ფული და ზნეობა რას ვსწავლობთ ისტორიიდან?
ფული და ზნეობა რას ვსწავლობთ ისტორიიდან?
ათას ექვსას ოცდაათი წლის შვიდ აპრილს დაახლოებით ოთხასი კაცი მიცურავდა ოთხი გემით ინგლისიდან ამერიკაში. მათ შორის ზოგი ძალიან განათლებული იყო, ზოგიც ვაჭრობას ეწეოდა. ზოგიერთები პარლამენტის წევრებიც კი იყვნენ. ევროპაში მიმდინარე ოცდაათწლიანი ომის (1618-1648) გამო ინგლისში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. ამიტომ დატოვეს მათ სახლები, ნათესავები, თავიანთი საქმე და უცხოეთში წავიდნენ ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად.
ეს არ იყო მხოლოდ ოპტიმისტურად განწყობილი ჯგუფი, რომელიც გამდიდრების მიზნით ყველანაირ შესაძლებლობას იყენებდა. ესენი იყვნენ გულმოდგინე პურიტანები, რომლებმაც რელიგიურ დევნას დააღწიეს თავი. * მათი მიზანი იყო, ისეთი საზოგადოება ჩამოეყალიბებინათ, სადაც ისინი და მათი შთამომავლები მატერიალურად უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ და არც ბიბლიურ პრინციპებს დაარღვევდნენ. გემით მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სეილემში ჩასვლიდან მცირე ხანში, პურიტანებმა პატარა ტერიტორია მიითვისეს ზღვის სანაპიროსთან. ამ ადგილს ბოსტონი უწოდეს.
გაწონასწორება რთული აღმოჩნდა
პურიტანების ლიდერმა, ბოსტონის მმართველმა ჯონ უინტროპმა ყველაფერი გააკეთა, რომ ყველას ჰქონოდა სიმდიდრე და ახალი კოლონიის მოსახლეობისთვის სარგებლობა მოეტანა. მას სურდა, რომ ხალხს ფულიც ჰქონოდა და პატიოსნებიც ყოფილიყვნენ. მაგრამ გაწონასწორება რთული აღმოჩნდა. თუმცა სირთულეებს მოელოდა, ის გულდასმით ესაუბრებოდა თანამოაზრეებს „ღვთისმოშიშ“ საზოგადოებაში სიმდიდრის როლის შესახებ.
პურიტანი სხვა ლიდერების მსგავსად, უინტროპს სჯეროდა, რომ სიმდიდრისკენ სწრაფვაში არაფერი იყო ცუდი. ის ირწმუნებოდა, რომ გამდიდრების მთავარი მიზანი სხვების დახმარება იყო; რაც უფრო მდიდარი იყო ადამიანი, მით მეტი სიკეთის გაკეთება შეეძლო. „პურიტანებს ყველაზე მეტად სიმდიდრის საკითხი აღელვებდათ, — აღნიშნავს ისტორიკოსი პატრიცია ოტული. — სიმდიდრე როგორც ღვთის კურთხევის მაჩვენებელი იყო, ისე გაამაყებისა და. . . სხვა ცოდვების ჩადენის ძლიერი ცდუნება“.
უინტროპი ზომიერებისკენ მოუწოდებდა მოსახლეობას, რათა არიდებოდნენ ცოდვებს, რომლებიც შეიძლება სიმდიდრესა და ფუფუნებას გამოეწვია. მალე კოლონიის მცხოვრებლები წინ აღუდგნენ უინტროპს, რადგან ის აიძულებდა ხალხს, ყოფილიყვნენ ღვთისმოსავნი და ჰყვარებოდათ ერთმანეთი. ხალხი მას შემდეგ დაუპირისპირდა უინტროპს, რაც მან სხვების პირად საქმეებში დაიწყო ჩარევა. ზოგიერთები მოსახლეობას მოუწოდებდნენ, ხმის მიცემით აერჩიათ ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებებს მიიღებდნენ. სხვები ფიქრობდნენ, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად უკეთესი იყო, საცხოვრებლად მეზობლად მდებარე შტატ კონექტიკუტში გადასულიყვნენ.
„უკეთესი პირობები, კეთილდღეობა და დემოკრატია, — აღნიშნავს ზემოთ მოხსენიებული ისტორიკოსი, — ძალიან მნიშვნელოვანი იყო მასაჩუსეტსის შტატში მცხოვრები პურიტანებისთვის. ისინი უინტროპის იდეებს პირადი მიზნებისთვის იყენებდნენ“. უინტროპი სიღარიბეში გარდაიცვალა 1649 წელს, 61 წლის ასაკში. თუმცა ბოსტონი მრავალი გაჭირვების გადატანის მიუხედავად კვლავაც განაგრძობდა არსებობას, უინტროპის ოცნება იდეალური საზოგადოების შესახებ არ განხორციელებულა.
კვლავაც ძიებაში
იდეალურ ქვეყნიერებაზე მხოლოდ ჯონ უინტროპი როდი ოცნებობდა. ყოველ წელს აფრიკიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან, აღმოსავლეთ ევროპიდან და ლათინური ამერიკიდან ასობით ათასი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ იმ იმედით, რომ უკეთეს პირობებში იცხოვრებს. ზოგიერთ მათგანზე დიდ გავლენას ახდენს ასობით ახალი წიგნი, სემინარები და ვებ-საიტები, რაც ჰპირდება მათ, რომ გამდიდრების საიდუმლოებას გაუზიარებს. ცხადია, ბევრი კვლავაც დიდ ძალისხმევას ახმარს ფულის შოვნას და იმედოვნებს, რომ ზნეობრივ ნორმებს არასოდეს უგულებელყოფს.
სინამდვილეში, შედეგი არც ისე სახარბიელოა. სიმდიდრის ძიებაში ხშირად ზნეობრივ სიწმინდეს იღებენ მსხვერპლად და ზოგჯერ ღვთისადმი რწმენასაც კი. ამიტომ, შესაძლოა დაგებადოთ კითხვები: შეიძლება ადამიანი იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი და ამავე დროს მდიდარი? ოდესმე იარსებებს ღვთისმოშიში საზოგადოება, სადაც ხალხი მდიდარი იქნება და ამასთანავე, ზნეობრივ ნორმებსაც დაიცავს? ბიბლია გვპასუხობს ამ კითხვებზე, რასაც შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 3 ასე ეწოდათ მე-16 საუკუნეში ინგლისელ პროტესტანტებს, რომლებიც მიზნად ისახავდნენ ანგლიკანური ეკლესიის გაწმენდას რომის კათოლიციზმის ნაშთებისგან.
[სურათი 3 გვერდზე]
Boats: The Complete Encyclopedia of Illustration/J. G. Heck; Winthrop: Brown Brothers