არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

არმაგედონი ბედნიერების დასაწყისი

არმაგედონი ბედნიერების დასაწყისი

არმაგედონი ბედნიერების დასაწყისი

სიტყვა „არმაგედონი“ წარმოდგება ებრაული გამოთქმიდან „ჰარ-მაგედონ“ ანუ „მეგიდოს მთა“. ამ სიტყვას ვხვდებით გამოცხადების 16:16-ში, სადაც ნათქვამია: „შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ჰქვია“. ვინ იკრიბება არმაგედონზე და რატომ? ორიოდე მუხლით წინ, გამოცხადების 16:14-ში, ვკითხულობთ: „მთელი მსოფლიოს მეფეები“ იკრიბებიან, „საომრად . . . ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. ბუნებრივია, ეს აზრები დამატებით კითხვებს ბადებს. სად ომობენ ეს „მეფეები“? რატომ და ვისთან ომობენ? გამოიყენებენ ისინი მასობრივი განადგურების იარაღს, როგორც ეს მრავალს სჯერა? გადარჩება ვინმე ამ ომში? მოდი ბიბლიამ გაგვცეს ამ კითხვებზე პასუხი.

ნიშნავს თუ არა „მეგიდოს მთა“ იმას, რომ არმაგედონი ახლო აღმოსავლეთის რომელიმე მთაზე გამართული ომი იქნება? არა. ჯერ ერთი, ასეთი მთა სინამდვილეში არ არსებობს; დღეს ძველი მეგიდოს ადგილას მხოლოდ 20 მეტრის სიმაღლის ბორცვია შემორჩენილი. გარდა ამისა, მეგიდო ვერ დაიტევდა მთელი ‘დედამიწის მეფეებსა და მათ ლაშქრებს’ (გამოცხადება 19:19). ახლო აღმოსავლეთის ისტორია ცხადყოფს, რომ მეგიდო ყველაზე სასტიკი და გადამწყვეტი ომების ადგილი იყო. ამგვარად, სახელი არმაგედონი გადამწყვეტი ომის სიმბოლოა, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარე იმარჯვებს (იხილეთ ჩარჩო „მეგიდო — შესაფერისი სიმბოლო“, გვერდი 5).

შეუძლებელია არმაგედონი მხოლოდ დედამიწაზე არსებულ ერებს შორის ომი იყოს, რადგან გამოცხადების 16:14-ში ნათქვამია, რომ „მთელი მსოფლიოს მეფეები“ გაერთიანდებოდნენ საომრად „ყოვლისშემძლე ღვთის დიდ დღეს“. იეჰოვას შთაგონებით წარმოთქმულ წინასწარმეტყველებაში იერემიამ აღნიშნა, რომ იმ დროს იეჰოვას მიერ „დახოცილნი ქვეყნის კიდიდან ქვეყნის კიდემდე“ ეყრებოდნენ (იერემია 25:33). ამგვარად, არმაგედონი არ მოიაზრებს ახლო აღმოსავლეთის რომელიმე ადგილას ადამიანებს შორის გაჩაღებულ ომს. ეს არის იეჰოვას ომი, რომელიც გლობალური მასშტაბით წარიმართება.

ყურადღება მიაქციეთ, რომ გამოცხადების 16:16-ში არმაგედონი ადგილად არის მოხსენიებული. ბიბლიაში სიტყვა „ადგილი“ შეიძლება მიუთითებდეს მდგომარეობაზე ან სიტუაციაზე (გამოცხადება 12:6, 14). არმაგედონის დროს დედამიწის ყველა ერი გაერთიანდება, რათა შეებრძოლონ „ზეციერ ლაშქარს“, რომელსაც სათავეში „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი“ იესო ქრისტე უდგას (გამოცხადება 19:14, 16).

რა შეიძლება ითქვას იმ გავრცელებულ თვალსაზრისზე, რომ თითქოს არმაგედონის დროს კაცობრიობა მასობრივი განადგურების იარაღით ან ციური სხეულების შეჯახების შედეგად განადგურდება? განა მოსიყვარულე ღმერთი დაუშვებდა ხალხის გაჟლეტას ან დედამიწის განადგურებას? არა. ღმერთმა გასაგებად თქვა, რომ დედამიწა „საუკაცრიელოდ არ შეუქმნია“, არამედ „დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18, სსგ; ფსალმუნები 95:10). არმაგედონის დროს იეჰოვა არ დაუშვებს ჩვენი პლანეტის განადგურებას, არამედ ‘მოსპობს დედამიწის მომსპობთ’ (გამოცხადება 11:18).

როდის მოხდება არმაგედონი?

საუკუნეების განმავლობაში ადამიანებს აინტერესებდათ, თუ როდის მოხდებოდა არმაგედონი. ამის თაობაზე უამრავი ვარაუდი არსებობდა. წიგნი „გამოცხადება“ ბიბლიის სხვა წიგნებთან ერთად გვეხმარება, განვსაზღვროთ რას გვეუბნება ბიბლია ამ უმნიშვნელოვანესი ომის დაწყების დროსთან დაკავშირებით. გამოცხადების 16:15 არმაგედონს იესოს ქურდივით მოსვლასთან აკავშირებს. იესომ სიტყვა „ქურდი“ გამოიყენა იმ თვალსაჩინო მაგალითშიც, სადაც ის საუბრობს ამ სისტემის განაჩენსა და თავისი მოსვლის შესახებ (მათე 24:43, 44; 1 თესალონიკელები 5:2).

ბიბლიური წინასწარმეტყველებების შესრულება ცხადყოფს, რომ 1914 წლიდან ამ სისტემის ბოლო დღეებში ვცხოვრობთ *. უკანასკნელი დღეების ბოლო მონაკვეთს იესომ „დიდი გასაჭირი“ უწოდა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პერიოდი, მაგრამ ცხადია იმ დროს მსოფლიოში არნახული უბედურებები მოხდება. დიდი გასაჭირი კი არმაგედონით დასრულდება (მათე 24:21, 29).

ვინაიდან არმაგედონი ‘ყოვლისშემძლე ღვთის ომის დიდი დღეა’, ადამიანი ვერ შეაჩერებს ამ დღის მოსვლას. იეჰოვას აქვს ‘დათქმული ჟამი’, თუ როდის დაიწყება ეს ომი. ის „არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3).

სამართლიანი ღმერთი სამართლიანად ომობს

რატომ მოხდება ღვთის ომი? არმაგედონი დაკავშირებულია ღვთის ერთ–ერთ ძირითად თვისებასთან — სამართლიანობასთან. ბიბლიაში ნათქვამია: „უფალს სამართალი უყვარს“ (ფსალმუნები 36:28). ღმერთი ხედავს ყველა იმ უსამართლობას, რომლებსაც ადამიანები მთელი ისტორიის მანძილზე სჩადიოდნენ. ცხადია, ეს სამართლიანად იწვევს ღვთის უკმაყოფილებას. ამიტომ მან საკუთარ ძეს დაავალა სამართლიანი ომის წარმართვა, რათა გაანადგუროს მთელი ბოროტი სისტემა.

ნამდვილად, მხოლოდ იეჰოვას შეუძლია აწარმოოს სამართლიანი ომი, რომელშიც ის გამოარჩევს დედამიწის ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ სამართლიან ადამიანებს, რათა გადაარჩინოს ისინი (მათე 24:40, 41; გამოცხადება 7:9, 10, 13, 14). და მხოლოდ მას აქვს უფლება, იყოს მთელი დედამიწის უზენაესი მმართველი, რადგან ის არის შემოქმედი (გამოცხადება 4:11).

ჩვენ არ ვიცით, რა საშუალებებს გამოიყენებს იეჰოვა თავისი მტრების წინააღმდეგ. მაგრამ ვიცით, რომ ღმერთს შეუძლია ბოროტების განადგურება (იობი 38:22, 23; სოფონია 1:15—18). დედამიწაზე მცხოვრები ღვთის თაყვანისმცემლები ამ ომში მონაწილეობას არ მიიღებენ. გამოცხადების მე–19 თავის თანახმად, მხოლოდ ზეციერი ლაშქარი მიიღებს იესო ქრისტესთან ერთად ბრძოლაში მონაწილეობას. იეჰოვას არც ერთი ქრისტიანი მსახური ამ ბრძოლაში არ იომებს (2 ნეშტთა 20:15, 17).

ბრძენი ღმერთი მრავალჯერ გვაფრთხილებს

ვინ გადარჩება? ყველას ეძლევა შესაძლებლობა გადარჩეს არმაგედონის დროს. მოციქულმა პეტრემ აღნიშნა: „[იეჰოვას] არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:9). მოციქულმა პავლემ კი თქვა, რომ ღვთის „ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს“ (1 ტიმოთე 2:4).

ამ მიზნის მისაღწევად, იეჰოვა ზრუნავს, რომ „სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის“ ქადაგება მთელ დედამიწაზე ასობით ენაზე მიმდინარეობდეს. მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში მცხოვრებ ადამიანებს ეძლევათ არმაგედონის გადატანისა და გადარჩენის შესაძლებლობა (მათე 24:14; ფსალმუნები 36:34; ფილიპელები 2:12). მათ, ვინც იღებს სასიხარულო ცნობას, შეუძლიათ გადარჩნენ არმაგედონის დროს და სრულყოფილებმა იცხოვრონ მარადიულად დედამიწაზე (ეზეკიელი 18:23, 32; სოფონია 2:3; რომაელები 10:13). განა ამას არ უნდა მოველოდეთ ღვთისგან, რომელიც სიყვარულია? (1 იოანე 4:8).

შეიძლება, რომ მოსიყვარულე ღმერთი ომობდეს?

მრავალს აინტერესებს, ღმერთი, რომელიც სიყვარულის განსახიერებაა, რატომ გაანადგურებს ამდენ ადამიანს. დედამიწაზე არსებული მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ მავნებლებით დაინფიცირებულ სახლს. განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ ამ სახლის კეთილსინდისიერი პატრონი იზრუნებდა ოჯახის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და მავნებლებს გაანადგურებდა?

მსგავსად ამისა, იეჰოვა ადამიანების მიმართ ძლიერი სიყვარულის გამო იბრძოლებს არმაგედონის ომში. ღვთის განზრახვაა, დედამიწა სამოთხედ აქციოს, ადამიანები სრულყოფილებამდე მიიყვანოს და მშვიდობიანად აცხოვროს ისე, რომ ‘არავინ ჰყავდეთ დამაფრთხობელი’ (მიქა 4:3, 4; გამოცხადება 21:4). რა მოუვათ მათ, ვინც საფრთხეს უქმნის სხვების მშვიდობასა და უსაფრთხოებას? სამართლიან ადამიანთა საკეთილდღეოდ ღმერთი გაანადგურებს ასეთ „მავნებლებს“ — გამოუსწორებელ ბოროტებს (2 თესალონიკელები 1:8, 9; გამოცხადება 21:8).

დღეს არსებული სისხლისმღვრელი კონფლიქტები არასრულყოფილი ადამიანების მმართველობით არის გამოწვეული, რომლებიც ეგოისტურად ცდილობენ თავიანთი ეროვნული ინტერესების დაცვას (ეკლესიასტე 8:9). ისინი თავიანთი გავლენის სფეროს გაფართოებას ცდილობენ და სრულიად უგულებელყოფენ ღვთის უკვე დამყარებულ სამეფოს. არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ ეს მთავრობები მმართველობას ღმერთსა და ქრისტეს დაუთმობენ (ფსალმუნები 2:1—9). ამიტომ ისინი ჩამოშორებულ უნდა იქნენ, რათა გზა დაეთმოს იეჰოვას სამეფოს სამართლიან მმართველობას, რომელსაც ქრისტე ჩაუდგება სათავეში (დანიელი 2:44). არმაგედონი უნდა მოხდეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას მმართველობის უფლებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი.

იეჰოვას ადამიანების კეთილდღეობა სურს, სწორედ ამიტომ მოხდება არმაგედონი. დღეს, როდესაც მსოფლიო მდგომარეობა დღითიდღე უარესდება, მხოლოდ ღვთის სამართლიან მმართველობას ძალუძს სრულად დააკმაყოფილოს ადამიანთა მოთხოვნილებები. მხოლოდ ღვთის სამეფოს შეუძლია ნამდვილი მშვიდობისა და კეთილდღეობის მოტანა. რა მდგომარეობაში იქნებოდა მსოფლიო ღვთის ჩაურევლობის შემთხვევაში? განა სიძულვილი, ძალადობა და ომები არ წალეკავდა მსოფლიოს, როგორც ეს საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა მმართველობის დროს ხდებოდა? არმაგედონის ომი არის საუკეთესო გამოსავალი, რომელიც კაცობრიობას ნამდვილ კეთილდღეობას მოუტანს (ლუკა 18:7, 8; 2 პეტრე 3:13).

ომი, რომელიც შეწყვეტს ყველა ომს

ის, რაც სხვა ომების შედეგად მიუღწეველი იყო, არმაგედონით მიიღწევა — შეწყდება ყველა ომი. ვის არ სწადია იმ დღის ხილვა, როდესაც ომები წარსულს ჩაბარდება? ამ მიზნის მისაღწევად ადამიანთა არაერთი მცდელობის კრახით დასრულება მხოლოდ ხაზს უსვამს იერემიას სიტყვების ჭეშმარიტებას: „ვიცი უფალო, რომ ადამიანის ხელთ არაა მისი გზა, რომ მავალი ვერ წარმართავს თავის ნაბიჯებს“ (იერემია 10:23). იეჰოვას განზრახვასთან დაკავშირებით, ბიბლია აღგვითქვამს: „შეწყვეტს ომებს დედამიწის კიდით–კიდემდე, მშვილდს შემუსრავს და შუბს დაამსხვრევს, ეტლებს დაბუგავს ცეცხლით“ (ფსალმუნები 45:9, 10).

სანამ ერები მასობრივი განადგურების იარაღს ერთმანეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ და განადგურების საფრთხეს შეუქმნიან გარემოს, დედამიწის შემქმნელი ზომებს მიიღებს და არმაგედონის ომს დაიწყებს (გამოცხადება 11:18). ამიტომ ამ ომის შედეგად მიიღწევა ის, რაზეც საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ ღვთისმოშიში ადამიანები. მაშინ ყველა ქმნილების წინაშე დამტკიცდება, რომ დედამიწის მფლობელს, იეჰოვა ღმერთს, აქვს მასზე მმართველობის კანონიერი უფლება.

ამგვარად, სამართლიანობის მოყვარულ ადამიანებს არმაგედონის არ უნდა ეშინოდეთ. პირიქით, ის იმედის საფუძველს გვაძლევს. არმაგედონი დედამიწაზე ყოველგვარ კორუფციასა და ბოროტებას აღმოფხვრის და გზას გაუხსნის სამართლიან ახალ სისტემას, რომელსაც ღვთის მესიანური სამეფო გაუწევს მმართველობას (ესაია 11:4, 5). არმაგედონი კაცობრიობის აღსასრულს არ ნიშნავს; ის სამართლიანი ადამიანებისთვის ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იქნება (ფსალმუნები 36:29).

[სქოლიოები]

^ აბზ. 9 იხილეთ „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“, თავი მე–11; გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.

[ჩარჩო⁄სურათი 5 გვერდზე]

მეგიდო — შესაფერისი სიმბოლო

ძველი მეგიდო გეოგრაფიულად ძალიან ხელსაყრელ ადგილზე მდებარეობდა — იგი ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ნაყოფიერი იზრეყელის დაბლობის დასავლეთ ნაწილს გადმოჰყურებდა. მასზე გადიოდა საერთაშორისო სავაჭრო გზები და ის იყო საომარი გზების გზაჯვარედინიც. ასე რომ, ძველ დროს მეგიდოში გადამწყვეტი ომები იმართებოდა. პროფესორი გრემ დეივისი თავის წიგნში „ბიბლიური ქალაქები — მეგიდო“, წერს: „ქალაქი მეგიდო . . . ყოველი მხრიდან ადვილად მისადგომი იყო ვაჭრებისა და სხვა ქვეყნებიდან ჩასულთათვის. ძლიერი ძალის ფლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა ამ გზების გაკონტროლება და ამგვარად ქალაქი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენდა ვაჭრობასა და ომების წარმოებაზე. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მეგიდოს . . . ასაღებად გაცხარებით იბრძოდნენ, ხოლო აღების შემდეგ მთელი ძალებით იცავდნენ მას“.

მეგიდოს ძირძველი ისტორია ძვ. წ. მეორე ათასწლეულიდან, ანუ იმ დროიდან იწყება, როდესაც ეგვიპტელმა მმართველმა თუტმოს III-მ ქანაანელი მმართველები დაამარცხა. მათი ბატონობა იქ საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა და მხოლოდ 1918 წელს ბრიტანელმა გენერალმა ედმუნდ ალენბიმ თურქთა ჯარებს მედგრად შეუტია და სძლია. მეგიდოში სხვა მნიშვნელოვანი ბრძოლებიც მოხდა: ღვთის დახმარებით მსაჯულმა ბარაკმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ქანაანელთა მეფე იაბინს (მსაჯულთა 4:12—24; 5:19, 20). მეგიდოს მიდამოებში მსაჯულმა გედეონმა მიდიანის ჯარი დაამარცხა (მსაჯულთა 7:1—22). აგრეთვე მეგიდოში მოკლეს მეფეები — ახაზია და იოშია (4 მეფეთა 9:27; 23:29, 30).

მეგიდოს დაკავშირება არმაგედონთან მართებულია, რადგან საუკუნეების მანძილზე იქ მრავალი გადამწყვეტი ომი გაჩაღებულა. მართლაც, ის ღვთის ყველა მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურების შესაფერისი სიმბოლოა.

[საავტორო უფლება]

Pictorial Archive (Near Eastern History) Est.

[სურათები 7 გვერდზე]

მიმდინარეობს მსოფლიო მასშტაბით ხალხის გაფრთხილება და ადამიანებს არმაგედონში გადარჩენის შესაძლებლობა ეძლევათ.

[სურათი 7 გვერდზე]

არმაგედონი ბედნიერი ცხოვრების დასაწყისი იქნება.