არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?

შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?

შობა და ახალი წელი რას უფრო მეტად ექცევა ყურადღება?

მილიონობით ადამიანისთვის შობა და ახალი წელი ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან შეკრებისა და დროის მხიარულად გატარების პერიოდია. სხვები კი ფიქრობენ, რომ ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იესო ქრისტეს დაბადებას და იმას, რაც მან კაცობრიობის გადასარჩენად გააკეთა. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, რუსეთში შობის დღესასწაულს ხალხი ყოველთვის თავისუფლად ვერ აღნიშნავდა. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია შობას საუკუნეების განმავლობაში ზეიმობდა, მაგრამ მეოცე საუკუნის უმეტეს პერიოდში ეს დღესასწაული აკრძალული იყო. რამ განაპირობა ასეთი ცვლილება?

1917 წლიდან, დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლებამ მთელ ქვეყანაში ათეისტური პოლიტიკის გატარება დაიწყო. შობა და ახალი წელი რელიგიური ხასიათის გამო კრიტიკის საგნად იქცა. ქვეყანაში შობისა და ახალი წლის საწინააღმდეგო პროპაგანდა წამოიწყეს და საჯაროდაც კი გმობდნენ ამ დღესასწაულებთან დაკავშირებულ ისეთ ტრადიციულ სიმბოლოებს, როგორიცაა საშობაო ნაძვის ხე და თოვლის პაპა.

1935 წლიდან რუსებმა ამ დღესასწაულების აღნიშვნა ახლებურად დაიწყეს. საბჭოთა ხელისუფლებამ აღადგინა ახალი წლის დღესასწაული და კვლავ დააბრუნა ნაძვის ხე და თოვლის პაპა, მაგრამ ახალ ამპლუაში. თოვლის პაპა საჩუქრებს შობას კი აღარ მიუტანდა ბავშვებს, არამედ ახალ წელს; ხოლო საშობაო ნაძვის ხის ნაცვლად, საახალწლო ნაძვის ხე დაიდგმებოდა. ამგვარად, საბჭოთა კავშირში ახალი წლის დღესასწაულმა შობის დღესასწაული დაჩრდილა.

შობამ და ახალმა წელმა მთლიანად დაკარგა რელიგიური მნიშვნელობა და არარელიგიურ დღესასწაულად იქცა. საახალწლო ნაძვის ხეს რელიგიურის ნაცვლად ისეთი ფიგურებით რთავდნენ, რომლებიც საბჭოთა კავშირში მიღწეულ წარმატებებს ასახავდა. რუსულ ჟურნალ „ვოკრუგ სვეტაში“ ნათქვამია: „საბჭოთა პერიოდის სხვადასხვა წლებში დამზადებული საახალწლო ნაძვის ხის მოსართავები კომუნისტური საზოგადოების შენების ისტორიას გაგახსენებთ. სათამაშო ბაჭიებთან, ყინულის ლოლოებთან და პურის კვერებთან ერთად, ნამგლის, უროსა და ტრაქტორის ფორმის საახალწლო მოსართავები იყიდებოდა. მოგვიანებით ისინი მაღაროელების, კოსმონავტების, ნავთობის საბურღი მანქანების, რაკეტებისა და მთვარემავლების ფიგურებმა შეცვალა“.

რაც შეეხება შობას, ის დღესასწაულად აღარ ითვლებოდა. საბჭოთა ხელისუფლებამ ეს დღე ჩვეულებრივ სამუშაო დღედ გამოაცხადა. მას, ვისაც მაინც სურდა შობის დღესასწაულის აღნიშვნა, ეს ჩუმად უნდა გაეკეთებინა, რათა ხელისუფლების უკმაყოფილება არ გამოეწვია და არასასურველი შედეგები თავიდან აეცილებინა. ამგვარად, XX საუკუნის რუსეთში შობამ საერთოდ დაკარგა რელიგიური ხასიათი.

ახლო წარსულში მომხდარი ცვლილება

1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხალხმა უფრო მეტი თავისუფლება მოიპოვა. ათეისტური პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა. ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ ქვეყნებში, ძირითადად, ეკლესია სახელმწიფოსგან გამოყოფილი იყო. ბევრ მორწმუნეს საშუალება მიეცა, თავისუფლად მიჰყოლოდა თავის რელიგიურ აღმსარებლობას. მათი აზრით, რწმენის გამოხატვის ერთ-ერთი საშუალება შობის დღესასწაულის აღნიშვნა იქნებოდა. მაგრამ მალე ბევრს იმედები გაუცრუვდა. რატომ?

დროთა განმავლობაში შობის დღესასწაული უფრო და უფრო კომერციულ ხასიათს იღებდა. ფაქტობრივად, ისევე როგორც დასავლეთში, რუსეთშიც შობის დღესასწაული ფულის შოვნის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად იქცა მეწარმეებისთვის, კომერსანტებისა და ბითუმად მოვაჭრეებისთვის. წინასადღესასწაულო პერიოდში მაღაზიების ვიტრინები საშობაო მოსართავებით ირთვება; ისმის დასავლური სტილის საშობაო მუსიკა და სიმღერები, რაც ადრე უცხო იყო რუსეთისთვის. მატარებლებსა და სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამყიდველები საშობაო და საახალწლო სუვენირებით სავსე ჩანთებს დაატარებენ და მგზავრებს თავიანთ საქონელს სთავაზობენ. აი, ასეთ სურათს იხილავთ დღეს რუსეთში შობის პერიოდში.

ისინიც კი, რომლებიც ცუდს ვერაფერს ხედავენ იმაში, რომ ამ დროს კომერციული სულია გამეფებული, შესაძლოა დღესასწაულების თანმხლებმა ისეთმა ფაქტორებმა გააღიზიანოთ, როგორიცაა ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება და მისი საზიანო შედეგები. მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების მიმღებში მომსახურე ექიმმა აღნიშნა: „ახალი წლის პერიოდში უამრავი პაციენტი გვყავს სხეულის მსუბუქი დაზიანებითა თუ დანით ან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სერიოზული ჭრილობებით. ასეთი შემთხვევები ხშირად ოჯახური ძალადობის, სიმთვრალეში მომხდარი ჩხუბის ან ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგია“. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ერთმა უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა თქვა: „ამ პერიოდში სმის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები საგრძნობლად იზრდება. ამ მხრივ 2000 წელი განსაკუთრებით გამოირჩეოდა. ასევე მოიმატა მკვლელობებისა და თვითმკვლელობების რიცხვმა“.

სამწუხაროდ, ამ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ერთი ფაქტორი. გაზეთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით „რუსები შობას ორჯერ ზეიმობენ“, ნათქვამია: «რუსეთში თითქმის ყოველი მეათე ადამიანი შობას ორჯერ ზეიმობს. როგორც ერთ-ერთი სოციოლოგიური სამსახური [„რომირ-მონიტორინგი“] იუწყება, რესპოდენტთა 8 პროცენტმა თქვა, რომ შობას 25 დეკემბერსაც ზეიმობს (კათოლიკური საეკლესიო კალენდრის მიხედვით) და 7 იანვარსაც (მართლმადიდებლური კალენდრის მიხედვით) . . . როგორც ჩანს, ზოგისთვის შობის დღესასწაულის აღნიშნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი რელიგიური ხასიათი» *.

განადიდებს ქრისტეს ამ დღესასწაულებისადმი ხალხის დამოკიდებულება?

აშკარაა, რომ ამ დღესასწაულებს თან სდევს ისეთი საქმეები, რაც ღმერთს არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, ზოგი ფიქრობს, რომ შობა და ახალი წელი ღვთისა და ქრისტეს პატივსაცემად მაინც უნდა აღინიშნებოდეს. ღვთის განდიდების სურვილი თავისთავად შესანიშნავი რამ არის. მაგრამ საინტერესოა, თავად ღმერთსა და ქრისტეს თუ მოსწონთ ამგვარი დღესასწაულები? განვიხილოთ მათი წარმოშობის ისტორია.

როგორი დამოკიდებულებაც უნდა ჰქონოდათ შობის დღესასწაულისადმი საბჭოთა კავშირში, „დიდ საბჭოთა ენციკლოპედიაში“ მოყვანილ ისტორიულ ფაქტებს ვერ უარვყოფთ. მასში ნათქვამია: «შობა . . . გადმოღებულია ისეთი ღვთაებების თაყვანისცემიდან, რომლებიც „კვდებოდნენ და ცოცხლდებოდნენ“. ქრისტიანობამდელ პერიოდში ასეთი თაყვანისცემა განსაკუთრებით იმ ერებში იყო გავრცელებული, რომლებიც მიწათმოქმედებას მისდევდნენ. ისინი ყოველწლიურად 21—25 დეკემბერს ზეიმობდნენ ზამთრის მზებუდობასთან დაკავშირებულ დღესასწაულს — ღმერთ-მხსნელის „დაბადებას“, რომელიც ბუნებას აღვიძებდა».

შესაძლოა თქვენთვის საინტერესო იყოს ენციკლოპედიაში მოხსენიებული შემდეგი სიტყვებიც: „ქრისტიანობისთვის ადრეულ საუკუნეებში შობის დღესასწაული უცხო იყო . . . მეოთხე საუკუნის მეორე ნახევარში ქრისტიანებმა მითრას თაყვანისმცემლობიდან გადმოიღეს ზამთრის მზებუდობის დღესასწაული და ის შობის დღესასწაულად აქციეს. შობას თავდაპირველად რომში აღნიშნავდნენ. რუსეთში შობის დღესასწაული მეათე საუკუნეში ქრისტიანობასთან ერთად გავრცელდა. შობა წინაპართა სულების მოსახსენებელ ზამთრის დღესასწაულს შეერია, რომელსაც ძველი სლავები აღნიშნავდნენ“.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „განა ღვთის სიტყვაში არ წერია, რომ იესო 25 დეკემბერს დაიბადა?“ სინამდვილეში, ბიბლია არაფერს ამბობს ქრისტეს დაბადების თარიღზე. არც ქრისტეს გაუმახვილებია ამაზე ყურადღება. უფრო მეტიც, მოწაფეებისთვის იესოს არ დაუვალებია თავისი დაბადების დღის აღნიშვნა. მიუხედავად ამისა, ბიბლიის მეშვეობით შესაძლებელია ქრისტეს დაბადების დროის გამოთვლა.

მათეს სახარების 26-ე და 27-ე თავების თანახმად, იესო ძელზე ახ. წ. 33 წლის 14 ნისანის დასასრულს გააკრეს, როდესაც ებრაელები პასექს დღესასწაულობდნენ. ეს დღე, ჩვენი კალენდრის მიხედვით, 31 მარტის საღამოს დაიწყო. ლუკას სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო დაახლოებით 30 წლის იყო, როცა მოინათლა და მსახურება დაიწყო (ლუკა 3:21—23). მისი მსახურება სამ წელიწად-ნახევარი გაგრძელდა. ესე იგი, როცა იესო მოკლეს, ის დაახლოებით 33 წლისა და ექვსი თვის იყო. ახ. წ. 33 წლის 1 ოქტომბრისთვის ის 34 წლის გახდებოდა. მოწაფე ლუკა გვატყობინებს, რომ იესოს დაბადების დროს „მწყემსები იყვნენ ველად და ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ“ (ლუკა 2:8). მწყემსები თავიანთ ფარასთან ერთად დეკემბრის სუსხიან ამინდში გარეთ ვერ იქნებოდნენ. ბეთლემის შემოგარენში წელიწადის ამ დროს შესაძლოა მოეთოვა კიდეც. 1 ოქტომბრისთვის კი მწყემსების გარეთ ყოფნა შესაძლებელი იყო. ფაქტები მეტყველებს, რომ იესო სწორედ ამ დროს დაიბადა.

რა შეიძლება ითქვას ახალ წელზე? როგორც დავინახეთ, ამ დღესასწაულს ხშირად თან ახლავს მიუღებელი მოქმედებები. ამასთან ერთად, ახალი წლის დღესასწაულის წარმოშობაც საკმაოდ საეჭვოა, მიუხედავად იმისა, რომ ყოველმხრივ ცდილობდნენ მისი რელიგიური ხასიათის დაფარვას.

აშკარაა, რომ წარმოდგენილი ფაქტების საფუძველზე აზრი ეკარგება იმის ხმამაღლა გაცხადებას, რომ ამ დღესასწაულის მთავარი მიზეზი იესოა. თუ აღშფოთებული ხართ იმ მიუღებელი მოქმედებებითა და კომერციით, რაც შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს ახლავს თან, ასევე მათი წარმოშობის წარმართული ისტორიით, გულს ნუ გაიტეხთ. არსებობს ღვთისა და იესოს განდიდების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა, რაც ოჯახური კვანძების გაძლიერებაშიც დაგეხმარებათ.

ღვთისა და იესოს განდიდების გაცილებით უკეთესი შესაძლებლობა

ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტე იმისთვის მოვიდა, რომ „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაეღო (მათე 20:28). მან ჩვენი ცოდვებისთვის ნებაყოფლობით გაიღო საკუთარი სიცოცხლე. ზოგი, ვისაც ქრისტეს განდიდების სურვილი აქვს, შესაძლოა ფიქრობს, რომ შობის დღესასწაულზე ამის გაკეთების შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევა. მაგრამ, როგორც დავინახეთ, შობასა და ახალ წელს, ფაქტობრივად, არაფერი აქვს საერთო ქრისტესთან. ეს დღესასწაულები სათავეს წარმართული დღესასწაულებიდან იღებს. ამასთანავე, თუმცა შობა და ახალი წელი ზოგისთვის ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავია, ისინი კომერციული სულითაა გაჟღენთილი. არც იმაზე უნდა დავხუჭოთ თვალი, რომ ამ დღესასწაულებს თან სდევს სამარცხვინო საქმეები, რაც შეურაცხყოფს ღმერთსა და ქრისტეს.

როგორ უნდა მოიქცეს პიროვნება, თუ სურს, ღმერთს ასიამოვნოს? ნაცვლად იმისა, რომ მიჰყვეს ადამიანთა ტრადიციებს — რომლებიც, ერთი შეხედვით, რელიგიურ ხასიათს ატარებს, მაგრამ ბიბლიასთან საერთო არაფერი აქვს — გულწრფელი პიროვნება ეცდება გაიგოს ღვთისა და იესოს განდიდების სწორი გზა. როგორ შეიძლება ამის გაგება და რის გაკეთება გვმართებს?

იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). დიახ, გულწრფელი ადამიანი შეეცდება, მიიღოს საფუძვლიანი ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ მიაგოს პატივი ღმერთსა და ქრისტეს. შემდეგ კი მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში გამოიყენებს, არა მხოლოდ წელიწადის რომელიმე განსაკუთრებულ პერიოდში, არამედ ყოველდღიურად. ღმერთი ძალიან აფასებს ასეთ გულწრფელ ძალისხმევას, რასაც მარადიული სიცოცხლე მოაქვს.

გსურთ, თქვენი ოჯახი მათ შორის იყოს, რომლებიც ღმერთსა და ქრისტეს ბიბლიური ცოდნის საფუძველზე განადიდებენ? იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში მილიონობით ოჯახს დაეხმარნენ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიბლიური ცოდნის შეძენაში. შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთან ახლოს მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს ან მისწეროთ მათ ამ ჟურნალის მე-2 გვერდზე მითითებულ მისამართზე.

[სქოლიოები]

^ აბზ. 11 რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციამდე იულიუსის კალენდარს იყენებდნენ, მაშინ როდესაც მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში გრიგორიანული კალენდარი ჰქონდათ. 1917 წელს იულიუსის კალენდარი 13 დღით ჩამორჩებოდა გრიგორიანულს. რევოლუციის შემდეგ საბჭოთა მთავრობაც გრიგორიანულ კალენდარზე გადავიდა. მაგრამ მართლმადიდებელი ეკლესია რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნას იულიუსის კალენდრის მიხედვით, ძველი სტილით განაგრძობდა. ამიტომ რუსეთში შობას 7 იანვარს აღნიშნავენ. გრიგორიანული კალენდრის მიხედვით 7 იანვარი იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს შეესატყვისება. აქედან გამომდინარე, რუსეთში შობისა და ახალი წლის დღესასწაულებს მრავალი ადამიანი შემდეგნაირად აღნიშნავს: 25 დეკემბერი — კათოლიკური შობა; 1 იანვარი — ახალი წელი; 7 იანვარი — მართლმადიდებლური შობა; 14 იანვარი — ახალი წელი ძველი სტილით.

[ჩარჩო⁄სურათი 7 გვერდზე]

საიდან იღებს სათავეს ახალი წელი?

ციტატა ქართველი დეკანოზის სიტყვებიდან

„ახალი წლის შეხვედრის დღესასწაული მომდინარეობს ძველი რომის წარმართულ დღესასწაულთა რიგიდან. 1 იანვარს იყო წარმართული ღვთაება იანუსის დღესასწაული და თვის [იანვარი] სახელწოდებაც მისი სახელიდან მომდინარეობს. კერპ იანუსის გამოსახულებას ურთიერთსაპირისპირო მხარეს მიმართული ორი პირისახე ჰქონდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი წარსულშიც იყურებოდა და მომავალშიც. არსებობდა თქმულება, რომ, ვინც 1 იანვარს მხიარული დროსტარებით, სიცილ-კისკისით და უხვი დოვლათით შეხვდებოდა, ასევე ბედნიერად და კეთილდღეობით გაატარებდა მთელ იმ წელიწადსაც. ზუსტად იგივე ცრურწმენა დღესაც ახლავს ახალი წლის დღესასწაულს მრავალი ჩვენი თანამემამულისათვის . . . ზოგიერთი წარმართული დღესასწაულის დროს ადამიანებს პირდაპირ სწირავდნენ მსხვერპლად კერპს; ზოგიერთი გამოირჩეოდა აღვირახსნილი ორგიებით, სიძვა-მრუშობით, სხვა დროს კი, მაგალითად, იანუსის დღესასწაულზე, იყო უზომო ჭამა-სმა, ლოთობა და ყველა ის სიბილწე, რაც ამას მოსდევს . . . თუ საკუთარ თავს გავიხსენებთ, ახალი წლის შეხვედრის დღეებში, უნდა ვაღიაროთ, რომ ყველას მიგვიღია მონაწილეობა ამ წარმართულ დღესასწაულში“ („ახალი 7 დღე“, 21—27 დეკემბერი, 2001 წელი).

[სურათი 6 გვერდზე]

ქრისტიანულმა სამყარომ მითრას თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებული ჩვეულებები შეითვისა.

[საავტორო უფლება]

Museum Wiesbaden

[სურათი 7 გვერდზე]

მწყემსები თავიანთ ფარასთან ერთად ზამთრის სუსხიან ამინდში გარეთ ვერ იქნებოდნენ.