არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა

ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა

ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევა

„[ღმერთი] ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“ (ეფესოელები 1:11).

1. რატომ აქვს იეჰოვას მოწმეთა ყველა კრებას შეხვედრა 2006 წლის 12 აპრილს?

ორიათას ექვსი წლის 12 აპრილს, ოთხშაბათ საღამოს, უფლის გახსენების საღამოს აღსანიშნავად დაახლოებით 16 მილიონი ადამიანი შეიკრიბება. თითოეული შეხვედრის ადგილას მაგიდაზე იდება უფუარი პური, რომელიც ქრისტეს სხეულის სიმბოლოა და წითელი ღვინო, რომლითაც მის მიერ დაღვრილი სისხლია წარმოდგენილი. წარმოთქმული იქნება მოხსენება იესოს სიკვდილის გახსენების საღამოს მნიშვნელობის შესახებ. ამ მოხსენების ბოლო ნაწილში ჩამოატარებენ ამ სიმბოლოებს — თავიდან პურს, შემდეგ კი ღვინოს. იეჰოვას მოწმეთა ზოგ კრებაში ერთი ან მეტი დამსწრე მიიღებს ამ სიმბოლოებს. უმეტეს კრებებში კი დამსწრეთაგან არავინ მიიღებს მათ. რატომ არის, რომ სიმბოლოებს იღებს ქრისტიანთა ასე მცირე რაოდენობა, ანუ ისინი, რომელთაც ზეციერი ცხოვრების იმედი აქვთ, ხოლო უმრავლესობა, რომელთაც მიწიერი ცხოვრების იმედი აქვთ, არ იღებს?

2, 3. ა) როგორ განაგრძობდა იეჰოვა შემოქმედებას თავისი განზრახვის შესაბამისად? ბ) რა მიზნით შექმნა იეჰოვამ დედამიწა და ადამიანები?

2 იეჰოვა არის განზრახვების ღმერთი. განზრახვის შესასრულებლად, ის „ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“ (ეფესოელები 1:11). ღმერთმა თავდაპირველად თავისი მხოლოდშობილი ძე შექმნა (იოანე 1:1, 14; გამოცხადება 3:14). შემდეგ ამ ძის მეშვეობით იეჰოვამ შექმნა სულიერი ძეები და ფიზიკური სამყარო, მათ შორის დედამიწა და მასზე მცხოვრები ადამიანები (იობი 38:4, 7; ფსალმუნები 102:19—21; იოანე 1:2, 3; კოლოსელები 1:15, 16).

3 იეჰოვას დედამიწა არ შეუქმნია საცდელ ადგილად, საიდანაც ადამიანებს ზეცაში სულიერ ძეთა ოჯახის შესავსებად წაიყვანდა, როგორც ამას ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები ასწავლიან. დედამიწის შექმნისას იეჰოვას კონკრეტული მიზანი ჰქონდა; მან იგი „დასასახლებლად გამოსახა“ (ესაია 45:18). იეჰოვამ დედამიწა ადამიანებისთვის და ადამიანები დედამიწისთვის შექმნა (ფსალმუნები 113:24). მთელი პლანეტა უნდა გამხდარიყო სამოთხე, რომელზეც სამართლიანი ადამიანები დასახლდებოდნენ; მათ უნდა დაემუშავებინათ მიწა და მოევლოთ თავიანთი პლანეტისთვის. ადამიანთა პირველ წყვილს არასდროს ჰქონია იმის პერსპექტივა, რომ საბოლოოდ ზეცაში წასულიყვნენ (დაბადება 1:26—28; 2:7, 8, 15).

იეჰოვას განზრახვას დაბრკოლება ექმნება

4. როგორ შეექმნა იეჰოვას უზენაეს მმართველობას დაბრკოლება კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე?

4 ღვთის ერთმა სულიერმა ძემ ბოროტად გამოიყენა ღვთიური ძღვენი — ნების თავისუფლება — და გადაწყვიტა, წინ აღდგომოდა იეჰოვას განზრახვის შესრულებას. მან დაარღვია სიმშვიდე, რომლითაც იეჰოვას უზენაესი მმართველობის მორჩილი ყველა ქმნილება სარგებლობს. სატანამ ადამიანთა პირველი წყვილი ღვთისგან დამოუკიდებლობის გზაზე დააყენა (დაბადება 3:1—6). სატანამ ეჭვი იეჰოვას სიძლიერეში კი არ შეიტანა, არამედ იმაში, თუ როგორ ავლენდა იეჰოვა უზენაესობას; ასე რომ, ეშმაკი საკამათოს ხდიდა იეჰოვას უფლებას, ყოფილიყო მმართველი. ამგვარად, იეჰოვას უზენაესი მმართველობის შესახებ უმნიშვნელოვანესი საკამათო საკითხი აქ, დედამიწაზე, კაცობრიობის ისტორიის გარიჟრაჟზე წამოიჭრა.

5. კიდევ რა საკამათო საკითხი წამოიჭრა და ვისთან დაკავშირებით?

5 სატანამ იობის დღეებში წამოჭრა მეორე საკითხიც, რომელიც მჭიდროდ უკავშირდება უზენაესი მმართველობის შესახებ ძირითად საკამათო საკითხს. მან ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას იმ ქმნილებათა აღძვრები, რომლებიც მას ემორჩილებოდნენ და ემსახურებოდნენ. სატანის სიტყვებიდან გამომდინარე, ისინი ამას ეგოისტური მიზნით აკეთებდნენ და, თუ გამოცდის წინაშე დადგებოდნენ, ღმერთს ზურგს შეაქცევდნენ (იობი 1:7—11; 2:4, 5). ეს საკამათო საკითხი ადამიანებთან დაკავშირებით იყო წამოჭრილი, მაგრამ იგი ეხებოდა ღვთის სულიერ ძეებსაც, თვით იეჰოვას მხოლოდშობილ ძესაც კი.

6. როგორ აღმოჩნდა იეჰოვა თავისი განზრახვისა და სახელის ერთგული?

6 იეჰოვამ, რომელიც თავისი განზრახვის ერთგულია და საკუთარი სახელის მნიშვნელობის თანახმად მოქმედებს, საკუთარი თავი წინასწარმეტყველად და მხსნელად იქცია *. მან სატანას უთხრა: „ჩამოვაგდებ მტრობას შენსა და დედაკაცს შორის, და შენს თესლსა და მის თესლს შორის: ის თავს გაგიჭეჭყავს და შენ მას ქუსლს დაუგესლავ“ (დაბადება 3:15). „ქალის“ ანუ თავისი ორგანიზაციის ზეციერი ნაწილის მეშვეობით იეჰოვა პასუხს გასცემდა სატანას და ადამის შთამომავლებს გათავისუფლებისა და სიცოცხლის იმედს მისცემდა (რომაელები 5:21; გალატელები 4:26, 31).

„თავისი ნების წმინდა საიდუმლო“

7. პავლე მოციქულის მეშვეობით, რა გვამცნო იეჰოვამ თავის განზრახვასთან დაკავშირებით?

7 ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანთათვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე კარგად ხსნის, თუ როგორ ხელმძღვანელობს იეჰოვა თავისი განზრახვის შესრულებას. ის წერს: „გვამცნო თავისი ნების წმინდა საიდუმლო, რომელიც მოსაწონია მისთვის, და გადაწყვიტა, განაგოს დანიშნული დროების გასრულებამდე, კერძოდ, ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10). იეჰოვას დიდებული განზრახვაა, გაერთიანებულ სამყაროში ცხოვრობდნენ ქმნილებები, რომლებიც სიყვარულით დაემორჩილებიან მის უზენაეს მმართველობას (გამოცხადება 4:11). ამგვარად განიწმინდება მისი სახელი; დამტკიცდება, რომ სატანა მატყუარაა და შესრულდება ღვთის ნება „როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე“ (მათე 6:10).

8. რაზე მიუთითებს ბერძნული სიტყვა, რომელიც თარგმნილია როგორც „განაგოს“?

8 იეჰოვას განზრახვა, „რომელიც მოსაწონია მისთვის“, შესრულდებოდა იმის წყალობით, რომ იგი ხელმძღვანელობას გაუწევდა ანუ ‘განაგებდა’ მის განხორციელებას. პავლემ აქ გამოიყენა სიტყვა, რომელიც სიტყვასიტყვით „ოჯახის გაძღოლას“ ნიშნავს. ის მიუთითებს არა მთავრობაზე, მაგალითად მესიანურ სამეფოზე, არამედ იმაზე, თუ როგორ ხდება ხელმძღვანელობის გაწევა *. იეჰოვა შესანიშნავად უხელმძღვანელებდა თავისი განზრახვის შესრულებას; განზრახვისა, რომელშიც საუკუნეების განმავლობაში თანდათანობით „წმინდა საიდუმლოს“ გამხელაც შევიდოდა (ეფესოელები 1:10; 3:9).

9. როგორ გაამჟღავნა იეჰოვამ თანდათანობით თავისი ნების შესახებ წმინდა საიდუმლო?

9 მთელი რიგი შეთანხმებების საშუალებით იეჰოვამ თანდათანობით ნათელი გახადა, თუ როგორ შესრულდებოდა მისი განზრახვა ედემის ბაღში აღთქმულ „თესლთან“ ანუ შთამომავალთან დაკავშირებით. აბრაამთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ აღთქმული შთამომავალი დედამიწას აბრაამის ხაზიდან მოევლინებოდა და მისი საშუალებით ‘იკურთხებოდა დედამიწის ყოველი ხალხი’. ამ შეთანხმებიდან ისიც ჩანდა, რომ შთამომავლის ძირითად ნაწილთან სხვებიც იქნებოდნენ დაკავშირებული (დაბადება 22:17, 18). ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმებიდან გამოჩნდა, რომ იეჰოვას განზრახვაში შედიოდა, ჰყოლოდა „მღვდელთა სამეფო“ (გამოსვლა 19:5, 6). დავითთან დადებული შეთანხმებით ცხადი გახდა, რომ შთამომავალი სამეფოს მარადიული მეთაური იქნებოდა (2 მეფეთა 7:12, 13; ფსალმუნები 88:4, 5). მას შემდეგ, რაც კანონის საფუძველზე დადებულმა შეთანხმებამ ისრაელები მესიამდე მიიყვანა, იეჰოვამ თავისი განზრახვის შესრულების სხვა მხარეებიც ცხადყო (გალატელები 3:19, 24). ის ადამიანები, რომლებიც შთამომავლის ძირითად ნაწილთან იქნებოდნენ დაკავშირებულნი, შექმნიდნენ ნაწინასწარმეტყველებ „მღვდელთა სამეფოს“ და მათთან, როგორც ახალ სულიერ „ისრაელთან“, დაიდებოდა „ახალი შეთანხმება“ (იერემია 31:31—34; ებრაელები 8:7—9) *.

10, 11. ა) როგორ ცხადყო იეჰოვამ, ვინ იქნებოდა ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი? ბ) რატომ მოვიდა დედამიწაზე ღვთის მხოლოდშობილი ძე?

10 ღვთის განზრახვის შესასრულებლად ხელმძღვანელობის გაწევისას, დადგა დრო, როდესაც დედამიწას ნაწინასწარმეტყველები შთამომავალი უნდა მოვლენოდა. იეჰოვამ ანგელოზი გაბრიელი გაგზავნა მარიამთან, რათა მისთვის ემცნო, რომ გაუჩნდებოდა ძე, რომლისთვისაც იესო უნდა დაერქმია. ანგელოზმა მარიამს უთხრა: „ის დიდი იქნება და უზენაესის ძე დაერქმევა. იეჰოვა ღმერთი მას დავითის, მამამისის ტახტს მისცემს და ის მარადიულად იმეფებს იაკობის სახლზე. მის სამეფოს ბოლო არ ექნება“ (ლუკა 1:32, 33). ამგვარად ცხადი გახდა, ვინ იქნებოდა აღთქმული შთამომავალი (გალატელები 3:16; 4:4).

11 დედამიწაზე უნდა მოსულიყო იეჰოვას მხოლოდშობილი ძე და უნდა გამოცდილიყო. სატანას გამოწვევაზე სრულყოფილი პასუხის გაცემა მის ხელში იქნებოდა. დარჩებოდა ის მამის ერთგული? ეს წმინდა საიდუმლოს ნაწილი იყო. მოციქულმა პავლემ იესოს როლის შესახებ მოგვიანებით აღნიშნა: «ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო, უეჭველად, დიდია: „ის გამოცხადდა ხორცში, მართლად იქნა აღიარებული სულში, ეჩვენა ანგელოზებს, მასზე იქადაგეს ყველა ხალხში, ირწმუნეს ქვეყნიერებაში და აყვანილ იქნა დიდებაში“» (1 ტიმოთე 3:16). დიახ, იესომ სიკვდილამდე ურყევი ერთგულებით საბოლოო პასუხი გასცა სატანის გამოწვევას. მაგრამ წმინდა საიდუმლოს სხვა დეტალები ჯერ კიდევ უცნობი იყო.

„სამეფოს წმინდა საიდუმლო“

12, 13. ა) რა შედის „ღვთის სამეფოს წმინდა საიდუმლოში“? ბ) რა იყო საჭირო იმისთვის, რომ იეჰოვას ადამიანთა განსაზღვრული რაოდენობა ზეცაში საცხოვრებლად შეერჩია?

12 გალილეაში ქადაგების დროს იესომ აღნიშნა, რომ წმინდა საიდუმლო მჭიდროდ იყო დაკავშირებული მესიანურ მთავრობასთან. მან თავის მოწაფეებს უთხრა: «თქვენ ნება გაქვთ მოცემული, გაიგოთ ზეციერი სამეფოს [„ღვთის სამეფოს“, მარკოზი 4:11] წმინდა საიდუმლოები» (მათე 13:11). ამ საიდუმლოებში შედიოდა 144 000 ადამიანისგან შემდგარი „მცირე სამწყსოს“ წევრების არჩევა, რათა ისინი ღვთის ძესთან ერთად ყოფილიყვნენ შთამომავლის ნაწილი და მასთან ერთად ზეციდან ემმართველათ (ლუკა 12:32; გამოცხადება 14:1, 4).

13 ვინაიდან ადამიანები დედამიწაზე საცხოვრებლად იყვნენ შექმნილნი, ზეცაში ზოგიერთი ადამიანის წასასვლელად საჭირო იყო, იეჰოვას ისინი „ახალ ქმნილებებად“ შეექმნა (2 კორინთელები 5:17). მოციქული პეტრე, რომელსაც ზეციერი ცხოვრების ეს განსაკუთრებული იმედი ჰქონდა, წერდა: „კურთხეულია ღმერთი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამა, რომელმაც დიდი გულმოწყალებით გვშობა ხელახლა, რათა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მეშვეობით ცოცხალი იმედი გვქონოდა და მიგვეღო უხრწნელი, წაუბილწველი და უჭკნობელი მემკვიდრეობა. ის ზეცაში ინახება თქვენთვის“ (1 პეტრე 1:3, 4).

14. ა) როგორ შეეხო ‘ღვთის სამეფოს შესახებ წმინდა საიდუმლო’ არაებრაელებს? ბ) რა გვაძლევს „ღვთის სიღრმეების“ გაგების შესაძლებლობას?

14 მომავალ სამეფო მთავრობასთან დაკავშირებულ წმინდა საიდუმლოში ისიც შედიოდა, რომ ზეცაში ქრისტესთან ერთად მეფობისთვის მოწოდებულ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის ღმერთი არაებრაელებსაც აირჩევდა. პავლემ ამ საკითხთან დაკავშირებით იეჰოვას „განმგებლობა“ — ანუ ის, თუ როგორ უხელმძღვანელებდა თავისი განზრახვის შესრულებას — შემდეგნაირად ახსნა: „სხვა თაობებში ადამიანთა ძეებისთვის არ გამხდარა ცხადი ეს საიდუმლო, როგორც ახლა გაუმჟღავნდათ სულით მის წმინდა მოციქულებსა და წინასწარმეტყველებს, რომ უცხოტომელები თანამემკვიდრეები, ერთი სხეულის ნაწილები და დანაპირების მოზიარე უნდა იყვნენ ჩვენთან ერთად სასიხარულო ცნობის მეშვეობით ქრისტე იესოსთან ერთობაში“ (ეფესოელები 3:5, 6). წმინდა საიდუმლოს ეს ნაწილი გაუმჟღავნდათ „წმინდა მოციქულებს“. მსგავსად ამისა, წმინდა სულის დახმარების გარეშე ჩვენ ვერ გავიგებდით „ღვთის სიღრმეებს“ (1 კორინთელები 2:10; 4:1; კოლოსელები 1:26, 27).

15, 16. რატომ აირჩია იეჰოვამ ადამიანები ქრისტეს თანამმართველებად?

15 ბიბლიაში ნათქვამია, რომ ზეციერ სიონის მთაზე კრავთან ერთად დგას „ას ორმოცდაოთხი ათასი“, რომლებიც „დედამიწიდან ნაყიდნი“ არიან „როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“, იესო ქრისტესთვის (გამოცხადება 14:1—4). იეჰოვამ მხოლოდშობილი ზეციერი ძე შეარჩია იმისათვის, რომ აღთქმული შთამომავლის ძირითადი ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ რატომ აირჩია მან ქრისტეს თანამმართველებად ადამიანები? მოციქული პავლე ხსნის, რომ ღმერთმა ისინი „მისი [ღვთის] განზრახვით“ „თავისი ნება-სურვილისამებრ“ აირჩია (რომაელები 8:17, 28—30; ეფესოელები 1:5, 11; 2 ტიმოთე 1:9).

16 იეჰოვას მიზანია, განწმინდოს თავისი დიდებული და წმინდა სახელი და ყველასთვის აშკარა გახადოს, რომ აქვს უფლება, იყოს უზენაესი მმართველი. თავისი შეუდარებელი სიბრძნით „განმგებლობისას“, ანუ მოვლენათა განვითარების ხელმძღვანელობისას, იეჰოვამ საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, სადაც ის ბოლომდე გამოიცადა. გარდა ამისა, იეჰოვას განზრახული ჰქონდა, თავისი ძის მესიანურ მთავრობაში ყოფილიყვნენ ის ადამიანებიც, რომლებიც სიკვდილამდე უერთგულებდნენ ღვთის უზენაეს მმართველობას (ეფესოელები 1:8—12; გამოცხადება 2:10, 11).

17. რატომ არის ჩვენთვის სასიხარულო იმის ცოდნა, რომ ქრისტე და მისი თანამმართველები ერთ დროს ადამიანები იყვნენ?

17 თავისი ძის დედამიწაზე გამოგზავნით და მესიანურ მთავრობაში იესოსთან ერთად მმართველობისთვის ადამიანების არჩევით იეჰოვამ ადამის შთამომავლების მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინა. როგორ შეიძლებოდა ამას სარგებლობა მოეტანა იეჰოვას სხვა ერთგული ადამიანებისთვისაც აბელიდან მოყოლებული? კაცობრიობის მიმართ იეჰოვას თავდაპირველი განზრახვის შესასრულებლად საჭირო იქნებოდა ცოდვისა და სიკვდილის მონებად დაბადებულ არასრულყოფილ ადამიანთა სულიერი და ფიზიკური გამოჯანსაღება და სრულყოფილებამდე მიყვანა (რომაელები 5:12). რა მანუგეშებელია ყველასთვის, ვისაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვს, იმის ცოდნა, რომ ღვთის სამეფოს მეფე მათ მიმართ სიყვარულსა და სიკეთეს გამოავლენს ისევე, როგორც ის ამ თვისებებს დედამიწაზე მსახურებისას თავისი მოწაფეების მიმართ ავლენდა! (მათე 11:28, 29; ებრაელები 2:17, 18; 4:15; 7:25, 26). და რა გამამხნევებელია, რომ ზეცაში ქრისტეს თანამმართველი მეფე-მღვდლები იქნებიან ის მორწმუნე ადამიანები, რომლებიც ერთ დროს თავად ებრძოდნენ სისუსტეებს და ისეთივე სირთულეებს ხვდებოდნენ, როგორიც ჩვენ გვაქვს (რომაელები 7:21—25).

იეჰოვას განზრახვის შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის

18, 19. რატომ არის პავლეს მიერ ეფესოელების 1:8—11-ში ჩაწერილი სიტყვები ახლა უფრო ნათელი ჩვენთვის და რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?

18 ახლა ჩვენ უკეთესად გვესმის პავლეს მიერ ცხებული ქრისტიანებისთვის მიწერილი იმ სიტყვების მნიშვნელობა, რომლებიც ეფესოელების 1:8—11-შია ჩაწერილი. პავლემ თქვა, რომ იეჰოვამ ცხებულებს ამცნო „თავისი ნების წმინდა საიდუმლო“, კერძოდ კი ის, რომ ისინი ქრისტესთან ერთად „მემკვიდრეებად“ არიან დანიშნულნი და „განწესებულნი იმისი განზრახვით, ვინც ყველაფერს თავისი ნებისამებრ ამოქმედებს“. ჩვენ გვესმის, რომ ეს შეესაბამება იეჰოვას საოცარ ხელმძღვანელობას, რომლის მიზანიც ღვთიური განზრახვის შესრულებაა. ეს ინფორმაცია აგრეთვე გვეხმარება, გავიგოთ, უფლის გახსენების საღამოზე დამსწრე ქრისტიანთაგან რატომ იღებს სიმბოლოებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა.

19 მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, რას ნიშნავს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანთათვის. აგრეთვე გავიგებთ, რატომ უნდა იყვნენ დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე მილიონები დაინტერესებულნი იმით, თუ რას ასიმბოლოებს გახსენების საღამო.

[სქოლიოები]

^ აბზ. 6 ღვთის სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რადაც უნდა (გამოსვლა 3:14, აქ, სქოლიო).

^ აბზ. 8 პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ ეს „განმგებლობა“, ანუ ხელმძღვანელობა, მის დღეებში უკვე მოქმედებდა, მაშინ როდესაც წმინდა წერილები მიუთითებს, რომ მესიანური სამეფო 1914 წლამდე არ დამყარებულა.

^ აბზ. 9 ღვთის განზრახვის შესრულებასთან დაკავშირებული ამ შეთანხმებების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1989 წლის 1 თებერვლის „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 10—15 (ინგლ.).

გასამეორებლად

• რატომ შექმნა იეჰოვამ დედამიწა და ადამიანები?

• რატომ იყო აუცილებელი, რომ იეჰოვას მხოლოდშობილი ძე გამოცდილიყო დედამიწაზე?

• რატომ აირჩია იეჰოვამ ქრისტეს თანამმართველებად ადამიანები?

[სასწავლო კითხვები]