შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?
შობა და ახალი წელი გაამართლებს თქვენს მოლოდინს?
„პეტრე დიდმა ბრძანება გასცა, რომ 1 იანვარს ყველა ეკლესიაში ახალი წლის აღსანიშნავი მსახურება ჩაეტარებინათ. გარდა ამისა, მან მოითხოვა, რომ სახლის კარის წირთხლები მარადმწვანე მცენარეთა ტოტებით მოერთოთ და მოსკოველებს სიხარულის ნიშნად ერთმანეთისთვის ახალი წელი მიელოცათ“ („პეტრე დიდი — მისი ცხოვრება და მოღვაწეობა“).
რას ელით ამ დღესასწაულებისგან? ბევრ ქვეყანაში ეს დღესასწაულები ტრადიციული ქრისტესშობით იწყება, რასაც ახალი წელი მოსდევს. ასე რომ, ეს პერიოდი საკმაოდ დიდხანს გრძელდება და დასვენების დღეებად ითვლება. ოჯახის წევრებს შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ დროის ერთად გასატარებლად. თუმცა ბევრი ამ პერიოდში ყველაზე მეტ ყურადღებას ქრისტეს განდიდებას აქცევს. შესაძლოა, თქვენც ფიქრობთ, რომ ამ დროს ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაც უნდა იყოს მიზეზი — ქრისტეს განდიდება, ოჯახთან ერთად სასიამოვნო დროის გატარება თუ ორივე ერთად — მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი მოუთმენლად ელის წელიწადის ამ დროს. წელს როგორ ჩაივლის ეს დღესასწაულები? მოუტანს ის ბედნიერებას თქვენს ოჯახს? იქნება ღვთისთვის მოსაწონი? თუ ოჯახის წევრები ერთად შეიკრიბებით, გაამართლებს ის თქვენს მოლოდინს? იმედს ხომ არ გაგიცრუებთ?
ბევრი, ვინც ფიქრობს, რომ შობა და ახალი წელი რელიგიურ ხასიათს უნდა ატარებდეს, ამჩნევს, რომ ხშირ შემთხვევაში ამ დროს ყურადღება სხვა რამეზე უფრო მახვილდება, ვიდრე ქრისტეზე. ბევრისთვის ეს დღესასწაულები საჩუქრების მიღების, ოჯახის წევრების ერთად შეკრების ან ისეთი წვეულებების გამართვის დროა, რომლებიც ქრისტეს არ განადიდებს. ხშირად ასეთ წვეულებებზე გადაჭარბებულად სვამენ, რასაც შეიძლება ოჯახის წევრებს შორის შეკამათება და სერიოზული ჩხუბიც კი მოჰყვეს. ალბათ, ეს თქვენთვის სიახლე არ არის და, შესაძლოა, თავადაც ყოფილხართ მსგავს სიტუაციაში.
როგორც ჩანს, ძალიან ცოტა რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც პეტრე დიდმა დასაწყისში მოხსენიებული ბრძანება გამოსცა. თანამედროვე ტენდენციის შემხედვარე ბევრ ადამიანს სურს, დროის ეს პერიოდი ქრისტეს განდიდებასა და ოჯახის წევრებს შორის ჯანსაღ ურთიერთობას დაუთმოს. ზოგი ხმამაღლა გამოხატავს თავის უკმაყოფილებას და ხალხს შეახსენებს, რომ ამ დღესასწაულის მთავარი მიზეზი იესო ქრისტეა. შეიძლება მათ მცდელობას კარგი შედეგი მოჰყვეს? ნამდვილად მოუტანს ეს იესოს დიდებას? ღირს, რომ გავეცნოთ განსხვავებულ შეხედულებებს ამ დღესასწაულებთან დაკავშირებით?
დამაკმაყოფილებელი პასუხების მისაღებად, შობასა და ახალ წელს იმ ადამიანების თვალით შევხედოთ, რომლებიც წლის ამ პერიოდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.