მექსიკაში დახმარებას უწევენ ჩინურ ენაზე მოლაპარაკეებს
მექსიკაში დახმარებას უწევენ ჩინურ ენაზე მოლაპარაკეებს
„ათი კაცი ყოველი ენის ხალხიდან, მოეჭიდება იუდაელის კალთებს და ეტყვიან: თქვენთან წამოვალთ, რადგან გაგებული გვაქვს, რომ თქვენთან არის ღმერთი“ (ზაქარია 8:23). დღეს ეს მნიშვნელოვანი წინასწარმეტყველება მთელ მსოფლიოში სრულდება. ადამიანები „ყოველი ენის ხალხიდან“ სულიერ ისრაელს არიან „მოჭიდებულნი“, რათა გაერთიანებულად სცენ თაყვანი იეჰოვა ღმერთს. იეჰოვას მოწმეები დაინტერესებულნი არიან ამ წინასწარმეტყველების შესრულებით. ბევრი მათგანი უცხო ენას სწავლობს, რათა მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა.
გამონაკლისს არც მექსიკაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ. ვარაუდობენ, რომ მექსიკაში 30 000 ადამიანი ჩინურ ენაზე ლაპარაკობს. მათგან თხუთმეტი დაესწრო 2003 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს, რომელიც მეხიკოში ჩატარდა. შედეგად, მექსიკაში მცხოვრებმა მოწმეებმა ჩინელებთან ქადაგების აუცილებლობა დაინახეს. უფრო მეტი მქადაგებელი იყო საჭირო, რათა ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ხალხისთვის დახმარება გაეწიათ. ამიტომ მექსიკელი მოწმეებისთვის სამთვიანი კურსი ჩამოყალიბდა, სადაც მარტივ შეთავაზებებს ასწავლიდნენ ჩინურ ენაზე. მეხიკოში ეს კურსი 25-მა მოწმემ გაიარა. გამოსაშვებ საღამოს დაესწრო ერთ-ერთი მაღალჩინოსანიც; ამ გამოშვებამ იქ დამსწრეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მექსიკაში არსებულმა ინსტიტუტმა, სადაც სწავლება ჩინურ ენაზე მიმდინარეობს, სამ წარჩინებულ სტუდენტს ენის გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ გამგზავრება შესთავაზა.
ენის კურსში პრაქტიკული სწავლებაც შედიოდა. რამდენიმე ძირითადი ფრაზის სწავლის შემდეგ სტუდენტებმა მაშინვე დაიწყეს ჩინურად ქადაგება საქმიან უბნებზე მეხიკოში. გულმოდგინე სტუდენტებმა 21 ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. მათთვის ძალიან დამხმარე იყო ბროშურა „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“, რომელშიც ჩინური იეროგოლიფები ლათინური ასოებით — პინინის სისტემით — იყო გადმოცემული.
როგორ ატარებდნენ ბიბლიის შესწავლებს მოწმეები, რომლებსაც ახალი დაწყებული ჰქონდათ ენის შესწავლა? თავიდან ისინი ამბობდნენ „ცინგ დუ“ [გთხოვთ, წაიკითხეთ], შემდეგ კი მიუთითებდნენ აბზაცზე და შეკითხვაზე. როცა პიროვნება წაიკითხავდა და ჩინურად უპასუხებდა, მოწმეები ეუბნებოდნენ „სე სე“ [გმადლობთ] და „ჰენ ჰაუ“ [ძალიან კარგი].
ასეთი სახით დაიწყეს შესწავლა ერთ ქალთან, რომელიც თავს ქრისტიანად თვლიდა. მესამე
შეხვედრის შემდეგ მოწმე დაინტერესდა, ნამდვილად ესმოდა თუ არა ქალს ის, რასაც კითხულობდა. მოწმემ მასთან მიიყვანა ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ძმა. როდესაც მან ქალს ჰკითხა, თუ ჰქონდა რაიმე შეკითხვა, ქალმა უპასუხა: „აუცილებელია მონათვლისთვის, რომ ცურვა ვიცოდე?“მალე წიგნის შესწავლა ჩამოყალიბდა, სადაც დამსწრეებს შორის, საშუალოდ, 9 ჩინურ ენაზე ლაპარაკობდა, ხოლო 23 ადგილობრივი მექსიკელი მოწმე იყო. მათ შორის ესწრებოდა ჩინელი ექიმი, რომელსაც ერთ-ერთმა პაციენტმა ესპანურ ენაზე მისცა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ ვინაიდან ესპანური არ იცოდა, ამა თუ იმ ადგილს სხვები უთარგმნიდნენ. როცა მან დაინახა, რომ ჟურნალები ბიბლიაზე იყო დაფუძნებული, პაციენტს ჰკითხა, შეეძლო თუ არა ჩინურ ენაზე პუბლიკაციების მიღება. მოწმემ მისთვის ჩინურ ენაზე ჟურნალები გამოიწერა; მექსიკის ფილიალის დახმარებით მას ჩინურ ენაზე მოლაპარაკე მოწმემ მიაკითხა. ჩინეთში ყოფნისას ექიმი ბიბლიას კითხულობდა, რომელიც დედამისს ჰქონდა. როცა მან მექსიკაში წასვლა გადაწყვიტა, დედამ უთხრა, რომ არ შეეწყვიტა ბიბლიის კითხვა. ექიმი ლოცულობდა, რომ ვინმეს დახმარებით უფრო მეტი გაეგო ღმერთის შესახებ ბიბლიიდან. მან თქვა: „ღმერთმა ისმინა ჩემი ლოცვები!“
წიგნის შესწავლას ასევე ესწრებოდა ჩინურ ენაზე მოლაპარაკე ოჯახი. მათ ბინა ნაქირავები ჰქონდათ მექსიკელი ქალისგან, რომელიც იეჰოვას მოწმეებთან სწავლობდა ბიბლიას. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს კარგად არ ესმოდა ესპანური, ისინი შესწავლას მაინც ესწრებოდნენ. მოწმეს სთხოვეს, ჩინურ ენაზე არსებული ნებისმიერი პუბლიკაციიდან მათთვის შესწავლა ჩაეტარებინა. მალე ოჯახმა ჩინურ ენაზე ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მათ ნათლობის და სხვა ჩინელ მოწმეებთან ერთად ქადაგების სურვილი გამოთქვეს.
ჩინური ენის სწავლა ადვილი არ არის. მიუხედავად ამისა, როგორც ზემოთ მოხსენიებული შემთხვევებიდან დავინახეთ, იეჰოვას დახმარებით, მექსიკაში მცხოვრები ჩინელების მსგავსად, ყოველი ენის ხალხი სწავლობს ღვთის ნებას მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში.
[სურათი 17 გვერდზე]
ჩინური ენის შემსწავლელი ჯგუფი მეხიკოში.
[სურათი 18 გვერდზე]
მექსიკელი იეჰოვას მოწმე ჩინურ ენაზე ატარებს ბიბლიის შესწავლას.
[სურათი 18 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები კარდაკარ ქადაგებენ ჩინურ ენაზე (მეხიკო).