არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის კანონიკურობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტი

ბიბლიის კანონიკურობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტი

ბიბლიის კანონიკურობის დამადასტურებელი ძველი დოკუმენტი

„თითოეული პწკარი თითქოს სპეციალურად იმისათვის იყო დაწერილი, რომ ადრეული ქრისტიანობის ისტორიის შესწავლით დაინტერესებულ ადამიანებში ცნობისწადილი აღეძრა“. ასეთი სიტყვები ითქვა ერთი ძველი დოკუმენტის შესახებ. იცით, რომელ დოკუმენტზეა საუბარი?

საუბარია დოკუმენტზე, რომლის შესახებაც შეიძლება გსმენიათ. ეს დოკუმენტია მურატორის ფრაგმენტი. იმისდა მიუხედავად, გსმენიათ ამ დოკუმენტის შესახებ თუ არა, შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რატომ არის მურატორის ფრაგმენტი ასე განსაკუთრებული?“ ის უძველესია არსებული კანონებიდან, ანუ ავტორიტეტული სიებიდან, სადაც აღნიშნულია, თუ რომელი წიგნები უნდა შედიოდეს ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში.

თქვენ შეიძლება ჩვეულებრივ ფაქტად მიიჩნევთ იმას, რომ ბიბლიის შემადგენლობაში გარკვეული წიგნები შედის. მაგრამ, შესაძლოა, გაგაოცოთ იმის გაგებამ, რომ იყო დრო, როდესაც დაობდნენ, თუ რომელი წიგნი უნდა შესულიყო ბიბლიაში. მურატორის ფრაგმენტში, ანუ კანონში, მოყვანილია იმ წიგნების სია, რომლებიც ღვთის შთაგონებულად უნდა მიჩნეულიყო. ცხადია, თქვენ კარგად გესმით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რომელი წიგნები შედის ბიბლიის შემადგენლობაში. რა ცხადყო აღნიშნულმა დოკუმენტმა იმ წიგნებთან დაკავშირებით, რომლებიც ქრისტიანულ-ბერძნული წერილების შემადგენლობაში შედის? მოდი ამ საკითხის გამოსაკვლევად ჯერ მურატორის ფრაგმენტის ისტორიას გავეცნოთ.

მისი აღმოჩენა

მურატორის ფრაგმენტი არის 76 პერგამენტის ფურცლისგან შემდგარი კოდექსის ნაწილი; თითოეული ფურცლის ზომაა 27x17 სანტიმეტრი. ეს დოკუმენტი ამბროსის ბიბლიოთეკაში (მილანი, იტალია) აღმოაჩინა ცნობილმა იტალიელმა ისტორიკოსმა ლუდოვიკო ანტონიო მურატორიმ. მან თავისი აღმოჩენა, რომელიც მურატორის ფრაგმენტის სახელწოდებით არის ცნობილი, 1740 წელს გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, კოდექსი პიაჩენცას (ჩრდილოეთ იტალია) მახლობლად, ბობიოს ძველ მონასტერში, მერვე საუკუნეში დაიწერა. XVII საუკუნის დასაწყისში იგი ამბროსის ბიბლიოთეკაში გადაიტანეს.

მურატორის ფრაგმენტი შედგება კოდექსის მე–10 და მე–11 ფურცლებზე დაწერილი 85 პწკარისგან. ტექსტი დაწერილია ლათინურად, როგორც ჩანს, გადამწერის მიერ, რომელიც დიდი ყურადღებიანობით არ გამოირჩეოდა. მაგრამ მე–11—12 საუკუნეების იმავე ტექსტების შემცველ ოთხ ხელნაწერთან შედარების შედეგად აღმოჩენილ იქნა ამ დოკუმენტში დაშვებული ზოგი შეცდომა.

როდის დაიწერა?

შეიძლება დაგაინტერესოთ, როდის დაიწერა თავდაპირველად მურატორის ფრაგმენტში მოცემული ინფორმაცია. როგორც ჩანს, ამ ტექსტის დედანი დაიწერა ბერძნულ ენაზე მრავალი საუკუნით ადრე, ვიდრე პერგამენტზე გადმოიტანდნენ მის ლათინურ თარგმანს. აი საიდან ვიგებთ, თუ როდის დაიწერა დედანი: მურატორის ფრაგმენტში მოხსენიებულია არაბიბლიური წიგნი „მწყემსი“ და აღნიშნულია, რომ ერთმა კაცმა, სახელად ჰერმასმა, დაწერა იგი „სულ ახლახან, ჩვენს დროში, ქალაქ რომში“. მეცნიერები ჰერმასის ბოლო ნაწერებს ახ. წ. 140—155 წლებით ათარიღებენ. ამგვარად, ადვილად შეგიძლიათ დაინახოთ, თუ რატომ არის დათარიღებული ლათინურ ენაზე შესრულებული მურატორის ფრაგმენტის ბერძნული ორიგინალი ახ. წ. 170—200 წლებით.

რომის პირდაპირ და ირიბად მოხსენიება იმაზე მიუთითებს, რომ ეს დოკუმენტი შეიძლება ამ ქალაქში იქნა შედგენილი. მაგრამ საკამათოა, თუ ვინ არის მისი ავტორი. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება ყოფილიყო კლემენტ ალექსანდრიელი, მელიტო სარდისელი ან პოლიკარპე ეფესოელი. მაგრამ მეცნიერთა უმრავლესობა მის ავტორობას მიაწერს იპოლიტეს — მწერალს, რომელიც ბერძნულად წერდა, და მურატორის ფრაგმენტის დაწერის სავარაუდო პერიოდის განმავლობაში რომში ცხოვრობდა. მაშინ როდესაც შეიძლება ეს ინფორმაცია მაინც და მაინც არ გაინტერესებდეთ, უდავოდ დაგაინტერესებთ იმის ცოდნა, თუ რა ინფორმაციას შეიცავს ეს დოკუმენტი, რამაც ასე ღირებული გახადა იგი.

რას შეიცავს?

ტექსტში ქრისტიანულ–ბერძნული წერილების მხოლოდ სია როდია მოცემული. ამ დოკუმენტში მოცემულია წინასიტყვაობა მასში ჩამოთვლილ წიგნებსა და მათ დამწერებთან დაკავშირებით. ტექსტის წაკითხვისას შენიშნავთ, რომ ხელნაწერს პირველი პწკარები აკლია; აგრეთვე ის თითქოს მოულოდნელად წყდება. იგი იწყება ლუკას სახარების მოხსენიებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ბიბლიის ამ წიგნის დამწერი ექიმი იყო (კოლოსელები 4:14). მასში აღნიშნულია, რომ ლუკას სახარება მესამეა; ამგვარად, ადვილი დასანახია, რომ წინა ნაწილში, რომელიც ნაპოვნი არ არის, მოხსენიებულია მათესა და მარკოზის სახარებები. თუ თქვენც ამგვარ დასკვნამდე მიხვედით, თქვენს შეხედულებას ადასტურებს მურატორის ფრაგმენტიც, რომელშიც ნათქვამია, რომ მეოთხე არის იოანეს სახარება.

მურატორის ფრაგმენტი ადასტურებს, რომ წიგნი „მოციქულთა საქმეები“ დაწერა ლუკამ და იგი ‘ღრმად პატივცემულ თეოფილეს’ მისწერა (ლუკა 1:3; საქმეები 1:1). შემდეგ ჩამოთვლილია მოციქულ პავლეს წერილები — კორინთელები (ორი), ეფესოელები, ფილიპელები, კოლოსელები, თესალონიკელები (ორი), რომაელები, ფილიმონი, ტიტე და ტიმოთე (ორი). აგრეთვე ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნებს შორის არის მოხსენიებული იუდა და იოანეს ორი წერილი. მოციქულ იოანეს პირველი წერილი მოხსენიებულია იოანეს სახარებასთან. აპოკალიპსისიც ანუ გამოცხადებაც შედის იმ წიგნთა სიაში, რომელსაც ღვთის შთაგონებით დაწერილად მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ფრაგმენტი მოიხსენიებს პეტრეს აპოკალიპსისს, მაგრამ იქვე დასძენს, რომ ზოგიერთის აზრით, იგი არ უნდა წაიკითხოს ქრისტიანმა. ამ დოკუმენტის დამწერი გვაფრთხილებს, რომ იმ დროისთვის უკვე გავრცელებული იყო ღვთის შთაგონების გარეშე დაწერილი ნაშრომები. მურატორის ფრაგმენტში ახსნილია, რომ ასეთი რამ უკუგდებულ უნდა იქნეს, „რადგან იგი თაფლში მწარე რამის შერევის მსგავსია“. დოკუმენტში მოხსენიებულია სხვა ტექსტებიც, რომლებიც წმინდა წერილებში არ შედის. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ აღნიშნული წიგნები მოციქულთა მოღვაწეობის შემდგომი პერიოდით თარიღდება (მაგალითად, ჰერმასის „მწყემსი“) ან ისინი ერეტიკოსთა მხარდაჭერით იყო დაწერილი.

ალბათ, შენიშნეთ, რომ „ებრაელები“, პეტრეს ორი წერილი და „იაკობი“ ბიბლიის კანონიკურ წიგნთა შორის მოხსენიებული არ არის. მაგრამ დ–რ ჯეფრი მარკ ჰენემენის დაკვირვების თანახმად, აღნიშნული ხელნაწერის გადამწერთა ოსტატობიდან გამომდინარე, „გონივრულია დავუშვათ, რომ აღნიშნული ფრაგმენტი შეიცავდა სხვა ნაწილებსაც, რომლებიც დღესდღეობით დაკარგულია და ამ დაკარგულ ფრაგმენტში შეიძლება შედიოდა იაკობი და ებრაელები (აგრეთვე 1 პეტრე)“ („მურატორის ფრაგმენტი და კანონის ფორმირება“).

ამგვარად, მურატორის ფრაგმენტი ადასტურებს, რომ ახ. წ. მეორე საუკუნიდან კანონიკურად ითვლებოდა იმ წიგნთა უმეტესობა, რომლებიც დღეს ქრისტიანულ–ბერძნული წერილების შემადგენლობაში შედის. ცხადია, ბიბლიურ წიგნთა კანონიკურობა (ანუ ის, არის თუ არა ბიბლიაში მათი ჩართვა მართებული) ამ წიგნთა რომელიმე ძველ სიაში მოხსენიებაზე არ არის დამოკიდებული. იმის განმსაზღვრელი, წმინდა სულით არის დაწერილი ეს წიგნები თუ არა, ამ წიგნების შინაარსია. ბიბლიის ყველა წიგნიდან ვხედავთ, რომ ისინი იეჰოვა ღმერთის შთაგონებით არის დაწერილი და ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაშია. ბიბლიის 66 წიგნის ჰარმონიულობა და შეთანხმებულობა ამ წიგნთა ერთიანობისა და სისრულის დამადასტურებელია. ასე რომ, კარგია, როდესაც ბიბლიის წიგნებს ისეთად მიიჩნევთ, რაც სინამდვილეშია — იეჰოვას სიტყვად, რომელიც მის მიერვე შთაგონებული ჭეშმარიტებაა და რომელიც დღემდეა შემონახული (1 თესალონიკელები 2:13; 2 ტიმოთე 3:16, 17).

[სურათი 13 გვერდზე]

ლუდოვიკო ანტონიო მურატორი

[სურათი 14 გვერდზე]

ამბროსის ბიბლიოთეკა

[სურათი 15 გვერდზე]

მურატორის ფრაგმენტი

[საავტორო უფლებები დაცულია 15 გვერდზე]

Diritti Biblioteca Ambrosiana. Vietata la riproduzione. Aut. No. F 157/05.

[საავტორო უფლებები დაცულია 13 გვერდზე]

Fragments: Diritti Biblioteca Ambrosiana. Vietata la riproduzione. Aut. No. F 157/05; Muratori, based on line art: © 2005 Brown Brothers.