არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფიქრი სასიამოვნო წუთებად აქციეთ

ფიქრი სასიამოვნო წუთებად აქციეთ

ფიქრი სასიამოვნო წუთებად აქციეთ

ზოგისთვის სიტყვა „ფიქრი“ შიშის მომგვრელია. მათი აზრით, ფიქრი საკმაოდ რთულია, რადგან დაძაბვას და ყურადღების კონცენტრირებას მოითხოვს. ასეთი ადამიანები შესაძლოა განსაკუთრებით მაშინ წუხან ამაზე, როცა კითხულობენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დაფიქრება (ფილიპელები 4:8). თუმცა იეჰოვას დიდებულ თვისებებზე, შთაბეჭდილების მომხდენ საქმეებზე, მის მოთხოვნებსა და საოცარ განზრახვებზე, ანუ ჭეშმარიტებაზე, ფიქრისთვის დროის გამოყოფა სიამოვნებას უნდა გვანიჭებდეს. რატომ?

იეჰოვა სამყაროს უზენაესი მმართველია და მნიშვნელოვანი განზრახვის შესრულებით არის დაკავებული (იოანე 5:17). მიუხედავად ამისა, ის ყურადღებას აქცევს თითოეული თაყვანისმცემლის ფიქრს. ფსალმუნმომღერალმა დავითმა იცოდა ეს და ღვთის შთაგონებით დაწერა: „უფალო, გამომცადე და მიცნობ მე. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი [ფიქრები, აქ] შორიდან“ (ფსალმუნები 138:1, 2).

ერთი შეხედვით, ფსალმუნმომღერლის სიტყვებმა ვინმე შეიძლება უარყოფითად განაწყოს; მან შეიძლება იფიქროს: „თუმცა ღმერთი ‘შორს’ არის ჩემგან, ის ამჩნევს ჩემს თითოეულ არასწორ ფიქრს“. რასაკვირველია, ამის ცოდნა სასარგებლოა ჩვენთვის. ეს დაგვეხმარება, შევეწინააღმდეგოთ არასწორ ფიქრებს. თუ ღვთის წინაშე ვაღიარებთ, რომ არასწორი ფიქრები მოგვდის და რწმენას გამოვავლენთ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ის გვაპატიებს (1 იოანე 1:8, 9; 2:1, 2). ამასთანავე, უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თავის თაყვანისმცემლებში კარგსაც ხედავს. მას მხედველობიდან არ რჩება, როდესაც ფიქრებში მისადმი მადლიერებას გამოვხატავთ.

შეიძლება დაგებადოთ კითხვა — „მართლა აქცევს იეჰოვა ყურადღებას მილიონობით თაყვანისმცემლის ყოველ დადებით ფიქრს?“ რა თქმა უნდა. როდესაც იესომ თქვა, რომ ღმერთი პატარა ბეღურასაც კი ყურადღებას აქცევს, ამით ხაზი გაუსვა, რომ იეჰოვა დაინტერესებულია ჩვენით, და დასძინა: „[თქვენ კი] უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკა 12:6, 7). ბეღურებს არ შეუძლიათ იფიქრონ იეჰოვაზე. და მათზე თუ ზრუნავს იეჰოვა, რამდენად უნდა ზრუნავდეს ის ჩვენზე და რამდენად უნდა სიამოვნებდეს, როდესაც მასზე ვფიქრობთ?! დიახ, დავითის მსგავსად, შეგვიძლია დარწმუნებულებმა ვილოცოთ: „დაე, იყოს შენთვის სასურველი . . . ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო“ (ფსალმუნები 18:15).

იეჰოვა რომ ნამდვილად აქცევს ყურადღებას თავისი ერთგული თაყვანისმცემლების ფიქრებს, ამას მალაქია წინასწარმეტყველის სიტყვებიც ადასტურებს. მან ჩვენი დღეების შესახებ იწინასწარმეტყველა: „იმ დროს ერთმანეთში ლაპარაკობდნენ იეჰოვას მოშიშნი, თითოეული თავის მოძმესთან, იეჰოვა კი ყურადღებას აქცევდა და ისმენდა. სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის და მათთვის, ვინც მის სახელზე ფიქრობდა“ (მალაქია 3:16, აქ). თუ საკუთარ თავს შევახსენებთ, რომ როდესაც იეჰოვაზე ვფიქრობთ, ის „ყურადღებას აქცევს“ ამას, ფიქრი სასიამოვნო წუთებად გვექცევა. ამიტომ შეგვიძლია გავიზიაროთ ფსალმუნმომღერლის სიტყვები: „ყველა შენს ნამოქმედარზე ვიფიქრებ და შენს საქმეებს ჩავუკვირდები“ (ფსალმუნები 76:12, აქ).