არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში

ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში

ნამდვილი კეთილდღეობა ღვთის ახალ ქვეყნიერებაში

დეივიდი, * ქრისტიანი მშობელი, შეერთებულ შტატებში წავიდა; ის დარწმუნებული იყო, რომ ეს უკეთესი იქნებოდა თავისი ოჯახისთვის. მართალია ოჯახიდან მოშორებით ყოფნა არ უნდოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იცხოვრებდნენ უკეთესად, თუ ბევრი ფული ექნებოდათ. ასე რომ, ნიუ-იორკში მცხოვრებ ნათესავებს დათანხმდა იქ წასვლაზე და მალე მუშაობა დაიწყო.

რაც დრო გადიოდა, დეივიდს იმედები უცრუვდებოდა. სულიერი საქმეებისთვის ცოტა დრო ჰქონდა და თითქმის დაკარგა კიდეც ღვთისადმი რწმენა. როდესაც სხვადასხვა ცდუნების წინაშე აღმოჩნდა, რეალურად მაშინ გაათვითცნობიერა თავისი მდგომარეობა. მას ყურადღება მატერიალიზმზე ჰქონდა მიპყრობილი, რის შედეგადაც ის თანდათანობით ყველაზე მნიშვნელოვანს ჩამოშორდა. საჭირო იყო ცვლილებების მოხდენა.

დეივიდის მსგავსად, ბევრი ემიგრანტი, რომლებიც ღარიბი ქვეყნებიდან არიან, იმედოვნებენ, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდება. თუმცა ძალიან ხშირად სულიერად ზარალდებიან. ზოგს აინტერესებს: „შეიძლება ქრისტიანი სიმდიდრისკენ ისწრაფოდეს და ღმერთშიც იყოს მდიდარი?“ ცნობილი მწერლები და სასულიერო პირები ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ დეივიდის მსგავსად, სხვებიც მიხვდნენ, რომ ეს არცთუ ისე ადვილია (ლუკა 18:24).

ფული ბოროტება არ არის

ფული ადამიანმა გამოიგონა. ამაში ცუდი არაფერია. სინამდვილეში, ეს მხოლოდ რაიმეს ყიდვის, შეძენის საშუალებაა. ამრიგად, როდესაც ფულს მართებულად იყენებთ, ის შეიძლება კარგ მიზანს მოემსახუროს. მაგალითად, ბიბლიაში წერია, რომ ‘ფული დაიფარავს კაცს’, განსაკუთრებით სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემების დროს (ეკლესიასტე 7:12, სსგ). როგორც ჩანს, ზოგისთვის „ფული ყველაფერზე პასუხს აგებს“ (ეკლესიასტე 10:19, სსგ).

ბიბლია განსჯის სიზარმაცეს და შრომისკენ მოგვიწოდებს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ოჯახზე და ცოტა მეტი თუ გვექნება, ‘გაჭირვებულსაც მივცემთ’ (ეფესოელები 4:28; 1 ტიმოთე 5:8). უფრო მეტიც, ნაცვლად იმისა, რომ უარი ვთქვათ პირად ქონებაზე, ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, ვისარგებლოთ მისით. შედეგად ‘მივიღებთ ჩვენს წილს’ და გავიხარებთ შრომის ნაყოფით (ეკლესიასტე 5:18—20). ბიბლიაში რამდენიმე მაგალითია ღვთის იმ ერთგული მსახურების შესახებ, რომლებიც მდიდრები იყვნენ.

მდიდრები იყვნენ, მაგრამ ერთგულები

ღვთის ერთგულ მსახურს აბრაამს ჰყავდა ასობით მსახური, ცხვრის დიდი ფარა, საქონლის ჯოგი და ჰქონდა ბევრი ოქრო–ვერცხლი (დაბადება 12:5; 13:2, 6, 7). მსგავსად ცხოვრობდა მართალი იობიც. ის საკმაოდ დიდ სიმდიდრეს ფლობდა (იობი 1:3; 42:11, 12). ჩვენი ეპოქის გადასახედიდანაც კი იობი და აბრაამი მდიდრები იყვნენ, მაგრამ ისინი ღმერთშიც მდიდრები იყვნენ.

მოციქული პავლე აბრაამს ‘ყველა მორწმუნის მამას’ უწოდებს. ის არც ძუნწი იყო და არც მეტისმეტად უყვარდა თავისი ქონება (რომაელები 4:11; დაბადება 13:9; 18:1—18). ღმერთმა იობს „ალალი [და] წრფელი“ უწოდა (იობი 1:8). ის ყოველთვის მზად იყო ღარიბისა და გაჭირვებულის დასახმარებლად (იობი 29:12—16). აბრაამიც და იობიც ღმერთზე იყვნენ მინდობილნი და არა სიმდიდრეზე (დაბადება 14:22—24; იობი 1:21, 22; რომაელები 4:9—12).

განვიხილოთ სოლომონის მაგალითიც. იერუსალიმის სამეფო ტახტის მემკვიდრე სოლომონი არა მარტო ღვთიური სიბრძნით დაჯილდოვდა, არამედ სიმდიდრითა და დიდებითაც (3 მეფეთა 3:4—14). ის ღვთის ერთგული იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში კი, „ისე წრფელი არ იყო მისი გული უფლისადმი“ (3 მეფეთა 11:1—8). მისი შემთხვევა აჩვენებს, თუ რა საშიშროებები შეიძლება წარმოქმნას მატერიალურმა კეთილდღეობამ. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.

სიმდიდრის საშიშროება

ყველაზე სერიოზულ საფრთხეს ფულისა და ნივთებისადმი სიყვარული ქმნის. ზოგს სიმდიდრის ქონის დიდი სურვილი აქვს და ვერასოდეს იკმაყოფილებს ამ სურვილს. სოლომონმა მეფობის დასაწყისშივე შენიშნა ეს ტენდენცია სხვებში. მან დაწერა: „ვერცხლის მოყვარული ვერ გაძღება ვერცხლით, და ვისაც სიმდიდრე უყვარს, ვერ გაძღება მით. ესეც ამაოებაა“ (ეკლესიასტე 5:10). მოგვიანებით იესო და პავლე აფრთხილებდნენ ქრისტიანებს ასეთი მაცდური სიყვარულის შესახებ (მარკოზი 4:18, 19; 2 ტიმოთე 3:2).

როდესაც ფულის შოვნა ცხოვრების მთავარ მიზნად იქცევა, ადვილად შესაძლებელია ისეთი ცდუნების ქვეშ მოვექცეთ, როგორიცაა ტყუილი, ქურდობა, ღალატი და ა.შ. ერთ–ერთმა მოციქულმა იუდა ისკარიოტელმა იესო ოცდაათ ვერცხლად გასცა (მარკოზი 14:11; იოანე 12:6). ზოგიერთებმა ფულის გადამეტებული სიყვარულის გამო ის ღმერთზე წინ დააყენეს (1 ტიმოთე 6:10). ამიტომ ქრისტიანები ყოველთვის უნდა შეეცადონ, გულწრფელად შეამოწმონ საკუთარი მოტივი, თუ რა მიზნით სურთ ბევრი ფული (ებრაელები 13:5).

სიმდიდრისკენ სწრაფვაც ქმნის საფრთხეს, რომლის ამოცნობა უფრო რთულია. უპირველეს ყოვლისა, სიმდიდრის ქონა ხელს უწყობს საკუთარ თავზე დაიმედებას. იესო ამას გულისხმობდა „სიმდიდრის მაცდუნებელ ძალაში“ (მათე 13:22). მოწაფე იაკობიც აფრთხილებდა ქრისტიანებს, რომ ნუ დაივიწყებდნენ ღმერთს, როდესაც რაიმეს დაგეგმავდნენ (იაკობი 4:13—16). რადგან ფული ადამიანს დამოუკიდებელს ხდის, ყოველთვის არსებობს იმის საშიშროება, რომ მან ღვთის ნაცვლად ფულზე დაამყაროს იმედი (იგავები 30:7—9; საქმეები 8:18—24).

და კიდევ ერთი საშიშროება ის არის, რომ როგორც დასაწყისში მოხსენიებული დეივიდი მიხვდა, სიმდიდრისკენ სწრაფვას ბევრი დრო და ენერგია მიაქვს; ამას კი თანდათანობით სულიერი საქმეებისგან ჩამოშორება მოჰყვება (ლუკა 12:13—21). აგრეთვე, მდიდარი ყოველთვის ცდუნების წინაშე დგას, ფულს ძირითადად სიამოვნების მომგვრელ საქმეებში იყენებს ანუ პირადი მისწრაფებებისთვის.

შესაძლებელია, რომ გარკვეულწილად ფუფუნებით ცხოვრებას გამოეწვია სოლომონის სულიერად მოდუნება და დაცემა? (ლუკა 21:34). მან კარგად იცოდა, რომ ღმერთი კრძალავდა სხვა ერის ადამიანებზე დაქორწინებას; თუმცა მას დაახლოებით ათასი ცოლი ჰყავდა (მეორე რჯული 7:3). სოლომონს ძალიან სურდა, ესიამოვნებინა უცხოელი ცოლებისთვის და ცდილობდა, მათი რელიგიისთვის დამახასიათებელი წეს–ჩვეულებები აღენიშნა. როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, სოლომონის გული თანდათანობით ჩამოშორდა იეჰოვას.

ეს მაგალითები იესოს რჩევის ჭეშმარიტებას ცხადყოფს: „ვერ შეძლებთ ღვთის მონაც იყოთ და სიმდიდრისაც“ (მათე 6:24). მაშ როგორ შეუძლია ქრისტიანს წარმატებით გაუმკლავდეს დღეს არსებულ ეკონომიურ სირთულეებს? და რაც უფრო მნიშვნელოვანია, რა იმედი არსებობს უკეთეს ცხოვრებასთან დაკავშირებით?

წინ ნამდვილი კეთილდღეობა გველის

აბრაამის, იობისა და ისრაელი ერისგან განსხვავებით, იესოს მიმდევრებს დავალებული აქვთ, ‘მოწაფეებად მოამზადონ ხალხი ყველა ერიდან’ (მათე 28:19, 20). ამ დავალების შესრულება მოითხოვს დროს და ძალისხმევას, რაც შეიძლებოდა ქვეყნიერებაში წარმატების მიღწევისთვის გამოგვეყენებინა. იმისათვის რომ წარმატებულები ვიყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია იესოს სიტყვები გავითვალისწინოთ: „ამიტომ, უპირველესად ეძებეთ სამეფო და მამის სიმართლე და სხვა დანარჩენი შეგემატებათ“ (მათე 6:33).

მას შემდეგ, რაც დეივიდმა ლამის დაკარგა ოჯახი და ღმერთთან ურთიერთობა, მან შეცდომა გამოასწორა და ცხოვრება სათანადო გზით წარმართა. როდესაც დეივიდმა ბიბლიის შესწავლა და ლოცვა კვლავ განაახლა და პირველ ადგილზე დააყენა მსახურება, როგორც იესო დაჰპირდა თავის მიმდევრებს, მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვალა. ცოლთან და ბავშვებთან ურთიერთობა თანდათანობით აღდგა. ის მხიარული და კმაყოფილია, და კვლავაც გულმოდგინებით შრომობს. მართალია არ გამდიდრებულა, მაგრამ მწარე გამოცდილებიდან ბევრი რამ ისწავლა.

დეივიდი მიხვდა, თუ რა არაგონივრული გადაწყვეტილება მიიღო, შეერთებულ შტატებში რომ წავიდა. მან მიზნად დაისახა, რომ აღარასოდეს დაუშვებდა, ფულს ებატონა მის გადაწყვეტილებებზე. მან უკვე იცის, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასის — მოსიყვარულე ოჯახის, კარგი მეგობრების და ღმერთთან ურთიერთობის — შეძენა ფულით შეუძლებელია (იგავები 17:17; 24:27; ესაია 55:1, 2). მართლაც, პატიოსნება გაცილებით ფასეულია, ვიდრე სიმდიდრე (იგავები 19:1; 22:1). დეივიდს თავის ოჯახთან ერთად მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ყოველთვის სათანადოდ დაადგინოს პრიორიტეტები (ფილიპელები 1:10).

ადამიანები ძალისხმევას არ იშურებენ, შექმნან მდიდარი და მაღალზნეობრივი საზოგადოება, მაგრამ მარცხს განიცდიან. თუმცა ღმერთი გვპირდება, რომ მისი სამეფო მოგვიტანს სულიერ და მატერიალურ კეთილდღეობას, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო (ფსალმუნები 71:16; ესაია 65:21—23). იესო ასწავლიდა, რომ ნამდვილი ბედნიერებისთვის უპირველესად საჭიროა სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება (მათე 5:3). ასე რომ, მიუხედავად იმისა, მდიდრები ვართ თუ ღარიბები, დღეს მთავარი სულიერი საკითხებისთვის უპირატესობის მინიჭებაა; ეს კი ღვთის ახალი ქვეყნიერებისთვის მოგვამზადებს (1 ტიმოთე 6:17—19). ასეთი ქვეყნიერება მოგვიტანს ნამდვილ კეთილდღეობას.

[სქოლიოები]

^ აბზ. 1 სახელი შეცვლილია.

[სურათები 5 გვერდზე]

იობი ღმერთზე იყო მინდობილი და არა სიმდიდრეზე.

[სურათები 7 გვერდზე]

ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასის შეძენა ფულით შეუძლებელია.