ბიბლია იტალიურ ენაზე პრობლემებით აღსავსე ისტორია
ბიბლია იტალიურ ენაზე პრობლემებით აღსავსე ისტორია
„ბიბლია ჩვენს ქვეყანაში [იტალიაში] ყველაზე ფართოდ გავრცელებული წიგნია, მაგრამ მას, როგორც ჩანს, ყველაზე ნაკლებად კითხულობენ. კათოლიკეებს მაინცდამაინც არავინ მოუწოდებს, გაეცნონ ბიბლიას და თითქმის არავინ ეხმარება, რომ იკითხონ ის, როგორც ღვთის სიტყვა. არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ბიბლიასთან გაცნობა, მაგრამ ხშირად არ არის ისეთი ადამიანი, ვინც მათ ღვთის სიტყვას ასწავლის“.
ეს სიტყვები, რომლებიც 1995 წელს იტალიელ ეპისკოპოსთა შეხვედრაზე წარმოითქვა, მრავალ კითხვას ბადებს. რამდენად კითხულობდნენ იტალიაში ბიბლიას საუკუნეების წინათ? რატომ იყო ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნებთან შედარებით მცირე რაოდენობით ბიბლია? რატომ არის ბიბლია დღემდე იტალიაში წიგნი, რომელსაც ყველაზე ნაკლებად კითხულობენ? ამ კითხვებს ნათელს ჰფენს იტალიურ ენაზე ბიბლიის თარგმნის ისტორია.
საუკუნეები დასჭირდა ლათინურიდან რომანული ენების — ფრანგული, იტალიური, პორტუგალიური, ესპანური და სხვა ენების — განვითარებას. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ლათინურიდან განვითარებული ადგილობრივი ენები, რომლებზეც უბრალო ხალხი ლაპარაკობდა, თანდათანობით უფრო პოპულარული გახდა და მათ სწავლულებიც კი იყენებდნენ თავიანთ ნაშრომებში. ადგილობრივი ენების განვითარებამ უშუალო გავლენა იქონია ბიბლიის თარგმანებზეც. როგორ? იყო დრო, როდესაც ლათინურს (კათოლიკური ეკლესიის წმინდა ენას), ადგილობრივ ენებსა და დიალექტებს შორის განსხვავება იმდენად დიდი გახდა და ადგილობრივი ენები იმდენად დამკვიდრდა, რომ ლათინური უკვე გაუგებარი იყო იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც განათლება არ ჰქონდათ მიღებული.
ახ. წ. 1000 წლისთვის იტალიელთა უმრავლესობას, რომც ეშოვა ლათინური „ვულგატა“, უჭირდა მისი გაგება. საუკუნეების განმავლობაში განათლება სასულიერო პირთა ხელში იყო და ისინი ხელმძღვანელობდნენ იმ დროს არსებულ რამდენიმე უნივერსიტეტსაც. მხოლოდ პრივილეგირებულ უმცირესობას შეეძლო ლათინური ვულგატით სარგებლობა. ამიტომ ბიბლია თანდათანობით „უცნობი წიგნი“ გახდა. მაგრამ მრავალს სურდა, ჰქონოდა ღვთის სიტყვა მშობლიურ ენაზე და გაეგო ის.
მთლიანობაში, ეკლესია ეწინააღმდეგებოდა ბიბლიის თარგმანების გაკეთებას, რადგან შიშობდა, რომ ეს ეგრეთ წოდებული მწვალებლობის გავრცელებას შეუწყობდა ხელს. ისტორიკოს მასიმო ფირპოს სიტყვების თანახმად, ბიბლიის „მშობლიურ ენაზე გაკეთებული თარგმანის გამოყენება მოსპობდა ენობრივ ბარიერს, რომელიც სამღვდელოებას რელიგიურ საკითხებში დომინირების საშუალებას აძლევდა“. ამგვარად, კულტურული, რელიგიური და სოციალური ფაქტორები ედო საფუძვლად იმას, რომ იტალიაში ბიბლიური განათლება მოიკოჭლებდა, რაც ამ ქვეყანაში დღემდე შეინიშნება.
ბიბლიის პირველი არასრული თარგმანები
მე–13 საუკუნეში დაიწყეს ლათინურიდან იტალიურზე ბიბლიის პირველი თარგმანების გაკეთება. ასეთი არასრული თარგმანები გადაწერის საშუალებით ვრცელდებოდა და ძალიან ძვირი იყო. XIV საუკუნეში ბიბლიის თარგმანების რაოდენობა გაიზარდა და იტალიურ ენაზე ნათარგმნი იყო თითქმის მთელი ბიბლია, მაგრამ მისი ცალკეული წიგნები სხვადასხვა ადამიანის მიერ სხვადასხვა ადგილას იყო ნათარგმნი. ამ თარგმანთა უმეტესობა უცნობი მთარგმნელების მიერ იყო გაკეთებული და მას ფლობდნენ მდიდარი ან განათლებული ადამიანები, ვინაიდან მხოლოდ მათ ჰქონდათ ბიბლიის შესაძენად საკმარისი სახსრები. მაშინაც კი, როდესაც წიგნების ბეჭდვა დაიწყეს და, შედეგად, ბიბლიებზე ფასები შემცირდა, ისტორიკოს ჯილიოლა ფრანიტოს სიტყვების თანახმად, ბიბლიები მხოლოდ „უმცირესობისთვის იყო ხელმისაწვდომი“.
საუკუნეების განმავლობაში იტალიის მოსახლეობის დიდმა უმრავლესობამ წერა–კითხვა არ იცოდა. მაშინაც კი, როდესაც 1861 წელს იტალია გაერთიანდა, მოსახლეობის 74,7 პროცენტმა წერა-კითხვა არ იცოდა. აღსანიშნავია, რომ, როდესაც იტალიის ახალი მთავრობის მიერ შემუშავებულ იქნა კანონი, რომლის თანახმადაც, განათლება ყველასათვის უფასო და სავალდებულო უნდა ყოფილიყო, 1870 წელს პაპმა პიუს IX–მ მეფეს წერილი მისწერა და მოუწოდა, რომ წინ აღდგომოდა ამ კანონს, რომელიც მისი სიტყვების თანახმად, „შავი ჭირივით“ იმოქმედებდა და „ძირს გამოუთხრიდა კათოლიკურ სკოლებს“.
პირველი ბიბლია იტალიურ ენაზე
იტალიურ ენაზე პირველი სრული ბიბლია დაიბეჭდა ვენეციაში 1471 წელს, ევროპაში საბეჭდი დაზგის პირველად გამოყენებიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ. კამალდოლესელმა ბერმა, ნიკოლო მალერბიმ, რვა თვეში გამოსცა თავისი თარგმანი. მან, ძირითადად, უკვე არსებული თარგმანები გამოიყენა და ისინი ლათინური ვულგატის მიხედვით გადაამოწმა; აგრეთვე ზოგი სიტყვა ვენეციაში უფრო დამკვიდრებული სიტყვებით შეცვალა. მალერბის თარგმანი იყო იტალიურ ენაზე დაბეჭდილი პირველი ბიბლია, რომელმაც ამ ქვეყანაში ფართო გავრცელება ჰპოვა.
კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ბიბლიის თარგმანი ვენეციაში გამოსცა, ანტონიო ბრუჩოლი იყო. ის პროტესტანტული იდეების მომხრე ჰუმანისტი იყო, მაგრამ კათოლიკური ეკლესია არასოდეს დაუტოვებია. 1532 წელს ბრუჩოლიმ ბიბლია ებრაული და ბერძნული ენებიდან თარგმნა. ეს იყო პირველი ბიბლია, რომელიც დედნის ენებიდან იტალიურზე ითარგმნა. ეს თარგმანი ენის სილამაზით არ გამოირჩევა, მაგრამ ის ძალიან ახლოს არის ორიგინალთან, თუ მხედველობაში მივიღებთ იმასაც, რომ მაშინ ძველი ენების ცოდნა შეზღუდული იყო. ზოგ ადგილას და გამოცემაში ბრუჩოლიმ ღვთის სახელი აღადგინა და „იეოვად“ გადმოიტანა. დაახლოებით ერთი საუკუნის განმავლობაში მისი ბიბლია იტალიელ პროტესტანტებსა და განსხვავებული რელიგიური შეხედულების მქონე პირებს შორის ძალიან პოპულარული იყო.
გამოიცა სხვა იტალიური თარგმანებიც, რომლებიც ფაქტობრივად ბრუჩოლის თარგმანის გადამუშავებული ვერსიები იყო. მათგან ზოგი კათოლიკეებმა გამოსცეს. მაგრამ არც ერთი მათგანი არ გავრცელებულა მაინცდამაინც ფართოდ. 1607 წელს ჯოვანი დიოდატიმ, კალვინისტმა პასტორმა, რომლის მშობლებსაც რელიგიური დევნის ასარიდებლად შვეიცარიაში გაქცევა მოუწიათ, ჟენევაში გამოსცა დედნის ენებიდან ნათარგმნი კიდევ ერთი იტალიური ბიბლია. ამ თარგმანით საუკუნეების განმავლობაში სარგებლობდნენ იტალიელი პროტესტანტები. იმ პერიოდისთვის ის ბრწყინვალე იტალიურ თარგმანად ითვლებოდა. დიოდატის ბიბლია იტალიელებს ბიბლიური სწავლებების კარგად გაგებაში დაეხმარა. მაგრამ სასულიერო პირები ხელს უშლიდნენ ამ და სხვა თარგმანების გავრცელებას.
ბიბლია — „უცნობი წიგნი“
„კათოლიკურ ენციკლოპედიაში“ ნათქვამია: „ეკლესია ყოველთვის ასრულებდა თავის მოვალეობას — აკონტროლებდა, თუ რა წიგნები ვრცელდებოდა, მაგრამ საბეჭდი მანქანების გამოგონებამდე მას არ სჭირდებოდა აკრძალულ წიგნთა სიის შედგენა, რადგან საშიშად მიჩნეული ხელნაწერები იწვებოდა“. რეფორმაციის დაწყების შემდეგაც კი ევროპის რამდენიმე ქვეყნის სამღვდელოება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეეზღუდა ეგრეთ წოდებული მწვალებლური წიგნების გავრცელება. მნიშვნელოვანი ცვლილებები
1546 წელს ტრიენტის საეკლესიო კრების შემდეგ მოხდა. ამ კრებაზე განხილულ იქნა ადგილობრივ ენებზე ბიბლიის თარგმნასთან დაკავშირებული საკითხი. გამოიკვეთა ორი სრულიად განსხვავებული პოზიცია. ბიბლიის თარგმნის აკრძალვის მომხრეები აცხადებდნენ, რომ ამ წიგნის ჩვეულებრივი ხალხის ენაზე თარგმნა „ყოველგვარი მწვალებლობის სათავე იქნებოდა“. აკრძალვის მოწინააღმდეგეთა აზრით კი რეფორმატორი „მტრები“ კათოლიკურ ეკლესიას იმაში დაადანაშაულებდნენ, რომ მშობლიურ ენაზე ბიბლიის თარგმნის აკრძალვა „სიცრუისა და თაღლითობის“ დასაფარავად უნდოდათ.კრებამ შეთანხმებას ვერ მიაღწია და საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მაგრამ ისე გადაჭრით აღარ აცხადებდნენ, რომ უტყუარი იყო ვულგატა, რომელსაც კათოლიკური ეკლესია ფართოდ იყენებდა და იწონებდა. კარლო ბუძეტი, სალესიანის საეპისკოპოსო უნივერსიტეტის (რომი) მასწავლებელი, აღნიშნავს, რომ ვულგატას „უტყუარად“ გამოცხადება „ფაქტობრივად, იმ აზრის განვითარებას უწყობდა ხელს, რომ ის იყო ერთადერთი კანონიერი ბიბლია“. შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა ასეთი შეხედულება აღმოფხვრა.
1559 წელს პაპმა პავლე IV–მ პირველად გამოსცა აკრძალულ წიგნთა სია (საძიებელი); კათოლიკეებს ეკრძალებოდათ ამ სიაში შეტანილი ნაშრომების კითხვა, გაყიდვა, თარგმნა თუ ფლობა. ეს წიგნები ბოროტების წყაროდ და რწმენისა და ზნეობრივი სიწმინდისთვის საშიშად ითვლებოდა. საძიებელი კრძალავდა მშობლიურ ენაზე გამოცემული ბიბლიის თარგმანების, და მათ შორის ბრუჩოლის თარგმანის, კითხვას. ამ აკრძალვის დამრღვევთ ეკლესიიდან განკვეთდნენ. 1596 წლიდან კიდევ უფრო მკაცრ ზომებს მიმართავდნენ. აღარავის ეძლეოდა იტალიურ ენაზე ბიბლიის თარგმნისა თუ ბეჭდვის უფლება. ასეთი ბიბლიები უნდა განადგურებულიყო.
შედეგად, XVI საუკუნის მიწურულიდან ეკლესიის ეზოებში ბიბლიების დაწვა სულ უფრო და უფრო ხშირად ხდებოდა. ხალხისთვის საღვთო წერილი მწვალებლების წიგნი გახდა და ასეთი წარმოდგენა იტალიაში დღემდე არსებობს. მაშინ პირად თუ საჯარო ბიბლიოთეკებში არსებული თითქმის ყველა ბიბლია და ბიბლიური ნაშრომი გაანადგურეს. მომდევნო 200 წლის განმავლობაში არც ერთ კათოლიკეს ბიბლია იტალიურ ენაზე არ უთარგმნია. იმ პერიოდის განმავლობაში იტალიის ნახვარკუნძულზე კონფისკაციის შიშით, მალულად, მხოლოდ პროტესტანტი სწავლულების მიერ ნათარგმნ ბიბლიას კითხულობდნენ. ისტორიკოსი მარიო ჩინიონი ამბობს: „საუკუნეების განმავლობაში საერო პირები ბიბლიას საერთოდ არ კითხულობდნენ. ბიბლია თითქმის უცნობი წიგნი გახდა და მილიონობით იტალიელმა თავისი ცხოვრების გზა ისე განვლო, რომ ამ წიგნის ერთი გვერდიც კი არ წაუკითხავს“.
წინააღმდეგობა სუსტდება
მოგვიანებით, 1757 წლის 13 ივნისით დათარიღებული ბრძანებულებით ბენედიქტე XIV–მ ადრინდელი კანონი ოდნავ შეცვალა და ხალხს „ნება ეძლეოდა, წაეკითხათ ბიბლიის ის თარგმანები, რომლებსაც იწონებდა წმინდა ტახტი და გამოცემული იყო ეპისკოპოსთა ხელმძღვანელობით“. შედეგად, ანტონიო მარტინი, რომელიც მოგვიანებით ფლორენციის არქიეპისკოპოსი გახდა, ვულგატის თარგმნას შეუდგა. ამ თარგმანის პირველი ნაწილი 1769 წელს გამოვიდა, მთლიანი თარგმნა კი 1781 წელს დასრულდა. ერთი კათოლიკური წყაროს თანახმად, მარტინის ნამუშევარი იყო „პირველი თარგმანი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა განსაკუთრებულ ყურადღებას“. მანამდე კათოლიკეებს, რომლებმაც ლათინური არ იცოდნენ, არ ჰქონდათ ეკლესიის მიერ ნებადართული ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა. შემდგომი 150 წლის განმავლობაში მარტინის თარგმანი იყო ერთადერთი, რომლის კითხვაც არ ეკრძალებოდათ იტალიელ კათოლიკეებს.
დიდი გარდატეხა მოხდა ვატიკანის II საეკლესიო კრების შედეგად. 1965 წელს დოკუმენტში „Dei Verbum“ პირველად იყო მოცემული მოწოდება იმისკენ, რომ გაკეთებულიყო ბიბლიის „კარგი და ზუსტი თარგმანები . . . სხვადასხვა ენაზე, განსაკუთრებით კი წმინდა წერილების დედნებიდან“. რამდენიმე წლით ადრე, 1958 წელს, საეპისკოპოსო ბიბლიურმა ინსტიტუტმა გამოსცა „დედნებიდან გაკეთებული პირველი სრული კათოლიკური თარგმანი“. ამ თარგმანში რამდენიმე ადგილას აღდგენილი იყო ღვთის სახელი და „იაჰვედ“ იყო გადმოტანილი.
ბიბლიის იტალიური თარგმანების გამოცემის წინააღმდეგ ბრძოლამ სავალალო შედეგები გამოიღო და მისი გავლენა დღემდე იგრძნობა. როგორც ჯილიოლა ფრანიტო აღნიშნავს, ამან „მორწმუნეებს უნდობლობა გაუჩინა საკუთარი აზროვნებიდან გამომდინარე და სინდისის კარნახით გაკეთებული არჩევნის მიმართ“. გარდა ამისა, ხალხს თავს ახვევდნენ რელიგიურ ტრადიციებს და მრავალი კათოლიკე მათ უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, ვიდრე ბიბლიას. ყოველივე ამის გამო ხალხისთვის უცხო გახდა წმინდა წერილები, თუმცა წერა–კითხვა უკვე თითქმის ყველამ იცოდა.
მაგრამ იეჰოვას მოწმეთა სამქადაგებლო საქმიანობამ ბიბლიის იტალიური თარგმანისადმი ახლებური ინტერესი აღძრა. 1963 წელს იტალიურ ენაზე იეჰოვას მოწმეებმა გამოსცეს „ქრისტიანულ–ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. 1967 წელს კი ბიბლიის მთლიანი თარგმანი გახდა ხელმისაწვდომი. მხოლოდ იტალიაში ამ თარგმნის 4 000 000–ზე მეტი ეგზემპლარი გავრცელდა. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომლის მთელ ტექსტშიც აღდგენილია ღვთის სახელი იეჰოვა, იმით გამოირჩევა, რომ დედნიდან აზრები მაქსიმალური სიზუსტით არის გადმოტანილი.
იეჰოვას მოწმეები კარდაკარ დადიან, რათა წმინდა წერილები წაუკითხონ და მასში მოცემული იმედის შესახებ ამცნონ ყველას, ვისაც მოსმენის სურვილი აქვს (საქმეები 20:20). როდესაც იეჰოვას მოწმეებს შეხვდებით, სთხოვეთ, თქვენსავე ბიბლიაში გაჩვენონ, თუ რა არის ნათქვამი მომავლის შესახებ — სასწაულებრივი დაპირების შესახებ, რომ მალე ღმერთი შექმნის „ახალ დედამიწას“, რომელზეც „დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13).
[რუკა 13 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ვენეცია
რომი
[სურათი 15 გვერდზე]
ბრუჩოლის თარგმანში გვხვდება ღვთის სახელი „იეოვა“.
[სურათი 15 გვერდზე]
ბიბლიის იტალიური თარგმანები აკრძალული წიგნების სიაში იყო შეტანილი და საშიშ წიგნებად ითვლებოდა.
[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]
Bible title page: Biblioteca Nazionale Centrale di Roma
[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]
Brucioli’s translation: Biblioteca Nazionale Centrale di Roma; Index: Su concessione del Ministero per i Beni e le Attività Culturali