არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„რას ნიშნავს იისფერი სამკუთხედი?“

„რას ნიშნავს იისფერი სამკუთხედი?“

„რას ნიშნავს იისფერი სამკუთხედი?“

«რამდენიმე დღის წინ იეჰოვას მოწმისგან „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი მივიღე», — გვწერს სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტროს ერთი თანამშრომელი სეულიდან. ის განაგრძობს: „ამ ჟურნალის კითხვის დროს გავიგე, თუ როგორ იდევნებოდნენ იეჰოვას მოწმეები ნაცისტური და კომუნისტური რეჟიმების დროს. მაგრამ კითხვა გამიჩნდა. ჟურნალის გარეკანზე გამოსახულ იეჰოვას მოწმეებს ზედა სამოსის მარცხენა მხარეს დაკერებული აქვთ იისფერი სამკუთხედები. რას ნიშნავს იისფერი სამკუთხედი?“

გერმანიაში ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები უარს ამბობდნენ „ჰაილ ჰიტლერის“ თქმაზე და პოლიტიკურ თუ სამხედრო საკითხებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. ამიტომ ნაცისტები მათ სასტიკად დევნიდნენ; იეჰოვას მოწმეთაგან დაახლოებით 12 000 სხვადასხვა ვადით იმყოფებოდა ციხეებსა თუ საკონცენტრაციო ბანაკებში. აქედან დაახლოებით 2 000 დაიღუპა, მათგან ასობით იეჰოვას მოწმე სიკვდილით დასაჯეს.

რას ნიშნავდა მათ საპატიმრო ფორმაზე დაკერებული იისფერი სამკუთხედი? „ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში სხვადასხვა კატეგორიის პატიმრები განმასხვავებელ ნიშნებს ატარებდნენ, — ახსნილია ერთ წიგნში. — ომამდე შემოღებული ნიშანთა სისტემის მიხედვით, თითოეული პატიმრის ტანსაცმელზე დაკერებული იყო სამკუთხედი ნაჭერი, რომლის ფერიც პატიმრის კატეგორიას განსაზღვრავდა: პოლიტიკური პატიმრებისთვის განკუთვნილი იყო წითელი ფერი, იეჰოვას მოწმეებისთვის — იისფერი, ანტისაზოგადოებრივი ჯგუფისთვის — შავი, ბოროტმოქმედებისთვის — მწვანე, ჰომოსექსუალისტებისთვის — ვარდისფერი, ემიგრანტებისთვის — ლურჯი. ამასთანავე, ებრაელ პატიმრებს ყვითელ სამკუთხედზე ზემოდან ისე ჰქონდათ დაკერებული მეორე სამკუთხედი, რომ დავითის ექვსქიმიანი ვარსკვლავი გამოდიოდა“ (Anatomy of the SS State).

„თუ მომავალ თაობებს ემახსოვრებათ იისფერი სამკუთხედი, ამას დიდი ზნეობრივი ღირებულება ექნება მათთვის, — წერს პროფესორი ჯონ როთი თავის წიგნში. — იისფერ სამკუთხედს შეუძლია დაგვიცვას უბედურებისგან; ამ სამკუთხედის კუთხეები წარმართავს ჩვენს ყურადღებასა და პასუხისმგებლობას კარგისკენ, იმისკენ, რაც ყველაზე მეტად იმსახურებს ადამიანთა პატივისცემას“ (Holocaust Politics). იეჰოვას მოწმეებმა გადაიღეს დოკუმენტური ვიდეოფილმი „იეჰოვას მოწმეების სიმტკიცე ნაცისტური თავდასხმის პირისპირ“, რომელმაც პრემია მიიღო. ხომ არ სთხოვდით იეჰოვას რომელიმე მოწმეს, რომ ამ ფილმის ნახვაში დაგხმარებოდათ?