არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, კვლავაც ვემსახურო ჩემს შემოქმედს

მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, კვლავაც ვემსახურო ჩემს შემოქმედს

ბიოგრაფია

მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, კვლავაც ვემსახურო ჩემს შემოქმედს

მოგვითხრო კონსტანცია ბენანტიმ

ყველაფერი ელვის სისწრაფით მოხდა! სულ რაღაც ექვს დღეში ჩვენს 2 წლის გოგონას, კამილას, სიცხემ აუწია და ხელიდან გამოგვეცალა. იმდენად სასოწარკვეთილი ვიყავი, რომ სიკვდილი მინდოდა. არ მესმოდა, რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ.

ჩემი მშობლები წარმოშობით სიცილიის პატარა ქალაქ კასტელამარე-დელ-გოლფოდან (იტალია) იყვნენ. ისინი ნიუ-იორკში გადასახლდნენ, სადაც 1908 წლის 8 დეკემბერს მე დავიბადე. ოჯახში ათი სული ვიყავით: მამა, დედა და რვა და-ძმა — ხუთი ბიჭი და სამი გოგო *.

მამაჩემმა, სანტო კატანძარომ, 1927 წელს ბიბლიის მკვლევართა (ასე ერქვათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) პატარა ჯგუფის შეხვედრებზე დაიწყო დასწრება. შეხვედრებს ნიუ–ჯერზისთან ახლოს (სადაც ჩვენ ვცხოვრობდით) ატარებდა იტალიელი ძმა, ჯოვანი დეჩეკა, რომელიც ნიუ–იორკში, ბრუკლინის მთავარ სამმართველოში (ბეთელში) მსახურობდა. დროთა განმავლობაში მამამ ქადაგება დაიწყო, მოგვიანებით კი სრული დროით მსახური გახდა და სიცოცხლის ბოლომდე, 1953 წლამდე, სრული დროით მსახურობდა.

ახალგაზრდობაში დედას უნდოდა, მონაზონი გამხდარიყო, მაგრამ მშობლებმა ნება არ დართეს. როდესაც მამამ შესწავლა დაიწყო, დედა წინააღმდეგი იყო, რომ მამასთან ერთად მეც მესწავლა ბიბლია. მალე შევამჩნიე, როგორ შეიცვალა მამა; ის უფრო მშვიდი და რბილი გახდა, რის შედეგადაც ოჯახში სიმშვიდემ უფრო მეტად დაისადგურა. ამან ჩემზე დადებითად იმოქმედა.

იმავე პერიოდში გავიცანი ჩარლზი, ჩემი ასაკის მამაკაცი, რომელიც ბრუკლინში დაიბადა. მისი ოჯახიც სიცილიიდან იყო. მალე დავინიშნეთ და როცა მამა 1931 წელს კოლუმბუსში (ოჰაიოს შტატი) ჩატარებული იეჰოვას მოწმეთა საოლქო კონგრესიდან ჩამოვიდა, დავქორწინდით. ერთ წელიწადში ჩვენი ქალიშვილი, კამილა, დაიბადა. მისმა სიკვდილმა სასოწარკვეთილებაში ჩამაგდო. ერთ დღეს ცრემლმორეულმა ჩარლზმა მითხრა: „კამილა მარტო შენი შვილი კი არ იყო, ჩემიც. მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ახლა ისღა დაგვრჩენია, ერთმანეთი ვანუგეშოთ“.

ბიბლიურ ჭეშმარიტებასთან გაცნობა

იმ პერიოდში ჩარლზმა გამახსენა, რომ მამამ კამილას დაკრძალვაზე წარმოთქმულ მოხსენებაში აღდგომის იმედზე გაამახვილა ყურადღება. „გწამს აღდგომის?“ — ვკითხე მას.

„მწამს! — მიპასუხა ჩარლზმა. — მოდი, უფრო მეტი გავიგოთ ბიბლიიდან ამის შესახებ“.

იმ ღამეს დაძინება ვერ შევძელი. დილის ექვს საათზე, ვიდრე მამა სამსახურში წავიდოდა, მივაკითხე და ვუთხარი, რომ მე და ჩარლზს ბიბლიის შესწავლის დაწყება გვსურდა. მას იმდენად გაუხარდა, რომ გულში ჩამიკრა. დედამ, რომელიც ჯერ კიდევ საწოლში იყო, ყური მოჰკრა ჩვენს საუბარს და მკითხა, თუ რა ხდებოდა. „არაფერი, — ვუთხარი მე. — უბრალოდ, მე და ჩარლზმა ბიბლიის შესწავლის დაწყება გადავწყვიტეთ“.

„ჩვენ ყველას გვჭირდება ბიბლიის შესწავლა“, — ასეთი იყო დედას პასუხი. ასე რომ, მთელმა ოჯახმა დავიწყეთ შესწავლა.

ბიბლიის შესწავლის შედეგად შვება ვიგრძენი. დროთა განმავლობაში დაბნეულობა და მწუხარება იმედმა შეცვალა. ერთი წლის შემდეგ, 1935 წელს, მე და ჩარლზმა ბიბლიური ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარება დავიწყეთ. 1937 წლის თებერვალში კი, მას შემდეგ, რაც ბრუკლინის მთავარ სამმართველოში მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც წმინდა წერილის საფუძველზე ნათლობის მნიშვნელობას ხსნიდა, სხვებთან ერთად ახლომდებარე სასტუმროს აუზში მოვინათლეთ. ეს ნაბიჯი მხოლოდ იმიტომ კი არ გადავდგი, რომ ჩემს ქალიშვილთან შეხვედრის იმედს მაძლევდა, არამედ იმიტომ რომ, სურვილი გამიჩნდა, მემსახურა ჩვენი შემოქმედისთვის, რომელსაც დავუახლოვდი და შემიყვარდა.

სრული დროით მსახურების დაწყება

სხვებისთვის ნასწავლის გაზიარებას სიხარული და კურთხევები მოჰქონდა; განსაკუთრებით იმიტომ, რომ იმ დროს ბევრი ეხმაურებოდა სამეფოს შესახებ ცნობას და შემდეგ თავად იწყებდნენ მის გაცხადებას (მათე 9:37). მე და ჩარლზი 1941 წელს პიონერები (როგორც იეჰოვას მოწმეები უწოდებენ სრული დროით მსახურებს) გავხდით. ცოტა ხანში მანქანაზე მისაბმელი ვაგონი შევიძინეთ; შარვლების მწარმოებელი ფაბრიკა, რომელსაც ვფლობდით, ჩარლზმა ჩემს ძმას, ფრანკს, გადააბარა. გარკვეული დროის შემდეგ წერილით შეგვატყობინეს, რომ სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. თავდაპირველად ნიუ–ჯერზიში ვმსახურობდით, მოგვიანებით კი ნიუ-იორკის შტატში გაგვაგზავნეს.

1946 წელს, როდესაც ბალტიმორში (მერილენდის შტატი) კონგრესს ვესწრებოდით, სპეციალურ შეხვედრაზე მიგვიწვიეს. იქ ძმებს, ნეითან ნორსა და მილტონ ჰენშელს შევხვდით. ისინი მისიონერულ მსახურებაზე გვესაუბრნენ და განსაკუთრებული ყურადღება იტალიაში ქადაგებაზე შეაჩერეს. მათ შემოგვთავაზეს სწავლა „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ სკოლა გალაადში.

„იფიქრეთ ამ წინადადებაზე, — გვითხრეს მათ, — და პასუხი შეგვატყობინეთ“. როდესაც ოფისიდან წამოვედით, მე და ჩარლზმა ერთმანეთს გადავხედეთ და უმალვე უკან დავბრუნდით. „ჩვენ ვიფიქრეთ ამის შესახებ, — ვუთხარით მათ. — და მზად ვართ გალაადში სწავლის დასაწყებად“. ათი დღის შემდეგ გალაადის მეშვიდე კლასის სტუდენტები გავხდით.

სწავლების კურსი დაუვიწყარი იყო. ჩვენზე განსაკუთრებით ინსტრუქტორების მიერ გამოვლენილმა მოთმინებამ და სიყვარულმა მოახდინა შთაბეჭდილება; ისინი უცხო ქვეყნებში სირთულეებთან შესახვედრად გვამზადებდნენ. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1946 წლის ივლისში, დროებით დაგვნიშნეს ნიუ–იორკში, სადაც ბევრი იტალიელი ცხოვრობდა. შემდეგ კი ნანატრი დღე დადგა! 1947 წლის 25 ივნისს მისიონერული დავალების შესასრულებლად იტალიაში გავემგზავრეთ.

ახალი დანიშნულების ადგილას გადასვლა

დანიშნულების ადგილისკენ იმ გემით გავემგზავრეთ, რომელიც ადრე სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. 14 დღის შემდეგ გენუას (იტალია) პორტში შევედით. მეორე მსოფლიო ომი ორი წლის დასრულებული იყო და ქალაქი გაპარტახებული დაგვხვდა. დაბომბვის შედეგად რკინიგზის სადგურის ფანჯრებს მინები არ ჰქონდა. გენუადან სატვირთო მატარებლით ჩავედით მილანში, სადაც ფილიალი და მისიონერთა სახლი მდებარეობდა.

ომის შემდეგ იტალიაში საშინელი პირობები იყო. თუმცა აღდგენითი სამუშაოები ტარდებოდა, ხალხს მაინც სიღარიბეში უწევდა ცხოვრება. მალე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა შემექმნა. ერთი ექიმის თქმით, გული იმდენად ცუდ მდგომარეობაში მქონდა, რომ ერთადერთი გამოსავალი შეერთებულ შტატებში დაბრუნება იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც დიაგნოზი არასწორი აღმოჩნდა. მას შემდეგ 58 წელი გავიდა და ჯერ კიდევ ჩემი დანიშნულების ადგილას ვცხოვრობ იტალიაში.

მხოლოდ რამდენიმე წლის დაწყებული გვქონდა იტალიაში მსახურება, როცა შეერთებულ შტატებში მცხოვრებმა ჩემმა ხორციელმა ძმებმა ჩვენთვის მანქანის ყიდვა გადაწყვიტეს. მაგრამ ჩარლზმა თავაზიანად იუარა; მე მივესალმე მის გადაწყვეტილებას. რამდენადაც ვიცოდით, რომ იმ დროს იტალიაში არც ერთ მოწმეს არ ჰყავდა მანქანა, ჩარლზის აზრით, კარგი იქნებოდა, ქრისტიანი და–ძმებისგან გამორჩეულები არ ვყოფილიყავით. ასე რომ, 1961 წლამდე მანქანა არ გვყოლია.

მილანში ჩვენი პირველი სამეფო დარბაზი განთავსებული იყო სარდაფში, რომელსაც მიწის იატაკი ჰქონდა. წყალი მხოლოდ მაშინ გვქონდა, როცა წვიმდა და დატბორილ დარბაზში გვიწევდა სხდომა. თავს არც თაგვები გვანატრებდნენ, რომლებიც აქეთ–იქით დარბოდნენ. შეხვედრების დროს ორი ელექტრონათურა ანათებდა. ასეთი არახელსაყრელი პირობების მიუხედავად, გვამხნევებდა, როცა ჩვენს შეხვედრებზე გულწრფელი ადამიანები მოდიოდნენ და, საბოლოოდ, ჩვენთან ერთად იწყებდნენ ქადაგებას.

შემთხვევები მისიონერული მსახურებიდან

ერთხელ ერთ მამაკაცს ბროშურა „მშვიდობა — იქნება ყოველთვის?“ დავუტოვეთ. როდესაც სახლიდან გამოვდიოდით, მისი ცოლი, სანტინა, შეგვხვდა დატვირთული სასურსათო ჩანთით. ის ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა და გვითხრა, რომ რვა ქალიშვილზე ზრუნავდა, რის გამოც საერთოდ არ ჰქონდა დრო. როდესაც სანტინა ხელმეორედ მოვინახულეთ, ის ქსოვდა, მისი მეუღლე კი სახლში არ იყო. „დრო არ მაქვს თქვენს მოსასმენად, — გვითხრა მან. — თანაც კითხვა არ ვიცი“.

იეჰოვას უსიტყვოდ მივმართე ლოცვით და შემდეგ ვკითხე სანტინას, ფული რომ გადამეხადა, თუ მოუქსოვდა ჩემს მეუღლეს სვიტერს. ორი კვირის შემდეგ სვიტერი მზად იყო, მე და სანტინამ კი წიგნის „ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ დახმარებით ბიბლიის რეგულარულად შესწავლა დავიწყეთ. სანტინამ კითხვა ისწავლა და თავისი მეუღლის წინააღმდეგობის მიუხედავად, სულიერად წინ წაიწია და მოინათლა. მისი ხუთი ქალიშვილიც მოწმე გახდა; ამჟამად სანტინა სხვებს ეხმარება ბიბლიური ჭეშმარიტების გაცნობაში.

1951 წლის მარტში სხვა ორ მისიონერთან — რუთ კენონთან * და ლოის კალეჰანთან ერთად (მოგვიანებით ლოისი ბილ ვენგერტზე დაქორწინდა) ბრეშში გადავედით, სადაც მოწმეები საერთოდ არ იყვნენ. ჩვენ ავეჯით გაწყობილი ბინა ვნახეთ, მაგრამ ორი თვის შემდეგ პატრონმა გვთხოვა, 24 საათში დაგვეტოვებინა სახლი. რადგან იმ მხარეში არც ერთი მოწმე არ იყო, სასტუმროში გაჩერება მოგვიწია, სადაც თითქმის ორი თვე დავყავით.

იმ პერიოდში ხელმოკლედ ვცხოვრობდით. ჩვენს მენიუში შედიოდა ყავა, მსუბუქი საუზმე, ყველი და ხილი. ამის მიუხედავად, თავს ბედნიერად ვგრძნობდით. გარკვეული დროის შემდეგ პატარა ბინა ვიპოვეთ; ოთახში, რომელიც სამეფო დარბაზად ვაქციეთ, 1952 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 35 ადამიანი დაესწრო.

სირთულეებთან გამკლავება

იმ პერიოდში სამღვდელოებას ჯერ კიდევ დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. მაგალითად, როდესაც ბრეშში ვქადაგებდით, მღვდლების მიერ წაქეზებულმა რამდენიმე ბიჭმა ქვები დაგვიშინა. მიუხედავად ამისა, მოგვიანებით იქ 16–მა ადამიანმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა, რომლებიც ცოტა ხანში მოწმეები გახდნენ. როგორ ფიქრობთ, ვინ იყო ერთ–ერთი მათგანი? მღვდლის მიერ წაქეზებული ბიჭი! ამჟამად ის ბრეშის ერთ–ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს. 1955 წელს, როდესაც ბრეშიდან წამოვედით, სამეფოს 40 მაუწყებელი მონაწილეობდა სამქადაგებლო საქმიანობაში.

ამის შემდეგ სამი წელი ვიმსახურეთ ლივორნოში, სადაც მოწმეების უმეტესობა დები იყვნენ. ეს იმას ნიშნავდა, რომ დებს გვიწევდა კრებაში ისეთი პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება, რომელთა შესრულებაც, ჩვეულებრივ, ძმებს ევალებათ. მოგვიანებით გენუაში გადავედით, სადაც 11 წლის წინ დავიწყეთ მსახურება. ამ პერიოდისთვის იქ უკვე კრება იყო ჩამოყალიბებული. სამეფო დარბაზი იმ შენობის პირველ სართულზე იყო განთავსებული, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით.

გენუაში გადასვლისთანავე შესწავლა დავიწყე ერთ მანდილოსანთან, რომლის ქმარი ყოფილი მოკრივე და კრივის სპორტდარბაზის დირექტორი იყო. ეს ქალი სულიერად მალე გაიზარდა და მოინათლა. მისი ქმარი დიდი ხნის მანძილზე გვეწინააღმდეგებოდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ცოლთან ერთად დაიწყო შეხვედრებზე დასწრება. ნაცვლად იმისა, რომ დარბაზში შემოსულიყო, ის გარეთ იჯდა და ისე ისმენდა პროგრამას. მოგვიანებით, როდესაც გენუადან წამოვედით, შევიტყვეთ, რომ მან ბიბლიის შესწავლა მოისურვა. შემდეგ ის მოინათლა და მზრუნველი ქრისტიანი ზედამხედველი გახდა. ის სიკვდილამდე ღვთის ერთგული იყო.

ბიბლიას ვასწავლიდი აგრეთვე ერთ ქალს, რომელიც პოლიციელზე იყო დანიშნული. თავდაპირველად ეს მამაკაცი ინტერესს ავლენდა, მაგრამ დაქორწინების შემდეგ თვალსაზრისი შეეცვალა. ის წინააღმდეგობას უწევდა მეუღლეს, რის გამოც ამ უკანასკნელმა შესწავლა შეწყვიტა. როდესაც ქალმა მოგვიანებით ბიბლიის შესწავლა განაახლა, ქმარი დაემუქრა, რომ, თუ შესწავლის პროცესში გვნახავდა, ორივეს მოგვკლავდა. ქალმა სულიერად წინ წაიწია და მოინათლა. რასაკვირველია, მის მეუღლეს სასიკვდილოდ არასდროს გავუმეტებივართ. გავიდა წლები და, როდესაც გენუაში კონგრესს ვესწრებოდი, ვიღაცა ზურგიდან მომიახლოვდა, თვალებზე ხელები ამაფარა და მკითხა, თუ გამოვიცნობდი, ვინ იყო. ცრემლები ვერ შევიკავე, როცა ამ ქალის ქმარი დავინახე. ის გადამეხვია და მითხრა, რომ სწორედ იმ დღეს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოინათლა!

1964—1972 წლებში შესანიშნავი შესაძლებლობა მქონდა, ჩარლზთან ერთად მომენახულებინა კრებები მათი სულიერად განმტკიცების მიზნით. ჩვენი ტერიტორია თითქმის მთელ ჩრდილოეთ იტალიას მოიცავდა — პიემონტს, ლომბარდიასა და ლიგურიას. მომდევნო წლებში კვლავ შევუდექით პიონერულ მსახურებას ფლორენციასთან ახლოს, მოგვიანებით კი — ვერჩელში. 1977 წელს ვერჩელში მხოლოდ ერთი კრება იყო, მაგრამ 1999 წელს, როცა წამოვედით, იქ უკვე სამი კრება არსებობდა. იმ წელს 91 წლის გავხდი. ჩვენ შემოგვთავაზეს რომის მისიონერთა სახლში, შედარებით წყნარ ადგილას გადასვლა, სადაც მშვენიერ პატარა სახლში ვიცხოვრებდით.

კიდევ ერთი სამწუხარო მოვლენა

2002 წლის მარტში ჩარლზი, რომელიც ჯანმრთელობას არ უჩიოდა, მოულოდნელად სერიოზულად ავად გახდა. მისი მდგომარეობა გაუარესდა და 2002 წლის 11 მაისს გარდაიცვალა. მე და ჩარლზი 71 წლის განმავლობაში ჭირში თუ ლხინში ერთად ვიყავით — მძიმე პერიოდში ერთად ვტიროდით და ბედნიერი წუთების დადგომისას ერთად ვხარობდით. მისმა სიკვდილმა დიდი დარტყმა მომაყენა.

ხშირად თვალწინ მიდგას ჩარლზი თავისი კოსტიუმითა და 30–იანი წლების ქუდით. მახსენდება მისი ღიმილი, ზოგჯერ თითქოს მისი სიცილიც მესმის. იეჰოვას და ბევრი ძვირფასი ქრისტიანი და-ძმის დახმარებით შევძელი ამ დანაკლისთან გამკლავება. მოუთმენლად ველი იმ დროის დადგომას, როდესაც კვლავ ვნახავ ჩარლზს.

განვაგრძობ მსახურებას

შემოქმედისთვის მსახურება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და აღმაფრთოვანებელია. წლების მანძილზე ‘განვიცადე და ვნახე, რომ კარგია უფალი [იეჰოვა]’ (ფსალმუნები 33:9). საკუთარ თავზე გამოვცადე ღვთის სიყვარული და მზრუნველობა. თუმცა ჩემი პატარა დავკარგე, იეჰოვამ იტალიაში ბევრი სულიერი შვილით დამასაჩუქრა, რომლებიც როგორც ჩემს, ისე იეჰოვას გულს ახარებენ.

ყველაზე მეტად სხვებთან შემოქმედის შესახებ ლაპარაკი მანიჭებს სიამოვნებას. სწორედ ამიტომ განვაგრძობ ქადაგებას და მოწაფეების მომზადებას. ზოგჯერ სინანულის გრძნობა მეუფლება, რადგან ჯანმრთელობის გამო ბევრს ვერ ვაკეთებ. მაგრამ მესმის, რომ იეჰოვა ითვალისწინებს ჩემს შეზღუდვებს; ის სიყვარულს ავლენს ჩემ მიმართ და აფასებს იმას, რისი გაკეთებაც შემიძლია (მარკოზი 12:42). ვცდილობ, ფსალმუნების 145:2–ში ჩაწერილი სიტყვები ყოველთვის ჩემი დევიზი იყოს: „ვადიდებ უფალს მთელი სიცოცხლე, ვუგალობებ ჩემს ღმერთს, ვიდრე ვარსებობ!“ *

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ჩემი ძმის, ანჯელო კატანძაროს, ბიოგრაფია მოცემულია 1975 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 205—207 (ინგლ.).

^ აბზ. 28 ამ დის ბიოგრაფია იხილეთ 1971 წლის 1 მაისის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 277—280 (ინგლ.).

^ აბზ. 41 და ბენანტი 2005 წლის 16 ივლისს გარდაიცვალა, როცა ეს სტატია მზადდებოდა. ის 96 წლის იყო.

[სურათი 13 გვერდზე]

კამილა

[სურათი 14 გვერდზე]

ჩვენი ქორწილის დღე, 1931 წელი.

[სურათი 14 გვერდზე]

დედას თავიდან არ აინტერესებდა, მოგვიანებით კი დაგვთანხმდა, მთელ ოჯახს გვესწავლა ბიბლია.

[სურათი 15 გვერდზე]

ძმა ნორთან ერთად გალაადის სკოლის გამოსაშვებ დღეს, 1946 წელი.

[სურათი 17 გვერდზე]

ჩარლზთან ერთად მის სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე.