არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“

იეჰოვას სიტყვა ცოცხალია

მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ნეემია“

თორმეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბიბლიის წიგნ „ეზრაში“ ჩაწერილი უკანასკნელი მოვლენები მოხდა. ცოტა დრო დარჩა „იერუსალიმის აღდგენისა და აშენების ბრძანების გამოსვლამდე“ — მოვლენამდე, რომლიდანაც იწყება „შვიდი შვიდეულის“ ათვლა, რასაც მესიამდე მივყავართ (დანიელი 9:24—27). წიგნ „ნეემიაში“ მოთხრობილია ღვთის ხალხის ისტორია, მათ შორის ის, თუ როგორ აღადგინეს იერუსალიმის კედლები. იგი მოიცავს 12–წლიან, ძალზე მნიშვნელოვან პერიოდს ძვ. წ. 456 წლიდან დაახლოებით ძვ. წ. 443 წლამდე.

წიგნში, რომელიც გამგებელმა ნეემიამ დაწერა, ამაღელვებელი ამბებია აღწერილი. მასში ნაჩვენებია, თუ როგორ უწყობს ხელს იეჰოვაზე ბოლომდე მინდობა და შესაბამისი, გაბედული მოქმედებები ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლას. წიგნი ნათლად გვიჩვენებს, თუ როგორ წარმართავს იეჰოვა მოვლენებს თავისი ნების შესასრულებლად. ამ ჩანაწერში ასევე მოთხრობილია ძლიერი და გაბედული ხელმძღვანელის შესახებ. წიგნ „ნეემიადან“ ბევრი რამის სწავლა შეუძლია ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს, „ვინაიდან ღვთის სიტყვა არის ცოცხალი [და] მოქმედი“ (ებრაელები 4:12).

„დასრულდა კედელი“

(ნეემია 1:1—6:19)

ნეემია შუშანის ციხე-დარბაზში მეფე არტაქსერქსე მხარგრძელთან მსახურობს. ის მეფის ნდობით აღჭურვილი პირია. ნეემია ძალიან წუხს, როცა იგებს, რომ მისი მოძმეები „დიდ უბედურებასა და სირცხვილში არიან; და იერუსალიმის კედელი დარღვეულია და მისი კარიბჭენი ცეცხლით არის გადაბუგული“. იგი გულმხურვალედ მიმართავს ლოცვით ღმერთს ხელმძღვანელობისთვის (ნეემია 1:3, 4). მეფე ამჩნევს, რომ ნეემია დანაღვლიანებულია და მას იერუსალიმში წასვლის უფლებას აძლევს.

იერუსალიმში ჩასვლის შემდეგ, ნეემია ღამით გალავანს ამოწმებს და კედლების აღდგენასთან დაკავშირებით ებრაელებს თავის გეგმებს უმხელს. მშენებლობა იწყება. მოწინააღმდეგეები ხელის შეშლას ცდილობენ. მიუხედავად ამისა, გაბედული ხელმძღვანელის, ნეემიას, მეთაურობით ‘სრულდება კედლის’ აღდგენა (ნეემია 6:15).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

1:1; 2:1. ამ ორ მუხლში მოხსენიებული „მეოცე წლის“ ათვლა ერთი და იმავე თარიღიდან იწყება? დიახ. ორივე შემთხვევაში იგულისხმება არტაქსერქსეს მეფობის მეოცე წელი. მაგრამ ამ მუხლებში წლების ათვლასთან დაკავშირებით განსხვავებული მეთოდია გამოყენებული. როგორც ისტორიიდან ვიგებთ, არტაქსერქსე ტახტზე ძვ. წ. 475 წელს ავიდა. ვინაიდან ბაბილონელი მწიგნობრები, ჩვეულებრივ, სპარსეთის მეფეთა მეფობის წლებს ნისანიდან (მარტი/აპრილი) ნისანამდე ითვლიდნენ, არტაქსერქსეს მეფობის პირველი სრული წელი დაიწყო ძვ. წ. 474 წლის ნისანს. ასე რომ, ნეემიას 2:1-ში მოხსენიებული მმართველობის მეოცე წელი დაიწყო ძვ. წ. 455 წლის ნისანს. ქისლევის (ნოემბერი/დეკემბერი) თვე, რომელზეც ნეემიას 1:1-შია საუბარი, როგორც ჩანს, წინა წლის ანუ ძვ. წ. 456 წლის ქისლევი იყო. ნეემია ამ თვესაც მეფე არტაქსერქსეს მეფობის მე-20 წელს უკავშირებს. შესაძლოა, ის ამ შემთხვევაში წლების ათვლას მეფის ტახტზე ასვლის თარიღიდან იწყებს. ასევე, შესაძლოა, ნეემია დროის აღრიცხვას ახდენს ებრაელთა იმ კალენდარული წლის მიხედვით, რომელიც თიშრის თვეში (სექტემბერი/ოქტომბერი) იწყებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, იერუსალიმის აღდგენის ბრძანება ძვ. წ. 455 წელს გამოვიდა.

4:17, 18. როგორ იყო შესაძლებელი „ცალი ხელით“ საქმის გაკეთება? მზიდავებს თავისუფლად შეეძლოთ ერთი ხელით თავზე ან მხარზე დადებული ტვირთისთვის წონასწორობის შენარჩუნება, მეორე ხელით კი იარაღის ტარება. ხოლო მშენებლებს, რომლებსაც ორივე ხელი სჭირდებოდათ საქმისთვის, ‘წელზე მახვილი ერტყათ და ისე აშენებდნენ’. თუ მტერი შემოუტევდათ, ისინი მზად იყვნენ საბრძოლველად.

5:7. რა გაგებით ‘დასდო ბრალი ნეემიამ წარჩინებულებსა და მეფის ნაცვლებს’ (აქ)? ეს მამაკაცები ვახშს იღებდნენ თავიანთი მოძმეებისგან, რაც მოსეს კანონით იკრძალებოდა (ლევიანები 25:36; მეორე რჯული 23:19). გარდა ამისა, „სარგებელი“, რომელსაც გამსესხებელი იღებდა, მაღალი იყო. თუ ყოველთვიურად „მეასედს“ (აქ) იღებდნენ, წლის განმავლობაში სარგებელი 12 პროცენტს შეადგენდა (ნეემია 5:11). ისედაც გატანჯული ხალხისადმი, რომლებსაც მაღალი გადასახადები ჰქონდათ და მოსავალიც ცოტა მოსდიოდათ, ეს უმოწყალობის გამოვლენა იყო. ნეემიამ ‘ბრალი დასდო’ მდიდრებს, ანუ ღვთის კანონის გამოყენებით დაგმო მათი საქციელი და ამხილა ისინი.

6:5. ვინაიდან კონფიდენციალურ წერილს, ჩვეულებრივ, დალუქულს გზავნიდნენ, რატომ გაუგზავნა სანბალატმა ნეემიას „გახსნილი წერილი“? სანბალატი შესაძლოა ცდილობდა, რომ გახსნილ წერილში მოცემული ცრუბრალდებები სახალხოდ ცნობილი გაეხადა. ის შეიძლება იმედოვნებდა, რომ ამით ნეემიას განარისხებდა და ის მშენებლობას მიატოვებდა და საკუთარი სიმართლის დამტკიცებას დაიწყებდა. ან შესაძლოა სანბალატი ფიქრობდა, რომ წერილში მოცემული ინფორმაციით ებრაელებს შეაშინებდა და ისინი მშენებლობას შეაჩერებდნენ. ნეემიას ამის არ შეშინებია და ის მშვიდად განაგრძობდა ღვთისგან მიცემული საქმის შესრულებას.

რას ვსწავლობთ:

1:4; 2:4; 4:4, 5. როდესაც რთულ სიტუაციაში ვართ ან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მისაღები, ‘გამუდმებით უნდა ვილოცოთ’ და თეოკრატიული ხელმძღვანელობის შესაბამისად უნდა ვიმოქმედოთ (რომაელები 12:12).

1:112:8; 4:4, 5, 15, 16; 6:16. იეჰოვა პასუხობს თავისი ერთგული მსახურების გულწრფელ ლოცვებს (ფსალმუნები 85:6, 7).

1:4; 4:19, 20; 6:3, 15. თუმცა ნეემიას რბილი ხასიათი ჰქონდა, მან სიმართლისთვის მტკიცე მოქმედების შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა.

1:112:3. ნეემიას სიხარულის მთავარი მიზეზი მისი მაღალი თანამდებობა, მერიქიფედ მსახურება, არ იყო. მას სიხარულს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წინსვლა ანიჭებდა. ჩვენი მთავარი საფიქრალი და სიხარულის ძირითადი წყარო იეჰოვასადმი თაყვანისცემა და სამეფოს ინტერესების წინსვლა უნდა იყოს.

2:48. იეჰოვამ აღძრა არტაქსერქსე, რომ ნეემიასთვის ნება მიეცა, წასულიყო იერუსალიმის გალავნის აღსადგენად. იგავების 21:1–ში ნათქვამია: „წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში, სადაც მოისურვებს, იქ მიმართავს მას“.

3:5, 27. ფიზიკური სამუშაო, რომელიც თაყვანისცემასთან არის დაკავშირებული, არ უნდა მივიჩნიოთ სათაკილოდ, როგორც ამას თეკოაყელი „დიდებულები“ აკეთებდნენ. ჩვენ იმ თეკოაყელებს უნდა მივბაძოთ, რომლებიც მზადყოფნას ავლენდნენ სამუშაოს შესასრულებლად.

3:10, 23, 2830. ზოგს შესაძლებლობა აქვს, იქ გადავიდეს, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა; ბევრი ჩვენგანი კი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას ადგილობრივ ტერიტორიაზე უჭერს მხარს. ამის გაკეთება სამეფო დარბაზის მშენებლობაში მონაწილეობით, სტიქიური უბედურების დროს დაზარალებულთა დახმარებით და, ძირითადად, სამეფოს შესახებ ქადაგებით შეგვიძლია.

4:14. როდესაც წინააღმდეგობას წავაწყდებით, შეგვიძლია შიში იმით დავძლიოთ, რომ ყოველთვის გვახსოვდეს „დიდებული და შიშის მომგვრელი“ (აქ) ღმერთი.

5:1419. გამგებელ ნეემიას თავმდაბლობა, უანგარობა და გონიერება ქრისტიანი ზედამხედველებისთვის შესანიშნავი მაგალითია. ნეემია სხვებს მოუწოდებდა ღვთის კანონების დაცვისკენ, მაგრამ მას არასოდეს გამოუყენებია თავისი მდგომარეობა ეგოისტური მიზნებისთვის. პირიქით, ის ზრუნავდა დაჩაგრულებზე და ღარიბებზე. ნეემია ხელგაშლილობის კარგ მაგალითს აძლევს ღვთის ყველა მსახურს.

„გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ“

(ნეემია 7:1—13:31)

ნეემია, როგორც კი გალავნის აღდგენას ამთავრებს, კარებებს აყენებს და ქალაქის დაცვაზე ზრუნავს. შემდეგ ის განაგრძობს ხალხის გენეალოგიური ნუსხის შედგენას. მთელი ხალხი „წყლის კარიბჭის წინ“ იკრიბება; ეზრა მღვდელი მოსეს კანონის წიგნს კითხულობს, ნეემია და ლევიანები კი განმარტავენ მას (ნეემია 8:1). როცა ისინი კარვობის დღესასწაულის შესახებ იგებენ, სიხარულით აღნიშნავენ მას.

შემდეგი შეკრების დროს „ისრაელის მოდგმა“ ერის ცოდვებს აღიარებს. ლევიანები ისრაელებს ყურადღებას უმახვილებენ იმაზე, თუ როგორ ეპყრობოდა ღმერთი მათ ერს. ხალხი ფიცს დებს, რომ ‘ივლის ღვთის რჯულით’ (ნეემია 9:1, 2; 10:29). რადგან იერუსალიმი ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დასახლებული, ხალხი წილს ყრის, რომ ათიდან ერთი, რომლებიც იერუსალიმის გარეთ ცხოვრობენ, ქალაქში დასახლდეს. შემდეგ, იერუსალიმის გალავნის მიძღვნა ისეთი ხალისით ხდება, რომ „იერუსალიმის სიხარულის ხმა შორს გაისმის“ (ნეემია 12:43). იერუსალიმში ჩასვლიდან თორმეტი წლის შემდეგ, ნეემია ტოვებს ქალაქს და არტაქსერქსესთან ბრუნდება თავისი მოვალეობის შესასრულებლად. მალე ისრაელები უღირსად იქცევიან. ნეემია კვლავ ბრუნდება იერუსალიმში და სიტუაციის გამოსასწორებლად გადამწყვეტ ზომებს მიმართავს. ის თავმდაბლურად სთხოვს იეჰოვას: „გამიხსენე მე, ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ“ (ნეემია 13:31).

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:

7:667. იერუსალიმში ზერუბაბელთან ერთად დაბრუნებულთა შესახებ ნეემიას ჩამონათვალი რატომ განსხვავდება ეზრას ჩამონათვალისგან (ეზრა 2:165). განსხვავება შეიძლება იმიტომ არის, რომ ეზრამ და ნეემიამ სხვადასხვა წყარო გამოიყენეს. მაგალითად, მათი რაოდენობა, რომლებიც იერუსალიმში დაბრუნებას აპირებდნენ, შეიძლება განსხვავდებოდა იერუსალიმში დაბრუნებულთა რაოდენობისგან. კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ის ყოფილიყო, რომ ზოგი იუდეველი გენეალოგიურ ნუსხაში მოგვიანებით შეიტანეს, რადგან დასაწყისში გაურკვეველი იყო, თუ რომელ შტოს მიეკუთვნებოდნენ ისინი. და მაინც, ორივე წიგნი ერთნაირად აღნიშნავს, რომ პირველად დაბრუნებულთა რაოდენობა, მონებისა და მგალობლების გარდა, 42 360 იყო.

10:34. რატომ მოეთხოვებოდა ხალხს შეშის მიტანა? მოსეს კანონში ეს არ მოითხოვებოდა. ამ მოთხოვნის დაწესება საჭიროებამ განაპირობა. სამსხვერპლოზე მსხვერპლის დასაწვავად დიდი რაოდენობის შეშა იყო საჭირო. როგორც ჩანს, არ იყვნენ საკმარისი ნეთინიმები — არაისრაელი მონები, რომლებიც ტაძარში მსახურობდნენ. ამიტომ წილი ყარეს და შეშის მოტანაზე მორიგეობა დააწესეს, რათა მარაგი არ გამოლეულიყო.

13:6. რამდენი ხანი არ იყო ნეემია იერუსალიმში? ბიბლია მხოლოდ იმას ამბობს, რომ „რამდენიმე ხნის შემდეგ“ ნეემიამ მეფეს სთხოვა, ნება მიეცა იერუსალიმში დასაბრუნებლად. ამიტომ შეუძლებელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი ხანი იყო ნეემია წასული. როცა ის იერუსალიმში დაბრუნდა, ნახა, რომ მღვდლები არც სხვებს მოუწოდებდნენ შაბათის დაცვისკენ და არც თავად იცავდნენ მას. ბევრს უცხოელი ცოლები ჰყავდა და მათი შვილები ებრაულ ენაზე ვერ ლაპარაკობდნენ. ვინაიდან ერის მდგომარეობა ასე იყო გაუარესებული, როგორც ჩანს, ნეემია დიდი ხნით იყო იერუსალიმიდან წასული.

13:25, 28. როგორ ცდილობდა ნეემია განდგომილი ებრაელების თვალსაზრისის შესწორებას, გარდა იმისა, რომ ‘ბრალი დასდო’ (აქ) მათ? ნეემიამ ‘დასწყევლა’ ისინი იმ გაგებით, რომ ღვთის კანონიდან იმ ადგილების ციტირება მოახდინა, რომლებიც მათ საქციელს განსჯიდა. მან ‘ზოგიერთს დაარტყა’, შესაძლოა იმ გაგებით, რომ ბრძანება გასცა, კანონის თანახმად დაესაჯათ ისინი. აღშფოთების გამოხატვის სიმბოლოდ, მან ‘თმები დააგლიჯა’ ებრაელებს. ნეემიამ ‘თავიდან მოიშორა’ მღვდელმთავარ ელიშაბის შვილიშვილი, რომელსაც ცოლად ხორონელი სანბალატის ქალიშვილი ჰყავდა.

რას ვსწავლობთ:

8:8. ჩვენ, როგორც ღვთის სიტყვის მასწავლებლებმა, უნდა ‘განვმარტოთ’ ის — მკაფიოდ წარმოთქმით, აზრობრივი მახვილის სწორად დასმით, ახსნითა და იმის განმარტებით, თუ როგორ გამოვიყენოთ ცხოვრებაში.

8:10. ‘უფლის სიხარულს’ (სსგ) მაშინ განვიცდით, როცა შეგნებული გვაქვს სულიერი მოთხოვნილებები, ვიკმაყოფილებთ მათ და მივყვებით თეოკრატიულ ხელმძღვანელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, გულმოდგინედ ვისწავლოთ ბიბლია, რეგულარულად დავესწროთ ქრისტიანულ შეხვედრებს და მთელი ენთუზიაზმით მივიღოთ მონაწილეობა სამეფოს ქადაგებასა და მოწაფეების მომზადების საქმეში!

11:2. საკუთარი მემკვიდრეობის მიტოვება და იერუსალიმში გადასვლა პირად ხარჯებთან და გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ყველამ, ვინც ეს ნებაყოფლობით გააკეთა, თავგანწირვის სული გამოავლინა. ჩვენც შეგვიძლია ასეთივე სულის გამოვლენა, როდესაც სხვების დახმარების შესაძლებლობა მოგვეცემა, მაგალითად კონგრესზე მომსახურებით ან სხვა შემთხვევებში.

12:31, 38, 4042. საგალობლის შესრულება შესანიშნავი შესაძლებლობაა იეჰოვას განსადიდებლად და მადლიერების გამოსახატავად. ქრისტიანულ შეხვედრებზე მთელი გულით უნდა ვიმღეროთ.

13:431. ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თანდათანობით ჩვენზე გავლენა არ მოახდინოს მატერიალიზმმა, მექრთამეობამ და განდგომილებამ.

13:22. ნეემიას შეგნებული ჰქონდა, რომ ღვთის წინაშე პასუხი უნდა ეგო. ჩვენც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ იეჰოვას წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.

გვესაჭიროება იეჰოვას კურთხევა

„თუ უფალი არ ააშენებს სახლს, — მღეროდა ფსალმუნმომღერალი, — ამაოდ გაირჯებიან მისი მშენებლები“ (ფსალმუნები 126:1, სსგ). მართლაც რა შესანიშნავად გვიჩვენებს წიგნი „ნეემია“ ამ სიტყვების ჭეშმარიტებას!

რასაც უნდა ვაკეთებდეთ, წარმატების მისაღწევად ღვთის კურთხევა გვჭირდება. განა უნდა ველოდოთ იეჰოვასგან კურთხევას, თუ ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა პირველ ადგილზე არ დგას? მოდი ნეემიას მსგავსად, იეჰოვას თაყვანისმცემლობა და მისი ინტერესები ცხოვრებაში პირველ ადგილზე დავაყენოთ.

[სურათი 8 გვერდზე]

„წყლის ნაკადია მეფის გული უფლის ხელში“.

[სურათი 9 გვერდზე]

ნეემია — რბილი ხასიათის მქონე კაცი — იერუსალიმში ბრუნდება.

[სურათები 10, 11 გვერდებზე]

იცით, როგორ ‘განმარტოთ’ ღვთის სიტყვა?