„სწორია უფლის გზები“
„სწორია უფლის გზები“
„სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე“ (ოსია 14:10).
1, 2. როგორი საწყისი მისცა იეჰოვამ ისრაელს, მაგრამ როგორ მოიქცნენ ისინი?
წინასწარმეტყველ მოსეს დროს იეჰოვამ ისრაელები სწორ გზაზე დააყენა. მაგრამ ძვ. წ. მე-8 საუკუნისთვის მათი მდგომარეობა ისე გაუარესდა, რომ ღმერთმა ისინი მძიმე ცოდვის ჩამდენებად ცნო. ეს ნათლად ჩანს ოსიას 10—14 თავებში.
2 ისრაელები თვალთმაქცები გახდნენ. ათი ტომის სამეფოს მოსახლეობა ‘ბოროტს ხნავდა’ და უსამართლობას იმკიდა (ოსია 10:1, 13). „როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, — ამბობს იეჰოვა. — ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე“ (ოსია 11:1). ღმერთმა ისრაელები ეგვიპტის მონობიდან გაათავისუფლა, მათ კი სამაგიერო სიცრუითა და მზაკვრობით გადაუხადეს (ოსია 12:1). ამიტომ იეჰოვამ ურჩია ერს: „შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი“ (ოსია 12:7).
3. რას მოიმკიდა სამარიის ურჩი მოსახლეობა, მაგრამ როგორ შეეძლოთ მათ ღვთის გულმოწყალების მიღება?
3 სამარიის ურჩი მოსახლეობა და მისი მეფე სამწუხარო შედეგებს მოიმკიდნენ (ოსია 13:11; 14:1). მაგრამ ოსიას წინასწარმეტყველების ბოლო თავში იეჰოვა თხოვნით მიმართავს თავის ერს: „მოიქეც, ისრაელო, შენი უფალი ღმერთისკენ“. თუ ისრაელები იეჰოვას პატიების მისაღებად გულწრფელად მოინანიებდნენ, ღმერთი მათ მიმართ გულმოწყალებას გამოავლენდა. მათ უნდა შეეგნოთ, რომ „სწორია უფლის გზები“ და ევლოთ მასზე (ოსია 14:2—7, 10).
4. რა პრინციპებს განვიხილავთ ოსიას წინასწარმეტყველებიდან?
4 ოსიას წინასწარმეტყველების ამ ნაწილში მრავალი პრინციპია მოცემული, რაც ღმერთთან ერთად სიარულში დაგვეხმარება. მოდი, განვიხილოთ ხუთი მათგანი: 1) იეჰოვა უთვალთმაქცო თაყვანისცემას მოითხოვს, 2) ღმერთი თავისი ხალხის მიმართ ურყევ სიყვარულს ავლენს, 3) მუდამ უნდა ვიყოთ იეჰოვაზე მინდობილნი, 4) იეჰოვას გზები ყოველთვის სწორია და 5) შემცოდველებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ იეჰოვას.
იეჰოვა უთვალთმაქცო თაყვანისცემას მოითხოვს
5. როგორ მსახურებას ითხოვს ღმერთი ჩვენგან?
5 იეჰოვა ჩვენგან ითხოვს წმინდა მსახურების სუფთა გულით და უთვალთმაქცოდ შესრულებას. ისრაელი უნაყოფო, „დაცარიელებულ ვენახს“ (სსგ) დაემსგავსა. მათ ცრუ თაყვანისმცემლობისთვის „სამსხვერპლოები“ გაამრავლეს. განდგომილებმა სვეტებიც კი აღმართეს — ეს შესაძლოა თლილი ქვები იყო, რაც უწმინდური თაყვანისმცემლობისთვის გამოიყენებოდა. იეჰოვას გადაწყვეტილი ჰქონდა, დაენგრია სამსხვერპლოები და გაენადგურებინა სვეტები (ოსია 10:1, 2).
6. თუ გვინდა ღმერთთან ერთად სიარული, რომელი თვისება უნდა მოვიშოროთ?
6 იეჰოვას მსახურებს შორის თვალთმაქცობა დაუშვებელია. მაშ, რა დაემართა ისრაელს? რატომ გახდნენ ისინი თვალთმაქცები? მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ისრაელებმა იეჰოვასთან შეთანხმება დადეს და თავი მიუძღვნეს მას, ღმერთმა ისინი თვალთმაქცობაში დაადანაშაულა. რას ვსწავლობთ აქედან? თუ ღმერთს თავი მივუძღვენით, არ უნდა ვითვალთმაქცოთ. იგავების 3:32 გვაფრთხილებს: „სისაძაგლეა უფლის წინაშე მრუდი, წრფელებთან კი მეგობრობს იგი“. ღმერთთან ერთად რომ ვიაროთ, საჭიროა, გამოვავლინოთ სიყვარული „სუფთა გულით, სუფთა სინდისითა და უთვალთმაქცო რწმენით“ (1 ტიმოთე 1:5).
ღმერთი თავისი ხალხის მიმართ „ერთგულ სიყვარულს“ ავლენს
7, 8. ა) რა შემთხვევაში გამოავლენს ღმერთი ჩვენ მიმართ „ერთგულ სიყვარულს“? ბ) როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სერიოზულად ვცოდავთ?
7 თუ იეჰოვას უთვალთმაქცოდ ვემსახურებით და სწორი გზებით დავდივართ, ის ჩვენ მიმართ „ერთგულ სიყვარულს“ გამოავლენს. თავნება ისრაელს ოსიამ უთხრა: «თესეთ თქვენთვის სიმართლე და მოიმკით წყალობას, გატეხეთ თქვენთვის ყამირი; დროა უფლის ძიებისა, ვიდრე მოვიდოდეს და სიმართლეს გაწვიმებდეთ [„სიმართლე უსწავლებია თქვენთვის“, აქ]» (ოსია 10:12).
8 ისრაელების მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუმჯობესდებოდა, თუ ისინი მოინანიებდნენ და იეჰოვას ძებნას დაუწყებდნენ. ასეთ შემთხვევაში ღმერთი სიამოვნებით ‘ასწავლიდა მათ სიმართლეს’. თუ სერიოზულად ვცოდავთ, მოდი ვეძებოთ იეჰოვა, ვთხოვოთ ლოცვაში პატიება და სულიერი დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს მივმართოთ (იაკობი 5:13—16). ჩვენ აგრეთვე ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობა უნდა ვეძებოთ, რადგან „ვინც თავისი ხორცისთვის თესავს, თავისი ხორცისგან ხრწნას მოიმკის, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“ (გალატელები 6:8). თუ ‘სულისთვის ვთესავთ’, ღმერთი ჩვენ მიმართ ყოველთვის გამოავლენს „ერთგულ სიყვარულს“.
9, 10. როგორ ეხება ოსიას 11:1—4-ში ჩაწერილი სიტყვები ისრაელს?
9 შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა ყოველთვის სიყვარულით ექცევა თავის ხალხს. სწორედ ამას ადასტურებს ოსიას 11:1—4 (აქ), სადაც ვკითხულობთ: „როცა ყრმა იყო ისრაელი და მიყვარდა ის, ეგვიპტიდან გამოვიხმე ჩემი ძე . . . ბაალის გამოსახულებებს მსხვერპლს სწირავდნენ და გამოთლილი გამოსახულებებისთვის მსხვერპლად შენაწირს აბოლებდნენ. მე კი სიარულს ვასწავლიდი ეფრემს [ისრაელებს], ხელში ამყავდა ისინი მაგრამ არ შეიგნეს, რომ მე ვკურნავდი მათ. ვიზიდავდი მათ ადამიანური თოკებით, სიყვარულის თოკებით; გავხდი მათთვის უღლის მომხსნელი მათი ყბებიდან; ფრთხილად მიმქონდა თითოეულთან საჭმელი“.
10 ამ მუხლებში ისრაელი ბავშვს არის შედარებული. იეჰოვა ისრაელებს სიყვარულით ასწავლიდა სიარულს, ხელში აჰყავდა ისინი. ღმერთი „სიყვარულის თოკებით“ იზიდავდა მათ. რა გულში ჩამწვდომი შედარებაა! ძველ ისრაელში, როდესაც მშობელი ბავშვს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარებოდა, თასმებს იყენებდა. ბავშვი, რომ არ წაქცეულიყო, თასმებს ეჭიდებოდა. ასეთივე სათუთია იეჰოვას სიყვარული თქვენდამი. ის სიხარულით მიგიძღვებათ „სიყვარულის თოკებით“.
11. როგორ გახდა ღმერთი ისრაელებისთვის „უღლის მომხსნელი“?
11 იეჰოვა ისრაელებისთვის ‘ლაგმის ჩამომგდები გახდა მათი ყბებიდან; მას ფრთხილად მიჰქონდა თითოეულთან საჭმელი’. როგორც ცხოველს ხსნიან ლაგამს ან უღელს, რათა თავისუფლად ჭამის საშუალება ჰქონდეს, ასევე ექცეოდა ღმერთი ისრაელებს. მხოლოდ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაადგამდა იეჰოვა ისრაელს მტრის მძიმე უღელს (მეორე რჯული 28:45, 48; იერემია 28:14). არასოდეს ჩავარდეთ მთავარი მტრის, სატანის ხელში და არ დავუშვათ, რომ თავისი მტანჯველი უღელი დაგვადგას. პირიქით, ყოველთვის ერთგულად ვიაროთ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთთან ერთად.
მუდამ იეჰოვაზე ვიყოთ მინდობილნი
12. ოსიას 12:7-ის თანახმად, რა მოგვეთხოვება, იმისთვის, რომ ღმერთთან ერთად ვიაროთ?
12 ღმერთთან ერთად რომ ვიაროთ, ყოველთვის უნდა მივენდოთ მას. ოსიამ ისრაელებს უთხრა: „შენ კი შენი ღვთისკენ მიიქეცი, ერთგულება და სამართალი დაიცავი და შენს ღმერთს ესავდე მუდამ“ (ოსია 12:7). ისრაელებს შეეძლოთ მოენანიებინათ და დაბრუნებოდნენ იეჰოვას. ამას იმ შემთხვევაში შეძლებდნენ, თუ გამოავლენდნენ „ერთგულ სიყვარულს“, დაიცავდნენ სამართალს და ‘მუდამ იეჰოვაზე დაამყარებდნენ იმედს’. იმის მიუხედავად, თუ რამდენი ხანი დავდივართ ღმერთთან ერთად, მტკიცედ უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, გამოვავლინოთ „ერთგული სიყვარული“, დავიცვათ სამართალი და მუდამ მივენდოთ ღმერთს (ფსალმუნები 26:14).
13, 14. როგორ დაგვანახვა პავლემ ოსიას 13:14-ის ციტირებით იეჰოვაზე მინდობის მიზეზი?
13 ისრაელების მიმართ წარმოთქმული ოსიას წინასწარმეტყველება ღმერთზე მინდობის განსაკუთრებულ მიზეზს გვაძლევს. „ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, — ამბობს იეჰოვა. — სიკვდილისაგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?“ (ოსია 13:14). იეჰოვა ისრაელებს იმას კი არ ჰპირდებოდა, რომ იმ დროს იხსნიდა ფიზიკური სიკვდილისგან, არამედ მომავალში სამუდამოდ მოუღებდა ბოლოს სიკვდილს და მის ძლევას გააბათილებდა.
14 პავლე ოსიას წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, როცა ცხებულ თანაქრისტიანებს სწერდა: «ხოლო როცა ეს ხრწნადი უხრწნელობით შეიმოსება და ეს მოკვდავი — უკვდავებით, მაშინ შესრულდება დაწერილი: „სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქა“. „სიკვდილო, სად არის შენი გამარჯვება? სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?“ სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი კანონია. მადლობა ღმერთს, რადგან ის გვაძლევს გამარჯვებას ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ!» (1 კორინთელები 15:54—57). ის, რომ იეჰოვამ იესო მკვდრეთით აღადგინა, გვანუგეშებს და იმის საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, რომ ყველა ვინც ღვთის მეხსიერებაშია, აღდგება (იოანე 5:28, 29). იეჰოვაზე მინდობის რა შესანიშნავი მიზეზი გვაქვს! მაგრამ აღდგომის იმედის გარდა, კიდევ არის ისეთი რამ, რაც აღგვძრავს, ვიაროთ ღმერთთან ერთად.
იეჰოვას გზები ყოველთვის სწორია
15, 16. სამარიასთან დაკავშირებით, რა იყო ნაწინასწარმეტყველები და როგორ შესრულდა?
15 როცა დარწმუნებულნი ვართ, რომ „სწორია უფლის გზები“, ეს გვეხმარება, განვაგრძოთ ღმერთთან ერთად სიარული. სამარიის მოსახლეობა არ დადიოდა ღვთის სწორი გზებით. ამიტომ მათ პასუხი უნდა ეგოთ თავიანთი ცოდვებისთვის და რწმენის ნაკლებობისთვის. ოსიამ იწინასწარმეტყველა: „მსჯავრი დაედება სამარიას, რადგან აუჯანყდა თავის ღმერთს. მახვილით დაეცემიან, მათი ბავშვები, აიკუწებიან, და მათი ორსულნი გაიფატრებიან“ (ოსია 14:1). ისტორიული ჩანაწერებიდან ვგებულობთ, რომ სამარიის დაპყრობისას ასურეთმა ასეთი სისასტიკე გამოავლინა.
16 სამარია ისრაელის ათი ტომის სამეფოს დედაქალაქი იყო. ამიტომ ეს სახელი შესაძლოა მთელ სამეფოსთან დაკავშირებით გამოიყენება (3 მეფეთა 21:1). ძვ. წ. 742 წელს ასურეთის მეფემ შალმანესერ V–მ სამარიას ალყა შემოარტყა. საბოლოოდ, ძვ. წ. 740 წელს, როცა სამარია დაეცა, ბევრი იქ მცხოვრები, რომლებსაც მაღალი მდგომარეობა ეკავათ, შუამდინარეთსა და მიდიაში გადაასახლეს. უცნობია, ვინ დაიპყრო სამარია, შალმანესერ V–მ თუ მისმა მემკვიდრემ სარგონ II–მ (4 მეფეთა 17:1—6, 22, 23; 18:9—12). და მაინც, სარგონის ჩანაწერებში აღნიშნულია, რომ 27 290 ისრაელი გადაასახლეს მიდიასა და ევფრატის ზემო ნაწილში.
17. რა უნდა გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა ნაცვლად იმისა, რომ ღვთის ნორმები შევიძულოთ?
17 სამარიის მოსახლეობას ძვირად დაუჯდა იეჰოვას სწორი გზების მიტოვება. შედეგი მიძღვნილი ქრისტიანებისთვისაც მტანჯველი იქნებოდა, თუ შემცოდველები გავხდებოდით და იეჰოვას სამართლიან ნორმებს შევიძულებდით. არასოდეს დავადგეთ არასწორ გზას! პირიქით, თითოეულმა ჩვენგანმა ყურად ვიღოთ პეტრე მოციქულის რჩევა: „ნურც ერთ თქვენგანს ნუ მოუწევს ტანჯვა როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს, მაგრამ, თუ ისე მოუწევს ტანჯვა როგორც ქრისტიანს, კი არ რცხვენოდეს, არამედ ადიდებდეს ღმერთს ამ სახელით“ (1 პეტრე 4:15, 16).
18. როგორ შეგვიძლია ღვთის განდიდება?
18 იმის მაგივრად, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ, ჩვენ ‘ღმერთს ვადიდებთ’ მის სწორ გზებზე სიარულით. მაგალითად, კაენმა მკვლელობა ჩაიდინა, რადგან დამოუკიდებლად იმოქმედა და არ მოუსმინა ღვთის გაფრთხილებას, რომ ცოდვის ჩადენის საფრთხის წინაშე იდგა (დაბადება 4:1—8). ბალაამმა გასამრჯელო აიღო მოაბის მეფისგან, რათა ისრაელი დაეწყევლა, მაგრამ მისი მცდელობა ამაო გამოდგა (რიცხვნი 24:10). ღმერთმა ლევიან კორახთან ერთად სხვებიც გაანადგურა, რადგან მოსესა და აარონის უფლებამოსილების წინააღმდეგ წავიდნენ (რიცხვნი 16:1—3, 31—33). ცხადია, არ გვსურს, რომ სისხლისმღვრელი „კაენის გზით“ წავიდეთ, „ბალაამის მცდარ გზას“ დავადგეთ ან ‘ურჩი კორახის მსგავსად’ დავიღუპოთ (იუდა 11). მაგრამ თუ შეცდომას ჩავდივართ, ოსიას წინასწარმეტყველება გვანუგეშებს.
შემცოდველებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ იეჰოვას
19, 20. რა შესაწირავის მიძღვნის შესაძლებლობა ჰქონდათ მომნანიე ისრაელებს?
19 მათაც კი, რომლებმაც სერიოზული ცოდვა ჩაიდინეს, შეუძლიათ დაუბრუნდნენ იეჰოვას. ოსიას 14:1, 2–ში (აქ) წინასწარმეტყველი ხალხს სთხოვს: «დაუბრუნდი, ისრაელო, იეჰოვას, შენს ღმერთს, რადგან შენი დანაშაულის გამო ბორძიკობ. მონანიების სიტყვებით დაუბრუნდით იეჰოვას. უთხარით მას ყველამ: „გვაპატიე დანაშაული და ჩვენგან მიიღე ის, რაც კარგია, ჩვენ კი ჩვენი ბაგეების მოზვრებს მოგიძღვნით სანაცვლოდ“».
20 მომნანიე ისრაელებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ღვთისთვის „ბაგეების მოზვრები“ მიეძღვნათ. ამაში იგულისხმება ქების მსხვერპლი, ანუ იეჰოვას გულწრფელად განდიდება. პავლეს ეს წინასწარმეტყველება ჰქონდა მხედველობაში, როცა ქრისტიანებს მიმართავდა: „ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს“ (ებრაელები 13:15). რა დიდი პატივი გვაქვს დღეს, რომ ვიაროთ ღმერთთან ერთად და ასეთი მსხვერპლი შევწიროთ მას!
21, 22. როგორ განახლდებოდნენ მომნანიე ისრაელები?
21 იმ ისრაელებმა, რომლებმაც მიატოვეს თავნება ცხოვრების წესი და ღმერთს დაუბრუნდნენ, ‘თავისი ბაგეების მოზვრები მიუძღვნეს’ იეჰოვას. ასე რომ, ისინი სულიერად განახლდნენ ზუსტად ისე, როგორც ღმერთი ჰპირდებოდა. ოსიას 14:5—8–ში ნათქვამია: „[მე იეჰოვა] განვკურნავ მათ განდგომას და ნებისამებრ შევიყვარებ მათ, რადგან გაივლის ჩემი რისხვა მათდამი. ვიქნები ცვარი ისრაელისათვის; აყვავდება, როგორც შროშანი და ლიბანივით გაიდგამს ფესვებს. განზე წავლენ მისი რტოები, ზეთისხილის ბრწყინვალება ექნება და ლიბანის სურნელი. დაბრუნდებიან მის ჩრდილში მსხდომარენი; სიცოცხლეს მიანიჭებენ ხორბალს და ვაზივით აყვავილდებიან; ლიბანის ღვინოსავით გაითქვამს სახელს“.
22 მომნანიე ისრაელები სულიერად განიკურნებოდნენ და კვლავ გაიხარებდნენ ღვთის სიყვარულით. იეჰოვა გამომაცოცხლებელი ცვარივით იქნებოდა მათთვის იმ გაგებით, რომ უხვად აკურთხებდა მათ. ღმერთთან დაბრუნებულ ხალხს ‘ზეთისხილის ხის’ მსგავსი დიდება ექნებოდა და ღვთის გზებით ივლიდა. რადგან თითოეულმა ჩვენგანმა პირადად გადავწყვიტეთ იეჰოვასთან ერთად სიარული, რა მოგვეთხოვება?
განაგრძეთ იეჰოვას სწორი გზებით სიარული
23, 24. რა გამამხნევებელი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი ოსიას დასკვნით ნაწილში და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე?
23 ღმერთთან ერთად სიარულს თუ განვაგრძობთ, „ზემოდან მომავალ სიბრძნეს“ მივიღებთ და ყოველთვის ღვთის სწორი გზებით ვივლით (იაკობი 3:17, 18). ოსიას წინასწარმეტყველება ასეთი სიტყვებით მთავრდება: „ვინც ბრძენია, შეიგრძნოს ეს, ვინც გონიერია, იცოდეს ეს, რადგან სწორია უფლის გზები და მართალნი დადიან მასზე; განდგომილნი კი ფორხილობენ მასზე“ (ოსია 14:10).
24 იმის ნაცვლად, რომ ამ ქვეყნიერების სიბრძნითა და ნორმებით ვიხელმძღვანელოთ, ყოველთვის მტკიცედ გვქონდეს გადაწყვეტილი ღვთის სწორი გზებით სიარული (მეორე რჯული 32:4). ოსია სულ ცოტა 59 წელი დადიოდა ღვთის სწორი გზებით. ის ერთგულად გადასცემდა ღვთის ცნობას და სჯეროდა, რომ ვინც ბრძენი და გონიერი იყო, ყურად იღებდა მას. რას ვიტყოდით ჩვენზე? სანამ იეჰოვა ჯერ კიდევ გვაძლევს დამოწმების საშუალებას, უნდა ვეძებოთ ის ადამიანები, რომლებიც ღვთის წყალობას მიიღებენ. რა სასიხარულოა, რომ ამის კეთება „ერთგულ და გონიერ მონასთან“ მჭიდრო თანამშრომლობით შეგვიძლია (მათე 24:45—47).
25. რაში დაგვეხმარება ოსიას წინასწარმეტყველების განხილვა?
25 ოსიას წინასწარმეტყველების განხილვა დაგვეხმარება, ღვთის მიერ დაპირებული მარადიული ცხოვრების იმედით განვაგრძოთ ღმერთთან ერთად სიარული (2 პეტრე 3:13; იუდა 20, 21). რა შესანიშნავი იმედია! ეს იმედი პირადად ჩვენთვის რეალობად იქცევა, თუ სიტყვით და საქმით დავამტკიცებთ, რომ „სწორია უფლის გზები“.
როგორ უპასუხებდით?
• თუ ღვთის წმინდა მსახურებას მივყვებით, რას მოვიმკით?
• რატომ უნდა ვიყოთ მუდამ ღმერთზე მინდობილნი?
• რატომ ვართ დარწმუნებულნი, რომ სწორია იეჰოვას გზები?
• როგორ შეგვიძლია განვაგრძოთ იეჰოვას სწორი გზებით სიარული?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 28 გვერდზე]
მიიღეთ სულიერი დახმარება ქრისტიანი უხუცესებისგან.
[სურათი 29 გვერდზე]
ოსიას წინასწარმეტყველება საფუძვლიან მიზეზს გვაძლევს, გვჯეროდეს, რომ იეჰოვას მიერ დაპირებული აღდგომის იმედი რეალობად იქცევა.
[სურათები 31 გვერდზე]
მარადიული ცხოვრების იმედით განვაგრძოთ ღმერთთან ერთად სიარული.