არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიყვარულის, რწმენისა და მორჩილების ნათელი დადასტურება

სიყვარულის, რწმენისა და მორჩილების ნათელი დადასტურება

სიყვარულის, რწმენისა და მორჩილების ნათელი დადასტურება

საზოგადოება საგუშაგო კოშკის“ უოლკილის კომპლექსში (ნიუ-იორკი, აშშ) 2005 წლის 16 მაისს სასიამოვნოდ გრილი და მზიანი დილა იდგა. კარგად მოვლილ გაზონებსა და ყვავილის კვლებზე ალიონზე მოსული წვიმის წვეთები ბრწყინავდა. პატარა ხელოვნურ ტბაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა; ნაპირთან ახლოს მშვიდად დასრიალებდა დედა იხვი თავის რვა ჭუჭულთან ერთად. სტუმრები აღტაცებით შეჰყურებდნენ ამ მშვენიერ სანახაობას. ისინი ხმადაბლა ლაპარაკობდნენ, თითქოს ეშინოდათ დილის მყუდროება არ დაერღვიათ.

სტუმრები იეჰოვას მოწმეები იყვნენ, რომლებიც მსოფლიოს 48 ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მაგრამ ისინი პეიზაჟის სანახავად არ ჩამოსულან. მათ აინტერესებდათ, რა ხდებოდა წითელი აგურით აგებულ დიდ შენობაში, რომელიც სულ ახლახან აშენდა შეერთებული შტატების ბეთელის კომპლექსს უოლკილში. შენობაში სტუმრები კიდევ ერთხელ გაოცდნენ, თუმცა იქ არც სიმშვიდე იყო და არც სიწყნარე.

სტუმრები ზემოდან აკვირდებოდნენ ქვემოთ განლაგებულ სამანქანო მოწყობილობათა ლაბირინთს. ხუთი უზარმაზარი საბეჭდი მანქანა ბეტონის გაპრიალებულ იატაკზე დგას და ექვს საფეხბურთო მოედანზე დიდი ადგილი უკავია. აქ იბეჭდება ბიბლიები, წიგნები და ჟურნალები. ქაღალდის უზარმაზარი რულონები, რომელთაგან თითოეული 1 700 კილოგრამს იწონის, სწრაფად ტრიალებს უზარმაზარი სატვირთო მანქანის ბორბლებივით. თითოეული 23-კილომეტრიანი რულონი სულ რაღაც 25 წუთის განმავლობაში გადის საბეჭდ მანქანაში. ამავე დროის განმავლობაში მანქანა საღებავს აშრობს და ქაღალდს აგრილებს, რის გამოც უკვე შესაძლებელი ხდება მისი ჟურნალებად დაკეცვა. ამის შემდეგ ჟურნალები სწრაფად გადადის კონვეიერებზე, სადაც ყუთებში თავსდება და კრებებში გასაგზავნად მზადდება. სხვა მანქანებზე წიგნები იბეჭდება, რომლებიც შემდეგ საამკინძაო საამქროში იგზავნება. მთელ ამ ოპერაციებს კომპიუტერი მართავს და დიდი სიზუსტით შესრულებულ სიმფონიას ჰგავს.

საბეჭდი საამქროდან გამოსვლის შემდეგ სტუმრები საამკინძაო საამქროსკენ გაემართნენ. აქ მანქანები ყოველდღიურად აწარმოებენ 50 000–ზე მეტ სქელყდიან წიგნსა და ძვირადღირებულ ბიბლიას. წიგნის შემადგენელი ბროშურები თანმიმდევრულად ეწყობა, იკინძება და გვერდები ეჭრება, შემდეგ კი ყდა უკეთდება. მზა წიგნები მუყაოს ყუთებში იდება. ყუთები ავტომატურად წებდება, იარლიყი უკეთდება და გადასაადგილებელ სადგამზე თავსდება. გარდა ამისა, ყოველდღიურად მზადდება და იფუთება 100 000 თხელყდიანი წიგნი. აქაც ურთულეს მექანიზმს ვხედავთ — უამრავი ძრავა, კონვეიერი, ლენტა, კბილანა და ბორბალი — ყველაფერი გამაოგნებელი სისწრაფით მოძრაობს ბიბლიური ლიტერატურის დასამზადებლად.

უზუსტესი საათივით მომუშავე ეს სწრაფი საბეჭდი დანადგარები თანამედროვე ტექნოლოგიის საოცრებაა. როგორც დავინახავთ, ისინი აგრეთვე ნათლად ადასტურებს ღვთის ხალხში არსებულ სიყვარულს, რწმენასა და მორჩილებას. თუმცა, რატომ გადმოიტანეს ბეჭდვითი საქმიანობა ბრუკლინიდან (ნიუ-იორკი) უოლკილში?

ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ერთ ადგილზე მათი გადმოტანით გაამარტივებდნენ ბეჭდვისა და ლიტერატურის გაგზავნის საქმიანობას. წლების განმავლობაში წიგნები იბეჭდებოდა ბრუკლინში და მათი გაგზავნაც აქედან ხდებოდა, ჟურნალები კი უოლკილში იბეჭდებოდა და აქედანვე იგზავნებოდა. ოპერაციების შეთავსებამ მომუშავე პერსონალის რიცხვი შეამცირა და შემოწირული თანხები დაზოგა. გარდა ამისა, ბრუკლინში საბეჭდი დაზგები მოძველდა, ამიტომ გერმანიიდან გამოიწერეს „MAN Roland Lithoman“–ის ფირმის ორი ახალი საბეჭდი დანადგარი. ეს დაზგები ბრუკლინის ტიპოგრაფიისთვის მეტისმეტად დიდი იქნებოდა.

ეს საქმე იეჰოვას მხარდაჭერით სრულდება

ლიტერატურის ბეჭდვის მიზანი ყოველთვის ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გავრცელება იყო. დასაწყისიდანვე ცხადი გახდა, რომ იეჰოვამ აკურთხა ეს საქმიანობა. 1879—1922 წლებში წიგნებს კომერციულ ტიპოგრაფიებში ბეჭდავდნენ. 1922 წელს კონკორდ სტრიტის 18–ში დაიქირავეს ექვსსართულიანი შენობა და შეიძინეს წიგნების საბეჭდი დაზგები. იმ დროს, ზოგი ეჭვობდა, რომ ძმები შეძლებდნენ ამ დავალებასთან გამკლავებას.

ერთ–ერთი, ვინც ეჭვობდა, იყო იმ კომპანიის პრეზიდენტი, სადაც ჩვენი წიგნების უმეტესობა იბეჭდებოდა. კონკორდ სტრიტზე სტუმრობის დროს მან თქვა: „თქვენ უმაღლესი ხარისხის საბეჭდი დანადგარები გაქვთ, მაგრამ არავინ გყავთ ისეთი, ვინც მათზე მუშაობა იცის. ექვსი თვის შემდეგ ეს ყველაფერი ჯართის დიდი გროვა იქნება და მიხვდებით, რომ თქვენ ისეთი ხალხი გჭირდებათ, რომლებიც აქამდე გიბეჭდავდათ ლიტერატურას და რომლებმაც იციან თავიანთი საქმე“.

რობერტ მარტინმა, რომელიც იმ დროს ტიფოგრაფიას ზედამხედველობდა, თქვა: „ეს საკმაოდ ლოგიკურად ჟღერდა, მაგრამ მას მხედველობიდან გამორჩა უფალი; ის ხომ ყოველთვის ჩვენთან არის . . . ამის შემდეგ მალევე დავიწყეთ წიგნების გამოცემა“. შემდგომი 80 წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს მილიარდობით პუბლიკაცია თავიანთ საბეჭდ დაზგებზე.

2002 წლის 5 ოქტომბერს პენსილვანიის ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ყოველწლიური შეხვედრის დროს გამოცხადდა, რომ ხელმძღვანელმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, შეერთებული შტატების ტიპოგრაფია უოლკილში გადაეტანათ. 2004 წლის თებერვლისთვის შეუკვეთეს ორი ახალი საბეჭდი დაზგა. ძმებს ახალი დაზგების მიღებამდე, 15 თვის მანძილზე, უნდა მოემზადებინათ პროექტი და გაეფართოებინათ ტიპოგრაფია. შემდეგ, ახალი საამკინძაო საამქრო და გაგზავნის განყოფილების მოწყობა მომდევნო ცხრა თვეში უნდა დაესრულებინათ. ზოგს შეიძლება ეჭვი ეპარებოდა, როცა დადგენილი ვადების შესახებ იგებდა, რადგან ეს შეუძლებლად ეჩვენებოდათ. მაგრამ ძმებმა იცოდნენ, რომ იეჰოვას კურთხევით ეს შესაძლებელი იყო.

სიხარულით გამოვლენილი თანამშრომლობის სული

ძმებმა პროექტის განხორციელება დაიწყეს, რადგან იცოდნენ, რომ იეჰოვას ხალხი მზადყოფნას გამოავლენდა (ფსალმუნები 109:3). საჭირო იყო იმაზე მეტი თანამშრომელი, ვიდრე ბეთელის სამშენებლო განყოფილებებში მსახურობდა. შეერთებული შტატებიდან და კანადიდან მშენებლობაში ერთი კვირიდან სამ თვემდე დროებით მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 1000–ზე მეტმა და–ძმამ, რომელთაც სამშენებლო გამოცდილება ჰქონდათ. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ აგრეთვე საერთაშორისო მსახურები და სამშენებლო პროგრამებში მოხალისეებად მომუშავენი. რეგიონალურმა სამშენებლო კომიტეტებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ამ საქმეში.

ბევრისთვის უოლკილში მოხალისედ მსახურება მგზავრობასთან დაკავშირებულ დიდ ხარჯებსა და სამსახურიდან შვებულების აღებას ნიშნავდა. მაგრამ მათ სიხარულით გაიღეს ეს მსხვერპლი. მშენებლობისთვის მხარდაჭერის აღმოსაჩენად ბეთელის ოჯახმა თავის თავზე აიღო მოხალისეების ბინითა და საკვებით უზრუნველყოფა. ბეთელის 535 წევრი, რომლებიც ბრუკლინიდან, პატერსონიდან და უოლკილიდან იყვნენ, მოხალისეებად მუშაობდნენ შაბათობით, როგორც ჩვეულებრივ სამუშაო დღეს. ის უსაზღვრო მხარდაჭერა, რაც ღვთის ხალხმა ამ ისტორიული მოვლენის დროს მიიღო, მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ეს საქმე იეჰოვას ძალით სრულდებოდა.

სხვები მატერიალურად სწირავდნენ. მაგალითად, ძმებმა წერილი მიიღეს ცხრა წლის გოგონასგან. მას ები ჰქვია. ის წერს: „ძალიან მადლობელი ვარ, რომ ყველაფერს აკეთებთ ასეთი კარგი წიგნების დასაბეჭდად. ალბათ, მე მალე გესტუმრებით. მამამ მითხრა, რომ ეს მომავალ წელს მოხდება! მე სამკერდე ნიშანს გავიკეთებ, რომ მიცნოთ, ვინ ვარ. გიგზავნით 20 დოლარს ახალი საბეჭდი დაზგისთვის! ეს ჩემი ჯიბის ფულია, მაგრამ მინდა, რომ თქვენ გამოგიგზავნოთ“.

სხვა დამ დაწერა: „გთხოვთ მიიღოთ ჩემგან საჩუქრად ნაქსოვი ქუდები, რომლებიც ჩემი ხელით მოვქსოვე. მინდა, რომ ქუდები უოლკილის პროექტზე მომუშავე მოხალისეებს გადასცენ. გავიგე, რომ ძალიან ცივი ზამთარი იქნება. არ ვიცი, მართალს ამბობენ თუ არა, მაგრამ ვიცი, რომ უოლკილში სამუშაოთა უმეტესობა გარეთ ჩატარდება, ამიტომ მინდა, რომ ჩემს და–ძმებს თავზე თბილად ეფაროთ. სხვა არაფერი მეხერხება, მაგრამ ქსოვა ვიცი. ამიტომ გადავწყვიტე, ძმებს იმით დავხმარებოდი, რითაც შემეძელო“. მან ხელით ნაქსოვი 106 ქუდი გამოგზავნა!

ტიპოგრაფიის მშენებლობა დადგენილ დროში დასრულდა. ჯონ ლარსონმა, რომელიც ტიპოგრაფიის ზედამხედველია, თქვა: „აქ სიხარულით გამოვლინდა თანამშრომლობის სული. ჰქონდა ვინმეს ეჭვი, რომ იეჰოვა აკურთხებდა ამ საქმეს? მოვლენები სწრაფად განვითარდა. მახსოვს, 2003 წლის მაისში როგორ ვუყურებდი, როცა ძმები ამ შენობას საძირკველს უყრიდნენ; აქ ტალახის მეტი არაფერი იყო. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ კი ისევ იმ ადგილას ვიდექი და ამუშავებულ საბეჭდ დაზგებს შევყურებდი“.

მიძღვნის პროგრამა

ახალი ტიპოგრაფიისა და სამი საცხოვრებელი შენობის მიძღვნის პროგრამა 2005 წლის 16 მაისს ჩატარდა. პატერსონსა და ბრუკლინში, ასევე კანადის ბეთელში პირდაპირი ტრანსლაციით ხდებოდა პროგრამის გადაცემა. მთლიანობაში პროგრამას 6 049 ადამიანი ესწრებოდა. თეოდორ იარაჩმა, იეჰოვას მოწმეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, რომელიც პროგრამის თავმჯდომარე იყო, მოკლედ გააცნო დამსწრეთ ბეჭდვითი საქმიანობის ისტორია. ფილიალის კომიტეტის წევრებმა, ჯონ ლარსონმა და ჯონ კიკოტმა, ინტერვიუებისა და ვიდეომასალის საშუალებით მიმოიხილეს შეერთებულ შტატებში სამშენებლო პროექტისა და ბეჭდვითი საქმიანობის ისტორია. ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯონ ბარმა, წარმოთქვა დასკვნითი მოხსენება და იეჰოვა ღმერთს მიუძღვნა ახალი ტიპოგრაფია და სამი საცხოვრებელი კომპლექსი.

მომდევნო კვირის განმავლობაში პატერსონსა და ბრუკლინში მომსახურე ბეთელელებს საშუალება მიეცათ, რომ ახალი შენობები დაეთვალიერებინათ. ამ დროის განმავლობაში 5 920 სტუმარი ეწვია უოლკილს.

ჩვენ რას ვფიქრობთ ბეჭდვით საქმიანობაზე?

მიძღვნისთვის განკუთვნილ მოხსენებაში ძმა ბარმა მსმენელებს შეახსენა, რომ ტიპოგრაფია, თუმცა ის შეიძლება ძალიან შთამბეჭდავია, დაზგების გამო კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ ადამიანების გამო. ლიტერატურამ, რომელსაც ჩვენ ვბეჭდავთ, შეიძლება ძირფესვიანად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება.

თითოეულ დაზგას სულ რაღაც ერთი საათის განმავლობაში შეუძლია მილიონი ტრაქტატი დაბეჭდოს! მხოლოდ ერთ ტრაქტატს შეუძლია სერიოზული გავლენა მოახდინოს ვინმეს ცხოვრებაზე. მაგალითად, 1921 წელს სამხრეთ აფრიკაში რკინიგზის ლიანდაგების შემკეთებელი ბრიგადა ლიანდაგებზე მუშაობდა. ერთმა მათგანმა, კრისტიანმა, ლიანდაგზე ფურცელი შეამჩნია. ეს ჩვენი ერთ–ერთი ტრაქტატი იყო. კრისტიანმა ის დიდი ინტერესით წაიკითხა. ის მაშინვე თავის სიძესთან გაიქცა და აღელვებულმა უთხრა: „დღეს ჭეშმარიტება ვიპოვე!“ ცოტა ხნის შემდეგ უფრო მეტი ინფორმაციის მისაღებად მათ ფილიალს მისწერეს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ფილიალმა მათ სხვა ბიბლიური ლიტერატურაც გაუგზავნა. ორივე მამაკაცმა შეისწავლა ბიბლია, მოინათლა და სხვებსაც გაუზიარა ბიბლიური ჭეშმარიტება. შედეგად, მრავალმა მიიღო ჭეშმარიტება. ფაქტობრივად, 1990–იანი წლების დასაწყისისთვის მათი ახლო ნათესავებიდან ასზე მეტი იყო იეჰოვას აქტიური მოწმე — და ეს მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ამ მამაკაცმა ერთი ტრაქტატი იპოვა რკინიგზის ლიანდაგზე!

ძმა ბარმა აღნიშნა, რომ ლიტერატურას, რომელსაც ჩვენ ვბეჭდავთ, ხალხი ჭეშმარიტებაში მოჰყავს, ის ეხმარება მათ ერთგულების შენარჩუნებაში, გულმოდგინებისკენ აღძრავს და მთელ საძმოს აერთიანებს. უფრო მეტიც, ლიტერატურა, რომელსაც ვავრცელებთ, განადიდებს ჩვენს ღმერთს, იეჰოვას!

როგორ უყურებს იეჰოვა ბეჭდვით საქმიანობას?

ძმა ბარმა მოუწოდა მსმენელებს, დაფიქრებულიყვნენ იმაზეც, თუ როგორ უყურებს იეჰოვა ბეჭდვით საქმიანობას. რა თქმა უნდა, იეჰოვა ამაზე არ არის დამოკიდებული. მას შეუძლია ქვებს გააცხადებინოს სასიხარულო ცნობა! (ლუკა 19:40). გარდა ამისა, მასზე შთაბეჭდილებას ვერ მოახდენს დაზგების სირთულე, ზომა, სიჩქარე ან შესაძლებლობები. მან ხომ სამყარო შექმნა! (ფსალმუნები 146:10, 11). იეჰოვამ ლიტერატურის გამოცემის უფრო უკეთესი გზები იცის — გზები, რომელთა წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ ადამიანებს. ამიტომ, რა არის ამაში იეჰოვასთვის ფასეული? ნამდვილად, ამ ტიპოგრაფიაში ის თავისი ხალხის შესანიშნავ თვისებებს ხედავს — მათ სიყვარულს, რწმენასა და მორჩილებას.

ძმა ბარმა სიყვარულის გამოვლენასთან დაკავშირებით თვალსაჩინო მაგალითი მოიყვანა. გოგონამ მშობლებს ნამცხვარი გამოუცხო. მშობლებს ალბათ ამან გული აუჩუყა. დიახ, ნამცხვარი კარგი იქნება თუ ცუდი, ის, რაც მშობლების გულს შეეხო, შვილის მიერ გამოვლენილი სიყვარულია, რომელიც მან თავისი საქმით ცხადყო. მსგავსად, როცა იეჰოვა უყურებს ახალ ტიპოგრაფიას, ის შენობებსა და დაზგებზე მეტს ხედავს. უპირველესად, ის მისი სახელისადმი გამოვლენილ სიყვარულს ამჩნევს (ებრაელები 6:10).

ამასთანავე, როგორც კიდობანის აგების დროს დაინახა იეჰოვამ ნოეს რწმენა, ასევე ის ხედავს ჩვენს რწმენას, როდესაც უყურებს ამ ტიპოგრაფიას. რისადმი რწმენას? ნოეს სწამდა, რომ ის, რაც იეჰოვამ იწინასწარმეტყველა, შესრულდებოდა. ჩვენ გვწამს, რომ უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცნობა უნდა გაცხადდეს მთელ დედამიწაზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა მოისმინონ ის. ჩვენ ვიცით, რომ ბიბლიურ ცნობას სიცოცხლის შენარჩუნება შეუძლია (რომაელები 10:13, 14).

უდავოა, რომ იეჰოვა ჩვენს მორჩილებასაც ხედავს. როგორც ვიცით, მისი ნებაა, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში აღსასრულის დადგომამდე იყოს ნაქადაგები (მათე 24:14). ეს ტიპოგრაფია, დედამიწის სხვა რეგიონებში მდებარე ტიპოგრაფიებთან ერთად, ამ დავალების შესრულებაში თავის წვლილს შეიტანს.

დიახ, სიყვარული, რწმენა და მორჩილება, რომლებიც ამ შენობების დაფინანსებაში, მშენებლობასა და ტიპოგრაფიის ამოქმედებაში გამოვლინდა, ასევე ვლინდება იეჰოვას ხალხის ენთუზიაზმით აღსავსე მოქმედებაში ყველგან, სადაც ისინი ჭეშმარიტებას უქადაგებენ ყველას, ვინც ისმენს.

[ჩარჩო/სურათები 11 გვერდზე]

ტიპოგრაფიების გაფართოება შეერთებულ შტატებში

1920: ჟურნალები იბეჭდება პირველი როტაციული საბეჭდი მანქანით მერტელ ავენიუ №35-ში, ბრუკლინი.

1922: ტიპოგრაფია გადააქვთ კონკორდ სტრიტის №18-ში მდებარე ექვსსართულიან შენობაში. იწყება წიგნების ბეჭდვა.

1927: ტიპოგრაფია გადააქვთ ადამს სტრიტის №117-ში მდებარე ახალ შენობაში.

1949: ცხრასართულიანი შენობის აგების შემდეგ ტიპოგრაფიის ზომები ორჯერ იზრდება.

1956: სენდს სტრიტის №77-ში ახალი შენობის აგების შემდეგ „ადამს სტრიტზე“ მდებარე ტიპოგრაფია კიდევ ორჯერ ფართოვდება.

1967: შენდება დამატებითი ათსართულიანი შენობა, რის შედეგადაც ტიპოგრაფია ათჯერ უფრო დიდი ხდება, ვიდრე თავდაპირველად იყო.

1973: უოლკილში შენდება ტიპოგრაფიის დამატებითი შენობა, სადაც ძირითადად ჟურნალები იბეჭდება.

2004: ტიპოგრაფიული, საამკინძაო და გადაზიდვის მთელი საქმიანობა მიმდინარეობს უოლკილში.