არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაში

მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაში

მიჰბაძეთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაში

„იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას . . . არამედ მომთმენია“ (2 პეტრე 3:9).

1. რა შეუდარებელ ძღვენს სთავაზობს იეჰოვა ადამიანებს?

იეჰოვა ღმერთი ისეთ რამეს გვთავაზობს, რისი მოცემაც სხვას არავის შეუძლია. ეს იმდენად ძვირფასი და მიმზიდველია, რომ მას ვერც ვიყიდით და ვერც დავიმსახურებთ. ეს არის ძღვენი — მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე (იოანე 3:16). მართლაც, რა შესანიშნავი დრო დადგება! აღარ იარსებებს მწუხარების გამომწვევი მიზეზები, მაგალითად კონფლიქტები, ძალადობა, სიღარიბე, დანაშაული, ავადმყოფობა და სიკვდილიც კი. ღვთის სამეფოს მმართველობის პერიოდში ადამიანებს შორის სრული სიმშვიდე და ერთობა იქნება გამეფებული. მართლაც, როგორ გვწყურია ასეთ სამოთხეში ცხოვრება! (ესაია 9:6, 7; გამოცხადება 21:4, 5).

2. რატომ არ გაანადგურა იეჰოვამ აქამდე სატანის ბოროტი ქვეყნიერება?

2 იეჰოვასაც ძალიან სურს იმ დროის დადგომა, როცა დედამიწას სამოთხედ გადააქცევს. ის ხომ სიმართლისა და სამართლიანობის მოყვარულია (ფსალმუნები 32:5). მას არ სიამოვნებს ისეთი ქვეყნიერების ყურება, რომელიც გულგრილობას ავლენს ან მტრულად არის განწყობილი მისი სამართლიანი პრინციპებისადმი, უარყოფს მის ძალაუფლებას და დევნის ღვთის ხალხს. მიუხედავად ამისა, არსებობს მრავალი საფუძვლიანი მიზეზი, თუ აქამდე რატომ არ გაანადგურა ღმერთმა სატანის ბოროტი ქვეყნიერება. ამ მიზეზებში ასევე შედის ღვთის უზენაესობასთან დაკავშირებული საკითხები. ამ საკითხების გადაწყვეტის დროს, იეჰოვა ავლენს განსაკუთრებით მიმზიდველ თვისებას — მოთმინებას — რასაც ბევრი ადამიანი დღეს არ ავლენს.

3. ა) რას ნიშნავს ბიბლიაში „მოთმინებად“ ნათარგმნი ბერძნული და ებრაული სიტყვები? ბ) რა საკითხებს განვიხილავთ?

3 ბერძნული სიტყვა, რომელიც „ახალი ქვეყნიერების თარგმანში“ ინგლისურ ენაზე სამჯერ „მოთმინებად“ ითარგმნა, სიტყვასიტყვით „სულის სიგრძეს“ ნიშნავს. ამიტომ ამ თარგმანში ეს სიტყვა ხშირად ითარგმნა „სულგრძელობად“, ერთხელ კი — „მოთმინების გამოვლენად“. მოთმინებად ნათარგმნი ებრაული და ბერძნული სიტყვები შემწყნარებლობასა და რისხვისგან თავშეკავებასაც გულისხმობს. როგორ ვსარგებლობთ იეჰოვას მიერ გამოვლენილი მოთმინებით? რა შეგვიძლია ვისწავლოთ იეჰოვა ღმერთისა და მისი ერთგული მსახურების მიერ გამოვლენილი მოთმინებიდან და შემწყნარებლობიდან? საიდან ვიცით, რომ იეჰოვას მოთმინება უსაზღვრო არ არის? განვიხილოთ ეს საკითხები.

რა მხრივ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?

4. რა დაწერა პეტრე მოციქულმა იეჰოვას მოთმინებასთან დაკავშირებით?

4 იეჰოვას მოთმინებასთან დაკავშირებით პეტრე მოციქული წერდა: „მხედველობიდან ნუ გამოგრჩებათ, საყვარელნო, რომ იეჰოვასთვის ერთი დღე ათასი წელია, ხოლო ათასი წელი — ერთი დღე. იეჰოვა არ აყოვნებს დანაპირების შესრულებას, ზოგიერთებს რომ დაყოვნებად მიაჩნიათ, არამედ მომთმენია თქვენ მიმართ, რადგან არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტრე 3:8, 9). ყურადღება მიაქციეთ ამ მუხლებში მოყვანილ ორ მიზეზს, რაც დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას.

5. როგორ უყურებს იეჰოვა დროს და როგორ აირეკლება ეს მის მოქმედებებზე?

5 პირველი მიზეზი ის არის, რომ იეჰოვა ისე არ უყურებს დროს, როგორც ჩვენ. მარადიული ღმერთისთვის ერთი დღე ათასი წელია. ის დროში არაა შეზღუდული ანუ მასზე დრო გავლენას არ ახდენს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი აყოვნებს პრობლემების გადაჭრას. იეჰოვა უსაზღვრო სიბრძნის ღმერთია და ადამიანთა საკეთილდღეოდ მოქმედებს. ამიტომ მან ზუსტად იცის, თუ როდისაა მოქმედების საუკეთესო დრო და მოთმინებით ელოდება შესაბამისი დროის დადგომას. აქედან გამომდინარე, არ უნდა დავასკვნათ, რომ იეჰოვა გულგრილია და მისთვის სულერთია თავისი მსახურების ტანჯვა. ის ‘თანამგრძნობი’ ღმერთი და სიყვარულის განსახიერებაა (ლუკა 1:78; 1 იოანე 4:8). მას შეუძლია სრულად და სამუდამოდ მოსპოს დროებით დაშვებული ტანჯვით გამოწვეული ყოველგვარი ტკივილი (ფსალმუნები 36:10).

6. რა არ უნდა ვიფიქროთ ღმერთის შესახებ და რატომ?

6 რა თქმა უნდა, ადვილი არ არის, ელოდო იმას, რისი მიღებაც ძალიან გინდა (იგავები 13:12). როცა ადამიანები სწრაფად ვერ ასრულებენ დაპირებებს, სხვებმა შეიძლება დაასკვნან, რომ მათ ამის გაკეთების არავითარი სურვილი არა აქვთ. რა არაგონივრული იქნებოდა, რომ ასეთი რამ გვეფიქრა ღმერთზე! თუ ღვთის მოთმინებას დაყოვნებაში ავურევთ, დროთა განმავლობაში შეიძლება ეჭვები გაგვიჩნდეს და გულგატეხილობამდე მივიდეთ; ეს კი სულიერად მოგვადუნებს. უფრო მეტიც, ჩვენ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანონ „დამცინავებმა“, რომელთაც რწმენა არა აქვთ. მათ შესახებ გააფრთხილა პეტრემ პირველი საუკუნის ქრისტიანები. დამცინავები ამბობდნენ: „სად არის ის დაპირებული დრო, როცა ის მოსული უნდა ყოფილიყო? მას შემდეგ, რაც ჩვენმა მამა–პაპამ სიკვდილის ძილით დაიძინა, ყველაფერი ისევე რჩება, როგორც ქმნილებათა დასაწყისიდან იყო“ (2 პეტრე 3:4).

7. როგორ არის იეჰოვას მოთმინება დაკავშირებული მის სურვილთან, რომ ადამიანებმა მოინანიონ?

7 პეტრეს მიერ ნათქვამ სიტყვებში შეგვიძლია ყურადღება გავამახვილოთ მეორე მნიშვნელოვან მიზეზზე. იეჰოვა იმიტომ ითმენს, რომ სურს, ყველამ მოინანიოს. ღმერთი დასჯის მათ, რომლებიც ჯიუტად უარყოფენ თავიანთი ბოროტი გზებიდან მოქცევას. მაგრამ მას არ უნდა ბოროტმოქმედთა სიკვდილი; პირიქით, სურს, რომ მათ მოინანიონ, მოიქცნენ თავიანთი ბოროტი გზებიდან და იცოცხლონ (ეზეკიელი 33:11). როგორც ვხედავთ, ღმერთი მომთმენია და თავის მსახურებს ავალებს, რომ მთელ დედამიწაზე იქადაგონ სასიხარულო ცნობა ხალხის გადასარჩენად.

8. როგორ შეგვიძლია ღვთის მოთმინების დანახვა ისრაელთან დაკავშირებული მისი მოქმედებიდან?

8 ღვთის მოთმინების დანახვა იქიდანაც შეიძლება, თუ როგორ ექცეოდა ის ძველ დროში მცხოვრებ ისრაელებს. ღმერთი საუკუნეების მანძილზე ითმენდა მათ ურჩობას. თავისი წინასწარმეტყველების მეშვეობით იეჰოვა არაერთხელ აფრთხილებდა მათ: „მიატოვეთ თქვენი ბოროტი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამებს და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მსახურთა — წინასწარმეტყველთა — პირით“. რა იყო შედეგი? სამწუხაროდ, ხალხმა ‘არ შეისმინა’ (4 მეფეთა 17:13, 14).

9. როგორ ირეკლავდა იესო მამის მოთმინებას?

9 ბოლოს, იეჰოვამ გამოგზავნა დედამიწაზე თავისი ძე, რომელიც მოუწოდებდა იუდეველებს, შერიგებოდნენ ღმერთს. იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის მოთმინებას. მან კარგად იცოდა, რომ მალე მოკლავდნენ, ამიტომ გოდებდა: „იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა დამხოცველო და შენთან გამოგზავნილთა ჩამქოლავო, რამდენჯერ მოვინდომე შენი შვილების შეკრება, როგორც კრუხი იკრებს ფრთებქვეშ თავის წიწილებს, მაგრამ არ ინდომეთ“ (მათე 23:37). ეს გულში ჩამწვდომი სიტყვები მკაცრი მოსამართლისგან კი არ მომდინარეობს, რომელიც სიამოვნებით დასჯიდა ვინმეს, არამედ მოსიყვარულე მეგობრისგან, რომელიც ადამიანების მიმართ მომთმენია. ზეციერი მამის მსგავსად, იესოს სურდა, რომ ადამიანებს მოენანიებინათ და, ასეთი სახით, გარდაუვალი სასჯელისგან თავი დაეღწიათ. ზოგი დადებითად გამოეხმაურა იესოს გაფრთხილებას და მათ ახ. წ. 70 წელს თავი დააღწიეს იმ საშინელ უბედურებას, რომელიც იერუსალიმს დაატყდა (ლუკა 21:20—22).

10. რა მხრივ ვიღებთ სარგებლობას ღვთის მიერ გამოვლენილი მოთმინებიდან?

10 განა არ იწვევს ღვთის მიერ გამოვლენილი მოთმინება ჩვენს აღტაცებას? მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობა ძალიან დიდ ურჩობას ავლენს, იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს, გავიცნოთ იგი და გვქონდეს გადარჩენის იმედი. პეტრე მოციქული თანაქრისტიანებს წერდა: „ჩვენი უფლის მოთმინება კი ხსნად მიიჩნიეთ“ (2 პეტრე 3:15). განა მადლიერნი არ უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას მოთმინებამ გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა? განა არ უნდა ვილოცოთ, რომ იეჰოვამ კვლავაც გამოავლინოს მოთმინება ჩვენდამი, რათა განვაგრძოთ მისადმი მსახურება? (მათე 6:12).

11. რისკენ აღგვძრავს იმის ცოდნა, რომ იეჰოვა მოთმინებას ავლენს?

11 იმის ცოდნა, თუ რატომ ითმენს იეჰოვა, დაგვეხმარება, მოთმინებით დაველოდოთ მისგან ხსნას და არასოდეს ვიფიქროთ, რომ ის აგვიანებს დანაპირების შესრულებას (იერემიას გოდება 3:26). ჩვენ ვლოცულობთ ღვთის სამეფოს მოსვლასთან დაკავშირებით და, ამავე დროს, ვენდობით ღმერთს, რადგან მან უკეთ იცის, როდის შეისმინოს ეს ლოცვა. გარდა ამისა, აღძრულები ვართ, მივბაძოთ იეჰოვას და მოთმინება გამოვავლინოთ ჩვენი და–ძმებისადმი და მათდამი, ვისაც ვუქადაგებთ. არც ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები დაიღუპონ, არამედ — მოინანიონ და ჩვენსავით მათაც ჰქონდეთ მარადიული სიცოცხლის იმედი (1 ტიმოთე 2:3, 4).

როგორ ავლენდნენ წინასწარმეტყველები მოთმინებას?

12, 13. როგორ ავლენდა წინასწარმეტყველი ესაია მოთმინებას, თუ იაკობის 5:10–ში ჩაწერილ სიტყვებს გავითვალისწინებთ?

12 იეჰოვას მოთმინებაზე ფიქრი გვეხმარება, დავაფასოთ და განვავითაროთ ეს თვისება. არასრულყოფილი ადამიანისთვის მოთმინების გამომუშავება ადვილი არ არის, მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია. ღვთის ადრინდელი მსახურებისგან შეგვიძლია ბევრი რამ ვისწავლოთ. მოწაფე იაკობი წერდა: „ძმებო, გაუძელით ბოროტებას და მოითმინეთ, იმ წინასწარმეტყველების მსგავსად, რომლებიც იეჰოვას სახელით ლაპარაკობდნენ“ (იაკობი 5:10). მანუგეშებელი და გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ სხვები წარმატებით უმკლავდებოდნენ ისეთ პრობლემებს, რომლებსაც დღეს ვხვდებით.

13 მაგალითად, წინასწარმეტყველ ესაიას ნამდვილად ესაჭიროებოდა დავალების შესასრულებლად მოთმინება. იეჰოვამ უთხრა მას: „წადი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერ გაიგებთ, ხედვით დაინახავთ და ვერ მიხვდებით! გაასუქე ამ ხალხის გული და დაამძიმე მისი ყურები, და დაახუჭვინე მისი თვალი, რათა თვალებით ვერ იხილოს და ყურებით ვერ გაიგონოს, და მისმა გულმა ვერ გაიგოს, და არ შემობრუნდეს და არ განვკურნო“ (ესაია 6:9, 10). ხალხის გულგრილობის მიუხედავად, დაახლოებით 46 წლის განმავლობაში ესაია იეჰოვასგან გამაფრთხილებელ ცნობას მოთმინებით გადასცემდა მათ. მსგავსად ამისა, მოთმინება ჩვენც დაგვეხმარება სასიხარულო ცნობის ქადაგებაში, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი შესაძლოა არ გამოეხმაუროს ამ ცნობას.

14, 15. რა დაეხმარა იერემიას, რომ გამკლავებოდა განსაცდელებსა და გულგატეხილობას?

14 რა თქმა უნდა, წინასწარმეტყველები ქადაგების დროს ხალხისგან მხოლოდ გულგრილ დამოკიდებულებას არ ხვდებოდნენ; მათ ასევე დევნიდნენ. იერემიას ხუნდები დაადეს, ჩასვეს საპატიმროში და ჭაში ჩააგდეს (იერემია 20:2; 37:15; 38:6, აქ). იერემიას სწორედ ის ადამიანები დევნიდნენ, რომელთა დახმარებაც მას უნდოდა. მაგრამ იერემია არ განაწყენებულა და არც სამაგიერო გადაუხდია მათთვის. ის ათწლეულების განმავლობაში მოთმინებით იტანდა წინააღმდეგობებს.

15 დევნამ და დაცინვამ ვერ გააჩუმა იერემია. დევნა და დაცინვა ვერც ჩვენ გაგვაჩუმებს. რა თქმა უნდა, დროდადრო შეიძლება გულგატეხილობას ვგრძნობდეთ. მსგავსი გრძნობები იერემიასაც ჰქონდა. მან თქვა: „უფლის სიტყვა შერცხვენად და დაცინვად მექცა მთელ დღეს. აღარ ვახსენებ მას და აღარ ვილაპარაკებ მისი სახელით“. რა მოხდა შემდეგ? შეწყვიტა იერემიამ ქადაგება? ის აგრძელებს: „ჩემს გულში [ღვთის სიტყვა] იყო აგიზგიზებული ცეცხლივით დამწყვდეული; დავიღალე მისი დაოკებით, მაგრამ ვერ შევძელი“ (იერემია 20:8, 9). როცა იერემიამ ყურადღება ხალხის დაცინვაზე გადაიტანა, მან სიხარული დაკარგა. მაგრამ, როცა დაფიქრდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი და მიმზიდველი იყო ეს ცნობა, კვლავ სიხარულით განაგრძო ქადაგება. გარდა ამისა, იეჰოვა იერემიასთან იყო „როგორც მამაცი მებრძოლი“ და განამტკიცებდა მას, რათა ღვთის სიტყვა ენთუზიაზმითა და გაბედულებით ექადაგა (იერემია 20:11).

16. როგორ შეგვიძლია სასიხარულო ცნობის ქადაგებისას სიხარულის შენარჩუნება?

16 ანიჭებდა იერემიას ქადაგება სიხარულს? რა თქმა უნდა! მან იეჰოვას უთხრა: „შევიგნე მე შენი სიტყვები და შევჭამე ისინი, და შენი სიტყვები სიხარულად მექცა და გულის სიმხიარულედ, რადგან შენი სახელი მქვია მე, უფალო“ (იერემია 15:16). იერემია ხარობდა, რომ მიეცა შესაძლებლობა, ჭეშმარიტი ღმერთის წარმომადგენლად ემსახურა და ექადაგა მისი სიტყვა. ჩვენც გვაქვს სიხარულის მიზეზი. ზეციერი ანგელოზების მსგავსად ვხარობთ, რომ მთელ მსოფლიოში ბევრი ისმენს სამეფოს შესახებ ცნობას, ინანიებს და მარადიული სიცოცხლის გზაზე სიარულს იწყებს (ლუკა 15:10).

‘იობის მოთმინება’

17, 18. როგორ გამოავლინა იობმა მოთმინება და რა იყო შედეგი?

17 ძველ დროში მცხოვრები წინასწარმეტყველების მოხსენიების შემდეგ მოწაფე იაკობმა დაწერა: „თქვენ გსმენიათ იობის მოთმინებაზე და გინახავთ, რა გააკეთა იეჰოვამ მისთვის ბოლოს, რა სათუთი გრძნობები აქვს იეჰოვას და რა გულმოწყალეა“ (იაკობი 5:11). ამ მუხლში „მოთმინებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ოდნავ განსხვავდება იმ ბერძნული სიტყვისგან, რომელიც იაკობის 5:10–შია გამოყენებული და ასევე „მოთმინებად“ არის ნათარგმნი. ამ ორ სიტყვას შორის არსებული განსხვავების შესახებ ერთი სწავლული წერდა, რომ იაკობის 5:10–ში გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს ისეთ მოთმინებას, რომელსაც ადამიანების მხრიდან ცუდად მოპყრობის დროს ვავლენთ; იაკობის 5:11–ში გამოყენებული სიტყვა კი განსაცდელების დროს გამოვლენილ შეუპოვრობაზე მიუთითებს.

18 იობმა დიდი განსაცდელები გადაიტანა. მან მთელი ქონება დაკარგა. იობს ასევე დაეხოცა შვილები, თავად კი საშინელი სენი შეეყარა. გარდა ამისა, მას ცრუბრალმდებლებმა უთხრეს, რომ იეჰოვა სჯიდა. იობი მოთქვამდა თავისი მდგომარეობის შესახებ და ისიც კი თქვა, რომ ღმერთზე მართალი იყო (იობი 35:2). მიუხედავად ამისა, მას რწმენა არ დაუკარგავს. იობმა უმწიკვლობა შეინარჩუნა. სატანის მტკიცების მიუხედავად მას ღმერთი არ დაუგმია (იობი 1:11, 21). რა იყო შედეგი? იეჰოვამ ‘აკურთხა იობის უკანასკნელი დღეები პირვანდელზე მეტად’ (იობი 42:12). ღმერთმა გამოაჯანმრთელა იობი, გააორმაგა მისი სიმდიდრე და აკურთხა ის ოჯახთან ერთად ბედნიერი ცხოვრებით. მოთმინების გამოვლენა იობს იეჰოვას უკეთესად გაცნობაშიც დაეხმარა.

19. რას ვსწავლობთ იობის მიერ გამოვლენილი მოთმინებიდან?

19 რას ვსწავლობთ იობის მიერ გამოვლენილი მოთმინებიდან? იობის მსგავსად შეიძლება ჩვენც დავავადდეთ ან სხვადასხვა განსაცდელი შეგვხვდეს. შესაძლოა ბოლომდე არ გვესმოდეს, რატომ უშვებს იეჰოვა ამა თუ იმ განსაცდელს. მაგრამ შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვასადმი ერთგულები თუ ვიქნებით, ის გვაკურთხებს. ღმერთი აჯილდოებს თავის გულმოდგინე მძებნელს (ებრაელები 11:6). იესომ თქვა: ‘ბოლომდე მომთმენი გადარჩება’ (მათე 10:22; 24:13).

‘იეჰოვას დღე მოვა’

20. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ იეჰოვას დღე მოვა?

20 თუმცა იეჰოვა მომთმენი ღმერთია, ის სამართლიანიც არის და არ დაუშვებს, რომ ბოროტებამ მარადიულად იარსებოს. მის მოთმინებას საზღვარი აქვს. პეტრემ დაწერა: „[ღმერთმა] არ დაინდო ძველი ქვეყნიერება“. ნოე და მისი ოჯახი გადარჩა, მაგრამ უღმერთოთა ქვეყნიერება წარღვნამ გაანადგურა. იეჰოვამ ასევე მსჯავრი დასდო სოდომსა და გომორას და ფერფლად აქცია ისინი. ამ მაგალითებით ღმერთმა „აჩვენა უღმერთოებს, თუ რა მოუვათ მომავალში“. შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ: „იეჰოვას დღე . . . მოვა“ (2 პეტრე 2:5, 6; 3:10).

21. როგორ შეგვიძლია მოთმინების გამოვლენა და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

21 დაე მივბაძოთ იეჰოვას მოთმინების გამოვლენაში და დავეხმაროთ სხვებს, მოინანიონ, რათა გადარჩნენ. დაე ასევე მივბაძოთ წინასწარმეტყველთ და მოთმინებით ვაუწყოთ სასიხარულო ცნობა იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც ამ ცნობისადმი გულგრილობას ავლენენ. თუ იობის მსგავსად ჩვენც მოთმინებით ავიტანთ განსაცდელებს და უმწიკვლობას შევინარჩუნებთ, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ იეჰოვა უხვად გვაკურთხებს. სიხარულით მსახურების ყველანაირი მიზეზი გვაქვს, როცა ვხედავთ, როგორ აკურთხებს იეჰოვა თავისი ხალხის ძალისხმევას — მთელ დედამიწაზე იქადაგონ სასიხარულო ცნობა. ამის შესახებ მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ.

გახსოვთ თუ არა?

• რატომ ავლენს იეჰოვა მოთმინებას?

• რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველთა მოთმინებიდან?

• როგორ გამოავლინა იობმა მოთმინება და რა იყო შედეგი?

• საიდან ვიცით, რომ იეჰოვას მოთმინებას საზღვარი აქვს?

[სასწავლო კითხვები]

[სურათი 18 გვერდზე]

იესო სრულყოფილად ირეკლავდა მამის მოთმინებას.

[სურათები 20 გვერდზე]

როგორ აკურთხა იეჰოვამ იერემიას მოთმინება?

[სურათები 21 გვერდზე]

როგორ აკურთხა იეჰოვამ იობის მოთმინება?