არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე ნეშტთა“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე ნეშტთა“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მეორე ნეშტთა“

ბიბლიის წიგნი „მეორე ნეშტთა“ იწყება მთელ ისრაელზე სოლომონის მეფობით. ხოლო მთავრდება სპარსეთის მეფის კიროსის სიტყვებით, რომლითაც ის ბაბილონში გადასახლებულ იუდეველებს მიმართავს: „[იეჰოვამ] დამავალა მისთვის სახლის აგება იერუსალიმში, იუდაში რომ არის. ვინც თქვენს შორის მისი ერიდან არის, უფალი, მისი ღმერთი, იყოს მასთან და ავიდეს [იერუსალიმში]!“ (2 ნეშტთა 36:23). წიგნის წერა ეზრა მღვდელმა ძვ. წ. 460 წელს დაასრულა. „მეორე ნეშტთა“ მოიცავს 500 წლიან პერიოდს, ძვ. წ. 1037—537 წლამდე.

კიროსის ბრძანებით იუდეველებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაბრუნდნენ იერუსალიმში და იეჰოვასადმი თაყვანისცემა განაახლონ. ბაბილონში მრავალწლიანმა ტყვეობამ ერს თავისი კვალი დააჩნია. გადასახლებიდან დაბრუნებულებმა ბევრი არაფერი იციან თავიანთი ერის ისტორიის შესახებ. წიგნი „მეორე ნეშტთა“ მოკლედ და გასაგებად აღუწერს მათ დავითის სამეფო ხაზის მმართველობას. ეს ჩანაწერი ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან იგი ყურადღებას ამახვილებს იმ კურთხევებზე, რაც ჭეშმარიტი ღვთისადმი მორჩილებას მოაქვს. მასში ასევე დაუმორჩილებლობის შედეგებია ჩაწერილი.

მეფე სახლს აშენებს იეჰოვასთვის

(2 ნეშტთა 1:1—9:31).

იეჰოვა პასუხობს მეფე სოლომონის გულწრფელ თხოვნას და მას სიბრძნესა და ცოდნას აძლევს. ამასთან ერთად ღმერთი სიმდიდრესა და დიდებულ სახელს უხვეჭს მეფეს. იერუსალიმში სოლომონი საუცხოო სახლს აშენებს იეჰოვასთვის; ისრაელები „მხიარულნი [და] გულსავსენი“ არიან (2 ნეშტთა 7:10). სოლომონი აღმატებული ხდება „ქვეყნის ყველა მეფეებზე მეტად თავისი სიმდიდრითა და სიბრძნით“ (2 ნეშტთა 9:22).

ისრაელზე 40-წლიანი მეფობის შემდეგ სოლომონმა ‘განისვენა თავის მამებთან და მის ნაცვლად რობოამი, მისი ძე, გამეფდა’ (2 ნეშტთა 9:31). ეზრა არაფერს ამბობს სოლომონის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობიდან გადახვევის შესახებ. ის უარყოფითად მეფის მხოლოდ ორ მოქმედებას მოიხსენიებს, როცა სოლომონმა ეგვიპტელებისგან ცხენები შეიძინა და ცოლად ფარაონის ასული მოიყვანა. მთლიანობაში, ეზრა დადებითად ახასიათებს მეფეს.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

2:14 (სსგ). რატომ განსხვავდება ამ მუხლში ჩაწერილი ხელოსნის წარმომავლობა 3 მეფეთას 7:14-ში ჩაწერილისგან? წიგნი „მესამე მეფეთა“ ხელოსნის დედაზე ამბობს, რომ ის „ერთი ქვრივი ქალი იყო ნაფთალის შტოდან“, რადგან ამ ტომის კაცზე იყო გათხოვილი. თუმცა თვითონ ეს ქალი დანის ტომიდან იყო. ქმრის სიკვდილის შემდეგ ტვიროსელ კაცზე გათხოვდა და შვილიც (რომელიც ხელოსანი გახდა) მისგან ეყოლა.

2:18; 8:10. ეს მუხლები გვიჩვენებს, რომ ზედამხედველებისა და ზედამხედველთა უფროსების რიცხვი იყო 3 600 და 250. 3 მეფეთას 5:16 და 9:23-ის თანახმად კი, მათი რიცხვი იყო 3 300 და 550. რატომ არის სხვაობა? სხვაობა, როგორც ჩანს, იმიტომ არის, რომ ეს ორი წიგნი ზედამხედველებს სხვადასხვანაირად ყოფს. შესაძლოა „მეორე ნეშტთა“ განსხვავებას აკეთებს 3 600 არა ისრაელსა და 250 ისრაელს შორის; „მესამე მეფეთა“ კი 3 300 ზედამხედველსა და 550 ზედამხედველთა უფროსებს შორის. ნებისმიერ შემთხვევაში ზედამხედველთა საერთო რიცხვი 3 850 იყო.

4:2—4. რატომ იდგა სპილენძის ზღვა ხარებზე? წმინდა წერილებში ხარი სიძლიერის სიმბოლოდ გამოიყენება (ეზეკიელი 1:10; გამოცხადება 4:6, 7). ხარის გამოსახულების გამოყენება მართებულია, რადგან უზარმაზარი „ზღვა“, რომელიც სპილენძის 12 ხარზე იდგა, დაახლოებით 30 ტონა იყო. ამ მიზნით ხარების გაკეთება არანაირად არ არღვევდა მეორე მცნებას, რომელიც კრძალავდა საგნების გაკეთებას თაყვანისცემისთვის (გამოსვლა 20:4, 5).

4:5. რა რაოდენობის წყალს იტევდა სპილენძის ზღვა? სავსე „ზღვა“ სამი ათას ბათს იტევდა, ანუ დაახლოებით 66 ტონას. მაგრამ, ჩვეულებრივ, მასში დაახლოებით ორ მესამედს ასხამდნენ. მესამე მეფეთას 7:26-ში ნათქვამია: „ორი ათას ბათს [44 ტონას] იტევდა [ზღვა]“.

5:4, 5, 10. თავდაპირველი კარვის რომელი ნივთები შეიტანეს სოლომონის ტაძარში? თავდაპირველი საკრებულო კარვიდან მხოლოდ კიდობანი გადაიტანეს სოლომონის ტაძარში. ტაძრის აშენების შემდეგ კარავი გაბაონიდან იერუსალიმში წაიღეს და, როგორც ჩანს, იქ ინახებოდა (2 ნეშტთა 1:3, 4).

რას ვსწავლობთ:

1:11, 12. სოლომონმა იეჰოვას სთხოვა სიბრძნე დ ცოდნა და ამით აჩვენა, რა ჰქონდა გულში. ნამდვილად, ჩვენი ლოცვები აჩვენებს, რა გვაქვს გულში. გონივრულად ვიქცევით, თუ ლოცვის შინაარს ვაანალიზებთ.

6:4. ღვთის სიკეთისა და სიკარგის მიმართ მადლიერებამ უნდა აღგვძრას, განვადიდოთ იეჰოვა — სიყვარულითა და მადლიერებით შევასხათ ხოტბა.

6:18—21. თუმცა ღმერთს ვერც ერთი ნაგებობა ვერ დაიტევს, ტაძარი იეჰოვას თაყვანისმცემლობის ცენტრად ითვლებოდა. დღეს, იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ცენტრია.

6:19, 22, 32. იეჰოვა ყველას ლოცვას ისმენდა — მეფიდან დაწყებული უბრალო ადამიანით დამთავრებული — მათ შორის უცხოელისაც, რომელიც გულწრფელად ეძებდა მას * (ფსალმუნები 64:3).

დავითის სამეფო ხაზი

(2 ნეშტთა 10:1—36:23).

ისრაელის გაერთიანებული სამეფო ორად იყოფა — ჩრდილოეთის ათი ტომისა და სამხრეთის ორი ტომის (იუდასა და ბენიამინის) სამეფოდ. მთელი ისრაელის მღვდლები და ლევიანები სამეფო შეთანხმებას საერო საქმეებზე მაღლა აყენებენ და მხარს უჭერენ სოლომონის ძის რობოამის გამეფებას. ამ ამბიდან დაახლოებით 30 წლის შემდეგ ტაძრიდან საგანძური მიაქვთ.

რობოამიდან მოყოლებული 19 მეფე მეფობს; მათ შორის 5 ერთგულია; 3 ღვთის მოსაწონად იწყებს მეფობას, მაგრამ ორგული ხდება; ერთი მოგვიანებით იწყებს ღვთის გზებით სიარულს; დანარჩენი მეფეები კი ბოროტებას სჩადიან იეჰოვას თვალში *. წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს იმ ხუთი მეფის საქმეებზე, რომლებიც იეჰოვაზე არიან მინდობილნი. ხიზკია ხელს უწყობს ტაძარში მსახურების განახლებას; იოშია დიდებულად აღნიშნავს პასექს. ეს ისტორიული ჩანაწერები სტიმულს მისცემდა იუდეველებს, რომლებიც იერუსალიმში იეჰოვას თაყვანისმცემლობის აღდგენით იყვნენ დაკავებულნი.

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

13:5. რას ნიშნავს გამოთქმა „მარილის აღთქმა“? რადგან მარილს დამცავი თვისებები აქვს, იგი მუდმივობისა და უცვლელობის სიმბოლო გახდა. ამიტომ „მარილის აღთქმა“ ნიშნავს შეთანხმებას, რომელიც აუცილებლად უნდა შესრულდეს.

14:25; 15:17. ყველა „გორაკი“ მოშალა ასამ? როგორც ჩანს, არა. ასამ შეიძლება მხოლოდ ის „გორაკები“ მოშალა, რომლებიც ცრუ ღმერთების თაყვანისაცემად გამოიყენებოდა. ხოლო ის „გორაკები“, რომლებიც იეჰოვას თაყვანისაცემად გამოიყენებოდა არ მოუშლია. აგრეთვე, შესაძლოა „გორაკები“ მისივე მეფობის პერიოდში, მოგვიანებით კვლავ აღდგა. იოშაფატმა, ასას ვაჟმა, მოშალა ისინი. მაგრამ თვით იოშაფატის მეფობის პერიოდშიც კი „გორაკები“ სრულად არ იყო გაუქმებული (2 ნეშტთა 17:5, 6; 20:31—33).

15:9; 34:6. ისრაელის სამეფოს რომელ ნაწილს ეკუთვნოდა სიმონის ტომი? რადგან სიმონს მემკვიდრეობად იუდას სხვადასხვა ტერიტორიები ერგო, მის ტომს იუდასა და ბენიამინის სამეფოს ტერიტორიები ეკავა (იესო ნავეს ძე 19:1). მიუხედავად ამისა, მას რელიგიური და პოლიტიკური თვალსაზრისით ჩრდილოეთის სამეფოს მხარე ეკავა (3 მეფეთა 11:30—33; 12:20—24). ასე რომ, სიმონის ტომი ათი ტომის სამეფოში შედიოდა.

16:13, 14. დაწვეს ასას ცხედარი? არა. „დაუნთეს მას დიდზე დიდი კოცონი“ ეხება არა ასას დაწვას, არამედ საკმევლის კმევას.

35:3. საიდან მოატანინა იოშიამ წმინდა კიდობანი ტაძარში დასადგმელად? ბიბლია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, ერთ–ერთმა ორგულმა მეფემ გამოიტანა ტაძრიდან კიდობანი, თუ ტაძრის შეკეთებისას თვითონ იოშიამ გაიტანა, რომ არ დაზიანებულიყო. სოლომონის შემდეგ კიდობანი მხოლოდ მაშინ მოიხსენიება, როცა იოშიამ ის ტაძარში შეიტანა.

რას ვსწავლობთ:

13:1318; 14:11,12; 32:923. იეჰოვაზე მინდობის რა შესანიშნავი მაგალითებია ჩვენთვის!

16:15, 7; 18:13, 2832; 21:46; 22:1012; 28:1622. ურწმუნოებთან ახლო ურთიერთობას დამღუპველი შედეგები მოაქვს. გონივრულად ვიქცევით, თუ ვერიდებით ქვეყნიერებასთან ზედმეტ ურთიერთობას (იოანე 17:14, 16; იაკობი 4:4).

16:712; 26:1621; 32:25, 26. ამპარტავნობა გახდა ასას არასწორი მოქმედების მიზეზი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში. სიამაყის სულმა დასცა ყუზიაჰუ. შესაძლოა სიამაყის გამო მოიქცა ხიზკია უგუნურად, როცა ბაბილონელებს თავისი საგანძური აჩვენა (ესაია 39:1—7). „სიამაყე წინ უძღვის დაღუპვას, — გვაფრთხილებს ბიბლია. — და დაცემას წინ უძღვის ქედმაღლობა“ (იგავები 16:18).

16:9. იეჰოვა მხარს უჭერს მასზე მინდობილებს; მას დიდი სურვილი აქვს, თავისი ძალა მათ დასახმარებლად გამოიყენოს.

18:12, 13, 23, 24, 27. მიქას მსგავსად გაბედულები უნდა ვიყოთ და თამამად ვილაპარაკოთ იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ.

19:13. იეჰოვა კარგს ეძებს ჩვენში მაშინაც კი, როცა რისხვის მიზეზს ვაძლევთ.

20:128. შეგვიძლია გვჯეროდეს, რომ იეჰოვა თვითონ გვაპოვნინებს თავის თავს, როცა თავმდაბლურად დავუწყებთ ძებნას მის ხელმძღვანელობას.

20:17. ‘უფლის მიერ ჩვენი ხსნა რომ’ ვიხილოთ საჭიროა სამეფოს მხარეს ‘დავდგეთ’. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ძალებით ვიმოქმედოთ, ‘ვიდგეთ’ და სრულად მივენდოთ იეჰოვას.

24:1719; 25:14. კერპთაყვანისმცემლობა მახე აღმოჩნდა იოშიასა და მისი ძისთვის, ამაციაჰუსთვის. დღეს კერპთაყვანისმცემლობა შეიძლება ვლინდებოდეს სიხარბისა და ნაციონალიზმის შენიღბული ფორმებით (კოლოსელები 3:5; გამოცხადება 13:4).

32:6, 7. ჩვენც გაბედულები და ძლიერები უნდა ვიყოთ, ‘შევიმოსოთ ღვთის სრული საჭურვლით’ და განვაგრძოთ სულიერ ომში ბრძოლა (ეფესოელები 6:11—18).

33:29, 12, 13, 15, 16. პიროვნება ნამდვილად მაშინ ინანიებს, როცა არასწორი ცხოვრების წესს სრულად ტოვებს და მთელ ძალისხმევას ახმარს კარგის კეთებას. გულწრფელი მონანიების შემთხვევაში პიროვნებას შეუძლია ღვთის გულმოწყალების მიღება მაშინაც კი, თუ წარსულში ბოროტი მეფის, მენაშეს, მსგავსად იქცეოდა.

34:13. ბავშვობაში მომხდარ არც ერთ უარყოფით გარემოებას არ შეუძლია ხელი შეგვიშალოს ღვთის გაცნობასა და მისადმი მსახურებაში. შესაძლოა პატარა იოშიაზე დადებითი გავლენა მოახდინა მისმა მომნანიე პაპამ, მენაშემ. ეს მართლა ასე იყო თუ არა, იოშია კარგს აკეთებდა. შეიძლება ასეთივე რამ მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.

36:1517. იეჰოვა თანამგრძნობი და მომთმენია. მაგრამ მის მოთმინებასა და თანაგრძნობას საზღვარი აქვს. ხალხი დადებითად უნდა გამოეხმაუროს სამეფოს შესახებ ცნობას, თუ უნდათ რომ გადარჩნენ, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ამ ბოროტ სისტემას.

36:17, 22, 23. იეჰოვას სიტყვა ყოველთვის სრულდება (3 მეფეთა 9:7, 8; იერემია 25:9—11).

რჯულის წიგნი მეფეს მოქმედებისკენ აღძრავს

„განაგდო იოშიამ ყოველი სიბილწე ისრაელიანთა ყველა ქვეყნიდან, — ნათქვამია 2 ნეშტთას 34:33–ში. — და უფალს, მათ ღმერთს, ამსახურა ყველა, ვინც კი ისრაელში იმყოფებოდა“. რამ აღძრა იოშია ამგვარი მოქმედებისკენ? შაფან მწერალმა ტაძარში ნაპოვნი რჯულის წიგნი მეფეს მიუტანა და ხმამაღლა წაუკითხა. მოსმენილმა აღძრა იოშია, სიცოცხლის ბოლომდე მთელი გულმოდგინებით შეეწყო ხელი წმინდა თაყვანისმცემლობისთვის.

ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი დიდ გავლენას მოახდენს ჩვენზე. განა არ აღგვძრავს ისრაელის მეფეების ცხოვრებაზე ფიქრი, მივბაძოთ მათ მაგალითებს, რომლებიც იეჰოვაზე ამყარებდნენ იმედს და მოვერიდოთ იმას, რასაც ბოროტი მეფეები აკეთებდნენ? წიგნი „მეორე ნეშტთა“ გვიბიძგებს, ყოველთვის გამოვავლინოთ განსაკუთრებული ერთგულება ჭეშმარიტი ღვთის მიმართ. ეს ცნობა, მართლაც, ცოცხალია და მას დიდი ძალა აქვს (ებრაელები 4:12).

[სქოლიოები]

^ აბზ. 19 ტაძრის მიძღვნასა და სოლომონის ლოცვასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 2005 წლის 1 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 28—31.

^ აბზ. 23 იუდას მეფეების ქრონოლოგიური ნუსხა მოცემულია 2005 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდი 12.

[სურათი 18 გვერდზე]

იცით, რატომ იდგა სპილენძის ზღვა ხარებზე?

[სურათები 21 გვერდზე]

თუმცა ბავშვობაში საკმარისი მხარდაჭერა არ ჰქონდა, იოშია იეჰოვას ერთგული გაიზარდა.