არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ახლა გადამწყვეტი მოქმედების დროა

ახლა გადამწყვეტი მოქმედების დროა

ახლა გადამწყვეტი მოქმედების დროა

„როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?“ (3 მეფეთა 18:21).

1. რით გამოირჩევა ჩვენი დრო?

გჯერათ, რომ იეჰოვა ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთია? ისიც გწამთ, რომ სატანის ბოროტი ქვეყნიერების „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, რომელზეც ბიბლია წინასწარმეტყველებს? (2 ტიმოთე 3:1). თუ გწამთ, მაშინ იმასაც დაეთანხმებით, რომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა. კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა საფრთხეში ამდენი ადამიანის სიცოცხლე.

2. რა მდგომარეობა იყო ისრაელის ათი ტომის სამეფოში მეფე ახაბის მმართველობის დროს?

2 ძვ. წ. მეათე საუკუნეში ისრაელ ერს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ვის მსახურებას აირჩევდნენ ისინი? მეფე ახაბი თავისი წარმართი ცოლის, იზებელის, გავლენაში იყო მოქცეული და ათი ტომისგან შემდგარ ისრაელის სამეფოში ხელს უწყობდა ბაალის თაყვანისმცემლობას. ბაალი ნაყოფიერების ღმერთად ითვლებოდა და მას უხვი მოსავლისა და წვიმის მოყვანის ძალას მიაწერდნენ. ბაალის თაყვანისმცემლები კოცნას უგზავნიდნენ თავიანთი ღვთაების კერპს და მის წინაშე ქედს იხრიდნენ. ბაალს მოსავალი და საქონელი რომ ეკურთხებინა, მისი თაყვანისმცემლები ტაძრის მეძავებთან ერთად სექსუალურ რიტუალებში და ორგიებში მონაწილეობდნენ. მათ აგრეთვე ჰქონდათ რიტუალი, რომლის დროსაც სისხლის დენამდე ისერავდნენ სხეულს (3 მეფეთა 18:28).

3. რა გავლენას ახდენდა ბაალის თაყვანისმცემლობა ღვთის ხალხზე?

3 ისრაელში დაახლოებით 7 000 კაცი იყო დარჩენილი, რომლებიც მონაწილეობას არ იღებდნენ ასეთ ამორალურ კერპთაყვანისმცემლობაში (3 მეფეთა 19:18). ისინი იეჰოვა ღმერთთან დადებული შეთანხმების ერთგულნი იყვნენ, რის გამოც მათ დევნიდნენ. მაგალითად, დედოფალმა იზებელმა იეჰოვას ბევრი წინასწარმეტყველი დახოცა (3 მეფეთა 18:4, 13). ამ მძიმე მდგომარეობის გამო ისრაელების უმრავლესობა გაორებული იყო — ისინი ცდილობდნენ, იეჰოვასთვისაც ესიამოვნებინათ და ბაალისთვისაც. მაგრამ იეჰოვასთვის ზურგის ქცევა და ცრუღმერთის თაყვანისცემა ისრაელების მხრიდან განდგომილება იყო. იეჰოვა მათ კურთხევებს დაჰპირდა იმ შემთხვევაში, თუ ეყვარებოდათ ის და დაიცავდნენ მის მცნებებს. მაგრამ აგრეთვე გააფრთხილა, რომ ორგულობა მათ განადგურებამდე მიიყვანდა (მეორე რჯული 5:6—10; 28:15, 63).

4. იესოსა და მოციქულების წინასწარმეტყველების თანახმად, რა უნდა მომხდარიყო ქრისტიანებს შორის და როგორ შესრულდა ეს?

4 მსგავსი ვითარებაა დღეს შექმნილი ქრისტიანულ სამყაროშიც. ხალხი ამბობს, რომ ქრისტიანები არიან, მაგრამ მათი დღესასწაულები, საქციელი და მრწამსი არ შეესაბამება ბიბლიის სწავლებებს. იზებელის მსგავსად, ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოების წარმომადგენლები იეჰოვას მოწმეთა დევნის მოთავეები არიან. სამღვდელოება მხარს უჭერდა ომებს და, ამგვარად, მილიონობით მორწმუნე ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე. რელიგიების მხრიდან ქვეყნიური მთავრობების მხარდაჭერა ბიბლიაში სულიერ მეძაობასთან არის გაიგივებული (გამოცხადება 18:2, 3). სულიერზე რომ არაფერი ვთქვათ, ქრისტიანული სამყარო ისედაც უფრო და უფრო შემწყნარებლურად ეკიდება მეძაობას, თვით სასულიერო პირებს შორისაც კი. იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა იწინასწარმეტყველეს ასეთი განდგომილება (მათე 13:36—43; საქმეები 20:29, 30; 2 პეტრე 2:1, 2). რა ელის საბოლოოდ ქრისტიანული სამყაროს მილიარდზე მეტ მიმდევარს? რა პასუხისმგებლობა აკისრიათ იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მათთან და იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სხვა რელიგიების მიერ არიან შეცდომაში შეყვანილნი? ამ კითხვებზე ნათელი პასუხის მისაღებად გავიხსენოთ დრამატული ისტორია, რომელიც ‘ისრაელიდან ბაალის გადაშენებით’ დასრულდა (4 მეფეთა 10:28).

ღმერთს უყვარს თავისი ხალხი მათი ურჩობის მიუხედავად

5. როგორ ავლენდა იეჰოვა სიყვარულსა და მზრუნველობას თავისი ხალხის მიმართ?

5 იეჰოვა ღმერთს სიამოვნებას არ ანიჭებს ორგული ადამიანების დასჯა. იგი მოსიყვარულე მამაა და სურს, რომ ბოროტმა ადამიანებმა მოინანიონ და მას დაუბრუნდნენ (ეზეკიელი 18:32; 2 პეტრე 3:9). ეს კარგად ჩანს იქიდანაც, რომ ახაბისა და იზებელის დროს იეჰოვა მრავალი წინასწარმეტყველის მეშვეობით აფრთხილებდა თავის ხალხს, თუ რა შედეგები მოყვებოდა ბაალის თაყვანისმცემლობას. ერთ–ერთი ასეთი წინასწარმეტყველი ელია იყო. მას შემდეგ, რაც ქვეყანა ნაწინასწარმეტყველებმა გვალვამ გაანადგურა, ელიამ მეფე ახაბს უთხრა, რომ ისრაელები და ბაალის წინასწარმეტყველები ქარმელის მთაზე შეეკრიბა (3 მეფეთა 18:1, 19).

6, 7. ა) როგორ გამოააშკარავა ელიამ ისრაელების განდგომილების მიზეზი? ბ) რას აკეთებდნენ ბაალის წინასწარმეტყველები? გ) რა გააკეთა ელიამ?

6 შეხვედრა შედგა იეჰოვას სამსხვერპლოსთან, რომელიც „დანგრეული“ იყო, როგორც ჩანს, იზებელისთვის გულის მოსაგებად (3 მეფეთა 18:30). სამწუხაროდ, იქ შეკრებილი ისრაელები დარწმუნებულნი არ იყვნენ, ასეთი გვალვის შემდეგ იეჰოვა შეძლებდა წვიმის მოყვანას თუ ბაალი. ბაალს წარმომადგენლები მრავლად ჰყავდა — 450 წინასწარმეტყველი. ელია კი იეჰოვას წარმომადგენელი ერთადერთი წინასწარმეტყველი იყო. მათი პრობლემის მიზეზის გამოსააშკარავებლად ელიამ ხალხს ჰკითხა: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?“ შემდეგ, კიდევ უფრო მარტივი სიტყვებით მათ გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა: „თუ უფალია ღმერთი, გაჰყევით მას, თუ ბაალია, მას გაჰყევით“. გაორებული ისრაელები იეჰოვასადმი ერთგულებისკენ რომ აღეძრა, ელიამ მათ შესთავაზა, გამოეცადათ, ვინ იყო ჭეშმარიტი ღმერთი. მსხვერპლის შესაწირად დაკლეს ორი მოზვერი: ერთი იეჰოვასთვის, მეორე — ბაალისთვის. ჭეშმარიტი ღმერთი ის იქნებოდა, ვინც შესაწირავს ცეცხლით შთანთქავდა. ბაალის წინასწარმეტყველებმა მოამზადეს შესაწირავი და რამდენიმე საათის განმავლობაში გაიძახოდნენ: „ხმა გაგვეც, ბაალ!“ ელიამ მათ დაცინვა დაუწყო, ისინი კი სხეულს ისერავდნენ სისხლის დენამდე და მთელი ხმით გაჰყვიროდნენ. მაგრამ ბაალისგან პასუხი არ ისმოდა (3 მეფეთა 18:21, 26—29, სსგ).

7 დადგა ელიას ჯერი. პირველ რიგში, მან იეჰოვას სამსხვერპლო შეაკეთა და მასზე მოზვრის ნაჭრები დაალაგა. შემდეგ თქვა, რომ ოთხი დიდი ჭურჭლით მსხვერპლზე წყალი გადაესხათ. ასე ოთხ–ოთხი ჭურჭლით მსხვერპლს სამჯერ გადაასხეს წყალი, სანამ სამსხვერპლოს ირგვლივ გაკეთებული თხრილი წყლით არ აივსო. ამის შემდეგ ელიამ ილოცა: „უფალო, ღმერთო აბრაამისა, ისაკისა და ისრაელისა! გაცხადდეს დღევანდელ დღეს, რომ შენა ხარ ღმერთი ისრაელში, მე კი შენი მორჩილი ვარ, და რომ შენი სიტყვის წყალობით გავაკეთე ეს ყველაფერი. ხმა გამეცი, უფალო, ხმა გამეცი, რათა გაიგოს ამ ხალხმა, რომ შენ ღმერთი ხარ, უფალო, და რომ შეგიძლია უკუმოაქციო მათი გულები“ (3 მეფეთა 18:30—37, სსგ).

8. როგორ უპასუხა იეჰოვამ ელიას ლოცვას და რა გაბედული ნაბიჯი გადადგა ელიამ?

8 ჭეშმარიტმა ღმერთმა პასუხი გასცა ელიას ლოცვას და ზეციდან ცეცხლით მსხვერპლიც შთანთქა და სამსხვერპლოც. ცეცხლმა სამსხვერპლოს ირგვლივ გაკეთებულ თხრილში წყალიც კი ამოაშრო! წარმოიდგინეთ ისრაელების რეაქცია. ისინი «პირქვე დაემხნენ და თქვეს: „იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი! იეჰოვაა ჭეშმარიტი ღმერთი!“» შემდეგ ელიამ კიდევ ერთი გაბედული ნაბიჯი გადადგა და ისრაელებს მოუწოდა: „შეიპყარით ბაალის წინასწარმეტყველები! არც ერთი მათგანი არ გაუშვათ“. ბაალის 450–ვე წინასწარმეტყველი ქარმელის მთის ძირას დახოცეს (3 მეფეთა 18:38—40, აქ).

9. როგორ გრძელდებოდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების გამოცდა?

9 ამ დაუვიწყარ დღეს იეჰოვას ძალით სამწელიწად–ნახევრის განმავლობაში პირველად წამოვიდა წვიმა (იაკობი 5:17, 18). წარმოიდგინეთ ისრაელების საუბრები, როდესაც სახლში დაბრუნდებოდნენ. იეჰოვამ დაამტკიცა, რომ ჭეშმარიტი ღმერთი იყო. ყველაფრის მიუხედავად, ბაალის თაყვანისმცემლებს რწმენა არ შეუცვლიათ. იზებელი აგრძელებდა იეჰოვას მსახურების დევნას (3 მეფეთა 19:1, 2; 21:11—16). ამგვარად, იეჰოვას ხალხის ერთგულება კვლავ იცდებოდა. შეინარჩუნებდნენ იეჰოვასადმი ერთგულებას იმ დღემდე, როცა ბაალის თაყვანისმცემლების განაჩენს იეჰოვა სისრულეში მოიყვანდა?

ნუ გადადებთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას

10. ა) რა საქმით არიან დაკავებულნი ცხებული ქრისტიანები ჩვენს დროში? ბ) რა არის საჭირო გამოცხადების 18:4–ში ჩაწერილი მოწოდების გასათვალისწინებლად?

10 თანამედროვე პერიოდში ცხებული ქრისტიანები ისეთივე საქმიანობით არიან დაკავებულნი, როგორსაც ელია ასრულებდა. ქადაგებისა და პუბლიკაციების საშუალებით ისინი ყველა ეროვნების ადამიანს აფრთხილებენ ქრისტიანულ სამყაროში და მის გარეთ, თუ რა საფრთხეს უქადის მათ ცრუ რელიგია. შედეგად, მილიონობით ადამიანმა გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი ცრუ რელიგიის დასატოვებლად. მათ სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნეს და იესო ქრისტეს მოწაფეებად მოინათლნენ. მათ ყურად იღეს ღვთის სიტყვები ცრუ რელიგიასთან დაკავშირებით: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“ (გამოცხადება 18:4).

11. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა იმისათვის, რომ იეჰოვამ მოიწონოს?

11 მილიონობით ადამიანს მოსწონს იეჰოვას მოწმეების ქადაგება, რომელიც ბიბლიაზეა დაფუძნებული. მაგრამ მათ მაინც ვერ გადაუწყვეტიათ, როგორ იმოქმედონ. ზოგი მათგანი ხანდახან ქრისტიანულ შეხვედრებსაც ესწრება, მაგალითად, საოლქო კონგრესის პროგრამის ამა თუ იმ ნაწილს ან უფლის გახსენების საღამოს. ასეთ ადამიანებს მოვუწოდებთ, გულდასმით დაფიქრდნენ ელიას სიტყვებზე: „როდემდის უნდა კოჭლობდეთ ორივე ფეხით?“ (3 მეფეთა 18:21). აუცილებელია, რომ მათ არ დააყოვნონ და ახლა გადადგან გადამწყვეტი ნაბიჯი. მათ მონდომებით უნდა ისწრაფონ იმისკენ, რომ თავი მიუძღვნან იეჰოვას და მისი მონათლული თაყვანისმცემლები გახდნენ. მათი მარადიული მომავალი საფრთხეშია! (2 თესალონიკელები 1:6—9).

12. რა სახიფათო მდგომარეობაშია ზოგი მონათლული ქრისტიანი და რისი გაკეთება მართებთ მათ?

12 სამწუხაროდ, ზოგი მონათლული ქრისტიანი თაყვანისმცემლობაში არარეგულარული ან არააქტიური გახდა (ებრაელები 10:23—25; 13:15, 16). ზოგმა დევნის შიშის გამო დაკარგა ენთუზიაზმი, ზოგმაც — თავის რჩენაზე გადამეტებული წუხილის ან გამდიდრებისკენ და ეგოისტური სურვილების დაკმაყოფილებისკენ სწრაფვის გამო. იესომ გაგვაფრთხილა, რომ სწორედ ეს გახდებოდა ზოგიერთი მისი მიმდევრის დაბრკოლების, მოშთობისა და მახეში გაბმის მიზეზი (მათე 10:28—33; 13:20—22; ლუკა 12:22—31; 21:34—36). ასეთ ქრისტიანებს ბიბლია მოუწოდებს, რომ ‘ორივე ფეხით კოჭლობის’ ნაცვლად, ‘მოშურნეები იყვნენ და მოინანიონ’. მათ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღონ, რათა ღვთისადმი მიძღვნის პირობა შეასრულონ (გამოცხადება 3:15—19).

ცრუ რელიგია მოულოდნელად განადგურდება

13. აღწერეთ, რა ვითარება იყო ისრაელში, როდესაც იეჰუ მეფედ იქნა ცხებული.

13 ის, თუ რატომაა დღეს საჭირო გადამწყვეტი ნაბიჯის სასწრაფოდ გადადგმა, კარგად ჩანს მოვლენებიდან, რომლებიც ისრაელში განვითარდა ქარმელის მთაზე მომხდარი შემთხვევიდან დაახლოებით 18 წლის შემდეგ. ელიას შემდგომი წინასწარმეტყველის, ელისეს მსახურების პერიოდში, მოულოდნელად ბაალის თაყვანისმცემლებზე იეჰოვას განაჩენის სისრულეში მოყვანის დრო დადგა. მაშინ ისრაელს მეფე ახაბის ვაჟი, იორამი, მართავდა. დაქვრივებული იზებელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. ელისემ თავისი მსახური ფარულად გაგზავნა ისრაელის მხედართმთავრის, იეჰუს, მეფედ საცხებად. ამ დროს იეჰუ მდინარე იორდანეს აღმოსავლეთით, გალაადის რამოთში იყო, სადაც ისრაელის მტრებს ებრძოდა. მეფე იორამი კი მეგიდოს მახლობლად მდებარე იზრეელის ველზე იყო, სადაც ბრძოლაში მიყენებულ ჭრილობებს იშუშებდა (4 მეფეთა 8:29—9:4).

14, 15. რა დავალება მიიღო იეჰუმ და რა გააკეთა ამის შემდეგ?

14 აი, რის გაკეთება უბრძანა იეჰოვამ იეჰუს: „შენ მოსპობ შენი ბატონის, ახაბის, სახლს, რომ ავიღო ჩემს მსახურთა — წინასწარმეტყველთა — სისხლი და უფლის ყველა მსახურის სისხლი, რომელნიც დაეცნენ იზებელის ხელით. და განადგურდება ახაბის მთელი სახლი . . . იზებელს კი ძაღლები შეჭამენ იზრეყელის ველზე და არავინ იქნება დამმარხველი“ (4 მეფეთა 9:7—10).

15 იეჰუ გაბედული მამაკაცი იყო. მას არ დაუყოვნებია: ეტლზე შეჯდა და იზრეელისკენ გაეშურა. იზრეელში გუშაგმა შორიდან იცნო იეჰუ და მეფე იორამს შეატყობინა. იორამი თავისი ეტლით მხედართმთავრის შესახვედრად გაემართა. როცა შეხვდნენ, იორამმა იეჰუს ჰკითხა: „მშვიდობაა, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენის, იზებელის, გარყვნილებისა და მისი ამდენი ჯადოქრობის მერე?“ მეფე იორამმა გაქცევა სცადა, მაგრამ იეჰუმ მშვილდი მოზიდა და იორამი შიგ გულში განგმირა (4 მეფეთა 9:20—24).

16. ა) რა ვითარების წინაშე დადგნენ იზებელის კარისკაცები მოულოდნელად? ბ) როგორ შესრულდა იზებელზე იეჰოვას სიტყვა?

16 იეჰუს დრო არ დაუკარგავს და თავისი ეტლით სასწრაფოდ ქალაქისკენ გაეშურა. იზებელმა, რომელსაც ზომაზე მეტად ჰქონდა წასმული კოსმეტიკური საშუალებები, იეჰუს უპატივცემულოდ მიმართა. იეჰუმ მას ყურადღება არ მიაქცია და დაიძახა: „ვინ არის ჩემს მხარეზე, ვინ?“ იზებელის მსახურებისთვის გადამწყვეტი მოქმედების დრო დადგა. ფანჯრიდან ორმა თუ სამმა კარისკაცმა გადმოიხედა. მათ ერთგულების გამოცდა ელოდათ. „გადმოაგდეთ ქალი“, — უბრძანა იეჰუმ. კარისკაცებმა იზებელი გადმოაგდეს და ის იეჰუს ცხენებმა და ეტლმა გადათელეს. ამგვარად დასრულდა ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობის დამცველის სიცოცხლე. დამარხვის დროის დადგომამდე, მისი სხეულის ნაწილები ძაღლებმა შეჭამეს, როგორც ნაწინასწარმეტყველები იყო (4 მეფეთა 9:30—37).

17. რომელი მოვლენების მოხდენის რწმენა უნდა განგვიმტკიცოს იზებელზე ღვთის განაჩენის შესრულებამ?

17 ასეთი საშინელი ბოლო ელის სიმბოლურ მეძავსაც, რომელსაც ბიბლიაში „დიდი ბაბილონი“ ეწოდება. „მეძავით“ წარმოდგენილია სატანის ქვეყნიერების ცრუ რელიგიები, რომლებიც დასაბამს ძველი ბაბილონიდან იღებენ. ცრუ რელიგიის განადგურების შემდეგ იეჰოვა ღმერთი ყურადღებას მიმართავს იმ ადამიანებისკენ, რომლებიც სატანის ქვეყნიერების დარჩენილ ნაწილს მიეკუთვნებიან. ისინიც განადგურდებიან და ეს გზას გაუკვალავს ახალ სამართლიან ქვეყნიერებას (გამოცხადება 17:3—6; 19:19—21; 21:1—4).

18. რა დაემართათ ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლებს იზებელის სიკვდილის შემდეგ?

18 მეფე იეჰუს არც იზებელის სიკვდილის შემდეგ დაუკარგავს დრო და მან ახაბის ყველა შთამომავალი და ძირითადი მხარდამჭერი დახოცა (4 მეფეთა 10:11). მაგრამ ქვეყანაში კიდევ იყვნენ დარჩენილნი ბაალის თაყვანისმცემელი ისრაელები. იეჰუმ კიდევ ერთი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა იმის საჩვენებლად, რომ ‘არ იწყნარებდა იეჰოვასადმი მეტოქეობას’ (4 მეფეთა 10:16, აქ). იმ საბაბით, რომ თითქოს თვითონაც ბაალის თაყვანისმცემელი იყო, იეჰუმ დიდი ზეიმი დაგეგმა ბაალის ტაძარში, რომელიც ახაბს ჰქონდა აშენებული სამარიაში. ზეიმზე მივიდა ყველა, ვინც ისრაელში ბაალს სცემდა თაყვანს. როდესაც ისინი ტაძარში იყვნენ შესულები, იეჰუს მსახურებმა ყველა უკლებლივ დახოცეს. ეს ბიბლიური ეპიზოდი შემდეგი სიტყვებით მთავრდება: „ასე გაანადგურა იეჰუმ ბაალი ისრაელში“ (4 მეფეთა 10:18—28, აქ).

19. რა დიდებული მომავალი ელით იეჰოვას ერთგულ თაყვანისმცემელ „უამრავ ხალხს“?

19 ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობას წერტილი დაესვა. ზუსტად ასე, მოულოდნელად და მწარედ მოეღება ბოლო ამ ქვეყნიერების ცრუ რელიგიებს. ვის მხარეზე იქნებით იმ დროს? ნუ დააყოვნებთ გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას და „დიდი გასაჭირის“ დროს თქვენ გექნებათ „უამრავ ხალხთან“ ერთად გადარჩენის შესაძლებლობა. შემდეგ კი სიამოვნებით გაიხსენებთ წარსულს და დიდებას მიაგებთ ღმერთს იმისათვის, რომ „აღასრულა განაჩენი დიდ მეძავზე, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი სიძვით“. სხვა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებთან ერთად თქვენც შეუერთდებით ამ ამაღელვებელ სიტყვებს: „ადიდეთ იაჰ, რადგან გამეფდა ჩვენი ღმერთი იეჰოვა, ყოვლისშემძლე“ (გამოცხადება 7:9, 10, 14; 19:1, 2, 6).

[სასწავლო კითხვები]

კითხვები დასაფიქრებლად

• როგორ გავრცელდა ძველ ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობა?

• რა იყო ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები განდგომილებასთან დაკავშირებით და როგორ შესრულდა ეს წინასწარმეტყველება?

• როგორ მოუღო ბოლო იეჰუმ ბაალის თაყვანისმცემლობას?

• რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ გადავრჩეთ ღვთის მიერ განაჩენის აღსრულების დროს?

[რუკა 25 გვერდზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

სოქო

აფეკი

ხელკათი

იოკნეამი

მეგიდო

თანახი

დოთანი

სამარია

ენ–დორი

შუნემი

ოფრა

იზრეელი

იბლეამი (გათ-რიმონი)

თირცა

ბეთ–შემეში

ბეთ-შეანი (ბეთ-შანი)

იაბეშ-გალაადი?

აბელ-მეჰოლა

არბელის სახლი

გალაადის რამოთი

[მთები]

მ. ქარმელი

მ. თაბორი

მორე

მ. გილბოა

[წყლები]

ხმელთაშუა ზღვა

გალილეის ზღვა

[მდინარე]

მდინარე იორდანე

[ჭა]

ხაროდის ჭა

[საავტორო უფლება]

Based on maps copyrighted by Pictorial Archive (Near Eastern History) Est. and Survey of Israel

[სურათები 26 გვერდზე]

სამეფოს შესახებ რეგულარულად ქადაგებას და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში.

[სურათი 28, 29 გვერდებზე]

ვისაც სურს გადარჩენა იეჰოვას დღეს, იეჰუს მსგავსად, დაუყოვნებლივ და გაბედულად უნდა იმოქმედოს.