საოცარი ქმნილებები განადიდებს იეჰოვას
საოცარი ქმნილებები განადიდებს იეჰოვას
იეჰოვა ღმერთი იმაზე ბევრად აღმატებულია, ვიდრე ამის წარმოდგენა არასრულყოფილ ადამიანებს შეგვიძლია. დედამიწაზე და ცაში მისი შემოქმედების ნაყოფი განადიდებს მას და მოწიწებით გვავსებს ჩვენ (ფსალმუნები 18:2—5). მაგრამ როგორ გავოცდებოდით, თუ ის ჩვენ, დედამიწაზე მცხოვრებ ადამიანებს, დაგველაპარაკებოდა!
შემოქმედი და სამყაროს უზენაესი მმართველი — იეჰოვა ღმერთი — იმსახურებს მოსმენას, როცა ლაპარაკობს. დავუშვათ, რომ ის თქვენ გელაპარაკებათ, ვთქვათ, ანგელოზის მეშვეობით. ცხადია, თქვენ ყურადღებით მოუსმენდით. დაახლოებით 3 500 წლის წინათ მართალი კაცი იობიც, ალბათ, გულისყურით ისმენდა, თუ რას ეუბნებოდა ღმერთი. რას ვსწავლობთ დედამიწისა და ცის შესახებ ღვთის მიერ იობისთვის ნათქვამი სიტყვებიდან?
ვინ დააფუძნა დედამიწა და ვინ უდგენს ზღვას წესებს?
გრიგალიდან ღმერთი იობს დედამიწისა და ზღვის შესახებ კითხვებს უსვამს (იობი 38:1—11). არც ერთ არქიტექტორს არ ურჩევია ღვთისთვის, რა სიდიდის უნდა ყოფილიყო დედამიწა, და შემდეგ მისი ფორმირებისას არ დახმარებია მას. მიუხედავად ამისა, დედამიწა მყარად დგას სივრცეში. ღმერთი მას შენობას ადარებს და იობს ეკითხება: „ვინ დადო მისი ქვაკუთხედი?“ ცხადია, არა ადამიანმა! ღვთის ძეები — ანგელოზები — ზეციდან სიხარულით ადევნებდნენ თვალყურს, თუ როგორ შექმნა იეჰოვამ ეს პლანეტა.
ზღვა ასაკით ბევრად პატარაა ღმერთზე, რომელიც მას, ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, ტანსაცმლით მოსავს. ზღვამ „ამოხეთქა, როგორც საშოდან“. ღმერთი მას თითქოს ურდულსა და ბჭეებს უყენებს, რათა საზღვარი დაუდგინოს და მის მიმოქცევას მთვარე და მზე არეგულირებს.
ენციკლოპედია „უორლდ ბუკი“ ამბობს: „ოკეანეზე უმეტესწილად ტალღების — პატარებისა თუ ძალიან დიდების, რომლებიც სიმაღლეში 100 ფუტს (30 მეტრს) აღწევს — წარმოშობას იწვევს ქარი . . . ქარის ჩადგომის შემდეგ, ტალღები ოკეანის ზედაპირზე გავრცელებას განაგრძობს და თავისი წარმოშობის ადგილიდან საკმაოდ შორ მანძილზე გადაადგილდება. ისინი უფრო გლუვი და გრძელი ხდება. ბოლოს ტალღები ნაპირს აღწევს, იქ იმსხვრევა და უამრავ თეთრ ბუშტულას წარმოქმნის“. ზღვა ემორჩილება ღვთის მითითებას: „აქამდე მოხვალ და მეტს არა. აქ უნდა შედგნენ შენი ზვიადი ზვირთები“.
ვინ არის განთიადის შემქმნელი?
შემდეგ ღმერთი იობს სინათლის გავლენისა და სხვა საკითხების შესახებ უსვამს კითხვებს (იობი 38:12—18). ვერც ერთი ადამიანის ბრძანებით ვერ მოხდება დღისა და ღამის მონაცვლეობა. ხატოვანი ენით რომ ვთქვათ, დილის ნათელი მოიცავს ქვეყნის კიდეებს, საიდანაც ბოროტებს დევნის. ცოდვილები შეიძლება უკეთურ საქმეებს ‘დაბინდების’ შემდეგ სჩადიან (იობი 24:15, 16). მაგრამ განთიადი მრავალ ბოროტმოქმედს ატოვებინებს თავისი ბოროტმოქმედების ადგილს.
ღვთის ხელში განთიადი ბეჭედივითაა, რომელიც დედამიწაზე თვალწარმტაც ანაბეჭდს ტოვებს. მზის სხივების საშუალებით მრავალი ფერის დანახვაა შესაძლებელი, რის შედეგადაც დედამიწა საუცხოო სამოსელში გამოწყობილი ჩანს. იობი ყოველივე ამაში არავითარ როლს არ ასრულებდა; მას არც წყლის სიღრმეებში ჩაუღწევია, რათა მისი საგანძური აღეწერა. დღესაც კი მეცნიერებს მხოლოდ შეზღუდული ცოდნა აქვთ ოკეანის სიღრმეებში არსებულ სიცოცხლეზე!
ვინ ფლობს თოვლისა და სეტყვის საცავებს?
არც ერთი ადამიანი არ შეჰყოლია სინათლესა თუ სიბნელეს სახლში და არც თოვლისა თუ სეტყვის საცავში შესულა რომელიმე მათგანი; საცავში, რომელიც ღმერთს „ბრძოლის და ომის დღისათვის“ აქვს შემონახული (იობი 38:19—23). როდესაც იეჰოვამ გაბაონში მტრების წინააღმდეგ სეტყვა გამოიყენა, ისინი „ვინც სეტყვის ქვებით დაიხოცნენ, უფრო მეტნი იყვნენ, ვიდრე ისინი, ვინც ისრაელის ძეთ გაწყვიტეს მახვილით“ (იესო ნავეს ძე 10:11). შესაძლოა, მან სეტყვა გამოიყენოს (ჩვენთვის უცნობია, თუ რა ზომის იქნება სეტყვის მარცვლები) გოგის, ანუ სატანის, მიმდევარი ბოროტი ხალხის გასანადგურებლად (ეზეკიელი 38:18, 22).
2002 წლის ივლისში ჩინეთში, ჰონანის ცენტრალურ პროვინციაში, კვერცხის ზომის სეტყვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 200 — დაშავდა. 1545 წელს მომხდარი სეტყვის შესახებ იტალიელი მოქანდაკე ბენვენუტო ჩელინი წერდა: „ლიონიდან ერთი დღის სავალზე ვიყავით . . . როდესაც ზეციდან ძლიერი ქუხილის ხმა გაისმა . . . დაქუხების შემდეგ ისეთი დიდი და შემაძრწუნებელი ხმაური მოისმა, რომ მეგონა მეორედ მოსვლა იყო; წუთით ცხენი შევაჩერე და ციდან წვეთი წვიმის გარეშე ძლიერი სეტყვა წამოვიდა . . . სეტყვის მარცვლები უფრო და უფრო დიდი ხდებოდა და ბოლოს ლიმონის ზომის გახდა . . . სტიქია გარკვეული პერიოდის განმავლობაში მძვინვარებდა, შემდეგ კი ჩაწყნარდა . . . ერთმანეთს დაკაწრულ და დალურჯებულ ადგილებს ვუჩვენებდით; მაგრამ გავიარეთ დაახლოებით ერთი მილი და თვალწინ საშინელი სურათი გადაგვეშალა; ამ სცენამ, რომლის ენით აღწერაც საკმაოდ რთული იყო, ჩვენ მიერ განცდილი დაგვავიწყა. ხეებზე ფოთლები აღარ იყო შერჩენილი, ტოტები კი დალეწილი იყო; ირგვლივ დახოცილი ცხოველები ეყარა; იქვე ეგდო მრავალი მწყემსის გვამიც; ვნახეთ უამრავი სეტყვის მარცვალი, რომლებიც ზომით იმდენად დიდები იყო, რომ ხელები ვერ შემოვაწვდინეთ“ (Autobiography, Book II, 50, Harvard Classics, ტომი 31, გვერდები 352, 353).
რა მოხდება, როდესაც იეჰოვა თავისი მტრების წინააღმდეგ საბრძოლველად თოვლისა და სეტყვის საცავებს გახსნის? ცხადია, მაშინ მისი მტრები ვერ გადარჩებიან.
ვისი ხელის ნამოქმედარია წვიმა, ნამი, ჭირხლი და ყინული?
შემდეგ იეჰოვა იობს წვიმის, ნამის, ჭირხლისა და ყინულის შესახებ უსვამს კითხვებს (იობი 38:24—30). ღმერთია წვიმის დიდებული შემოქმედი და წვიმით შეუძლია გაიხაროს ‘უკაცრიელმა მიწამ და უდაბნომაც’ კი. წვიმის, ყინულისა და ჭირხლის მამა, ანუ შემოქმედი, ადამიანი არ არის.
„ბუნების ბიულეტენში“ ნათქვამია: „[ყინულის] ყველაზე უცნაური და მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ წყალი გაყინვისას ფართოვდება . . . ყინულის საფარი, რომელიც ზამთარში ზემოდან არის გადაკრული წყალსატევზე, ამ საფარის ქვეშ მყოფ მცენარეებსა და ცხოველებს (თევზებსა თუ სხვებს) საშუალებას აძლევს, წყლის სიღრმეში
გამოიზამთრონ. თუ გამყარებისას წყალი შეიკუმშებოდა და უფრო მძიმე გახდებოდა, ყინულის მასა წყლის მასაზე მეტი იქნებოდა და ყინული წყლის ფსკერზე მოექცეოდა; წყლის ზედაპირზე ყინულის წარმოშობა კი მანამ გაგრძელდებოდა, სანამ მთელი წყალსატევი არ გაიყინებოდა . . . მსოფლიოს შედარებით ცივ ზონებში მდინარეები, ტბები და ოკეანეც კი სამუდამოდ გაყინული იქნებოდა“.ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ყინვების დროს მთელი წყალი არ იყინება! აგრეთვე ძალიან ვაფასებთ იმას, რომ იეჰოვას მიერ შექმნილი წვიმა და ნამი გამომაცოცხლებელია მცენარეებისთვის.
ვინ დაუდგინა ზეცას კანონები?
შემდეგ ღმერთი იობს ზეცის შესახებ უსვამს კითხვებს (იობი 38:31—33, აქ). ქიმას თანავარსკვლავედი, ჩვეულებრივ, პლეადების სახელწოდებით არის ცნობილი და არის ვარსკვლავთა გროვა, რომელიც შვიდი დიდი ვარსკვლავისა და რამდენიმე შედარებით პატარა ვარსკვლავისგან შედგება; მათგან ზოგი მზისგან 380 სინათლის წლით არის დაშორებული. ადამიანს არ შეუძლია „შეკრას ქიმას თანავარსკვლავედის საკვრელები“ ანუ პლეადაში შემავალი ვარსკვლავები ამ ვარსკვლავთა გროვაში დააკავოს. არც ერთ ადამიანს არ შეუძლია „მოუშვას ქესილის თანავარსკვლავედის საბელები“; ქესილის თანავარსკვლავედს დღეს ორიონს უწოდებენ. ჩვენ არ ვიცით, რომელი თანავარსკვლავედი შეესაბამება მაზაროთსა თუ აშს, მაგრამ ვიცით, რომ ადამიანს არ შეუძლია მათი მართვა. ადამიანურ ძალებს აღემატება, შეცვალოს „ცათა კანონები“, ანუ კანონები, რომლებიც სამყაროში მოქმედებს.
ღმერთმა დაადგინა კანონები, რომლებიც მართავს ციურ სხეულებს, მოქმედებს დედამიწაზე არსებულ ამინდზე, ზღვის მიმოქცევაზე, ატმოსფეროსა და ჩვენს პლანეტაზე თვით სიცოცხლის არსებობაზე. ავიღოთ, მაგალითად, მზე. მის შესახებ ენციკლოპედია „ამერიკანაში“ (1996 წლის გამოცემა) ნათქვამია: „მზის სხივები დედამიწას სითბოთი და სინათლით უზრუნველყოფს, ხელს უწყობს მცენარეთა ზრდას, ოკეანეებისა და სხვა წყალსატევების ზედაპირიდან წყლის აორთქლებას, გარკვეულ როლს ასრულებს ქარების წარმოშობაში და ასრულებს კიდევ სხვა მრავალ ფუნქციას, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დედამიწაზე სიცოცხლის შესანარჩუნებლად“. იმავე ნაშრომში აღნიშნულია: „მზის სხივებისგან მიღებული უზარმაზარი ძალის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად საჭიროა,
უბრალოდ, დავფიქრდეთ იმაზე, რომ ძალა, რომელიც ქარებშია ჩადებული, კაშხლებსა და მდინარეებს აქვთ და მთელი ის ძალა, რომელიც აკუმულირებულია ისეთ ბუნებრივ საწვავებში, როგორიცაა ხე, ქვანახშირი და ნავთობი, სხვა არაფერია, თუ არა ამ პატარა პლანეტის [დედამიწის] მიერ (რომელიც მზისგან 50 მილიონი კილომეტრით არის დაშორებული) მზის სხივების ენერგიის დაგროვება“.ვინ ჩადო სიბრძნე ღრუბლებში?
იეჰოვა იობს ეუბნება, დაფიქრდეს ღრუბლებზე (იობი 38:34—38). კაცს არ შეუძლია რომელიმე ღრუბელს უბრძანოს, გაჩნდეს ან ზეციდან წყალი აწვიმოს. მაგრამ ადამიანი ძალიან არის დამოკიდებული წყლის მიმოქცევაზე, რომელიც ჩვენი შემოქმედის მიერ არის დაფუძნებული.
რა არის წყლის მიმოქცევა? ერთ ნაშრომში ამის შესახებ ნათქვამია: „წყლის მიმოქცევა ოთხი სტადიისგან შედგება: დაგროვება, აორთქლება, ნალექების სახით მოსვლა და წყალსატევებში მოხვედრა. წყალი დროებით შეიძლება დაგროვდეს ნიადაგში, ოკეანეებში, ტბებსა თუ მდინარეებში; ასევე ყინულში, თოვლსა თუ გლეტჩერებში. ის ორთქლდება დედამიწის ზედაპირიდან, კონდენსირდება ღრუბლებში, ნალექების (წვიმის ან თოვლის) სახით ბრუნდება დედამიწაზე და საბოლოოდ ჩაედინება ზღვებში ან კვლავ ორთქლდება და ატმოსფეროში ორთქლის სახით არის. დედამიწაზე არსებულ თითქმის მთელ წყალს უთვალავჯერ აქვს გავლილი მიმოქცევა“ (Microsoft Encarta Reference Library 2005).
წვიმის წვეთებით სავსე ღრუბლები ზეცის წყლის ჭურჭლებს შეიძლება შევადაროთ. როდესაც იეჰოვა „დახრის“ მათ, იქიდან იღვრება წყალი, რომელიც მტვერს ტალახად აქცევს და გოროხებს ერთმანეთთან აწებებს. ღმერთს შეუძლია წვიმის წარმოშობა და მისი შეჩერება (იაკობი 5:17, 18).
წვიმას ხშირად თან ახლავს ელვა, მაგრამ ადამიანს თავის ნებაზე არ შეუძლია ელვის წარმოქმნა. ელვა თითქოს ანგარიშს აბარებს ღმერთს და ამბობს: „აქა ვარ“. „კომპტონის ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ელვა მნიშვნელოვნად ცვლის ატმოსფეროს ქიმიურ შედგენილობას. ელვის დროს ელექტრული დენი გადის აირულ გარემოში; მის დროს წარმოიქმნება ძალიან მაღალი ტემპერატურა, რომლის შედეგადაც აზოტი უერთდება ჟანგბადს და წარმოიქმნება ნიტრატები და სხვა ნაერთები. ეს ნივთიერებები წვიმის წვეთებთან ერთად ხვდება მიწაზე. ამგვარად ატმოსფერო მუდმივად ავსებს ნიადაგში ნიტრატების მარაგს, რაც ასე საჭიროა მცენარეებისთვის“. ელვის შესახებ ბევრი რამ ადამიანებისთვის იდუმალებით არის მოცული, მაგრამ არა ღმერთისთვის.
საოცარი ქმნილებები განადიდებს იეჰოვას
საოცარი ქმნილებები ნამდვილად განადიდებს ყოველივეს შემოქმედს (გამოცხადება 4:11). რა დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა, ალბათ, იობზე იეჰოვას მიერ დედამიწისა და ციური სხეულების შესახებ ნათქვამი სიტყვები!
ჩვენ არ განგვიხილავს ყველა ის კითხვა და იმ საოცარ ქმნილებათა აღწერილობა, რომელთა შესახებაც ღმერთი იობს ელაპარაკა. მიუხედავად ამისა, ის, რაც განვიხილეთ, აღგვძრავს, ვთქვათ: „ღმერთი იმაზე მეტად არის განდიდებული, ვიდრე ჩვენ ვიცით“ (იობი 36:26, აქ).
[საავტორო უფლებები დაცულია 14 გვერდზე]
Snowflake: snowcrystals.net
[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]
Pleiades: NASA, ESA and AURA/Caltech; fish: U.S. Fish & Wildlife Service, Washington, D.C./William W. Hartley