არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ყველაფრისთვის თავის მოყრა, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა

ყველაფრისთვის თავის მოყრა, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა

ყველაფრისთვის თავის მოყრა, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა

„მოსაწონია მისთვის. . . ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10).

1. რა არის „მოსაწონი“ იეჰოვასთვის ზეცასა და დედამიწასთან დაკავშირებით?

მშვიდობა მთელ სამყაროში! ეს არის იეჰოვას, „მშვიდობის ღმერთის“, დიდებული მიზანი (ებრაელები 13:20). ღვთის შთაგონებით მოციქულმა პავლემ დაწერა, რომ ღვთისთვის „მოსაწონია“ „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“ (ეფესოელები 1:9, 10). რაზე მიუთითებს ამ მუხლში ბერძნული ზმნა, რომელიც ნათარგმნია როგორც „კვლავ მოუყაროს თავი“? ბიბლეისტი ჯ. ბ. ლაიტფუტი აღნიშნავს: „ის მიუთითებს ჰარმონიაზე მთელ სამყაროში, რომელშიც აღარ იქნება უცხო და შეუთავსებადი ელემენტები, და სადაც ყველაფერი თავმოყრილი და გაერთიანებული იქნება ქრისტეში. ცოდვა, სიკვდილი, მწუხარება, წარუმატებლობა და ტანჯვა-წამება აღარ იარსებებს“.

„რაც ზეცაშია“

2. ვინ შედის ‘ყველაფერში, რაც ზეცაშია’, და ვინც თავი უნდა მოიყაროს?

2 მოციქულმა პეტრემ ამგვარად შეაჯამა ჭეშმარიტ ქრისტიანთა დიდებული იმედი: „ჩვენ კი, მისი დაპირებისამებრ, ველით ახალ ცასა და ახალ დედამიწას, რომლებზეც დამკვიდრებული იქნება სიმართლე“ (2 პეტრე 3:13). დაპირებული „ახალი ცა“ მიუთითებს ახალ მთავრობაზე, მესიანურ სამეფოზე. ‘ყველაფერმა, რაც ზეცაშია’ — როგორც პავლემ მოიხსენია ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში — თავი უნდა მოიყაროს „ქრისტეში“. აქ საუბარია ქრისტესთან ზეცაში თანამმართველებად არჩეულ ადამიანებზე, რომელთა რიცხვიც განსაზღვრულია (1 პეტრე 1:3, 4). ეს სულით ცხებული 144 000 ქრისტიანი არის „დედამიწიდან ნაყიდი“, „ადამიანთაგან. . . ნაყიდი“ იმისათვის, რომ ზეციერ სამეფოში ქრისტეს თანამემკვიდრეები იყვნენ (გამოცხადება 5:9, 10; 14:3, 4; 2 კორინთელები 1:21; ეფესოელები 1:11; 3:6).

3. რატომ შეიძლება ითქვას, რომ დედამიწაზე ყოფნის დროსაც კი ცხებულები ‘ბეჭედდასმულნი არიან ზეციერ ადგილებზე’?

3 ცხებული ქრისტიანები ხელახლა იბადებიან წმინდა სულით და იეჰოვას სულიერი ძეები ხდებიან (იოანე 1:12, 13; 3:5—7). ვინაიდან მათ იეჰოვა „შვილებად“ იღებს, ისინი იესოს ძმები ხდებიან (რომაელები 8:15; ეფესოელები 1:5). ფაქტობრივად, დედამიწაზე ყოფნის დროსაც კი ისინი, ასე ვთქვათ, ‘აღდგენილნი არიან და ზეციურ ადგილებზე სხედან ქრისტე იესოსთან ერთობაში’ (ეფესოელები 1:3; 2:6). მათ ეს განსაკუთრებული სულიერი მდგომარეობა უჭირავთ, ვინაიდან ისინი ‘ბეჭედდასმულნი არიან წმინდა სულით, რაც საწინდარია მათი მემკვიდრეობისა’, რომელიც ზეცაში ელოდებათ (ეფესოელები 1:13, 14; კოლოსელები 1:5). ამგვარად, ისინი შეადგენენ ‘ყოველივეს, რაც ზეცაშია’, რომელთა რაოდენობაც იეჰოვას მიერ არის წინასწარ განსაზღვრული და რომლებმაც თავი უნდა მოიყარონ.

იწყება თავის მოყრა

4. როდის და როგორ დაიწყო იმისთვის თავის მოყრა, „რაც ზეცაშია“?

4 იეჰოვას „განმგებლობის“ ანუ მის მიერ ხელმძღვანელობის გაწევის შესაბამისად იმის თავმოყრა, „რაც ზეცაშია“, ‘დანიშნული დროების გასრულებისას’ უნდა დაწყებულიყო (ეფესოელები 1:10). ეს დრო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დადგა. იმ დღეს წმინდა სული გადმოვიდა მოციქულებზე და, აგრეთვე, მოწაფეთა ჯგუფზე, რომელშიც კაცებიც შედიოდნენ და ქალებიც (საქმეები 1:13—15; 2:1—4). ამით ცხადი გახდა, რომ ახალი შეთანხმება ძალაში შევიდა და დაიბადა ქრისტიანული კრება და ახალი ერი — სულიერი ისრაელი, „ღვთის ისრაელი“ (გალატელები 6:16; ებრაელები 9:15; 12:23, 24).

5. რატომ შექმნა იეჰოვამ ხორციელი ისრაელის შემცვლელად ახალი „ერი“?

5 ხორციელ ისრაელთან კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმების შედეგად არ წარმოშობილა „მღვდელთა სამეფო და წმიდა ერი“, რომელიც მარადიულად იმსახურებდა ზეცაში (გამოსვლა 19:5, 6). იესომ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს უთხრა: „წაგერთმევათ ღვთის სამეფო და მიეცემა ერს, რომელიც მის ნაყოფს გამოიღებს“ (მათე 21:43). ეს ერი, სულიერი ისრაელი, იმ ცხებული ქრისტიანებისგან შედგება, რომლებთანაც ახალი შეთანხმება დაიდო. მათ შესახებ მოციქულმა პეტრემ დაწერა: «„რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ» (1 პეტრე 2:9, 10). ხორციელ ისრაელთან იეჰოვას უკვე აღარ ჰქონდა შეთანხმება დადებული (ებრაელები 8:7—13). იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, უპირატესობა, ყოფილიყვნენ მესიანური სამეფოს ნაწილი, წაერთვა მათ და 144 000 წევრისგან შემდგარ სულიერ ისრაელს მიეცა (გამოცხადება 7:4—8).

შეთანხმება სამეფოზე

6, 7. რა განსაკუთრებული შეთანხმება დადო იესომ სულით ცხებულ ძმებთან და რას ნიშნავს ეს მათთვის?

6 მას შემდეგ, რაც იესომ თავისი სიკვდილის გახსენების საღამო დააფუძნა, ერთგულ მოციქულებს უთხრა: „თქვენ ჩემთან ერთად დარჩით განსაცდელში და შეთანხმებას გიდებთ, როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის, რათა ჭამოთ და სვათ ჩემს სუფრაზე ჩემს სამეფოში და ტახტებზე დასხდეთ ისრაელის თორმეტი ტომის გასასამართლებლად“ (ლუკა 22:28—30). იესო აქ მიუთითებდა განსაკუთრებულ შეთანხმებაზე, რომელიც მან 144 000 სულით ცხებულ ძმასთან დადო; ეს ძმები „სიკვდილამდე ერთგული“ დარჩებოდნენ და ‘გაიმარჯვებდნენ’ (გამოცხადება 2:10; 3:21).

7 კონკრეტული რაოდენობის ადამიანებისგან შემდგარი ამ ჯგუფის წევრები თმობენ დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსპექტივას. ისინი ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებენ და ისხდებიან ტახტებზე, საიდანაც კაცობრიობას გაასამართლებენ (გამოცხადება 20:4, 6). ახლა მოდი განვიხილოთ ის ბიბლიური ადგილები, რომლებიც მხოლოდ ცხებულებს ეხება და ცხადყოფს, თუ რატომ არ უნდა მიიღონ „სხვა ცხვრებმა“ სიმბოლოები გახსენების საღამოზე (იოანე 10:16).

8. რაზე მიუთითებენ ცხებულები პურის მიღებით? (იხილეთ ჩარჩო 23-ე გვერდზე).

8 ცხებულები იზიარებენ ქრისტეს ტანჯვას და მზად არიან, მასავით მოკვდნენ. პავლემ, როგორც ამ ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა, აღნიშნა, რომ მზად იყო ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად, ‘რათა შეეძინა ქრისტე, რათა სცნობოდა ის და მისი აღდგომის ძალა და მოზიარეობა ჰქონოდა მის ტანჯვებში’. დიახ, პავლე მზად იყო „მისი სიკვდილის მსგავსი სიკვდილით“ მომკვდარიყო (ფილიპელები 3:8, 10). მრავალმა ცხებულმა ქრისტიანმა გადაიტანა ხორციელ სხეულში „იესოს სასიკვდილო ტანჯვა“ (2 კორინთელები 4:10).

9. რომელი სხეულია წარმოდგენილი გახსენების საღამოზე პურით?

9 უფლის საღამოს დაფუძნებისას იესომ თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს“ (მარკოზი 14:22). ის მიუთითებდა თავის ხორციელ სხეულზე, რომელსაც მალე სცემდნენ და სისხლს ადენდნენ. უფუარი პური მისი სხეულის მართებული სიმბოლო იყო. რატომ? ბიბლიაში საფუარი ცოდვისა და ბოროტების აღსანიშნავად გამოიყენება (მათე 16:4, 11, 12; 1 კორინთელები 5:6—8). იესოს, როგორც სრულყოფილი ადამიანის, ხორციელი სხეული უცოდველი იყო. მან ეს სხეული შერიგების მსხვერპლად გაიღო (ებრაელები 7:26; 1 იოანე 2:2). ამ მსხვერპლიდან სარგებლობის მიღება შეეძლებოდა ყველა ერთგულ ქრისტიანს, ექნებოდა მას ზეცაში წასვლის თუ დედამიწაზე სამოთხეში მარადიულად ცხოვრების იმედი (იოანე 6:51).

10. როგორ არიან ‘ქრისტეს სისხლის მოზიარენი’ ის ადამიანები, რომლებიც გახსენების საღამოზე ღვინოს იღებენ?

10 ღვინოსთან დაკავშირებით, რომელსაც ცხებული ქრისტიანები გახსენების საღამოზე იღებენ, პავლე წერდა: „განა კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სისხლს ვეზიარებით?“ (1 კორინთელები 10:16). როგორ ‘ეზიარებიან ქრისტეს სისხლს’ ის ადამიანები, რომლებიც გახსენების საღამოზე ღვინოს იღებენ? ისინი, რა თქმა უნდა, მონაწილეობას არ იღებენ გამომსყიდველური მსხვერპლის გაღებაში, რადგან მათ თავად სჭირდებათ გამოსყიდვა. ამ ადამიანებს სწამთ იესოს მიერ დაღვრილი სისხლის გამომსყიდველური ძალის, რის გამოც მიეტევებათ ცოდვები და ზეცაში საცხოვრებლად არჩეულ მართლებად ცხადდებიან (რომაელები 5:8, 9; ტიტე 3:4—7). იესოს მიერ დაღვრილი სისხლის საშუალებით მისი 144 000 თანამმართველი „განიწმინდა“, გამოიყო და გასუფთავდა ცოდვისაგან, რათა ‘წმინდები’ იყვნენ (ებრაელები 10:29; დანიელი 7:18, 27; ეფესოელები 2:19). მართლაც, ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლით ხდება ადამიანების ‘ყიდვა’ „ღვთისთვის ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან. . . ღვთის სამეფოდ და მღვდლებად“, რათა ისინი „დედამიწის მმართველები“ იყვნენ (გამოცხადება 5:9, 10).

11. რას ცხადყოფენ ცხებულები უფლის საღამოზე ღვინის მიღებით?

11 თავისი სიკვდილის გახსენების საღამოს დაფუძნებისას იესომ სასმისით ღვინო გადასცა ერთგულ მოციქულებს და უთხრა: «ყველამ შესვით, რადგან ეს ჩემს სისხლს ნიშნავს, „შეთანხმების სისხლს“, რომელიც მრავალთათვის უნდა დაიღვაროს ცოდვების მისატევებლად» (მათე 26:27, 28). როგორც მოზვერთა და ვაცთა სისხლით შევიდა ძალაში ღმერთსა და ისრაელებს შორის კანონის საფუძველზე დადებული შეთანხმება, ისე იესოს სისხლით ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ამოქმედდა იეჰოვას მიერ სულიერ ისრაელთან დადებული ახალი შეთანხმება (გამოსვლა 24:5—8; ლუკა 22:20; ებრაელები 9:14, 15). ღვინის დალევით, რომელიც „შეთანხმების სისხლის“ სიმბოლოა, ცხებულები ცხადყოფენ, რომ ახალი შეთანხმების ერთ-ერთი მხარის წარმომადგენლები არიან და მისგან სარგებლობას იღებენ.

12. რა გაგებით არიან ცხებულები მონათლულნი ქრისტეს სიკვდილში?

12 ცხებულებს ეს კიდევ ერთ რამეს შეახსენებს. იესომ თავის ერთგულ მოწაფეებს უთხრა: „იმ სასმისს, რომელსაც მე ვსვამ, თქვენც შესვამთ და იმ ნათლობით, რომლითაც მე ვინათლები, თქვენც მოინათლებით“ (მარკოზი 10:38, 39). მოგვიანებით მოციქული პავლე ქრისტიანებზე ლაპარაკობდა როგორც ‘ქრისტეს სიკვდილში მონათლულებზე’ (რომაელები 6:3). ცხებულები მსხვერპლად იღებენ საკუთარ ცხოვრებას. მათი სიკვდილი მსხვერპლია იმ გაგებით, რომ ისინი თმობენ დედამიწაზე მარადიულ ცხოვრებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პერსპექტივას. ქრისტეს სიკვდილში ამ ცხებულ ქრისტიანთა მონათვლა მაშინ მთავრდება, როდესაც ერთგულ ქრისტიანად სიკვდილის შემდეგ სულიერ ქმნილებებად მკვდრეთით აღდგებიან, რათა ზეცაში ‘ქრისტესთან ერთად იმეფონ’ (2 ტიმოთე 2:10—12; რომაელები 6:5; 1 კორინთელები 15:42—44, 50).

სიმბოლოების მიღება

13. რატომ არ იღებენ სიმბოლოებს დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანები, მაგრამ რატომ ესწრებიან ისინი გახსენების საღამოს?

13 რადგან გახსენების საღამოზე პურისა და ღვინის მიღება ყოველივე ზემოხსენებულს ნიშნავს, აშკარად უმართებულო იქნებოდა, თუ დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანი მიიღებდა მათ. დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე ქრისტიანებს ესმით, რომ ქრისტეს სხეულის ცხებული წევრები არ არიან და, იესო ქრისტესთან ერთად მეფობისთვის არჩეულთაგან განსხვავებით, იეჰოვას მათთან ახალი შეთანხმება არ დაუდვია. ვინაიდან „სასმისით“ ახალი შეთანხმებაა წარმოდგენილი, მხოლოდ ამ შეთანხმებაში მონაწილეებს შეუძლიათ სიმბოლოების მიღება. ისინი, რომლებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობით სრულყოფილ ადამიანად მარადიულ ცხოვრებას მოელიან დედამიწაზე, არც იესოს სიკვდილში მონათლულან და არც ზეცაში მმართველობისთვის არიან მოწოდებულნი. სიმბოლოების მიღებით ისინი იმას აჩვენებდნენ, რაც სინამდვილე არ იქნებოდა. ამგვარად, ეს ქრისტიანები არ იღებენ სიმბოლოებს, თუმცა გახსენების საღამოს ესწრებიან როგორც ღირსეული დამკვირვებლები. ისინი მადლიერნი არიან ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ მათთვის თავისი ძის მეშვეობით გააკეთა; ამაში შედის ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლის საფუძველზე ცოდვების მიტევებაც.

14. პურისა და ღვინის მიღებით როგორ მტკიცდებიან ცხებულები სულიერად?

14 შედარებით მცირერიცხოვან ქრისტიანთა საბოლოო დაბეჭდვა, რომლებმაც ქრისტესთან ერთად ზეცაში უნდა იმეფონ, დასასრულს უახლოვდება. მსხვერპლად გაღებული მიწიერი ცხოვრების დასრულებამდე გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღებით ცხებულები სულიერად მტკიცდებიან. როგორც ქრისტეს სხეულის წევრები, ისინი თავიანთ ცხებულ ძმებსა და დებთან ერთიანობას გრძნობენ. სიმბოლური მნიშვნელობის მქონე პურისა და ღვინის მიღება მათ შეახსენებს თავიანთ პასუხისმგებლობას, სიკვდილამდე ერთგულნი დარჩნენ (2 პეტრე 1:10, 11).

თავის მოყრა ყველაფრისთვის, „რაც დედამიწაზეა“

15. ვინ იყრის თავს ცხებული ქრისტიანების გვერდით?

15 მეოცე საუკუნის 30-იანი წლებიდან ცხებულებს მხარში უდგება უფრო და უფრო მეტი „სხვა ცხვარი“, რომლებიც „მცირე სამწყსოდან“ არ არიან და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედი აქვთ (იოანე 10:16; ლუკა 12:32; ზაქარია 8:23). ისინი ქრისტეს ძმების ერთგული თანამსახურები გახდნენ და მათ ყველა ერისთვის ‘სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაში’ დიდ დახმარებას უწევენ (მათე 24:14; 25:40). ამგვარად მოქმედებით ისინი საკუთარ თავს იმის შესაძლებლობას აძლევენ, რომ ქრისტემ თავის ‘ცხვრებად’ მიიჩნიოს და ერების გასამართლების დროს ‘მარჯვნივ დაიყენოს’ ანუ კარგი განაჩენი გამოუტანოს (მათე 25:33—36, 46). ვინაიდან ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლისადმი რწმენას ავლენენ, მათგან შეიქმნება „უამრავი ხალხი“, რომლებიც „დიდ გასაჭირს“ გადაიტანენ (გამოცხადება 7:9—14).

16. ვინ შევა იმათ რიცხვში, „რაც დედამიწაზეა“ და როგორ მიეცემა მათ ‘ღვთის შვილებად’ გახდომის შესაძლებლობა?

16 ას ორმოცდაოთხი ათასის საბოლოო დაბეჭდვა გზას გაუხსნის დედამიწაზე არსებული სატანის ბოროტი სისტემის გამანადგურებელ „ქარს“ (გამოცხადება 7:1—4). ქრისტესა და მისი თანამმართველი მეფე-მღვდლების ათასწლიანი მმართველობის დროს უამრავ ხალხს უთვალავი მკვდრეთით აღდგენილი შეუერთდება (გამოცხადება 20:12, 13). მათ მიეცემათ შესაძლებლობა, მარადიულად იყვნენ ქრისტე იესოს მესიანური სამეფოს დედამიწაზე მცხოვრები ქვეშევრდომები. ათასწლიანი მმართველობის ბოლოს ყოველივე, „რაც დედამიწაზეა“, საბოლოოდ გამოიცდება. ისინი, რომლებიც ერთგულებას შეინარჩუნებენ, დედამიწაზე მცხოვრებ „ღვთის შვილებად“ იქნებიან მიღებულნი (ეფესოელები 1:10; რომაელები 8:21; გამოცხადება 20:7, 8).

17. როგორ შესრულდება იეჰოვას განზრახვა?

17 ამგვარად, უაღრესად გონივრული „განმგებლობის“ ანუ ხელმძღვანელობის საშუალებით იეჰოვა შეასრულებს თავის განზრახვას, „ქრისტეში კვლავ მოუყაროს თავი ყველაფერს, რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“. ყველა გონიერი ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, გაერთიანებული იქნება მთელ სამყაროში არსებული მშვიდობით და სიხარულით დაემორჩილება განზრახვების დიდებული ღმერთის, იეჰოვას, სამართლიან უზენაეს მმართველობას.

18. რა სარგებლობას მიიღებენ როგორც ცხებულები, ისე მათი თანამსახურები გახსენების საღამოზე დასწრებით?

18 მართლაც რწმენის განმამტკიცებელი იქნება ცხებულთა მცირერიცხოვანი ჯგუფისა და მათი თანამსახური მილიონობით სხვა ცხვრისთვის 2006 წლის 12 აპრილის შეხვედრა! ისინი, იესოს მითითების თანახმად, აღნიშნავენ ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. იესომ თქვა: „ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“ (ლუკა 22:19). ყველა დამსწრეს უნდა ახსოვდეს, თუ რა გააკეთა იეჰოვამ მათთვის თავისი საყვარელი ძის, ქრისტე იესოს, მეშვეობით.

გასამეორებლად

• რა განზრახვა აქვს ღმერთს იმასთან დაკავშირებით, „რაც ზეცაშია და რაც დედამიწაზეა“?

• ვინ შედის ‘ყველაფერში, რაც ზეცაშია’, და როგორ ხდება მათთვის თავის მოყრა?

• ვინ შედის ‘ყველაფერში, რაც დედამიწაზეა’, და რა პერსპექტივა აქვთ მათ?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 23 გვერდზე]

„ქრისტეს სხეული“

1 კორინთელების 10:16, 17-ში, სადაც საუბარია ქრისტეს ცხებული ძმებისთვის პურის მნიშვნელობაზე, პავლე განსაკუთრებული სახით მოიხსენიებს „სხეულს“. მან თქვა: „განა პური, რომელსაც ვამტვრევთ, იმას არ ნიშნავს, რომ ქრისტეს სხეულს ვეზიარებით? პური ერთია და რადგან ერთ პურსა ვჭამთ, ჩვენც ერთი სხეული ვართ, თუმცა ბევრნი ვართ“. როდესაც ცხებული ქრისტიანები გახსენების საღამოზე იღებენ პურს, ამით საჯაროდ ცხადყოფენ, რომ გაერთიანებულნი არიან ცხებულთა კრებაში, რომელიც შეიძლება შედარებულ იქნეს სხეულთან, რომლის თავიც არის ქრისტე (მათე 23:10; 1 კორინთელები 12:12, 13, 18).

[სურათები 23 გვერდზე]

რატომ იღებენ პურსა და ღვინოს მხოლოდ ცხებულები?

[სურათი 25 გვერდზე]

იეჰოვას ხელმძღვანელობით ყველა ქმნილება, ზეცაში თუ დედამიწაზე, გაერთიანდება.