არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ

ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ

ბოლივიის განაპირა ადგილებში სასიხარულო ცნობას ისმენენ

მოუთმენლად ველოდით ამ დღეს. დაახლოებით ოცი კაცი მდინარესთან შევიკრიბეთ, რათა ერთი დღის განმავლობაში მთებში მდებარე სოფლები მოგვენახულებინა. ჩვენ ანდების ძირას ვიმყოფებით, სადაც მდინარე ბენი ამაზონის ვრცელ დაბლობზე ჩამოედინება. ეს, მართლაც, თვალწარმტაცი სანახაობაა.

ჩვენ არა ვართ ტურისტები. ზოგიერთი ჩვენგანი ადგილობრივი მოსახლეა, ზოგიც კი მოშორებული ქალაქებიდან ჩამოვიდა. ახლა ისინი პატარა ლამაზ ქალაქ რურენაბაკეში ცხოვრობენ, სადაც ჩალით დახურული სახლები და ლამაზი ხეებია. ირგვლივ არსებულ სიმშვიდეს კი მოტოციკლეტების ხმაური არღვევს; ისინი ტაქსის მაგივრობას ასრულებენ. რატომ გადავწყვიტეთ ბოლივიის მოშორებულ ტერიტორიებზე გამგზავრება?

რაც რურენაბაკეში ხდება, ეს ბოლივიის სხვა ადგილებისთვისაც არის დამახასიათებელი. კერძოდ, ბოლივიის სხვადასხვა ქალაქიდან და აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული იეჰოვას მოწმეები სასიხარულო ცნობას ქადაგებენ მოშორებულ ტერიტორიებზე (მათე 24:14).

ბოლივია სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ამ ქვეყნის ფართობი საფრანგეთის ფართობზე ორჯერ დიდია, თუმცა მოსახლეობის მხრივ საფრანგეთის მოსახლეობის 10 %-ზე ოდნავ მეტია. ბოლივიაში მოსახლეობის უმეტესობა დიდ ქალაქებში და მთიან ადგილებში ცხოვრობს, სადაც სამთო მრეწველობა ან სოფლის მეურნეობაა განვითარებული. ქალაქები ტყის დიდი მასივით არის ერთმანეთისგან დაშორებული.

1950—60-იან წლებში გაბედულმა მისიონერებმა ბეტი ჯექსონმა, ელსი მეინბერგმა, პამელა მოზლიმ და შარლოტა ტომაშევსკიმ ქადაგება დაიწყეს მოშორებით მდებარე ტერიტორიებზე. მათ გულწრფელ ადამიანებს ბიბლიური ჭეშმარიტება ასწავლეს და პატარა კრებები ჩამოაყალიბეს. 1980—90-იან წლებში იეჰოვას მოწმეთა რიცხვი ბოლივიაში, ძირითადად დიდ ქალაქებში, ექვსჯერ გაიზარდა. ახლა კრებებია იქ, სადაც ხალხი მრავალსართულიან შენობებში მუშაობს, მრავალბინიან კეთილმოწყობილ სახლებში ცხოვრობს და საყიდლებზე სუპერმარკეტებში დადის; აგრეთვე, კრებები ისეთ მოშორებულ რაიონებშია, სადაც ხალხი ნაციონალურ, ფერად ტანსაცმელს იცვამს, თიხის ქოხებში ცხოვრობს და საყიდლებზე ღია ბაზრებში დადის. რა შეიძლება გაკეთდეს მოშორებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა დასახმარებლად, რათა მათაც გაიგონ იეჰოვას შესახებ?

კომფორტულ ცხოვრებაზე უარის თქმა

ბოლო ოცი წლის განმავლობაში ბოლივიის პატარა ქალაქებიდან, სადაც სამთო მრეწველობაა განვითარებული, და ქალაქგარეთ მდებარე ტერიტორიებიდან, ხალხმა დიდ ქალაქებში დაიწყო გადასვლა. ამიტომ ქალაქიდან სოფელში გადასვლა უჩვეულოა. მრავალ სოფელს მხოლოდ ერთი ტელეფონი აქვს და დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მიეწოდება ელექტროენერგია. აქ მცხოვრებ მოწმეებს თანამორწმუნეების ნახვა მხოლოდ ყოველწლიურ კონგრესებზე შეუძლიათ; მგზავრობა ძვირი, სახიფათო და დამღლელია. სოფლის სკოლა მხოლოდ ზოგად განათლებას იძლევა. მაშ, რა აღძრავს იეჰოვას მოწმეებს, რომ ქალაქებიდან სოფლებში გადავიდნენ?

„შესაძლებლობა მქონდა, კარიერა შემექმნა ქალაქ ლა-პასში, — ამბობს ლუისი. — მაგრამ მშობლები ყოველთვის მარწმუნებდნენ, რომ ყველაზე სასურველი კარიერა მოწაფეების მომზადებაა. ასე რომ, გადავწყვიტე, მხოლოდ სამშენებლო კურსები დამემთავრებინა. არდადეგების დროს რურენაბაკეში ყოფნისას შევამჩნიე, რომ ხალხი გულმოდგინედ ისმენდა სასიხარულო ცნობას. იქ რამდენიმე ძმა მსახურობდა. ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე რურენაბაკეში გადასვლა, რათა ძმებს დავხმარებოდი. ახლა ბიბლიის 12 შესწავლა მაქვს. ვასწავლი ახალგაზრდა ცოლ-ქმარს, რომელსაც ოთხი შვილი ჰყავს. ქმარი ხშირად სვამდა და აზარტულ თამაშებში იყო ჩაფლული. მაგრამ ის თანდათანობით იცვლება და რასაც იეჰოვას შესახებ იგებს, მეგობრებს უყვება. განსახილველ მასალას ყოველთვის წინასწარ ამზადებს. როცა სამი ან ოთხი დღის განმავლობაში მორების დასამზადებლად მიდის ტყეში, წუხს, რადგან შესწავლა უცდება. როდესაც მას ვხედავ ოჯახთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებზე, ვხვდები, რომ ნამდვილად ღირდა მსხვერპლის გაღება — აქ გადმოსვლა“.

ჰუანა მარტოხელა მშობელია. „ლა-პასში შინამოსამსახურედ ვმუშაობდი, — ამბობს ის. — როცა ჩემი ვაჟი პატარა იყო, სრული დროით ვმსახურობდი. რურენაბაკეში ყოფნისას მივხვდი, რომ აქ უფრო მეტის გაკეთება შემეძლო მსახურებაში. ასე რომ, საცხოვრებლად აქ გადმოვედით; მე შინამოსამსახურედ დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად ცხელი კლიმატისა და მწერების გამო გამიჭირდა ლა-პასში ცხოვრება. მაგრამ უკვე შვიდი წელია აქ ვართ. ყოველკვირა ბევრ ბიბლიის შესწავლას ვატარებ და შემსწავლელთაგან უმრავლესობა კრების შეხვედრებს ესწრება“. ჰუანა და თავისი ვაჟიც ჩვენ შორის იმყოფებიან და მთებში მდებარე სოფლების მოსანახულებლად ვემზადებით. გიწვევთ, ჩვენთან ერთად იმოგზაუროთ.

მდინარის სათავისკენ

კატერით გავემართეთ მთებს შორის ვიწრო გასასვლელისკენ. თუთიყუშების გუნდი „შეძახილებით“ შემოგვეგება, თითქოს ჩვენი დანახვა არ ესიამოვნათ. ამღვრეული წყალი მთებიდან დიდი სისწრაფით მოედინებოდა. გამოცდილი მესაჭე შესანიშნავად უმკლავდებოდა დინებას. შუადღით ერთ პატარა სოფელს მივადექით. იქ რურენაბაკის კრების უხუცესს შევხვდით; მან ის ტერიტორია გვიჩვენა, სადაც უნდა გვექადაგა.

მოსახლეობა გვეპატიჟებოდა ხის ჩრდილქვეშ ან ბამბუკისგან აშენებულ და პალმის ფოთლებით გადახურულ სახლებში. გავიცანით ახალგაზრდა წყვილი, რომელიც შაქრის ლერწამს სახლში დამზადებული ხის პრესით ამუშავებდა. წვენს სპილენძის ჯამში აგროვებდნენ და შემდეგ ადუღებდნენ მანამ, სანამ მისგან მუქ, ბლანტ სითხეს არ მიიღებდნენ, რასაც შემდეგ ქალაქში ყიდდნენ. მათ სახლში მიგვიპატიჟეს და ბიბლიის შესახებ მრავალი კითხვა დაგვისვეს.

ჩვენ გზა განვაგრძეთ და სოფლიდან სოფელში ვქადაგებდით. ბევრი სიხარულით ისმენდა ავადმყოფობისა და სიკვდილის მოსპობის შესახებ ბიბლიაში ჩაწერილ ცნობას (ესაია 25:8; 33:24). იმ სოფლებში, სადაც სათანადოდ ვერ მკურნალობენ, ბავშვები იღუპებიან, რაც ოჯახებს დიდ ტკივილს აყენებს. მიწის მუშებისა და მეთევზეების სიცოცხლე მოსავლის მოყვანასა და თევზის ჭერაზეა დამოკიდებული. ასე რომ, ბევრი დაინტერესდა 71-ე ფსალმუნში ჩაწერილი დანაპირებით, რომ სიღარიბეს ღვთის მმართველობა მოუღებს ბოლოს. „ფიქრობთ, რომ დაინტერესებული ადამიანები, რომლებიც ასეთ მოშორებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ, დაესწრებიან ქრისტიანულ შეხვედრებს?“ — ეს კითხვა აწუხებდათ ერიკსა და ვიკის; ისინი სრული დროით მსახურობენ სანტა-როსაში, საიდანაც მანქანით სამი საათის სავალია ამაზონამდე.

დაინტერესებულები შეხვედრებს ესწრებიან

ერიკი და ვიკი ბოლივიაში კალიფორნიიდან (აშშ) ჩამოვიდნენ 12 წლის წინ. მიმომსვლელმა ზედამხედველმა მათ სანტა-როსაში გადასვლა შესთავაზა. „ქალაქში მხოლოდ ორი ტელეფონია და ინტერნეტით სარგებლობა შეუძლებელია, — ამბობს ვიკი. — იქ მდიდარი ბუნებაა. მოტოციკლეტებით მგზავრობისას ხშირად ვხედავთ ალიგატორებს, სირაქლემებსა და დიდ გველებს; თუმცა ადამიანები მეტ ინტერესს იწვევენ. ამჟამად, ბიბლიას ვასწავლით ახალგაზრდა წყვილს, ვაკას ოჯახს, რომელსაც ოთხი პატარა ბავშვი ჰყავს. ისინი ქალაქიდან დაახლოებით 26 კილომეტრის მოშორებით ცხოვრობენ. ქმარი ლოთი იყო, მაგრამ გამოსწორდა. ყოველკვირა მას ოჯახი და უმცროსი და მოჰყავს სამეფო დარბაზში. ველოსიპედით დაჰყავს მეუღლე და პატარა ბავშვი. ცხრა წლის ბავშვს პატარა დაიკო მიჰყავს ველოსიპედით, ხოლო რვა წლის ბავშვი საკუთარი ველოსიპედით დადის. მათ სამეფო დარბაზამდე მისვლისთვის სამი საათი სჭირდებათ“. ამ ოჯახს ძალიან უყვარს იეჰოვა და ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ კრებას დაესწრონ.

წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქადაგების შედეგად სამი პიროვნება უკვე მზად არის მოსანათლად და დაახლოებით 25 დადის სანტა-როსას ახალ სამეფო დარბაზში. მართალია, ბევრს სურს ბიბლიის შესწავლა, მაგრამ დიდი დაბრკოლებების გადალახვა უწევთ იმისათვის, რომ იეჰოვას ემსახურონ.

კანონიერ ქორწინებასთან დაკავშირებული სირთულეები

მისიონერები მერინი და ოსნი ბოლივიისა და ბრაზილიის საზღვართან მდებარე სოფელში მსახურობენ. როგორც ისინი ამბობენ, იქ მცხოვრებთაგან ბევრი ქორწინებას არ უყურებს როგორც მუდმივ კავშირს. ისინი ხშირად იცვლიან პარტნიორებს. „ეს მათ ხელს უშლის სულიერ წინსვლაში, — ამბობს ოსნი. — როდესაც ადამიანებს სურთ, გახდნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები, ეს არ არის ადვილი და ამასთანავე, დროს საჭიროებს. ისინი, რომლებსაც მრავალი პარტნიორი ჰყავთ, კანონიერად უნდა დაქორწინდნენ. რადგან იციან, რომ ბიბლიის თანახმად, ქორწინების რეგისტრაციაა საჭირო. ზოგმა ბევრი უნდა იმუშაოს, რომ ამისთვის თანხა დააგროვოს“ (რომაელები 13:1, 2; ებრაელები 13:4).

მერინი გვიყვება ნორბერტოს შემთხვევას. „ის რამდენიმე ქალთან ცხოვრობდა, შემდეგ კი გადავიდა ქალთან, რომელიც მეპურე იყო. ქალი 35 წლით უმცროსი იყო და ერთი ვაჟი ჰყავდა, რომელიც იშვილა ნორბერტომ. როცა ბიჭი წამოიზარდა, ნორბერტოს სურდა, მისთვის კარგი მაგალითი მიეცა. ერთხელ იეჰოვას მოწმემ მას საფუნთუშეში ბიბლიის უფასოდ შესწავლა შესთავაზა. ნორბერტო დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა კითხვა და 70-ზე მეტი წლის იყო. როდესაც ნორბერტომ და მისმა მეგობარმა ქალმა იეჰოვას მოთხოვნების შესახებ გაიგეს, კანონიერად დაქორწინდნენ და შემდეგ მოინათლნენ. მამინაცვალს იმედი გაუმართლდა; ვაჟი მოინათლა და ამჟამად, პასუხისმგებელი ძმაა. ნორბერტომ ისწავლა კითხვა და კრების შეხვედრებზე მოხსენებებითაც გამოდის. ასაკის მიუხედავად, ის სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებელია“.

იეჰოვას სულით გაძლიერებულნი

იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები. . . დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:8). მართლაც გამამხნევებელია იმის დანახვა, თუ როგორ მოქმედებს ღვთის სული ქრისტიანებზე — ის აღძრავს მათ, მოშორებულ ტერიტორიებზე იქადაგონ! მაგალითად, 2004 წელს ბოლივიაში მცხოვრები დაახლოებით ოცდაათი გულმოდგინე ქრისტიანი დროებით დაინიშნა სპეციალურ პიონერად მოშორებულ ტერიტორიებზე. ისინი მადლიერნი არიან სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დაახლოებით 180 და-ძმის, რომლებიც ბოლივიაში მსახურობენ პიონერებად, სარაიონო ზედამხედველებად, მისიონერებად ან ბეთელის ოჯახის წევრებად. ბოლივიაში სამეფოს 17 000 მაუწყებელი დაახლოებით 22 000 ბიბლიის შესწავლას ატარებს.

და-ძმებს ბედნიერებას ანიჭებს იმის ცოდნა, რომ მათ იეჰოვას სული ხელმძღვანელობს. მაგალითად, რობერტი და ქეითი მისიონერებად დაინიშნენ მოშორებით მდებარე სოფელ კამირში, რომელიც მდინარესთან ახლოს, მთაგორიან ადგილას მდებარეობს. „მართლაც დროული იყო ჩვენი აქ დანიშვნა, — ამბობს რობერტი. — ორ წელში დაახლოებით 40 ადამიანი გახდა სასიხარულო ცნობის მაუწყებელი“.

ლოთი და აზარტული მოთამაშე სასიხარულო ცნობას ისმენს

სოფელში მცხოვრებლები გაოცებულნი არიან იმის დანახვით, თუ როგორ იცვლებიან ბიბლიის შემსწავლელები. მაგალითად, დაახლოებით ოთხი წლის წინ, ერთ დღეს ერიელი ნაბახუსევი საწოლში იწვა. ის ცნობილი აზარტული მოთამაშე იყო. ერიელი წუხდა იმაზე, რომ ჰქონდა დიდი ვალები, პრობლემებით აღსავსე ქორწინება და ქალიშვილები უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. ამ ფიქრებში იყო, როცა იეჰოვას მოწმეებმა მიაკითხეს. ერიელი დიდხანს და ყურადღებით უსმენდა, როცა ბიბლიურ მუხლებს უკითხავდნენ. ამის შემდეგ მან მალევე წაიკითხა ბედნიერი ოჯახური ცხოვრების, სამოთხისა და ღვთისადმი მსახურების შესახებ ლიტერატურა. მოგვიანებით კი იეჰოვას მოწმეებს ბიბლიის შესწავლაზე დათანხმდა.

კამირში მისიონერების ჩამოსვლის შემდეგ ერიელის მეუღლემ ერმინდემაც დაიწყო შესწავლა. თუმცა არც ისე დიდი სურვილი ჰქონდა. „ყველაფერს ვაკეთებდი, რომ მას სმა მიეტოვებინა, — ამბობს ის. — მაგრამ ვეჭვობდი, რომ ეს შედეგს გამოიღებდა. ჩემს მეუღლეს არაფრის იმედი აღარ ჰქონდა“. არც კი მოელოდა ერმინდე, რომ ბიბლიის შესწავლა თავად ასე დააინტერესებდა. ერთ წელში მოინათლა და მან ნათესავებთან დაიწყო ქადაგება. მალე რამდენიმე მათგანმა იეჰოვას მიუძღვნა თავი.

ერიელისთვის კი რთული იყო სმისთვის, სიგარეტისა და აზარტული თამაშისთვის თავის დანებება. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, როცა მან მეგობრები ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დაპატიჟა. ერიელმა გადაწყვიტა, რომ ვინც არ მივიდოდა, მასთან შეწყვეტდა ურთიერთობას. ვინც მივიდოდა კი, მასთან ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა. მართლაც, მან სამი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ერიელი ბიბლიას ასწავლიდა ნათესავს, რომელიც შემდეგ მასთან ერთად მოინათლა. ერმინდე ამბობს: „ის სრულიად სხვა პიროვნება გახდა“.

რობერტი აღნიშნავს: „მათი ნათესავებიდან 24 პიროვნება ყოველთვის ესწრება კრების შეხვედრებს. მათგან ათი მონათლულია, რვა კი მოუნათლავი მაუწყებელია. აგრეთვე ზოგიერთებმა, რომლებმაც დაინახეს, თუ როგორ შეიცვალნენ ისინი, ბიბლიის შესწავლა დაიწყეს და კრების შეხვედრებს ესწრებიან. დამსწრეთა რიცხვი 100–დან 190–მდე გაიზარდა. ქეითი და მე დაახლოებით ოცდაათ ბიბლიის შესწავლას ვატარებთ; ისინი ესწრებიან შეხვედრებს. ჩვენ გვიხარია, რომ ბოლივიაში ვმსახურობთ“.

რაც ბოლივიის მოშორებულ ტერიტორიებზე ხდება, ეს მთელ მსოფლიოში მიმდინარე საქმიანობის ნაწილია, რომლის შესახებაც „გამოცხადების“ მე-7 თავშია ნაწინასწარმეტყველები; ამის თანახმად, ისინი, რომლებიც „უფლის დღეში“ ერთად შეიკრიბებიან, დიდ გასაჭირს გადაიტანენ (გამოცხადება 1:10; 7:9—14). კაცობრიობის ისტორიაში არასოდეს გაერთიანებულა ყოველი ერიდან მილიონობით ადამიანი ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისსაცემად. მართლაც, ეს შესანიშნავი მტკიცებაა იმისა, რომ ღვთის განზრახვები მალე შესრულდება.

[სურათი 9 გვერდზე]

ბეტი ჯექსონი

[სურათი 9 გვერდზე]

ელსი მეინბერგი

[სურათი 9 გვერდზე]

პამელა მოსლი

[სურათი 9 გვერდზე]

შარლოტა ტომაშევსკი (მარჯვნიდან პირველი)

[სურათი 10 გვერდზე]

ყოველკვირა სამეფო დარბაზამდე მისვლისთვის მათ სამი საათი სჭირდებათ.

[სურათი 10 გვერდზე]

ერიკი და ვიკი იქ მსახურობენ, სადაც სამეფოს მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა.

[სურათი 11 გვერდზე]

მდინარე ბენთან მდებარე სოფელში ყურადღებით ისმენენ სასიხარულო ცნობას.

[სურათი 12 გვერდზე]

რობერტი და ქეითი მისიონერებად მსახურობენ კამირში.