არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ ცხოვრობს ქრისტეს სწავლებების თანახმად დღეს?

ვინ ცხოვრობს ქრისტეს სწავლებების თანახმად დღეს?

ვინ ცხოვრობს ქრისტეს სწავლებების თანახმად დღეს?

ბევრი მიიჩნევს, რომ იესო ქრისტე ოდესმე მცხოვრებთაგან ერთ-ერთი ყველაზე დიდებული ადამიანია. სხვები კი აღიარებენ, რომ იესო ერთადერთი დიდებული ადამიანია. დაახლოებით ორი ათასი წელია, რაც მისი სწავლებები დიდ გავლენას ახდენს „როგორც კეთილი, კარგი ადამიანების ცხოვრებაზე, რომლებიც შეუმჩნეველნი არიან, ასევე ისეთ ადამიანებზეც, რომლებიც საქველმოქმედო საქმეებს ეწევიან“, — ამბობს ინგლისელი მწერალი მელვინ ბრეგი.

სხვადასხვა შეხედულებები ქრისტიანობის შესახებ

რა შეხედულებები არსებობს ქრისტიანობაზე? მიიჩნევენ, რომ ის არის „სულიერ სფეროში კაცობრიობის ერთ-ერთი უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი“. ქალაქ გლაზგოს (შოტლანდია) უნივერსიტეტის თანამშრომელმა დეივიდ კელსოუმ დაწერა: „ქრისტიანობამ თავისი არსებობის ორი ათასი წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ხელოვნების, არქიტექტურის, ფილოსოფიის, მუსიკისა და სოციალური სფეროს განვითარებას“.

ბევრს ქრისტიანობასთან დაკავშირებით განსხვავებული თვალსაზრისი აქვს. თუმცა ისინი არ უარყოფენ, რომ ქრისტიანობა „არის რელიგია, რომელიც დაფუძნებულია იესო ქრისტეს სწავლებებზე, და რწმენა, რომ იესო იყო ღვთის ძე“, როგორც ამას ერთი ლექსიკონი განმარტავს (Collins Cobuild). მათ არ მოსწონთ იმ რელიგიის მიმდევართა საქმეები, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან.

მაგალითად, მე-19 საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს აზრით, ქრისტიანობამ „კაცობრიობის ისტორიას სამარცხვინო ლაქა დააჩნია. ის არის უდიდესი ზიანის, უზნეობის წყარო... ის მიზნის მისაღწევად მალულად მიმართავს უმნიშვნელო საკითხებშიც კი ბოროტებასა და უპატიოსნობას“. მართალია, ნიცშეს რადიკალური შეხედულებები ჰქონდა, მაგრამ ბევრი გონიერი დამკვირვებელი მსგავს დასკვნამდე მივიდა. რატომ? საუკუნეების განმავლობაში ისინი, რომლებიც ქრისტიანებად აცხადებდნენ თავს, იესო ქრისტეს თვისებებს კი არ ირეკლავდნენ, არამედ ფართოდ გავრცელებულ „უზნეობას, შემაძრწუნებელ დანაშაულებსა და მკრეხელობას სჩადიოდნენ“.

ირეკლავს ქრისტიანობა ქრისტეს სწავლებებს?

გონივრულია დაგებადოთ კითხვა: „არის ქრისტე მათთან, რომლებიც თავს ქრისტიანებად თვლიან?“ ზოგმა შეიძლება მაშინვე უპასუხოს: «რა თქმა უნდა! განა არ შეჰპირდა ის თავის მიმდევრებს, რომ მათთან იქნებოდა „ქვეყნის დასასრულამდე“?» (მათე 28:20, სსგ). დიახ, ქრისტემ სწორედ ასე თქვა. მაგრამ, იგულისხმა იესომ ის, რომ არ გაითვალისწინებდა პიროვნების საქმეებს და მასთან იქნებოდა, ვინც თავს მის მიმდევრად ჩათვლიდა?!

გავიხსენოთ იესოს დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ღმერთი მათთან იყო. რადგან ღმერთმა ისრაელი განსაკუთრებული მისიის შესასრულებლად აირჩია, ზოგი რელიგიური წინამძღოლი ფიქრობდა, რომ რაც უნდა გაეკეთებინათ, ღმერთი არასოდეს მიატოვებდა მათ (მიქა 3:11). საბოლოოდ, იქამდეც კი მივიდნენ, რომ ღვთის კანონები და პრინციპები უარყვეს. შედეგად, იესომ მათ პირდაპირ უთხრა: „აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად“ (მათე 23:38). მთელმა რელიგიურმა სისტემამ ღვთის კეთილგანწყობილება დაკარგა. ღმერთმა უარყო ისინი და ნება დართო რომაელებს, ახ. წ. 70 წელს გაენადგურებინათ იერუსალიმი და იქ მდებარე ტაძარი.

შეიძლება მსგავსი რამ მოხდეს ქრისტიანობაში? მოდი განვიხილოთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მართებთ იესოს მიმდევრებს, რომ დაპირებისამებრ, ის მათთან იყოს „ქვეყნის დასასრულამდე“.

[სურათი 3 გვერდზე]

იესო ქრისტეს სწავლებები დიდ გავლენას ახდენს მთელ მსოფლიოში მცხოვრებ მილიონობით ადამიანზე.