არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მათ გული გაუხარეს მშობლებს

მათ გული გაუხარეს მშობლებს

მათ გული გაუხარეს მშობლებს

„ჩემო შვილო! თუ დაბრძენდება შენი გული, გაიხარებს ჩემი გულიც“ (იგავები 23:15). მართლაც, ქრისტიან მშობლებს გული სიხარულით აქვთ სავსე, როდესაც მათი შვილები ღვთიურ სიბრძნეს იძენენ. 2005 წლის 10 სექტემბერს, შაბათს, სხვადასხვა ეროვნების 6 859 ადამიანი დაესწრო „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ 119-ე კლასის გამოსაშვებ საღამოს. ყველანი უდიდეს სიხარულს განიცდიდნენ, განსაკუთრებით კი 56 კურსდამთავრებულის მშობლები.

ძმა დეივიდ უოლკერმა, რომელიც დიდი ხანია შეერთებული შტატების ბეთელში მსახურობს, პროგრამის დასაწყისში გულში ჩამწვდომი ლოცვა წარმოთქვა. შემდეგ გამოსაშვები საღამოს თავმჯდომარემ, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, დეივიდ სპლეინმა გალაადის კურსდამთავრებულების მშობლებს მიმართა: „თქვენ გულწრფელ შექებას იმსახურებთ. თქვენი ვაჟები და ქალიშვილები თქვენ მიერ ჩანერგილმა თვისებებმა აღძრა, მისიონერული მსახურება დაეწყოთ“. მშობლები შესაძლოა წუხან იმის გამო, რომ მათი შვილები მალე შორეულ ქვეყნებში გაემგზავრებიან. ამიტომ ძმა სპლეინმა მშობლები ანუგეშა: „ნუ წუხხართ თქვენს შვილებზე. იეჰოვა უკეთესად იზრუნებს მათზე“. შემდეგ კი აღნიშნა: „დაფიქრდით, თქვენი ვაჟები და ქალიშვილები რამდენად სასარგებლო საქმეს გააკეთებენ. პრობლემებისგან დათრგუნული ადამიანები ცხოვრებაში პირველად მიიღებენ ნამდვილ ნუგეშს“.

როგორ გაუზიარონ კვლავაც სხვებს სიხარული?

თავმჯდომარემ წარადგინა ოთხი მომხსენებელი. ერთ-ერთი იყო შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრი რალფ უოლსი, რომელმაც წარმოთქვა მოხსენება „შეინარჩუნეთ სულიერი ხედვა!“ მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სულიერი სიბრმავე უფრო ცუდია, ვიდრე ფიზიკური. პირველ საუკუნეში ლაოდიკეის კრებაში სულიერი ხედვა დაკარგეს; მათ დახმარება აღმოუჩინეს. თუმცა უკეთესია, ყოველთვის შევინარჩუნოთ სულიერი ხედვა და თავიდან ავიცილოთ სულიერი სიბრმავე (გამოცხადება 3:14—18). მომხსენებელმა აღნიშნა: „შეინარჩუნეთ სულიერი ხედვა და ისე შეხედეთ პასუხისმგებელ ძმებს, როგორც იეჰოვა უყურებს მათ“. „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულები მეტისმეტად არ უნდა წუხდნენ, როცა კრებაში პრობლემები იჩენს თავი. უფალი იესო ქრისტე ხედავს ყოველივე ამას. ის იზრუნებს, რომ ეს საკითხები თავის დროზე მოგვარდეს.

შემდეგმა მომხსენებელმა, ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ძმა სამუელ ჰერდმა დასვა კითხვა „მზად ხართ?“ როგორც მგზავრისთვისაა აუცილებელი სათანადო ტანისამოსი, ასევე „გალაადის“ სკოლის კურსდამთავრებულისთვისაა საჭირო ახალი პიროვნებით ანუ თვისებებით შემოსვა. ისინი ქრისტეს მსგავსად თანაგრძნობას უნდა ავლენდნენ. როდესაც კეთროვანმა უთხრა იესოს: „თუკი გსურს, შეგიძლია ჩემი განწმენდა“, იესომ უპასუხა: „მსურს, განიწმინდე!“ (მარკოზი 1:40—42). შემდეგ მომხსენებელმა თქვა: „თუ გსურთ, დაეხმაროთ ხალხს, ამისთვის გამონახავთ შესაძლებლობებს“. ფილიპელების 2:3 მოუწოდებს ქრისტიანებს, „სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ ჩათვალონ. ძმა ჰერდმა აღნიშნა: „თავმდაბლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცოდნა. კრებაში და-ძმებს თუ სხვებს, ვისთანაც ქადაგებთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუტანს სარგებლობას თქვენი ცოდნა, თუ თავმდაბლობას ავლენთ“. მან დასკვნაში აღნიშნა, რომ სტუდენტები თუ გააგრძელებენ ქრისტიანული სიყვარულით შემოსვას, ისინი მზადყოფნით გაეშურებიან დავალების შესასრულებლად და დარწმუნებულნი იქნებიან, რომ წარმატებებს მიაღწევენ (კოლოსელები 3:14).

სკოლა „გალაადის“ ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა მარკ ნიუმარმა დააფიქრა მსმენელები მოხსენების სახელწოდებით „შეინარჩუნებთ მას?“ „მას“-ში იგულისხმება იეჰოვას სიკეთისადმი ჩვენი მადლიერება. ფსალმუნების 102:2-ში ნათქვამია: „ადიდე, სულო ჩემო, უფალი, და ნუ დაივიწყებ რაც კეთილი გიყო!“ ისრაელებს ღვთის მიერ მიცემულმა მანანამ სიცოცხლე შეუნარჩუნა, თუმცა მადლიერების გამოვლენის ნაცვლად, მას „უვარგისი საჭმელი“ უწოდეს (რიცხვნი 21:5). დრო გადიოდა, მანანა კვლავაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, თუმცა ისრაელებს მის მიმართ დამოკიდებულება არ შეუცვლიათ. მასწავლებელმა თქვა: „თუ იეჰოვას სიკეთეს დაივიწყებთ და დაუშვებთ, მისიონერული მსახურება ჩვეულებრივ საქმედ გექცეთ, ეს დავალების შესრულებაზე მოახდენს გავლენას“. ფსალმუნების 102:4-ში [103:4, აქ]  ნათქვამია, რომ იეჰოვა „სიკეთის გვირგვინს გვადგამს“. „გალაადის“ კურსდამთავრებულები ახალ კრებებში საკუთარ თავზე გამოცდიან ღვთის სიკეთეს.

სკოლის ინსტრუქტორმა ლორენს ბოუენმა იმსჯელა თემაზე „გადმოვა თქვენზე კურთხევები?“ მან აღნიშნა, რომ 119-ე კლასის სტუდენტებმა თავდაუზოგავად იშრომეს, რათა წარმატებული მისიონერები იყვნენ. ახლა კი საჭიროა ისინი იეჰოვასა და მისი დავალების ერთგულნი დარჩნენ. გამოცხადების 14:1—4-ის თანახმად, 144 000-ის წევრები „ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც უნდა წავიდეს“. ცხებულები სხვადასხვა სირთულეების მიუხედავად, ერთგულად ემსახურებიან იეჰოვას და მის ძეს, და მიზანს აღწევენ. „რაც უნდა მოხდეს, ჩვენც ერთგულად უნდა ვემსახუროთ იეჰოვას და ერთგულად შევასრულოთ მისი დავალება“, — თქვა მომხსენებელმა. ასე მოქცევით „გალაადის“ კურსდამთავრებულები დაინახავენ, თუ როგორ „გადმოვა“ მათზე იეჰოვას კურთხევები (მეორე რჯული 28:2).

ისინი ნაყოფს მოიმკიან

სტუდენტები „გალაადში“ სწავლის პერიოდში ყოველი კვირის ბოლოს სამქადაგებლო მსახურებაში მონაწილეობდნენ. სკოლის მდივანი უოლეს ლივერანსი ესაუბრა სტუდენტებს. აშკარა გახდა, რომ მათ წარმატებით გაართვეს თავი მსახურებას. ისინი სულ მცირე ათ ენაზე ქადაგებდნენ სასიხარულო ცნობას და რამდენიმე ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ერთმა წყვილმა ჩინელ მამაკაცთან დაიწყო შესწავლა. ორი მონახულების შემდეგ მათ ჰკითხეს მამაკაცს, თუ რას გრძნობდა, იეჰოვას რომ ეცნობოდა. მან გადაშალა ბიბლია და სთხოვა მათ, იოანეს 17:3 ამოეკითხათ; მამაკაცმა თქვა, რომ გრძნობდა, სიცოცხლის გზაზე იდგა.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ენტონ მორისმა ინტერვიუ აიღო სამი ძმისგან, რომლებიც დომინიკელთა რესპუბლიკის, ეკვადორისა და კოტ-დივუარის ფილიალის კომიტეტებში მსახურობენ. მათ „გალაადის“ კურსდამთავრებულებს უთხრეს, რომ ფილიალის კომიტეტები მოუთმენლად ელოდებიან მათ ჩასვლას; ისინი ახალ დავალებასთან შეგუებაში დაეხმარებოდნენ.

შემდეგ შეერთებული შტატების ბეთელის წევრი ლეონარდ პირსონი ესაუბრა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, პაპუა-ახალი გვინეისა და უგანდის ფილიალის კომიტეტის წევრებს. ამ ძმებმა მოუწოდეს კურსდამთავრებულებს, სრულად მიეღოთ მონაწილეობა სამქადაგებლო მსახურებაში. ერთი მისიონერი წყვილის დახმარებით, რომელიც 21 წელზე მეტია კონგოში მსახურობს, 60-მა ადამიანმა მიუძღვნა თავი იეჰოვას და მოინათლა. ამ წყვილს ამჟამად 30 შესწავლა აქვს; ოცდაორი შემსწავლელი ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრება. როცა ასეთი სულიერი მკა მიმდინარეობს, მართლაც, მისიონერად მსახურებისთვის დღეს შესანიშნავი დროა.

დრო არ ითმენს!

დასკვნითი მოხსენებით გამოვიდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ძმა გერიტ ლოში. მოხსენების სახელწოდება იყო „ისაუბრეთ ღვთის შესახებ და დაამოწმეთ იესოს შესახებ უფლის დღეს“. სიტყვები „მოწმე“, „მოწმეები“ და „დამოწმება“ წიგნ „გამოცხადებაში“ 19-ჯერ გამოიყენება. ამგვარად, იეჰოვა ნათლად მიუთითებს იმ დავალების შესახებ, რომელიც სურს, რომ მისმა მსახურებმა შეასრულონ. როდის უნდა დავამოწმოთ? „უფლის დღის“ დროს (გამოცხადება 1:9, 10). ეს დღე დაიწყო 1914 წელს და ჩვენს დროშიც გრძელდება. გამოცხადების 14:6, 7-ის თანახმად, ღვთის შესახებ დამოწმებაში ანგელოზები გვეხმარებიან. როგორც გამოცხადების 22:17 გვიჩვენებს, იესოს შესახებ დამოწმების საქმეზე პასუხისმგებლობა მინდობილი აქვს ცხებულთა დარჩენილ ნაწილს. თუმცა ყველამ უნდა ვისარგებლოთ იმით, რომ ქადაგება გვაქვს მონდობილი. მე-20 მუხლში იესო ამბობს: „მალე მოვალ“. ძმა ლოშმა მოუწოდა ყველა დამსწრეს: „უთხარით ხალხს: ‘მოდით, უსასყიდლოდ აიღეთ სიცოცხლის წყალი’. იესო მალე მოვა. ვართ ამისთვის მზად?“

პროგრამის ბოლოს ფრედ რასკის, რომელიც 11 წელია სკოლა „გალაადის“ მასწავლებელია, სამადლობელი ლოცვა ღრმად შეეხო მსმენელთა გულებს. ასე დასრულდა უდიდესი სიხარულის მომგვრელი ღირსშესანიშნავი დღე.

[ჩარჩო 13 გვერდზე]

კლასის სტატისტიკური მონაცემები

წარმოდგენილი ქვეყნების რაოდენობა: 10

ქვეყნების რაოდენობა, სადაც მისიონერები დაინიშნენ: 25

სტუდენტების რაოდენობა: 56

საშუალო ასაკი: 32, 5

ჭეშმარიტებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 16, 4

სრული დროით მსახურებაში გატარებული წლების საშუალო რაოდენობა: 12, 1

[სურათი 15 გვერდზე]

„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა გალაადის 119-ე კლასი

რიგები დანომრილია ქვემოდან ზემოთ, გვარები კი მოცემულია მარცხნიდან მარჯვნივ.

1) ს. ჰელგსენი, ჰ. დაუგორი, ა. პიერლიუსი, ი. ჯოზეფი, კ. რაკანელი; 2) თ. ბირჯი, დ. ბატლერი, ჯ. ფრიდლანი, კ. ნუნიესი, ს. ფოვოზოუ, თ. დიუმენი; 3) ო. კამაჩო, ლ. ლინდკვისთი, ე. ბრუმერი, ე. ვესელსი, ჯ. ბარტონი, ო. ვუდჰაუსი, ე. დიუმენი; 4) ა. თირიონი, ლ. ქენოლი, ქ. ფიურნე, ა. გილი, კ. იონსონი, ლ. ჰამილტონი; 5) დ. ბერდი, ი. სქრიბნერი, ბ. კამაჩო, ჰ. ლოშინსკი, მ. ჰელჰენი, ო. ლიბუდა; 6) ა. ჯოზეფი, მ. ლინდკვისთი, კ. ჰელგსენი, დ. ნუნიესი, ს. სქრიბნერი, ჯ. ფიურნე; 7) ფ. პიერლიუსი, თ. ფოვოზოუ, კ. ბრუმერი, ფ. რაკანელი, თ. ბატლერი, მ. ვუდჰაუსი, ი. ლიბუდა; 8) მ. ლოშინსკი, ს. ფრიდლანი, ი. ბარტონი, მ. თირიონი, მ. ბერდი, ჯ. ბირჯი; 9) თ. ვესელსი, დ. ჰელჰენი, ს. ქენოლი, დ. გილი, ფ. დაუგორი, ს. ჰამილტონი, თ. იონსონი.