როგორ გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე?
როგორ გაიმარჯვებს სიკეთე ბოროტებაზე?
მეფე დავითი კარგი ადამიანი იყო. მას ძალიან უყვარდა ღმერთი, სწყუროდა სამართლიანობა და აღელვებდა ხალხის მდგომარეობა. მაგრამ სწორედ ამ კარგმა მეფემ თავისი სანდო მსახურის ცოლთან, ბათ-შებაყთან იმრუშა. როცა აღმოჩნდა, რომ ბათ-შებაყი მისგან ფეხმძიმედ იყო, დავითი იქამდეც კი მივიდა, რომ მისი ქმრის მკვლელობის გეგმა შეადგინა. შემდეგ მან ბათ-შებაყი ცოლად მოიყვანა, რათა დანაშაული დაემალა (2 მეფეთა 11:1—27).
ეჭვგარეშეა, რომ ადამიანებს ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ. მაშ, რატომღა სჩადიან ამდენ ბოროტებას? ბიბლია ამას რამდენიმე ძირითადი მიზეზით ხსნის. ბიბლიაში ისიც წერია, თუ როგორ მოსპობს ღმერთი იესო ქრისტეს საშუალებით ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ.
ბოროტებისკენ მიდრეკილნი
მეფე დავითმა ერთხელ თავად მოიხსენია ბოროტების ერთ–ერთი მიზეზი. მხილების შემდეგ მან ბოლომდე აღიარა თავისი დანაშაული და სინდისის ქენჯნით დაწერა: „აჰა, უკანონოდ ჩავისახე და ცოდვით დაორსულდა ჩემზე დედაჩემი“ (ფსალმუნები 50:7). ღმერთს არასდროს განუზრახავს, რომ ჩასახული ბავშვი ცოდვილი ყოფილიყო. მაგრამ მას შემდეგ, რაც ადამი და ევა ღმერთს დაუპირისპირდნენ, მათი შთამომავლები უცოდველები ვეღარ იქნებოდნენ (რომაელები 5:12). რაც უფრო მრავლდებოდნენ ადამიანები, მით უფრო თვალნათელი ხდებოდა, რომ „ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე“ (დაბადება 8:21, სსგ).
ნებაზე თუ მიუშვებ, ბოროტებისკენ ამ მიდრეკილებას შედეგად მოჰყვება „სიძვა . . . მტრობა, დავა, ეჭვიანობა, განრისხება, შუღლი, განხეთქილება, სექტანტობა, შური“ და სხვა საზიანო მოქმედებები, რომელთაც ბიბლია „ხორცის საქმეებს“ უწოდებს (გალატელები 5:19—21). მეფე დავითის შემთხვევას თუ დავუბრუნდებით, ის ხორციელ სისუსტეებს აჰყვა და მრუშობამდე მივიდა, რასაც, თავის მხრივ, დავა მოჰყვა (2 მეფეთა 12:1—12). მას შეეძლო არასწორი მიდრეკილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ნაცვლად ამისა, ბათ–შებაყზე ფიქრისას დავითი სურვილს დაემონა და მან „ის გზა გაიარა“, რომელიც მოგვიანებით მოწაფე იაკობმა აღწერა: „თითოეულს სცდის საკუთარი სურვილი, რომელიც აიყოლიებს და აცდუნებს მას. სურვილი კი, როცა განაყოფიერდება, შობს ცოდვას, ხოლო ჩადენილი ცოდვა ბადებს სიკვდილს“ (იაკობი 1:14, 15).
წინა სტატიაში მოხსენიებული მასობრივი ხოცვა–ჟლეტა, გაუპატიურება და ძარცვა იმის მაგალითებია, თუ სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, როცა საკუთარი სურვილების მონა ხდება.
უცოდინარობა და ბოროტება
პავლე მოციქულის შემთხვევიდან კარგად ვხედავთ იმის მეორე მიზეზს, თუ რატომ სჩადიან ადამიანები ბოროტებას. პავლეს მშვიდი და მოსიყვარულე ადამიანის რეპუტაცია ჰქონდა. იგი უანგაროდ ემსახურებოდა ქრისტიან და–ძმებს (1 თესალონიკელები 2:7—9). მაგრამ ქრისტიანად გახდომამდე, როცა სავლედ იყო ცნობილი, ის „ემუქრებოდა უფლის მოწაფეებს და მათი მოკვლის სურვილი არ ასვენებდა“ (საქმეები 9:1, 2). რატომ იყო, რომ პავლე იწონებდა პირველი ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილ ბოროტ ქმედებებს და მონაწილეობდა კიდეც მათში? „რადგან უცოდინარი ვიყავი“, — თქვა მან (1 ტიმოთე 1:13). დიახ, იმ დროს პავლეს ‘ჰქონდა ღვთისთვის მოშურნეობა, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით’ (რომაელები 10:2).
პავლეს მსგავსად, ბევრი გულწრფელი ადამიანი ბოროტებას იმიტომ სჩადის, რომ ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნა არა აქვს. მაგალითად, იესომ თავისი მიმდევრები გააფრთხილა: „მოდის საათი, როცა ყველა თქვენს მკვლელს ეგონება, რომ ამით ღმერთს წმინდა მსახურებას უსრულებს“ (იოანე 16:2). იეჰოვას თანამედროვე მსახურებს საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ამ სიტყვების ჭეშმარიტება. ბევრ ქვეყანაში მათ დევნიდნენ და ხოცავდნენ კიდეც ის ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებად თვლიდნენ თავს. ბუნებრივია, რომ ასეთი უსაფუძვლო თავგამოდებით ჭეშმარიტ ღმერთს ვერ ვასიამოვნებთ (1 თესალონიკელები 1:6).
ბოროტების მოთავე
იესომ დაგვანახვა ბოროტების არსებობის კიდევ ერთი, მთავარი მიზეზი. რელიგიურ წინამძღოლებს, რომელთაც მისი მოკვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი, იესომ უთხრა: „თქვენ მამათქვენისგან, ეშმაკისგან, ხართ და მამათქვენის სურვილის შესრულება გსურთ. ის თავიდანვე კაცისმკვლელი იყო“ (იოანე 8:44). სწორედ ეგოისტური მიზნებით აღძრულმა სატანამ დაუპირისპირა ადამი და ევა ღმერთს. ამ დაპირისპირებამ კაცობრიობას ცოდვა და, შედეგად, სიკვდილი მოუტანა.
სატანის სისასტიკე კარგად გამოჩნდა იობისადმი მის დამოკიდებულებაშიც. მას შემდეგ, რაც იეჰოვამ იობის გამოცდის უფლება მისცა, სატანა არ დაკმაყოფილდა მისი ქონების განადგურებით. მან იობს ათივე შვილი მოუკლა (იობი 1:9—19). იმის მიზეზი, რომ გასული ათწლეულების მანძილზე ბოროტებამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო, ადამიანთა არასრულყოფილებისა და უცოდინარობის გარდა, კაცობრიობის საქმეებში სატანის უფრო აქტიური ჩარევაა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ეშმაკი „გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად იქნენ გადმოყრილნი“. სიტყვებით „ვაი მიწას“ ეს წინასწარმეტყველება ზუსტად გადმოსცემს, რომ სატანის გადმოგდებას არნახული ბოროტება მოჰყვებოდა. მართალია, სატანა ვერ აიძულებს ადამიანებს ბოროტების ჩადენას, მაგრამ მას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ (გამოცხადება 12:9, 12).
ბოროტებისკენ მიდრეკილების ამოძირკვა
საზოგადოება ბოროტებისგან ერთხელ და სამუდამოდ რომ გათავისუფლდეს, უნდა გადაიჭრას ბოროტებისკენ თანდაყოლილი მიდრეკილების, ხალხში საფუძვლიანი ცოდნის არქონისა და სატანის ზეგავლენის პრობლემები. უპირველესად, რის გაკეთება შეიძლება, რომ ადამიანთა „გულებიდან“ ცოდვისკენ თანდაყოლილი მიდრეკილება ამოიძირკვოს?
ამ პრობლემას ვერც ქირურგთა გამოცდილება გადაჭრის და ვერც ადამიანის მიერ შექმნილი რომელიმე პრეპარატი. მაგრამ იეჰოვა ღმერთი ცოდვისა და არასრულყოფილების „წამალს“ სთავაზობს ყველას, ვინც მზადაა მის გამოსაყენებლად. მოციქულმა იოანემ დაწერა: „იესოს სისხლი გვწმენდს ყოველგვარი ცოდვისგან“ (1 იოანე 1:7). იესომ სრულყოფილი სიცოცხლე ნებაყოფლობით გაიღო მსხვერპლად, რითაც „თავისი სხეულით აიტანა ძელზე ჩვენი ცოდვები, რომ მოგვეშორებინა ისინი და გვეცხოვრა სიმართლისთვის“ (1 პეტრე 2:24). იესოს მსხვერპლს იმხელა ფასი აქვს, რომ აქარწყლებს ადამის ბოროტების შედეგებს. მოციქულმა პავლემ თქვა: „[იესო ქრისტემ] შესაბამისი გამოსასყიდი გაიღო ყველასთვის“ (1 ტიმოთე 2:6). ქრისტეს სიკვდილის საფუძველზე ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, რომ ადამის მიერ დაკარგული სრულყოფილება დაიბრუნოს.
შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „თუ იესომ ადამიანებს სრულყოფილების დაბრუნების შესაძლებლობა მისცა, რატომაა რომ თითქმის 2 000 წლის მანძილზე ბოროტება მაინც არსებობს და ხალხი იხოცება? ამ კითხვაზე პასუხის მიღებით ჩვენ გავეცნობით ღვთის განზრახვას, რის არცოდნაც ბოროტების არსებობის მეორე მიზეზია.
საფუძვლიანი ცოდნა ბოროტებასთან ბრძოლის საუკეთესო იარაღია
საფუძვლიანი ცოდნის შეძენა იმის შესახებ, თუ იეჰოვა და იესო რას აკეთებენ ამჟამად ბოროტების აღმოსაფხვრელად, შეიძლება დაეხმაროს გულწრფელ ადამიანს, შეწყვიტოს ბოროტების უნებურად კეთება ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ‘ღვთის წინააღმდეგ ბრძოლა’ (საქმეები 5:38, 39). იეჰოვა ღმერთი ყურადღებას არ მიაქცევს უცოდინარობის გამო წარსულში ჩადენილ ბოროტებას. ქალაქ ათენში ქადაგების დროს მოციქულმა პავლემ თქვა: „ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დროები და ახლა ყველას ყველგან ეუბნება, რომ მოინანიონ. ვინაიდან დანიშნა დღე, როცა განზრახული აქვს, სიმართლით გაასამართლოს მსოფლიო თავის მიერ დანიშნული კაცის მეშვეობით და ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქმეები 17:30, 31).
პავლე დარწმუნებული იყო ქრისტეს აღდგომაში, რადგან თავად მკვდრეთით აღმდგარი იესო ელაპარაკა მას და უთხრა, რომ შეეწყვიტა პირველი ქრისტიანების დევნა (საქმეები 9:3—7). ღვთის განზრახვის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის მიღებამ პავლე შეცვალა და ქრისტეს მიბაძვით ის კეთილი ადამიანი გახდა (1 კორინთელები 11:1; კოლოსელები 3:9, 10). გარდა ამისა, პავლე გულმოდგინედ ქადაგებდა „სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ“ (მათე 24:14). თავისი აღდგომიდან თითქმის 2 000 წლის მანძილზე იესო კაცობრიობიდან ირჩევდა მათ, ვინც პავლეს მსგავსად მასთან ერთად იმეფებს ღვთის სამეფოში (გამოცხადება 5:9, 10).
გასული საუკუნიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეები გულმოდგინედ ასრულებენ იესოს დავალებას: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). მათ, ვინც ეხმაურება ამ ქადაგებას, მარადიული ცხოვრების შესაძლებლობა აქვთ. ეს მაშინ მოხდება, როცა ქრისტეს ზეციერი მთავრობა უხელმძღვანელებს დედამიწას. იესომ თქვა: „მარადიული სიცოცხლე რომ მიიღონ, უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ასეთი ცოდნის მისაღებად ადამიანისთვის დახმარების გაწევა სიკეთის გაკეთების საუკეთესო საშუალებაა.
სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის მიღების შემდეგ, ირგვლივ არსებული ბოროტების მიუხედავად, ადამიანები ავლენენ ისეთ თვისებებს, როგორიცაა „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, სიკარგე, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალატელები 5:22, 23). ისინი იესოს ბაძავენ და ‘ბოროტებას ბოროტებით არავის უხდიან’ (რომაელები 12:17). პირად ცხოვრებაში ისინი ‘სძლევენ ბოროტებას სიკეთით’ (რომაელები 12:21; მათე 5:44).
ბოროტება საბოლოოდ დამარცხდება
ადამიანები დამოუკიდებლად ვერასდროს შეძლებენ ბოროტების მთავარი „მესვეურის“, სატანა ეშმაკის დამარცხებას. მაგრამ იეჰოვა ღმერთი მალე იესოს მეშვეობით „შემუსრავს სატანას“ (დაბადება 3:15; რომაელები 16:20). იესო ქრისტე იეჰოვას მითითებით აგრეთვე „შემუსრავს და დააქცევს“ ყოველგვარ პოლიტიკურ სისტემას. ისტორიის განმავლობაში ბევრი პოლიტიკური სისტემა გამხდარა უდიდეს ბოროტებაში დამნაშავე (დანიელი 2:44; ეკლესიასტე 8:9). ღვთის განაჩენის სისრულეში მოყვანისას ისინი, „რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ . . . სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ“ (2 თესალონიკელები 1:8, 9; სოფონია 1:14—18).
სატანისა და მისი მხარდამჭერების განადგურების შემდეგ, იესო ზეციდან დაეხმარება გადარჩენილებს დედამიწაზე ისეთი პირობების აღდგენაში, როგორიც თავდაპირველად იყო. ქრისტე ასევე აღადგენს ყველას, ვისაც ჩათვლის ღირსად, რომ ასეთ პირობებში დედამიწაზე ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს (ლუკა 23:32, 39—43; იოანე 5:26—29). ამგვარად ის მოსპობს ბოროტების სავალალო შედეგებს.
იეჰოვა არ აძალებს ხალხს, რომ დაემორჩილონ სასიხარულო ცნობას იესოს შესახებ. ის მათ სასიცოცხლო ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა! (სოფონია 2:2, 3). ასე მოქმედება იმის საშუალებასაც მოგცემთ, რომ გაუმკლავდეთ ყოველგვარ ბოროტებას, რაც სირთულეებს გიქმნით ცხოვრებაში. ამასთან ერთად, თქვენ იმის მოწმენიც გახდებით, თუ როგორ დაამარცხებს იესო ქრისტე ბოროტებას ერთხელ და სამუდამოდ (გამოცხადება 19:11—16; 20:1—3, 10; 21:3, 4).
[სურათი 5 გვერდზე]
სავლე იწონებდა ბოროტებას, რადგან საფუძვლიანი ცოდნა არ ჰქონდა.
[სურათი 7 გვერდზე]
თუ ხალხს ღვთის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის შეძენაში დავეხმარებით, ამაზე დიდ სიკეთეს მათ ვერ გავუკეთებთ.