გვესაჭიროება მესია?
გვესაჭიროება მესია?
შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „გვესაჭიროება მესია?“ გონივრულია დაინტერესდეთ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მესიის შესახებ ინფორმაციის მიღებამ თქვენზე.
იმ ადამიანებმა, რომლებიც თქვენთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ, შეიძლება დაგარწმუნონ, რომ ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი ნათელი და არაორაზროვანია: თქვენ, ისევე როგორც ყველას, გესაჭიროებათ მესია! პირველ საუკუნეში ებრაელების კანონის მცოდნემ დაწერა: «რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით». ამ მუხლში ხაზგასმულია, თუ რა როლი აკისრია მესიას ღვთის განზრახვაში — მან უნდა აკურთხოს ყველა ერი დედამიწაზე (2 კორინთელები 1:20). მესიის როლი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დედამიწაზე მისი მოსვლა და ცხოვრება ბიბლიური წინასწარმეტყველების მთავარი თემაა. ერთ ცნობარში, რომელსაც დაახლოებით ბოლო 70 წლის განმავლობაში მილიონობით ადამიანი იყენებს, ისტორიკოს-ბიბლეისტი ჰენრი ჰალეი აღნიშნავს: „ძველი აღთქმის დაწერის ერთი მიზანი იყო ის, რომ ხალხს [მესიის] მოლოდინი ჰქონოდა, ხოლო მეორე, მისი მოსვლისთვის გზა მოემზადებინა“. მაგრამ საჭირო იყო მისი მოსვლა? რატომ უნდა დაგაინტერესოთ ამ საკითხმა?
„მესია“ ანუ ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა „ქრისტე“ ნიშნავს „ცხებულს“. 1970 წელს გამოცემული ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ მას „უდიდეს მხსნელს“ უწოდებს, რომელიც ადამიანთა პირველი წყვილის, ადამისა და ევას, არასწორი საქციელის გამო უნდა მოსულიყო. ადამი და ევა სრულყოფილები იყვნენ და სამოთხეში მარადიული ცხოვრების შესანიშნავი პერსპექტივა ჰქონდათ. მაგრამ მათ დაკარგეს ეს პერსპექტივა. მოჯანყე ანგელოზმა, რომელიც სატანა ეშმაკი გახდა, ისინი დაარწმუნა, რომ შემოქმედი მათ ძალიან ზღუდავდა და უკეთესი იყო, თავად გადაეწყვიტათ, რა იყო კარგი და რა — ცუდი (დაბადება 3:1—5).
ევა შეცდა და დაიჯერა ეს სიცრუე. როგორც ჩანს, ადამმა ღვთისადმი ერთგულებაზე მეტად ცოლი დააფასა; მან ეშმაკს დაუჭირა მხარი ღვთისადმი ურჩობაში (დაბადება 3:6; 1 ტიმოთე 2:14). ამის გამო მათ დედამიწაზე სამოთხეში მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა წაერთვათ. მათ შთამომავლობას მემკვიდრეობით ცოდვა და შედეგად სიკვდილი გადასცეს (რომაელები 5:12).
ჩვენმა შემოქმედმა, იეჰოვამ, დაუყოვნებლივ გადაწყვიტა, ბოლო მოეღო ურჩობით გამოწვეული საზიანო გავლენისთვის. მას უნდა შეერიგებინა კაცობრიობა თანასწორობის პრინციპის მიხედვით, რომელიც მოგვიანებით მოსეს კანონში ჩაიწერა (მეორე რჯული 19:21; 1 იოანე 3:8). თუ ეს შესრულდებოდა, ადამისა და ევას შთამომავლები მიიღებდნენ შემოქმედის მიერ განზრახულ მარადიულ სიცოცხლეს სამოთხეში დედამიწაზე. ამისთვის კი მესიის მოსვლა იყო საჭირო.
ბიბლიაში ჩაწერილ პირველ წინასწარმეტყველებაში მოცემულია იეჰოვას მიერ ეშმაკისთვის გამოტანილი განაჩენი: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). ერთმა ბიბლეისტმა აღნიშნა: „წმინდა წერილების თანახმად, დაპირება მესიის მოსვლასთან დაკავშირებით, [ზემოთ მოცემული] განაცხადით იწყება“. სხვა სწავლულმა თქვა, რომ ღმერთი მესიის საშუალებით „ბოლოს მოუღებს ცოდვის ყველა სავალალო შედეგს“ და აკურთხებს კაცობრიობას (ებრაელები 2:14, 15).
თქვენ შეიძლება ფიქრობთ, რომ კაცობრიობა საკმაოდ შორს არის კურთხევებისგან. ადამიანები უიმედო მდგომარეობაში არიან. ენციკლოპედია „უორლდ ბუკში“ ნათქვამია, რომ „ბევრი ებრაელი კვლავაც ელის მესიის მოსვლას, რომელიც მოსპობს ბოროტებას და გაანადგურებს ხალხის მტრებს“. მაგრამ ბიბლია ამბობს, რომ მესია უკვე მოვიდა. რა საფუძველი გვაქვს, რომ გვჯეროდეს ეს? ამას შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.