არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?

ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?

ვინ არიან ჭეშმარიტი ქრისტიანები?

„ქრისტიანობა არსებობს მხოლოდ იქ, სადაც ახსოვთ იესო ქრისტე სწავლებასა და პრაქტიკაში“ (On Being a Christian). ამ სიტყვებში შვეიცარიელი თეოლოგი ჰანს კიუნგი იმას გულისხმობს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანობა არსებობს იქ, სადაც გულწრფელი ადამიანები ცხოვრებაში იყენებენ ქრისტეს სწავლებებს.

მაგრამ, რა მოჰყვება იმას, თუ რომელიმე რელიგიის მიმდევარი აცხადებს, რომ ქრისტეს მიმდევარია, სინამდვილეში კი არ იყენებს ცხოვრებაში ქრისტეს სწავლებებს? ქრისტემ თქვა, რომ ბევრი ჩათვლიდა თავს ქრისტიანად. ისინი სხვადასხვა საქმით შეეცდებოდნენ, დაემტკიცებინათ, რომ მას ემსახურებოდნენ და იტყოდნენ: „განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვდევნიდით დემონებს და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს?“ მაგრამ, როგორი რეაქცია ექნებოდა იესოს? ის მსჯავრს დებს მათ: „არასოდეს გიცნობდით თქვენ! გამშორდით, უკანონობის მოქმედნო“ (მათე 7:22, 23).

მართლაც, რა მკაცრად აფრთხილებს იესო „უკანონობის მოქმედთ“, რომლებიც აცხადებენ, რომ მისი მიმდევრები არიან! განვიხილოთ ორი ძირითადი მოთხოვნა, რისი შესრულებაც საჭიროა იმისათვის, რომ იესომ ჭეშმარიტ ქრისტიანად აღიაროს ადამიანი და არა უკანონობის მოქმედად.

„თქვენ შორის არსებული სიყვარული“

„ახალ მცნებას გაძლევთ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, ამას თქვენ შორის არსებული სიყვარულით გაიგებს ყველა“. ეს არის პირველი მოთხოვნა, რისი შესრულებაც მართებთ ქრისტიანებს (იოანე 13:34, 35).

იესო თავისი მიმდევრებისგან მოითხოვს, რომ გულწრფელად უყვარდეთ ერთმანეთი და სხვები. საუკუნეების განმავლობაში ბევრი ქრისტიანი ასრულებდა ამ მოთხოვნას. მაგრამ, რა შეიძლება ითქვას იმ რელიგიებზე, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტიანები არიან? ავლენდნენ საუკუნეების განმავლობაში მათი მიმდევრები სიყვარულს ურთიერთ შორის? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, ისინი დიდ როლს თამაშობდნენ უამრავ ომსა თუ კონფლიქტში, სადაც უდანაშაულო ადამიანთა სისხლი იღვრებოდა (გამოცხადება 18:24).

მსგავსი რამ დღემდე გრძელდება. ერებს, რომლებიც აცხადებენ, რომ ქრისტიანები არიან, დიდი წვლილი მიუძღვით მე–20 საუკუნეში ორი მსოფლიო ომის დროს ადამიანთა ხოცვა–ჟლეტაში. არც ისე დიდ ხნის წინ, 1994 წელს ეგრეთ წოდებული ქრისტიანული ეკლესიის წევრებმა დიდი როლი ითამაშეს რუანდაში მომხდარ საშინელ გენოციდში. „ისინი, რომლებიც მტრულად იყვნენ ერთმანეთისადმი განწყობილნი, რასაც შემაძრწუნებელი ფორმით ავლენდნენ, — წერს ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი არქიეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ. — ერთი რწმენის ადამიანები იყვნენ. უმეტესობა კი ქრისტიანი იყო“.

„თუ ჩემს სიტყვაში რჩებით“

თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ — ეს არის მეორე მოთხოვნა (იოანე 8:31, 32).

იესო თავისი მიმდევრებისგან მოელის, რომ ისინი ‘მის სიტყვაში დარჩებიან’, ანუ მისი სწავლების ერთგულნი იქნებიან. მართალია რელიგიური წინამძღოლები აცხადებენ, რომ ქრისტეს კვალს მიჰყვებიან, მაგრამ „უფრო მეტად ბერძნულ შეხედულებებს იზიარებენ“, — აღნიშნავს თეოლოგი ჰანს კიუნგი. მათ განსხვავებული სწავლებები შემოიღეს, როგორიცაა სულის უკვდავება, განსაწმედელი და მარიამისადმი თაყვანისცემა; ასევე შექმნეს სამღვდელოების კლასი. ეს იდეები მათ წარმართული რელიგიებიდან და ფილოსოფიიდან გადმოიღეს (1 კორინთელები 1:19—21; 3:18—20).

რელიგიურმა წინამძღოლებმა აგრეთვე სამების შესახებ ბუნდოვანი სწავლება დაამკვიდრეს, მაშინ როცა იესოს არასოდეს უთქვამს, რომ მამის თანასწორი იყო. ამ სწავლებით მათ ადამიანები ჩამოაშორეს იესოს მამის — იეჰოვას — თაყვანისცემას, ვისზეც იესო ყოველთვის ამახვილებდა ყურადღებას (მათე 5:16; 6:9; იოანე 14:28; 20:17). „როდესაც იესო ღმერთის შესახებ საუბრობდა, — წერს ჰანს კიუნგი, — ის პატრიარქ აბრაამის, ისაკის და იაკობის ღმერთს, იაჰვეს, გულისხმობდა . . . მისთვის ის იყო ერთადერთი, ერთპიროვნული ღმერთი“. დღეს ცოტა თუ აღიარებს იესოს მამად და ღმერთად იაჰვეს ანუ იეჰოვას, რომელიც ამ სახელით არის ცნობილი ქართულ ენაში!

რელიგიური ლიდერები არ იზიარებენ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით იესოს ბრძანებას. იესოს დროს გალილეა „ნაციონალიზმის ცენტრი იყო“, — აღნიშნავს მწერალი ტრევორ მოროუ. ბევრი იუდეველი პატრიოტი ბრძოლებში ღებულობდა მონაწილეობას პოლიტიკური და რელიგიური თავისუფლების მოპოვების მიზნით. უთხრა იესომ თავის მოწაფეებს, რომ ასეთ ბრძოლებში უნდა მიეღოთ მონაწილეობა? არა. პირიქით, მან თქვა: „ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ“ (იოანე 15:19; 17:14). ნეიტრალიტეტის დაცვის ნაცვლად, ეკლესიის წინამძღოლებმა, როგორც ირლანდიელი მწერალი ჰიუბერტ ბატლერი აღნიშნავს, „საომარი და პოლიტიკური იდეოლოგია“ შემოიღეს. ის წერს: „ქრისტიანობა, რომელიც პოლიტიკაში ერევა, სახელმწიფოს თითქმის ყოველთვის უწყობს ხელს სამხედრო საკითხებში. და, როდესაც სახელმწიფო მოღვაწეები და რელიგიური წინამძღოლები შეთანხმებამდე მიდიან, ეკლესია ქვეყნის სამხედრო ძალებს აკურთხებს“.

ცრუმასწავლებლები უარყოფენ იესოს

პავლე მოციქული გაფრთხილებას იძლეოდა ჭეშმარიტი ქრისტიანობიდან განდგომის შესახებ. მან თქვა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ მათ შორის, რომლებიც თავს ქრისტიანებად აცხადებდნენ, „ულმობელი მგლები“ იჩენდნენ თავს და ‘უკუღმართად ილაპარაკებდნენ, რათა თან გაეყოლათ მოწაფეები’ (საქმეები 20:29, 30). ‘ისინი ყველას წინაშე აღიარებდნენ, რომ იცნობენ ღმერთს’, მაგრამ სინამდვილეში ‘საქმეებით უარყოფდნენ მას’ (ტიტე 1:16). მოციქული პეტრეც იძლეოდა გაფრთხილებას, რომ ცრუმასწავლებლები ‘შემოაპარებდნენ დამღუპველ სექტანტობას და თავიანთ პატრონსაც კი უარყოფდნენ, რომელმაც იყიდა ისინი’. მათი თავაშვებული ქცევა, როგორც პეტრე მოციქულმა თქვა, სხვებს აღძრავდა, ‘დაეგმოთ ჭეშმარიტების გზა’ (2 პეტრე 2:1, 2). ასეთი სახით იესოს უარყოფა, ამბობს ბერძენი მეცნიერი უილიამ ვაინი, ნიშნავს „განდგომილებითა და ცრუ სწავლებების გავრცელებით მამისა და ძის უარყოფას“.

როგორი რეაქცია ექნება იესოს, როდესაც ისინი, რომლებიც მის მოწაფეებად მიიჩნევენ თავს, შეგნებულად ‘არ დარჩებიან მის სიტყვაში’ — არ შეასრულებენ იესოს სხვა მოთხოვნებს? ის გაფრთხილებას იძლეოდა: „ვინც სხვების წინაშე უარმყოფს, მას მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე“ (მათე 10:33). რასაკვირველია, იესო არ უარყოფს მას, ვინც შეცდომებს უშვებს და, ამავე დროს, გულწრფელად სურს, მისი ერთგული იყოს. მაგალითად, თუმცა მოციქულმა პეტრემ იესო სამჯერ უარყო, მოინანია და მას ეპატია შეცდომა (მათე 26:69—75). მაგრამ, იესო უარყოფს იმ რელიგიის მიმდევრებს, რომლებიც ცხვრის სამოსში გადაცმული მგლები არიან — თავს ისე აჩვენებენ, რომ იესოს მიმდევრები არიან, სინამდვილეში კი შეგნებულად და გამუდმებით უარყოფენ მის სწავლებებს. ასეთ ცრუმასწავლებლებს, როგორც იესომ თქვა, „თავიანთი ნაყოფით იცნობთ“ (მათე 7:15—20).

განდგომილებამ თავი იჩინა

როდის გამოჩნდნენ ცრუ ქრისტიანები? ქრისტეს სიკვდილიდან მცირე ხნის შემდეგ. იესო აფრთხილებდა თავის მიმდევრებს, რომ სატანა ეშმაკი „სარეველას“ დათესავდა „კარგ თესლს“ შორის, ანუ ცრუ ქრისტიანები გამოჩნდებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის, რომლებიც იესომ თავისი მსახურების დროს „დათესა“ (მათე 13:24, 25, 37—39). მოციქული პავლე ქრისტიანებს აფრთხილებდა იმ ცრუმასწავლებლების შესახებ, რომლებიც მის დროს უკვე არსებობდნენ. იესო ქრისტეს სწავლებებისგან განდგომის ძირითადი მიზეზი ის იყო, როგორც პავლე მოციქულმა თქვა, რომ მათ სინამდვილეში „არ შეიყვარეს ჭეშმარიტება“ (2 თესალონიკელები 2:10).

მოციქულები გაბედულად იცავდნენ განდგომილებისგან ჭეშმარიტ ქრისტიანობას მთელი ცხოვრების განმავლობაში. მათი სიკვდილის შემდეგ რელიგიურმა წინამძღოლებმა „ყოველგვარი სასწაულით, ცრუ ნიშნით, საკვირველებითა და ყოველგვარი უმართლო ცდუნებით“ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ჩამოაშორეს ჭეშმარიტებას, რომელსაც იესო და მისი მოციქულები ასწავლიდნენ (2 თესალონიკელები 2:3, 6—12). მალე პირველი ქრისტიანული კრება რელიგიურმა ორგანიზაციებმა შეცვალა, რაც ინგლისელი ფილოსოფოსის ბერტრან რასელის აზრით, „განაცვიფრებდა იესოს და პავლე მოციქულსაც კი“.

ჭეშმარიტი ქრისტიანობა განახლდა

ფაქტები ბევრს ცხადყოფს. მოციქულების სიკვდილის შემდეგ, ბევრი რამ, რაც ქრისტიანობის სახელით ხდება, არ ირეკლავს ქრისტეს სწავლებებს. თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ ქრისტე არ ასრულებს დანაპირებს, რომ თავის მიმდევრებთან იყოს „ყოველდღე . . . ამ სისტემის აღსასრულამდე“ (მათე 28:20). შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ მას შემდეგ, რაც იესომ ეს სიტყვები წარმოთქვა, ყოველთვის იყვნენ ერთგული ადამიანები, რომლებიც „ქრისტეს შესახებ ცოდნას როგორც სწავლებაში, ასევე პრაქტიკაში იყენებდნენ“. იესო ქრისტე ასრულებს დანაპირებს, მხარს უჭერს მათ, რომლებიც ძალისხმევას ახმარენ იმას, რომ გამოავლინონ ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის დამახასიათებელი სიყვარული და დარჩნენ იესოს სწავლებების ერთგულნი.

უფრო მეტიც, იესო დაგვპირდა, რომ ამ სისტემის აღსასრულის ბოლო დღეებში ერთგულ მოწაფეებს თავს მოუყრიდა ერთ კრებაში, რომლის ამოცნობაც ადვილად შესაძლებელი იქნებოდა და, რომელიც მის ნებას შეასრულებდა (მათე 24:14, 45—47). ის დღეს სწორედ ამ კრების საშუალებით კაცებისგან, ქალებისა და ბავშვებისგან შემდგარ „უამრავ ხალხს“ უყრის თავს „ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან“; იესო „ერთი მწყემსის“ ანუ თავისი წინამძღოლობის საშუალებით „ერთ სამწყსოდ“ აერთიანებს მათ (გამოცხადება 7:9, 14—17; იოანე 10:16; ეფესოელები 4:11—16).

ამიტომ, მოდი არ ვიქონიოთ საერთო იმ რელიგიებთან, რომლებიც უკვე ორიათას წელზე მეტია, რაც ქრისტეს სახელსა და ქრისტიანობას შეურაცხყოფენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც იესო ქრისტემ უთხრა მოციქულ იოანეს, ‘[მათ] წყლულებს მიიღებთ’, როცა ღმერთი ახლო მომავალში დასჯის მათ (გამოცხადება 1:1; 18:4, 5). იყავით გადაწყვეტილებით აღსავსე, იყოთ მათ შორის, ვის შესახებაც წინასწარმეტყველი მიქა წერდა, რომ „უკანასკნელ დღეებში“ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები — ჭეშმარიტი ქრისტიანობის მიმდევრები — მოუსმენდნენ ღვთის მითითებებს და ‘ივლიდნენ მისი [განახლებული წმინდა თაყვანისცემის] ბილიკებით’ (მიქა 4:1—4). ამ ჟურნალის გამომცემლები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან ჭეშმარიტი ქრისტიანობის პოვნაში.

[სურათები 5 გვერდზე]

რატომ არ მონაწილეობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები ომებში?

[საავტორო უფლებები დაცულია 5 გვერდზე]

Soldiers, left: U.S. National Archives photo; flamethrower, right: U.S. Army Photo

[სურათები 7 გვერდზე]

‘გიყვარდეთ ერთმანეთი’ და ‘ჩემს სიტყვაში დარჩით’ — ეს არის ძირითადი მოთხოვნები, რისი შესრულებაც მართებთ ჭეშმარიტ ქრისტიანებს.