სიკეთე ბოროტების მორევში
სიკეთე ბოროტების მორევში
დღევანდელ მსოფლიოში იშვიათად თუ ფიქრობს ვინმე სხვების კეთილდღეობაზე. თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ გზით მაინც აკეთებენ სიკეთეს. ყოველწლიურად უამრავი ადამიანი მილიარდობით დოლარს სწირავს, როგორც თავად თვლიან, კეთილი საქმისთვის. მაგალითად, 2002 წელს დიდ ბრიტანეთში საქველმოქმედო მიზნებით გაღებული შესაწირავების ოდენობამ რეკორდულ ციფრს — 13 მილიარდ დოლარს მიაღწია. 1999 წლიდან მოყოლებული ათმა გულუხვმა ქველმოქმედმა განაცხადა, რომ გაჭირვებულთა დასახმარებლად 30 მილიარდ ევროზე მეტ თანხას გაიღებდა.
ქველმოქმედთა კეთილ საქმეებს შორის შეგვიძლია მოვიხსენიოთ: ხარჯების დაფარვა დაბალი შემოსავლის მქონე ოჯახების მკურნალობისა და იმ ბავშვების აღზრდა-განათლებისთვის, რომელთაც მარტოხელა მშობლები ჰყავთ; განვითარებად ქვეყნებში იმუნიზაციის პროგრამების დაფინანსება; ბავშვებისთვის პირველი წიგნის ჩუქება; ღარიბ ქვეყნებში ფერმერების უზრუნველყოფა შინაური ცხოველებით და სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულების ჰუმანიტარული დახმარება.
ზემოაღნიშნულიდან კარგად ჩანს, რომ სხვებისთვის სიკეთის კეთება ადამიანის ძალებს არ აღემატება. მაგრამ, სამწუხაროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საშინელ ბოროტებას სჩადიან.
ბოროტება მძლავრობს
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კაცობრიობა პოლიტიკურ ნიადაგზე მასობრივი ხოცვა-ჟლეტისა და გენოციდის დაახლოებით 50 შემთხვევის მომსწრე გახდა. „ამ მოვლენებს, სულ მცირე, 12 მილიონი ჯარისკაცი და 22 მილიონამდე მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. ამდენი ადამიანი 1945 წლის შემდეგ მომხდარ ყველა საერთაშორისო თუ სამოქალაქო ომშიც კი არ დაღუპულა“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (American Political Science Review).
XX საუკუნის მეორე ნახევარში პოლიტიკურ დაპირისპირებებს კამბოჯაში 2,2 მილიონამდე ადამიანი ემსხვერპლა. რუანდაში ეთნიკურ შუღლს 800 000-ზე მეტი მამაკაცის, ქალისა და ბავშვის სიკვდილი მოჰყვა. რელიგიურ და პოლიტიკურ ნიადაგზე წარმოებულმა შეიარაღებულმა კონფლიქტმა ბოსნიაში 200 000-ზე მეტი ადამიანი შეიწირა.
არც ისე დიდი ხნის წინანდელ შემზარავ ფაქტებზე საუბრისას გაეროს გენერალურმა მდივანმა 2004 წელს აღნიშნა: „ერაყში ვხედავთ, რომ უმოწყალოდ ხოცავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. დასახმარებლად ჩასული ადამიანები და ჟურნალისტები მძევლებად აჰყავთ და მათ სადისტური მეთოდებით ხოცავენ. ამავე დროს, ერაყელ ტყვეებს სამარცხვინოდ ეპყრობიან. დარფურში მთელი მოსახლეობა იძულებით ტოვებს მშობლიურ მიწა-წყალს. მათ სახლებს ანადგურებენ. გაუპატიურება საბრძოლო სტრატეგიის ნაწილია. ჩრდილოეთ უგანდაში ბავშვებს
ასახიჩრებენ და ენით აუწერელი სისასტიკის კეთებას აიძულებენ. ბესლანში ბავშვების მძევლად აყვანისა და არაადამიანური ხოცვა-ჟლეტის მოწმენი გავხდით“.განვითარებულ ქვეყნებშიც კი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულთა რიცხვი უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, გაზეთი „ინდეპენდენტი“ 2004 წელს იუწყებოდა, რომ დიდ ბრიტანეთში „გასული ათწლეულის განმავლობაში რასობრივ ნიადაგზე მომხდარი თავდასხმებისა და შეურაცხყოფის შემთხვევების რაოდენობა თერთმეტჯერ გაიზარდა“.
რატომ არის, რომ ადამიანები, რომელთაც ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლიათ, ამდენ ბოროტებას სჩადიან? დამარცხდება ოდესმე ბოროტება? მომდევნო სტატიიდან გაიგებთ, რომ ამ კითხვებზე დამაკმაყოფილებელ პასუხებს ბიბლია გვთავაზობს.
[საავტორო უფლებები დაცულია 2 გვერდზე]
COVER: Mark Edwards/Still Pictures/Peter Arnold, Inc.