამებელს“ და ახასიათებს პიროვნებას, რომელიც ბოროტად ცრუობს სხვების შესახებ. „სატანა“ კი ნიშნავს „მოწინააღმდეგეს“ ან „მტერს“. როგორც პატიოსანი ადამიანი ხდება ქურდობის შედეგად ქურდი, ასევე ღვთის ერთმა სრულყოფილმა ძემ არასწორი სურვილის თანახმად მოქმედების შედეგად თავი სატანა ეშმაკად იქცია. ბიბლია გვიხსნის, თუ როგორ ხდება პიროვნების ზნეობრივად დაცემა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15).

სატანას შემთხვევაში სწორედ ასე მოხდა. როდესაც იეჰოვა ღმერთმა შექმნა ადამიანთა პირველი წყვილი, ადამი და ევა, ამას ყურადღებას აქცევდა ანგელოზი, რომელიც ღვთის წინააღმდეგ აჯანყებას აპირებდა. მან იცოდა, რომ იეჰოვამ ადამსა და ევას უთხრა, მთელი დედამიწა აევსოთ სამართლიანი ადამიანებით, რომლებიც შემოქმედს სცემდნენ თაყვანს (დაბადება 1:28). ამ ანგელოზმა დაინახა, რომ პატივისა და გავლენის მიღწევა შესაძლებელი იყო. მას სიხარბემ აღუძრა ძლიერი სურვილი, რომ შემოქმედისთვის განკუთვნილი თაყვანისცემა ადამიანებისგან თავად მიეღო. ნაცვლად იმისა, რომ უკუეგდო ასეთი არასწორი სურვილი, ეს ანგელოზი დიდხანს ატარებდა მას გულში, სანამ არ შვა ტყუილი, რის შემდეგაც ღმერთს აუჯანყდა. განვიხილოთ, თუ რა გააკეთა მან.

ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულმა ანგელოზმა ევასთან სასაუბროდ გველი გამოიყენა. „ნუთუ მართლა გითხრათ ღმერთმა, რომ ბაღის არც ერთი ხისგან არ ჭამოთო?“ — ჰკითხა გველმა ევას. როდესაც ევამ ღვთის ბრძანებისა და იმ სასჯელის შესახებ უთხრა, რომელიც დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ელოდათ, გველმა თქვა: „არ მოკვდებით. რადგან უწყის ღმერთმა, რომელ დღესაც შეჭამთ მაგ ნაყოფს [იმ ხის ნაყოფს, რომელიც შუა ბაღშია], აგეხილებათ თქვენ თვალები და იქნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“ (დაბადება 3:1—5). სატანის ამ სიტყვების თანახმად, ღმერთმა ადამსა და ევას სიმართლე დაუმალა. იმ ხის ნაყოფის ჭამით ევას ეგონა, რომ ღვთის მსგავსი გახდებოდა და შეძლებდა, თავად გადაეწყვიტა, რა იყო კარგი და რა — ცუდი. ეს იყო ოდესმე თქმულთაგან პირველი ტყუილი, რამაც ეს ანგელოზი ცილისმწამებელი გახადა. ის აგრეთვე ღვთის მოწინააღმდეგე გახდა. ბიბლიაში ღვთის ეს მტერი მოხსენიებულია როგორც „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხადება 12:9).

„გეღვიძოთ“

ტყუილის თქმით ეშმაკმა მიაღწია იმას, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იხილა დედაკაცმა, რომ ხე კარგი ჩანდა საჭმელად და საამო იყო თვალისთვის და მიმზიდველი იყო შესაცნობად; და მოწყვიტა მისგან ნაყოფი და შეჭამა და მისცა აგრეთვე თავის კაცს, და მანაც შეჭამა“ (დაბადება 3:6). ევამ დაუჯერა სატანას და არ დაემორჩილა ღმერთს. მან დაიყოლია ადამი, რომ მასაც დაერღვია ღმერთის კანონი. ამგვარად, ეშმაკმა ადამიანთა პირველი წყვილი ღვთისადმი დაუმორჩილებლობისკენ აღძრა. მას შემდეგ სატანა უხილავად ახდენს გავლენას ადამიანთა საქმეებზე. რა მიზნით? მისი მიზანია, ჩამოაშოროს ადამიანები ღმერთს და თავად მიიღოს მათგან თაყვანისცემა (მათე 4:8, 9). ამიტომ საღვთო წერილი გვაფრთხილებს: „იფხიზლეთ და გეღვიძოთ. თქვენი მოწინააღმდეგე, ეშმაკი, დადის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს“ (1 პეტრე 5:8).

ბიბლია აშკარად ცხადყოფს, რომ ეშმაკი არის რეალური სულიერი პიროვნება — ანგელოზი, რომელიც ზნეობრივად დაეცა და საშიში გახდა. პირველი ნაბიჯი, რაც სულიერ სიფხიზლეში დაგვეხმარება, იმის გაცნობიერებაა, რომ ის ნამდვილად არსებობს. მაგრამ სიფხიზლის შენარჩუნება უფრო მეტს მოიცავს. მნიშვნელოვანია აგრეთვე ვიცოდეთ სატანის „ზრახვები“ და მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შეცდომაში შეჰყავს ადამიანები (2 კორინთელები 2:11). რა ხრიკებს მიმართავს ის? როგორ შეგვიძლია მათ მტკიცედ აღვუდგეთ წინ?

ეშმაკი თავის სასარგებლოდ იყენებს ადამიანის თანდაყოლილ მოთხოვნილებას

ეშმაკი კაცობრიობის შექმნიდან აკვირდება ადამიანებს. მან იცის ადამიანის აგებულება — მისი მოთხოვნილებები, ინტერესები და სურვილები. სატანამ კარგად იცის, რომ ადამიანი სულიერი მოთხოვნილებით შეიქმნა, ამიტომაც ის მოხერხებულად იყენებს ამას თავის სასარგებლოდ. როგორ? კაცობრიობას რელიგიური სიცრუით კვებავს (იოანე 8:44). ღვთის შესახებ ბევრი რელიგიური სწავლება დამაბნეველი და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ვის მიზანს ემსახურება ეს? შეუძლებელია ურთიერთსაწინააღმდეგო სწავლებებიდან ყველა მართალი იყოს. განა მრავალი რელიგიური სწავლება იმ მიზანს არ ემსახურება, რომ ხალხი შეცდომაში შეიყვანოს და განა მათ სატანა არ იყენებს? ამიტომაც, ბიბლია ამბობს სატანის შესახებ, რომ მან, როგორც „ამ სისტემის ღმერთმა, დაუბრმავა გონება“ ადამიანებს (2 კორინთელები 4:4).

ღვთის ჭეშმარიტება ადამიანს რელიგიური სიცრუისგან იცავს. ბიბლია ღვთის სიტყვის ჭეშმარიტებას სარტყელს ადარებს; ძველ დროში სარტყელი მეომრის წელს იცავდა (ეფესოელები 6:14). ბიბლიური ცოდნის მიღება და მის თანახმად ცხოვრება — ანუ ამ ცოდნის, ასე ვთქვათ, ‘სარტყელივით შემორტმა’ — დაგეხმარებათ, რომ რელიგიურმა სიცრუემ შეცდომაში არ შეგიყვანოთ.

ადამიანში ჩადებულია სულიერი მოთხოვნილება, რის გამოც ის ისწრაფვის უცნობის ამოცნობისკენ. ეს კი სატანის კიდევ ერთი მზაკვრული თავდასხმის სამიზნედ ხდის მას. სატანა თავის სასარგებლოდ იყენებს ადამიანთა ცნობისმოყვარეობას — მათ სურვილს, ჩასწვდნენ უცნობსა და იდუმალებით მოცულს — და სპირიტიზმის საშულებით ცდილობს, თავისი ზეგავლენის ქვეშ მოაქციოს ისინი. როგორც მონადირე იყენებს სატყუარას, რომ მსხვერპლი მიიზიდოს, ასევე სატანაც იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა მკითხაობა, ასტროლოგია, ჰიპნოზი, ჯადოქრობა და მაგია, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანები მიიზიდოს და თავის ხაფანგში შეიტყუოს (ლევიანები 19:31; ფსალმუნები 118:110).

როგორ შეგიძლიათ თავი დაიცვათ სპირიტიზმის მახეში გაბმისგან? მეორე რჯულის 18:10—12–ში ვკითხულობთ: „არ იპოვებოდეს შენში თავისი ძისა და თავისი ასულის ცეცხლში გამტარებელი, არც ჯადოქარი, არც მისანი, არც მარჩიელი, არც გრძნეული, და არც შემლოცველი და არც მესულთანე, არც მკითხავი და არც მკვდართა გამომკითხველი, ვინაიდან საძაგელია უფლისათვის ყოველივე ამის მოქმედი, და ამ სისაძაგლეთა გამო უფალი, შენი ღმერთი, სდევნის მათ შენი პირისაგან“.

საღვთო წერილში მოცემული ეს რჩევა კონკრეტულია — არაფერი გქონდეთ საერთო სპირიტიზმთან. რა უნდა გააკეთოთ, თუ სპირიტიზმის რომელიმე სახეობაში ხართ ჩაფლული და გინდათ მისგან გათავისუფლდეთ? თქვენ შეგიძლიათ მიჰყვეთ ადრინდელი ქრისტიანების მაგალითს, რომლებიც ეფესოში ცხოვრობდნენ. მათ მიიღეს „იეჰოვას სიტყვა“. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ბევრმა მათგანმა, ვინც მაგიას მისდევდა, მოიტანა თავისი წიგნები და ყველას წინაშე დაწვა“. წიგნები ძვირად ღირებული იყო. მათი ღირებულება 50 000 ვერცხლს შეადგენდა (საქმეები 19:19, 20). მაგრამ მათ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაანადგურეს ეს წიგნები.

სატანა იყენებს ადამიანთა სისუსტეებს

სრულყოფილი ანგელოზი სატანა ეშმაკი გახდა იმის გამო, რომ საკუთარი თავის განდიდების სურვილს აჰყვა. მან ევაშიც სიამაყის გრძნობა და იმის ეგოისტური სურვილი აღძრა, რომ ყოფილიყო ღვთის მსგავსი. დღეს სატანა მრავალ ადამიანზე ახდენს ზეგავლენას და მათში სიამაყის გრძნობას აღძრავს. მაგალითად, ზოგი შეიძლება ფიქრობს, რომ თავისი რასა, ტომი ან ეროვნება სხვებზე უკეთესია. ეს ბიბლიის სწავლებას ეწინააღმდეგება! (საქმეები 10:34, 35). ბიბლია გარკვევით ამბობს: „[ღმერთმა] ერთი ადამიანიდან შექმნა ყველა ხალხი“ (საქმეები 17:26).

თავმდაბლობა დაგვიცავს იმისგან, რომ სატანამ ჩვენში სიამაყის გრძნობა არ გააღვივოს. ბიბლია მოგვიწოდებს: „თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ“ (რომაელები 12:3). ის ასევე აღნიშნავს, რომ „ღმერთი ამპარტავნებს ეწინააღმდეგება, თავმდაბლების მიმართ კი წყალობას ავლენს“ (იაკობი 4:6). პირად ცხოვრებაში თავმდაბლობისა და სხვა ღვთისმოსაწონი თვისებების გამოვლენა არის ეფექტური იარაღი, რომელიც სატანის თავდასხმების მოგერიებაში დაგეხმარებათ.

ეშმაკი აგრეთვე მოწადინებულია, გამოიყენოს ადამიანთა სისუსტეები — ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვა. იეჰოვა ღმერთმა განიზრახა, რომ ადამიანებს სიცოცხლით გაეხარათ. როდესაც სურვილებს ვიკმაყოფილებთ და ღვთის მიერ დადგენილ საზღვრებს არ ვცდებით, შედეგი ნამდვილი ბედნიერებაა. მაგრამ სატანა ცდილობს, რომ ადამიანებმა უზნეო ცხოვრებით დაიკმაყოფილონ თავიანთი სურვილები (1 კორინთელები 6:9, 10). ბევრად უმჯობესია, მთელი ყურადღება მიპყრობილი გვქონდეს იმისკენ, რაც წმინდა და ზნეობრივია (ფილიპელები 4:8). ეს დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ თქვენი ფიქრები და ემოციები.

კვლავაც წინ აღუდექით ეშმაკს

შეგიძლიათ წინააღმდეგობა გაუწიოთ ეშმაკს? დიახ, თქვენ შეგიძლიათ ეს, რადგან ბიბლია გვარწმუნებს: „წინააღმდეგობა გაუწიეთ ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან“ (იაკობი 4:7). წინააღმდეგობაც რომ გაუწიოთ ეშმაკს, ის მაშინვე არ დაგანებებთ თავს და არ შეწყვეტს თქვენთვის სირთულეების შექმნას იმ დროს, როდესაც ღვთის შესახებ ცოდნას იღებთ. ის კვლავ შეეცდება „ხელსაყრელი შემთხვევის“ გამოყენებას (ლუკა 4:13). მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ ეშმაკის. თუ კვლავ და კვლავ შეეწინააღმდეგებით მას, ის ვერ შეძლებს, რომ ჭეშმარიტ ღმერთს ჩამოგაშოროთ.

ეშმაკს რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ, საჭიროა ვიცოდეთ, თუ ვინ არის ის, როგორ შეჰყავს მას ადამიანები შეცდომაში და რა დაგვეხმარება, რომ შევეწინააღმდეგოთ მის ხრიკებს. ამის შესახებ ცოდნის ერთადერთი ზუსტი წყაროა ღვთის სიტყვა, ბიბლია. ამიტომაც, მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, რომ შეისწავლოთ წმინდა წერილები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოთ. თქვენთან ახლოს მცხოვრები იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ბიბლიის უფასოდ შესწავლაში. ნუ დააყოვნებთ, რომ დაუკავშირდეთ მათ ან მისწეროთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.

თუ ბიბლიას სწავლობთ, საჭიროა იცოდეთ, რომ სატანამ შესაძლოა წინააღმდეგობა ან დევნა გამოიყენოს, რათა შეგაწყვეტინოთ ღვთის სიტყვის შესახებ ჭეშმარიტების შესწავლა. თქვენი ახლობლებიდან ზოგიერთს შეიძლება არ მოეწონოს, რომ ბიბლიას სწავლობთ. ეს შეიძლება იმიტომ მოხდეს, რომ მათ არ იციან ჭეშმარიტი სწავლებები. სხვებმა შეიძლება დაგცინონ. განა ესიამოვნება ღმერთს, თუკი მათი გავლენის ქვეშ მოექცევით? ეშმაკს სურს, თავგზა აგიბნიოთ, რომ შეწყვიტოთ ჭეშმარიტი ღვთის შესახებ ცოდნის მიღება. არ დაუშვათ, რომ სატანამ გაიმარჯვოს (მათე 10:34—39). თქვენ არაფრით ხართ დავალებული სატანისგან, იეჰოვამ კი სიცოცხლე გიბოძათ. ასე რომ, იყავით გადაწყვეტილებით აღსავსე, წინ აღუდგეთ ეშმაკს და ‘გაახაროთ იეჰოვას გული’ (იგავები 27:11).

[სურათი 6 გვერდზე]

იმის შემდეგ, რაც ეფესოელები ქრისტიანები გახდნენ, მათ დაწვეს სპირიტიზმთან დაკავშირებული წიგნები.

[სურათი 7 გვერდზე]

მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, შეისწავლოთ ბიბლია.