არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენება

ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენება

ვისწავლოთ ახალი მიდგომების გამოყენება

„ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი“ (1 კორინთელები 9:22).

1, 2. ა) რა მხრივ იყო პავლე ეფექტური მსახური? ბ) როგორ აღწერა პავლემ იესოს მიერ მიცემული დავალებისადმი საკუთარი დამოკიდებულება?

მას არ უჭირდა განათლებულ თუ ისეთ უბრალო ადამიანებთან საუბარი, რომლებიც კარვებს აკეთებდნენ. ის დამაჯერებლად ესაუბრებოდა რომაელ წარჩინებულებსა და ფრიგიელ გლეხებს. მისი წერილები მოქმედებისკენ აღძრავდა თავისუფლად მოაზროვნე ბერძნებსა თუ კონსერვატიულ იუდეველებს. მისი ლოგიკა ძლიერი იყო, მისი სიტყვები კი — გულში ჩამწვდომი. ის ყველასთან ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, რათა ზოგიერთი ქრისტემდე მიეყვანა (საქმეები 20:21).

2 საუბარია მოციქულ პავლეზე, რომელიც აშკარად ეფექტური მსახური იყო და ახალ მიდგომებს იყენებდა (1 ტიმოთე 1:12). მან იესოსგან დავალება მიიღო, რომ ‘ქრისტეს სახელი გაეცხადებინა უცხოტომელებისთვის, მეფეებისა და ისრაელის ძეებისთვის’ (საქმეები 9:15). როგორი იყო ამ დავალებისადმი პავლეს დამოკიდებულება? მან თქვა: „ყველასთვის ყველაფერი გავხდი, რათა როგორმე მეხსნა ზოგიერთი. ყველაფერს სასიხარულო ცნობისთვის ვაკეთებ, რათა მეც გავხდე მისი მოზიარე სხვებთან ერთად“ (1 კორინთელები 9:19—23). რა შეგვიძლია ვისწავლოთ პავლეს მაგალითიდან, რაც დაგვეხმარება ვიყოთ უფრო ეფექტურები ქადაგებასა და სწავლებაში?

შეცვლილმა მამაკაცმა სძლია სირთულეებს

3. რას გრძნობდა პავლე ქრისტიანების მიმართ სარწმუნოების შეცვლამდე?

3 იყო პავლე ყოველთვის სულგრძელი და ყურადღებიანი? ყოველთვის კარგად ასრულებდა მიცემულ დავალებას? არა! რელიგიურმა ფანატიზმმა სავლე (ადრე პავლეს ამ სახელით იცნობდნენ) ქრისტეს მიმდევრების სასტიკი მდევნელი გახადა. ახალგაზრდობაში ის სტეფანეს მოკვლას იწონებდა. მოგვიანებით კი უმოწყალოდ დევნიდა ქრისტიანებს (საქმეები 7:58; 8:1, 3; 1 ტიმოთე 1:13). ის „ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს და მათი მოკვლის სურვილი არ ასვენებდა“. ის არ დაკმაყოფილდა იერუსალიმში მცხოვრები მორწმუნეების დევნით და დამასკოშიც გაემართა მათ მოსაძებნად (საქმეები 9:1, 2).

4. რა ცვლილებები უნდა მოეხდინა პავლეს, რომ ღვთის დავალება შეესრულებინა?

4 პავლე დარწმუნებული იყო, რომ უცხო, არასასურველი ქრისტიანული იდეები იუდაიზმს წაბილწავდა. სრულიად დასაშვებია, რომ სწორედ ეს იყო ქრისტიანობისადმი პავლეს ძლიერი სიძულვილის ძირითადი მიზეზი. გარდა ამისა, ის „ფარისეველი“ იყო, რაც „განცალკავებულს“ ნიშნავს (საქმეები 23:6). წარმოგიდგენიათ, რა გრძნობა დაეუფლებოდა პავლეს, როცა გაიგებდა, რომ ღმერთმა ის თავის მსახურად აირჩია, რათა ქრისტეს შესახებ ექადაგა ყველასთვის, მათ შორის უცხოტომელებისთვის (საქმეები 22:14, 15; 26:16—18). ფარისევლები უარს ამბობდნენ იმ ადამიანებთან ერთად ჭამაზეც კი, რომლებსაც ცოდვილებად მიიჩნევდნენ (ლუკა 7:36—39). უეჭველია, აზროვნების შესაცვლელად პავლეს დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა. მას თავისი აზროვნება ღვთის ნებისთვის უნდა შეესაბამებინა. ღვთის ნება კი ის არის, რომ ყველანაირი ადამიანი გადარჩეს (გალატელები 1:13—17).

5. როგორ შეგვიძლია პავლეს მივბაძოთ მსახურებაში?

5 შესაძლოა, ჩვენც იგივეს გაკეთება მოგვიწიოს. როდესაც ჩვენს ტერიტორიაზე სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს ვხვდებით, დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რომ შევამოწმოთ მათდამი ჩვენი შეხედულება და მოვერიდოთ ნებისმიერ წინასწარ შექმნილ აზრს (ეფესოელები 4:22—24). გაანალიზებული გვაქვს ეს თუ არა, სოციალური წარმოშობა და აღზრდა მოქმედებს ჩვენზე, რამაც შესაძლოა მათ მიმართ აკვიატებული შეხედულება და თვალსაზრისი განგვივითაროს. ჩვენ უნდა დავძლიოთ ასეთი აზრები, თუ გვსურს, რომ ვიპოვოთ ცხვრისმაგვარი ხალხი და დავეხმაროთ მათ (რომაელები 15:7). პავლე ასე იქცეოდა. ის სირთულეებს შეეჭიდა, რათა მსახურება გაეფართოებინა. სიყვარულით აღძრული სწავლებაში დახელოვნდა, რაც მისაბაძია ჩვენთვის. მართლაც, „უცხოტომელთა მოციქულის“ მსახურებასა და სწავლებაზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ის ყურადღებიანი იყო და ღვთის სიტყვის ქადაგებასა და სწავლებაში სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდს იყენებდა * (რომაელები 11:13).

პავლე ახალ სიტუაციებს ერგება

6. როგორ ითვალისწინებდა პავლე მსმენელთა რწმენასა და წარმომავლობას და რა იყო შედეგი?

6 პავლე ითვალისწინებდა მსმენელთა რწმენასა და წარმომავლობას. როდესაც მეფე აგრიპა II-ს მიმართა, მან აღნიშნა, რომ მეფე ერკვეოდა „იუდეველების ყველა ჩვეულებასა და სადავო საკითხში“. შემდეგ პავლემ მოხერხებულად გამოიყენა ის, რაც აგრიპას მრწამსის შესახებ იცოდა და იმ საკითხებს შეეხო, რაც მეფეს ძალიან კარგად ესმოდა. პავლეს დამაჯერებლობამ და გასაგები ენით სწავლებამ აგრიპას შემდეგი სიტყვები ათქმევინა: „ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ“ (საქმეები 26:2, 3, 27, 28).

7. როგორ გამონახა პავლემ საერთო ენა ლისტრელებთან?

7 პავლე აგრეთვე სხვადასხვა მსმენელთან სხვადასხვა მიდგომას იყენებდა. ყურადღება მიაქციეთ, თუ როგორ მიუდგა ქალაქ ლისტრაში მცხოვრებ ხალხს, რომლებიც ცდილობდნენ მისთვის და ბარნაბასთვის ეცათ თაყვანი. არსებობს მოსაზრება, რომ ისინი, რომლებიც ლიკაონიურ ენაზე ლაპარაკობდნენ, ძალიან უბრალო და ცრუმორწმუნე ადამიანები იყვნენ. საქმეების 14:14—18-ის თანახმად, პავლემ ყურადღება გაამახვილა ღვთის შემოქმედებასა და გულუხვობაზე, რათა მათ ჭეშმარიტი ღვთის უზენაესობა ერწმუნათ. ამ არგუმენტაციის აღქმა ადვილი იყო, რითაც პავლემ და ბარნაბამ, როგორც ჩანს, „შეაკავეს ხალხი, რომ მათთვის მსხვერპლი არ შეეწირათ“.

8. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პავლეს შეეძლო მსმენელთან საერთო ენის გამონახვა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ძლიერ ემოციებს ავლენდა?

8 რა თქმა უნდა, პავლე არ იყო სრულყოფილი და ზოგჯერ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ძლიერ ემოციებს ავლენდა. მაგალითად, ერთხელ, როდესაც იუდეველმა ანანიამ მას უსამართლოდ დასცინა, პავლემ უხეშად უპასუხა. მაგრამ როცა აუხსნეს, რომ მღვდელმთავარს მიაყენა შეურაცხყოფა, დაუყოვნებლივ მოიბოდიშა (საქმეები 23:1—5). ათენში ყოფნისას პავლე აღშფოთდა იმის გამო, რომ „ქალაქი კერპებით იყო სავსე“, მაგრამ მოგვიანებით არეოპაგში საუბრისას მას არ გამოუვლენია ასეთი ემოციები. პირიქით, მან ათენელებს თავიანთ თავშეყრის ადგილზე მიმართა და საერთო ენის გამონახვის მიზნით მოიხსენია სამსხვერპლო, რომელსაც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ და მათთვის ცნობილი პოეტის სიტყვები მოიყვანა (საქმეები 17:16—28).

9. სხვადასხვა კატეგორიის მსმენელებთან ქადაგებისას, როგორ ცხადყო პავლემ, რომ მსახურებაში უამრავი მეთოდისა და საშუალების გამოყენება შეეძლო?

9 სხვადასხვა კატეგორიის მსმენელთან ქადაგებით პავლემ ცხადყო, რომ მსახურებაში უამრავი მეთოდისა და საშუალების გამოყენება შეეძლო. ის ითვალისწინებდა მსმენელთა კულტურასა და გარემო პირობებს, რაც მათ აზროვნებაზე ახდენდა გავლენას. როდესაც პავლემ ქრისტიანებს რომში წერილი მისწერა, მან კარგად იცოდა, რომ ისინი იმ დროისთვის უდიდესი პოლიტიკური ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს დედაქალაქში ცხოვრობდნენ. პავლეს მიერ რომაელი ქრისტიანებისთვის მიწერილი წერილიდან მნიშვნელოვანი აზრი იყო ის, რომ ადამის ცოდვა მკვდრეთით აღდგენილი ქრისტეს ძალით იყო დაფარული. პავლემ რომაელ ქრისტიანებსა და მათ გარშემო მცხოვრებლებს იმ ენაზე მიმართა, რომელიც მათ გულებს შეეხო (რომაელები 1:4; 5:14, 15).

10, 11. როგორ იყენებდა პავლე გონივრულად თვალსაჩინო მაგალითებს მსმენელებთან? (იხილეთ სქოლიო).

10 როგორ იქცეოდა პავლე, როდესაც მსმენელებს ღრმა ჭეშმარიტ სწავლებებს უხსნიდა? მოციქული პავლე დახელოვნებული იყო და ხალხისთვის რთული ბიბლიური საკითხების ასახსნელად უბრალო, ადვილად გასაგებ მაგალითებს მიმართავდა. მაგალითად, მან იცოდა, რომ რომის იმპერიაში მცხოვრები ხალხისთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა იყო მონობა. შესაძლოა მრავალი ადამიანი, რომლებსაც ის სწერდა, მონები იყვნენ. ამიტომ პავლემ თვალსაჩინო მაგალითად მონობა მოიყვანა, რათა კიდევ უფრო განემტკიცებინა თავისი არგუმენტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს ცოდვას დაემორჩილოს თუ სიმართლეს (რომაელები 6:16—20).

11 ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ „რომაელ ბატონს შეეძლო თავისი მონის ყოველგვარი ვალდებულების გარეშე გათავისუფლება; ან მონას შეეძლო ბატონისთვის საფასური გადაეხადა და მონობისგან გათავისუფლებულიყო. თავისუფლება შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაშიც, თუ საკუთრება ღვთისთვის იქნებოდა შეწირული“. თავისუფალ მონას კვლავ შეეძლო ემსახურება ბატონისთვის, თუ ის ფულს გადაუხდიდა. როგორც ჩანს, პავლემ ეს საკითხი მოიხსენია, როცა წერდა, რომ ყველა ადამიანს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება, რომელ ბატონს ემსახუროს — ცოდვას თუ სიმართლეს. რომაელი ქრისტიანები ცოდვისგან გათავისუფლდნენ და ღვთის საკუთრება გახდნენ. მათ ხელს აღარაფერი უშლიდა ღვთის მსახურებაში, თუმცა შეეძლოთ კვლავაც ცოდვის მონობაში დარჩენილიყვნენ და ყოფილი ბატონისთვის ემსახურათ, თუკი მოისურვებდნენ. ასეთი უბრალო, მაგრამ ნაცნობი მაგალითის შემდეგ რომაელი ქრისტიანები, ალბათ, საკუთარ თავს ჰკითხავდნენ: „რომელ ბატონს ვემსახურები?“ *

ვისწავლოთ პავლეს მაგალითიდან

12, 13. ა) რა არის საჭირო, რომ ადამიანთა გულები მოსასმენად განვაწყოთ? ბ) განსხვავებული კულტურის ადამიანებთან ქადაგების დროს, პირადად თქვენ რომელ ეფექტურ მეთოდებს იყენებთ?

12 პავლეს მსგავსად, ჩვენც უნდა ვიყოთ ყურადღებიანები და გამოვიყენოთ სხვადასხვა მიდგომა და მეთოდი, რათა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანთა გულები მოსასმენად განვაწყოთ. მსმენელებს რომ დავეხმაროთ, ჩასწვდნენ სასიხარულო ცნობას, ჩვენი სურვილია, ზერელედ არ მივუდგეთ ამ საქმეს და მხოლოდ კარგად მომზადებული ცნობის გადაცემით ან რაიმე ბიბლიური ლიტერატურის დატოვებით არ დავკმაყოფილდეთ. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, გავიგოთ, რა აღელვებთ მათ, რა მოსწონთ და რა არა; რისი ეშინიათ და რასთან დაკავშირებით აქვთ წინასწარ შექმნილი აზრი. მართალია, ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევასა და დაფიქრებას, მაგრამ მთელ მსოფლიოში მცხოვრები სამეფოს მაუწყებლები სიხარულით აკეთებენ ამას. მაგალითად, იეჰოვას მოწმეთა უნგრეთის ფილიალი იტყობინება: „ძმები პატივს სცემენ სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ჩვეულებებსა და ცხოვრების სტილს და არ მოელიან იმას, რომ ისინი დაიცავენ ადგილობრივ ტრადიციებს“. მსოფლიოს სხვა კუთხეში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებიც მსგავსად იქცევიან.

13 შორეული აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაში მრავალ ადამიანს აღელვებს ჯანმრთელობასთან, ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული პრობლემები. იქ სამეფოს მაუწყებლები ცდილობენ, საუბრისას ამ პრობლემებს შეეხონ და არა მსოფლიოში არსებულ მდგომარეობასა თუ რთულ სოციალურ საკითხებს. შეერთებული შტატების ერთ დიდ ქალაქში მაუწყებლებმა შეამჩნიეს, რომ თავიანთ სამეზობლოში ხალხს აღელვებდა კორუფცია, დამნაშავეობა და ქუჩების მანქანებით გადაჭედვა. მოწმეები მათთან საუბრის დასაწყებად ამ საკითხებს იყენებდნენ. ბიბლიის დახელოვნებული მასწავლებელი ეცდება, რომ ნებისმიერი საკითხი დადებითი კუთხით განიხილოს და გამამხნევებლად ისაუბროს; ამავე დროს ხაზი გაუსვას იმას, თუ რა სარგებლობა მოაქვს ბიბლიური პრინციპების გამოყენებას დღეს და რას ჰპირდება ღმერთი მომავალში ამგვარად მოქმედ ადამიანებს (ესაია 48:17, 18; 52:7).

14. აღწერეთ, როგორ შეგვიძლია ვცვალოთ შეთავაზებები ადამიანთა საჭიროებისა და მდგომარეობის შესაბამისად.

14 მსახურებაში აგრეთვე დამხმარეა შეთავაზებების შეცვლა, ვინაიდან ადამიანთა კულტურა, განათლება და რელიგიური შეხედულებები სხვადასხვაგვარია. მასთან, ვისაც სწამს შემოქმედის არსებობა, მაგრამ ბიბლიის არ სჯერა, არ გამოვიყენებთ იმ შეთავაზებას, რომელსაც გამოვიყენებდით ათეისტთან საუბრისას. ხოლო, ვისაც რელიგიური ხასიათის ნებისმიერი ლიტერატურა პროპაგანდად მიაჩნია, ვიყენებთ შეთავაზებას, რომელიც სრულიად განსხვავდება იმ შეთავაზებისგან, რასაც გამოვიყენებდით პიროვნებასთან, რომელსაც ბიბლიური სწავლებების სჯერა. ამასთან ერთად საჭიროა, სხვადასხვა განათლების მქონე ადამიანებს სხვადასხვანაირად მივუდგეთ. დახელოვნებული მასწავლებელი ლოგიკურ და მდგომარეობის შესაბამის თვალსაჩინო მაგალითებს გამოიყენებს (1 იოანე 5:20).

როგორ დავეხმაროთ ახლებს?

15, 16. რატომ არის საჭირო ახალი მაუწყებლების ღვთის მსახურებად მომზადება?

15 პავლე მხოლოდ სწავლების საკუთარი მეთოდების დახვეწაზე კი არ ზრუნავდა, არამედ ახლების, მათ შორის ტიმოთესა და ტიტეს, აღზრდასა და მომზადებაზეც, რათა ისინი ეფექტური მსახურები გამხდარიყვნენ (2 ტიმოთე 2:2; 3:10, 14; ტიტე 1:4). ამის მსგავსად, დღესაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს იმას, რომ ღვთის ერთგული ადამიანები მსახურებაში დახელოვნდნენ.

16 1914 წელს მთელ მსოფლიოში დაახლოებით სამეფოს 5 000 მაუწყებელი იყო; დღეს ყოველ კვირა დაახლოებით 5 000 ადამიანი ინათლება! (ესაია 54:2, 3; საქმეები 11:21). როდესაც ახლები ქრისტიანულ კრებასთან იწყებენ ურთიერთობას და ქადაგების სურვილი უჩნდებათ, მათ დახმარება და მითითებები სჭირდებათ (გალატელები 6:6). მნიშვნელოვანია იესოს, ჩვენი დიდებული მასწავლებლის, მეთოდები გამოვიყენოთ, როდესაც მათ ვასწავლით ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებას *.

17, 18. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ახლებს, რათა დამაჯერებლად იქადაგონ?

17 იესო, უბრალოდ, ხალხს კი არ ეძებდა და ეუბნებოდა თავის მოწაფეებს, რომ ესაუბრათ მათთან. პირველ რიგში, მან ხაზი გაუსვა სამქადაგებლო საქმიანობის აუცილებლობას და მოწაფეებს მოუწოდა გამუდმებით ელოცათ. შემდეგ ისინი სამი რამით უზრუნველყო: თანამშრომლით, ტერიტორიითა და ცნობით (მათე 9:35—38; 10:5—7; მარკოზი 6:7; ლუკა 9:2, 6). ჩვენც იგივეს გაკეთება შეგვიძლია. საკუთარ შვილს ვეხმარებით, შემსწავლელს თუ არააქტიურ მაუწყებელს, კარგი იქნება, ამ მხრივ ყველაფერი გავაკეთოთ მსახურებაში მათ დასახელოვნებლად.

18 ახალ მაუწყებლებს დიდი დახმარება ესაჭიროებათ, რათა დამაჯერებლად გაუზიარონ სხვებს სასიხარულო ცნობა. შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ მარტივი და ეფექტური შეთავაზების მომზადებაში? სამქადაგებლო მსახურებაში პირადი მაგალითით აჩვენეთ, თუ როგორ შეიძლება საუბრის დაწყება. შეგიძლიათ, გედეონს მიჰბაძოთ, რომელმაც თანამებრძოლეებს უთხრა: „მიყურეთ და იგივე გააკეთეთ“ (მსაჯულთა 7:17). შემდეგ ახალ მაუწყებელს შესაძლებლობა მიეცით, თავად გააკეთოს შეთავაზება. გულწრფელად შეაქეთ ახალი მაუწყებლები მათ მიერ გამოვლენილი ძალისხმევისთვის და გაუმჯობესების მიზნით სათანადო დროს მოკლე რჩევები მიეცით.

19. იმისათვის, რომ ‘ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება’, რა გადაწყვეტილებით ვართ აღსავსე?

19 იმისათვის, რომ ‘ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება’ გადაწყვეტილებით ვართ აღსავსე, ვისწავლოთ სხვადასხვა მიდგომის გამოყენება და გვსურს, რომ ახალმა მაუწყებლებმაც იგივე გააკეთონ. როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მიზანი — ვამცნოთ ღვთის შესახებ ზუსტი შემეცნება, რასაც ხსნა მოაქვს — ვრწმუნდებით, რომ ნამდვილად ღირს ძალისხმევად ‘ყველასთვის ყველაფერი გავხდეთ, რათა როგორმე ვიხსნათ ზოგიერთი (2 ტიმოთე 4:5; 1 კორინთელები 9:22).

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებდა პავლე ამ თვისებებს, იხილეთ საქმეები 13:9, 16—42; 17:2—4; 18:1—4; 19:11—20; 20:34; რომაელები 10:11—15; 2 კორინთელები 6:11—13.

^ აბზ. 11 მსგავსად ამისა, როდესაც პავლემ ახსნა, თუ როგორი ურთიერთობა არსებობდა ღმერთსა და სულით ცხებულ ქრისტიანებს — „ძეებს“ — შორის, მან გამოიყენა იურიდიული პრინციპი, რაც საკმაოდ კარგად იყო ცნობილი რომის იმპერიაში მცხოვრები მისი მკითხველისთვის (რომაელები 8:14—17). „როგორც წესი, შვილად აყვანა რომაელებისთვის მიღებული იყო და ოჯახზე მათ წარმოდგენას არ ეწინააღმდეგებოდა“, — აღნიშნულია წიგნში „წმინდა პავლე რომში“.

^ აბზ. 16 ბოლო დროს იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებაში ხორციელდება პროგრამა „პიონერები ეხმარებიან სხვებს“. ამ პროგრამის საშუალებით გამოცდილი და მომზადებული სრული დროით მსახურები ეხმარებიან გამოუცდელ მაუწყებლებს.

გახსოვთ თუ არა?

• რა მხრივ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს მსახურებაში?

• რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ ჩვენს აზროვნებაში?

• როგორ შეგვიძლია ჩვენი საუბარი დადებითი და ყოველთვის გამამხნევებელი იყოს?

• რა არის საჭირო იმისათვის, რომ ახალმა მაუწყებლებმა დამაჯერებლად იქადაგონ?

[სასწავლო კითხვები]

[ჩანართი 29 გვერდზე]

მოციქული პავლე ყურადღებიანი იყო და მსახურებაში სხვადასხვა მიდგომასა და მეთოდს იყენებდა.

[ჩანართი 31 გვერდზე]

იესომ თავისი მოწაფეები სამი რამით უზრუნველყო: თანამშრომლით, ტერიტორიითა და ცნობით.

[სურათები 28 გვერდზე]

პავლე სხვადასხვა კატეგორიის მსმენელთან სხვადასხვა მიდგომას იყენებდა, რითაც მსახურებაში წარმატებებს აღწევდა.

[სურათი 30 გვერდზე]

ეფექტური მსახურები ითვალისწინებენ მსმენელის კულტურას.

[სურათი 31 გვერდზე]

დახელოვნებული მქადაგებლები ახლებს მსახურებისთვის ამზადებენ.