არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

მკითხველთა შეკითხვები

იყენებდა იოსები, იეჰოვას ერთგული მსახური, ვერცხლის სასმისს სამარჩიელოდ, როგორც ეს ერთი შეხედვით დაბადების 44:5-დან ჩანს?

არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ვიფიქროთ, რომ იოსები მკითხაობის ამა თუ იმ ფორმას მიმართავდა.

ბიბლიაში ნაჩვენებია, სინამდვილეში რა თვალსაზრისი ჰქონდა იოსებს მკითხაობის საშუალებით მომავლის ამოცნობაზე. როდესაც იოსებს ფარაონის სიზმრების ახსნა სთხოვეს, მან არაერთხელ აღნიშნა, რომ მხოლოდ ღმერთს შეეძლო მომავალი მოვლენების გაცხადება. შედეგად, ფარაონმაც კი ირწმუნა, რომ ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომელსაც იოსები ეთაყვანებოდა — და არა მაგიურმა ძალებმა — მისცა იოსებს იმის უნარი, რომ მომავალის შესახებ დაწვრილებით გაეცხადებინა (დაბადება 41:16, 25, 28, 32, 39). მოსეს საშუალებით ისრაელისთვის მოგვიანებით მიცემულ კანონში იეჰოვა კრძალავდა ჯადოქრობისა თუ მკითხაობის მეშვეობით მომავლის წინასწარმეტყველებას. ამით ღმერთი აჩვენებდა მათ, რომ მხოლოდ ის აცხადებს მომავალს (მეორე რჯული 18:10—12).

მაშინ რატომ თქვეს იოსების მსახურებმა, რომ მათი ბატონი ვერცხლის სასმისით ‘მარჩიელობდა’? (დაბადება 44:5) *. ამის გასაგებად მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა ვითარებაში ითქვა ეს.

უკიდურესი შიმშილობის გამო იოსების ძმები საკვების საშოვნელად ეგვიპტეში გაემგზავრნენ. წლებით ადრე იოსები ძმებმა მონად გაყიდეს. ახლა მათ დახმარებისთვის სწორედ თავიანთი ძმისთვის, იოსებისთვის უნდა მიემართათ, რომელიც ეგვიპტეში საკვების განაწილებას ზედამხედველობდა. ამის შესახებ მათ არაფერი იცოდნენ და არც იოსებს გაუმხელია თავისი ვინაობა. მან ძმების გამოცდა გადაწყვიტა. რასაკვირველია, იოსებს სურდა იმაში დარწმუნება, რომ მისი ძმები გულწრფელად ინანიებდნენ დანაშაულს. გარდა ამისა, მას უნდოდა გაეგო, ნამდვილად უყვარდათ თუ არა თავიანთი უმცროსი ძმა, ბენიამინი და მამა, იაკობი, რომელსაც განსაკუთრებულად უყვარდა თავისი უმცროსი ვაჟი. ამიტომ იოსებმა ერთ ხერხს მიმართა (დაბადება 41:55—44:3).

იოსებმა მსახურს უბრძანა, თავისი ძმების ტომრები საკვებით აევსო და თითოეულის ტომარაში საკვებისთვის გადახდილი ვერცხლი ჩაედო, ბენიამინის ტომარაში კი — მისი ვერცხლის თასი. ამგვარად იოსებს სურდა ძმებზე ისეთი შთაბეჭდილება დაეტოვებინა, რომ ნამდვილად წარმართი ერის გამგებელი იყო. ის საქციელითა და ლაპარაკის მანერით იმდენად ჰგავდა ეგვიპტელ გამგებელს, რომ ძმები არც კი დაეჭვებულან.

ძმებთან პირისპირ შეხვედრისას იოსებმა ისევ თავის ხერხს მიმართა და ჰკითხა მათ: „არ იცოდით, რომ ჩემნაირი კაცი ზუსტად არჩევს მომავლის ნიშნებს?!“ (დაბადება 44:15, აქ). როგორც ვხედავთ, ვერცხლის სასმისი მან მხოლოდ იმ მიზნით გამოიყენა, რომ თავისი ჩანაფიქრი განეხორციელებინა. ასე რომ, როგორც ბენიამინს ვერ მივაწერთ სასმისის ქურდობას, ისე იოსებზე ვერ ვიტყვით, რომ ის სასმისს სამარჩიელოდ იყენებდა.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 ფ. კ. კუკის მიერ გამოცემულ წიგნში „წმინდა ბიბლია განმარტებითი და კრიტიკული კომენტარებით“ ძველ დროში გავრცელებულ მკითხაობასთან დაკავშირებით ნათქვამია: „მკითხაობის დროს წყლით სავსე სასმისში ოქროს, ვერცხლს ან ძვირფას ქვებს ყრიდნენ და შემდეგ უკვირდებოდნენ მათ; ან უბრალოდ წყალში, როგორც სარკეში, ისე იყურებოდნენ“. ბიბლიის კომენტატორი ქრისტოფერ ვორდსვორტი ამბობს: „ზოგჯერ სასმისს წყლით ავსებდნენ და პასუხს წყლის ზედაპირზე მზის სხივების შედეგად წარმოქმნილი გამოსახულებების საშუალებით იგებდნენ“.