არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვიცით, რა არის სწორი და ასე ვიქცევით

ვიცით, რა არის სწორი და ასე ვიქცევით

ბიოგრაფია

ვიცით, რა არის სწორი და ასე ვიქცევით

მოგვითხრო ჰეიდენ სანდერსონმა

ერთხელ იესომ თავის მოციქულებს უთხრა: „თუ ეს იცით, ბედნიერები ხართ, როცა ასე იქცევით“ (იოანე 13:17). ჩვენ შესაძლოა ვიცით, რა არის სწორი, მაგრამ დროდადრო გვიჭირს ასე მოქცევა. 40 წელი მისიონერად ვიმსახურე. ახლა 80 წელს ვარ გადაცილებული და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ იესოს სიტყვები ჭეშმარიტია. ღვთის ნებასთან შეთანხმებულად ცხოვრებას ნამდვილად მოაქვს ბედნიერება. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ, რატომ.

ჩემმა მშობლებმა 1925 წელს მშობლიურ ქალაქ ნიუკასლში (ავსტრალია) ბიბლიური მოხსენება მოისმინეს. მაშინ სამი წლის ვიყავი. მოხსენების მოსმენის შემდეგ, რომლის სათაური იყო „დღეს მცხოვრები მილიონები არასდროს მოკვდებიან“, დედა დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და ქრისტიანულ შეხვედრებზე რეგულარულად დაიწყო დასწრება. მამას კი ბიბლიისადმი ინტერესი სწრაფად გაუნელდა. ის წინააღმდეგობას უწევდა დედას, რადგან მისი ახალშეძენილი რწმენა არ მოსწონდა. მამა ემუქრებოდა დედას, რომ მიგვატოვებდა, თუ რწმენას არ უარყოფდა. დედას უყვარდა მამა და ოჯახის შენარჩუნება უნდოდა. მიუხედავად ამისა, მან გადაწყვიტა ის გაეკეთებინა, რაც ღვთის თვალში სწორი იყო, რადგან იცოდა, რომ ღვთისადმი მორჩილება უფრო მნიშვნელოვანია (მათე 10:34—39). მამამ მიგვატოვა. ამის შემდეგ მას იშვიათად ვხედავდი.

ძალიან ვაფასებ დედის მიერ გამოვლენილ ღვთისადმი ერთგულებას. მისი გადაწყვეტილების წყალობით, მე და ჩემი უფროსი და, ბიულა, კურთხევების მომტან გზას დავადექით. ასევე ჩვენ ვისწავლეთ, რომ უნდა შევეცადოთ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რომ სწორია.

რწმენის გამოცდა

ბიბლიის მკვლევარები (ასე ეწოდებოდათ მაშინ იეჰოვას მოწმეებს) ჩვენს ოჯახს ძალიან უჭერდნენ მხარს. ბებია საცხოვრებლად ჩვენთან გადმოვიდა და ბიბლიური ჭეშმარიტება მანაც მიიღო. ის და დედაჩემი განუყრელი თანამშრომლები გახდნენ სამქადაგებლო მსახურებაში. სათანადო საქციელითა და ხალხისადმი გულთბილი დამოკიდებულებით მათ სხვების კეთილგანწყობა მოიპოვეს.

ასაკოვანი ქრისტიანი ძმები ძალიან ზრუნავდნენ ჩემზე. მათგან ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე. მალე ვისწავლე სამქადაგებლო ბარათების გამოყენება, რომლებზეც მოკლე ცნობა იყო მოცემული და მათ კარდაკარ ვთავაზობდი მობინადრეებს. პორტატიული გრამოფონის მეშვეობით ბიბლიურ მოხსენებებს ვასმენინებდი ხალხს და ქალაქის მთავარ ქუჩაში პლაკატებით ვქადაგებდი. ეს ჩემთვის ადვილი არ იყო, რადგან შიში მეუფლებოდა. მიუხედავად ამისა, გადავწყვიტე ის მეკეთებინა, რაც ვიცოდი, რომ სწორი იყო.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბანკში დავიწყე მუშაობა. მისვლა მიწევდა ახალი სამხრეთ უელსის შტატში მდებარე ამ ბანკის სხვადასხვა ფილიალებში. ქვეყნის ამ ნაწილში ბევრი მოწმე არ იყო, მაგრამ ადრე ნასწავლი რწმენის შენარჩუნებაში დამეხმარა. დედისგან მიღებული გამამხნევებელი წერილები სულიერად მაძლიერებდა.

ამ წერილებმა დროული დახმარება გამიწია. მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ჯარში გამიწვიეს. ბანკის მენეჯერი, სადაც მე ვმუშაობდი, ეკლესიაში რეგულარულად დადიოდა; ამავე დროს ის ადგილობრივი სამხედრო სამსახურის მეთაური იყო. მას ჩემი ქრისტიანული პოზიციის შესახებ ვესაუბრე, რის შემდეგაც არჩევნის წინაშე დამაყენა. მან მითხრა, რომ ან რელიგია დამეტოვებინა ან სამსახური. სიტუაცია მაშინ გამწვავდა, როცა ჯარში გამწვევ ადგილობრივ პუნქტში გამოვცხადდი. ბანკის მენეჯერიც იქ იმყოფებოდა. როცა მაგიდას მივუახლოვდი გარკვეულ საბუთებზე ხელის მოსაწერად, მან დიდი ინტერესით დამიწყო ყურება. იქ მყოფი ოფიციალური პირები ძალიან გაბრაზდნენ, ომში გასაწვევ ქაღალდებზე ხელი რომ არ მოვაწერე. ამან სიტუაცია უფრო გაამწვავა, მაგრამ გადავწყვიტე ის გამეკეთებინა, რაც სწორი იყო. იეჰოვას დახმარებით შევძელი სიმშვიდისა და სიმტკიცის შენარჩუნება. მოგვიანებით, როცა გავიგე, რომ მეძებდნენ, სწრაფად ჩავაწყვე ნივთები და ქალაქი დავტოვე.

ნიუკასლში დაბრუნების შემდეგ სასამართლოს წინაშე წარვდექი შვიდ ძმასთან ერთად, რომლებმაც სამხედრო სამსახურზე უარი თქვეს. მოსამართლემ სამი თვით პატიმრობა და მძიმე შრომა მოგვისაჯა. მართალია ციხეში ბევრი რამის ატანა მომიწია, მაგრამ იმის კეთებამ, რაც სწორი იყო, კურთხევები მომიტანა. გათავისუფლების შემდეგ, თანამორწმუნე ჰილტონ უილკინსონმა, რომელიც საკანში ჩემთან ერთად იჯდა, თავის ფოტოატელიეში მუშაობა შემომთავაზა. იქ შევხვდი ჩემს მომავალ მეუღლეს, მელოდის, რომელიც რეგისტრატორად მუშაობდა. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე, თავი მივუძღვენი იეჰოვას და მოვინათლე.

ვიწყებთ სრული დროით მსახურებას

დაქორწინების შემდეგ მე და მელოდიმ ნიუკასლში ფოტოატელიე გავხსენით. დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ვატარებდით. ამან კი ჩვენი ფიზიკური ჯანმრთელობა შეარყია და სულიერადაც მოგვასუსტა. ამ პერიოდში თეოდორ იარაჩი, რომელიც იმ დროს ავსტრალიაში, იეჰოვას მოწმეთა ფილიალში, მსახურობდა (ახლა ხელმძღვანელი საბჭოს წევრია), მსახურების გაფართოების შესახებ გვესაუბრა. ამ საუბრის შემდეგ ფოტოატელიის გაყიდვა და ცხოვრების გამარტივება გადავწყვიტეთ. 1954 წელს მსუბუქ ავტომანქანაზე მისაბმელი ვაგონი შევიძინეთ; ქალაქ ბალარატში, ვიქტორიის შტატში, გადავედით საცხოვრებლად და პიონერობა ანუ სრული დროით მსახურება დავიწყეთ.

ბალარატში პატარა კრებაში ვმსახურობდით. იეჰოვამ აკურთხა ჩვენი ძალისხმევა და წელიწად–ნახევარში კრებაზე დამსწრეთა რიცხვი 17–დან 70–მდე გაიზარდა. ამის შემდეგ სარაიონო ზედამხედველად დამნიშნეს სამხრეთ ავსტრალიაში. მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქალაქ ადელაიდაში და მდინარე მარის ახლოს ღვინისა და ციტრუსების რეგიონებში დიდი სიამოვნებით ვინახულებდით კრებებს. ჩვენი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა! მოსიყვარულე და–ძმებთან თანამშრომლობა დიდი სიხარულს გვანიჭებდა. მართლაც, დიდი კურთხევა მოჰქონდა იმის კეთებას, რაც ვიცოდით, რომ სწორი იყო!

ვიწყებთ მისიონერულ მსახურებას

1958 წელს ავსტრალიის ფილიალს ვაცნობეთ, რომ გვსურდა, ნიუ–იორკში დავსწრებოდით საერთაშორისო კონგრესს, დევიზით, „ღვთის ნება“, რომელიც ამავე წელს, მოგვიანებით უნდა ჩატარებულიყო. მათ კი შეერთებულ შტატებში მისიონერების მოსამზადებელ სკოლა „გალაადში“ სწავლის მსურველთა ანკეტები გამოგვიგზავნეს. რადგან 35–ს უკვე გადაცილებულნი ვიყავით, ვფიქრობდით, რომ გალაადის სკოლაში არ მიგვიწვევდნენ. მიუხედავად ამისა, ანკეტები მაინც გავგზავნეთ და „გალაადის“ 32–ე კლასში მიგვიწვიეს. ნახევარი კურსის გავლის შემდეგ ინდოეთში დაგვნიშნეს მისიონერებად. მართალია, თავიდან ვნერვიულობდით, მაგრამ მაინც სიხარულით შევუდექით ახალი დავალების შესრულებას, რადგან გვინდოდა ის გვეკეთებინა, რაც სწორი იყო.

1959 წელს ბომბეიში (ახლანდელი მუმბაი) დილით ადრე ჩავედით გემით. ასობით მუშას ნავსადგურში ღია ცის ქვეშ ეძინა. ჰაერში უცნაური სუნი ტრიალებდა. როცა მზემ დააცხუნა, მივხვდით, თუ რა კლიმატთან მოგვიწევდა შეგუება. ასეთი სიცხე ჩვენთვის ძალიან უცხო იყო! მისიონერმა წყვილმა, ლინტონ და ჯენი დაუერებმა, რომლებიც ჩვენთან ერთად ბალარატში სრული დროით მსახურობდნენ, გულთბილად მიგვიღეს. მათ მიგვიყვანეს ქალაქის ცენტრთან ახლოს მდებარე პატარა შენობაში, რომლის ზედა სართულზე ბეთელის ოჯახი ცხოვრობდა. იქ ექვს ბეთელელთან ერთად ვცხოვრობდით. ძმა ედვინ სკინერმა, რომელიც 1926 წლიდან მისიონერად მსახურობდა ინდოეთში, გვირჩია, რომ ტილოს ორი სამგზავრო ჩანთა გვეყიდა. ეს ჩანთები ძალიან მოსახერხებელი იყო, რადგან მასში ყველანაირი ნივთის ჩადება შეიძლებოდა. ასეთ ჩანთებს ბევრს იხილავდით ინდოეთის მატარებლებში და შემდგომში, მგზავრობის დროს ჩვენც ბევრჯერ გამოვიყენეთ.

მატარებლით ორდღიანი მგზავრობის შემდეგ ჩავედით ქალაქ თირუჩირაპალში, რომელიც მადრასის (ახლანდელი ტამილნადი) სამხრეთით მდებარეობს. იქ შევხვდით სამ ინდოელ სპეციალურ პიონერს, რომლებიც 250 000 მოსახლისგან შემდგარ ტერიტორიაზე ქადაგებდნენ. იქ საცხოვრებელი პირობები უბრალო იყო. ერთხელ ძალიან მცირე თანხა, ოთხ დოლარზე ნაკლები, დაგვრჩა. ცოტა ხანში ესეც დავხარჯეთ, მაგრამ იეჰოვას არ მივუტოვებივართ. ერთმა პიროვნებამ, რომელიც ბიბლიას სწავლობდა, ფული გვასესხა, რათა შეხვედრების ჩასატარებლად ბინა დაგვექირავებინა. ერთხელ, როცა საკვები შემოგვაკლდა, მეზობელმა სახლში გაკეთებული ინდური საჭმელი „კარრი“ მოგვიტანა. საერთოდ ეს კერძი ძალიან მომწონდა, მაგრამ ის ისეთი ცხარე იყო, რომ სლოკინი დამაწყებინა.

სამქადაგებლო მსახურება

თირუჩირაპალში ზოგი ინგლისურად, უმრავლესობა კი ტამილურ ენაზე ლაპარაკობდა. ბევრს ვმეცადინეობდით, რომ სამქადაგებლო მსახურებაში უბრალო შეთავაზებები ტამილურ ენაზე გაგვეკეთებინა. ჩვენს ძალისხმევას ამაოდ არ ჩაუვლია და ბევრი ადგილობრივი მცხოვრების კეთილგანწყობა მოვიპოვეთ.

კარდაკარ მსახურება განსაკუთრებით გვიყვარდა. ინდოელები სტუმართმოყვარენი არიან. მრავალი მათგანი შინ გვიპატიჟებდა და გვიმასპინძლდებოდა. ხშირად ტემპერატურა 40°C–მდე ადიოდა, ამიტომ ძალიან ვაფასებდით მათ სტუმართმოყვარეობას. ქადაგების დაწყებამდე ხალხთან პირად საკითხებზე ვიწყებდით საუბარს, როგორც ეს ინდოეთშია მიღებული. მობინადრეები ხშირად გვისვამდნენ ასეთ კითხვებს: საიდან ხართ? გყავთ შვილები? როცა იგებდნენ, რომ შვილები არ გვყავდა, გვთავაზობდნენ, რომ გამოცდილი ექიმისთვის მიგვემართა. ასეთი საუბრები გაცნობის შესაძლებლობას გვაძლევდა. ამის შემდეგ ყურადღებას სამქადაგებლო საქმიანობაზე ვამახვილებდით და ვუხსნიდით, რომ ბიბლიის თანახმად ეს მნიშვნელოვანი დავალება იყო.

უმრავლესობა, ვისთანაც ვქადაგებდით, ინდუიზმის მიმდევარი იყო. მათი სწავლებები ძალიან განსხვავდება ქრისტიანულისგან. ინდუსების ფილოსოფიურ სწავლებებზე კამათის ნაცვლად, მათ სასიხარულო ცნობას ვუქადაგებდით. ამას კარგი შედეგები მოჰყვა. ექვს თვეში დაახლოებით ოცმა ადამიანმა დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება მისიონერთა სახლში. მათ შორის იყო ინჟინერ–მშენებელი ნალათჰამბი. მოგვიანებით ის და მისი ვაჟი, ვიჯაიალენი, დაახლოებით 50 ადამიანს დაეხმარნენ, გამხდარიყვნენ იეჰოვას მსახურები. ვიჯაიალენი გარკვეული პერიოდი ინდოეთის ფილიალშიც მსახურობდა.

მუდმივი მგზავრობა

დაახლოებით ექვსი თვის მსახურების შემდეგ ინდოეთში პირველად მე დავინიშნე საოლქო ზედამხედველად. მთელ ინდოეთში ორგანიზება უნდა გამეწია კონგრესებისთვის და მეთანამშრომლა ცხრა სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ჯგუფთან. ეს საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო. ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი, რაც ექვსი თვის მანძილზე დაგვჭირდებოდა, ჩავაწყვეთ სამ სკივრსა და ტილოს ჩანთებში, რომლებიც მგზავრობის დროს მართლაც კარგ სამსახურს გვიწევდნენ. მადრასიდან (ახლანდელი ჩენაი) მატარებლით გავემგზავრეთ. იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც ჩვენ ვმსახურობდით, დაახლოებით 6 500 კმ–ს მოიცავდა, ამიტომ მუდმივი გადაადგილება გვიწევდა. მაგალითად, ერთხელ ინდოეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ბანგალორში კვირას კონგრესს დავესწარით და აქედან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ დარჯილინგში, ჰიმალაის მთისძირში, გავემგზავრეთ. მომდევნო კვირაში იქ უნდა ჩატარებულიყო კონგრესი. დარჯილინგამდე დაახლოებით 2 700 კმ იყო. ხუთი მატარებელი გამოვიცვალეთ, რომ დანიშნულების ადგილამდე მივსულიყავით.

მგზავრობისას ხალხს ვაჩვენებდით კინოფილმს „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“. ამ ფილმის მეშვეობით ისინი ეცნობოდნენ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის მასშტაბებს. ასეთი ფილმის საყურებლად ხშირად ასობით ადამიანი მოდიოდა. ერთხელ ფილმი გზასთან შეკრებილ ხალხს ვაჩვენეთ. ცოტა ხანში მოიღრუბლა; ეს კი იმაზე მიანიშნებდა, რომ მალე გაწვიმდებოდა. გამახსენდა, ერთი შემთხვევა, როცა ფილმის შეწყვეტა მომიწია, რამაც ხალხის უკმაყოფილება გამოიწვია. ამიტომ გადავწყვიტე, ამჯერად ცოტა აჩქარებულად გამეგრძელებინა ფილმის ჩვენება. საბედნიეროდ, მხოლოდ ფილმის დამთავრების შემდეგ გაწვიმდა.

წლების განმავლობაში მე და მელოდის ინდოეთის უმეტეს ნაწილში მოგვიწია მგზავრობა. ეს სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას ჰგავდა, რადგან ყველგან სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდნენ. თითოეული მხარე განსხვავებული საჭმლით, ჩაცმულობითა და პეიზაჟით გამოირჩეოდა. მართლაც რა საოცარ მრავალფეროვნებას ვხედავთ იეჰოვას შემოქმედებაში! ინდოეთის ბუნებაც სწორედ ამის დამადასტურებელია. როცა ნეპალის ჯუნგლებში გავჩერდით, ძალიან ლამაზი ცხოველის, ვეფხვის, ცქერით დავტკბით. ასეთი სურათის ხილვამ სამოთხეში ცხოვრების სურვილი გაგვიძლიერა, სადაც ცხოველებსა და ადამიანებს შორის სრული მშვიდობა იქნება გამეფებული.

თეოკრატიული წინსვლა ინდოეთში

ინდოეთში იმ დროს ძმებს უფრო მეტად სჭირდებოდათ, იეჰოვას ორგანიზაციაში არსებულ მითითებებს მიჰყოლოდნენ. ზოგ კრებაში მამაკაცები ერთ მხარეს ჯდებოდნენ, ქალები კი — მეორე მხარეს. კრებები იშვიათად იწყებოდა თავის დროზე. ერთ ტერიტორიაზე მაუწყებლები კრებაზე მაშინ მიდიოდნენ, როცა ზარი დარეკავდა. სხვაგან კი კრების დაწყების დროს მზეზე დაკვირვებით იგებდნენ. კონგრესები და მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება რეგულარულად არ ტარდებოდა. ძმებს ძალიან უნდოდათ იმის კეთება, რაც სწორი იყო, მაგრამ მათ სწავლება სჭირდებოდათ.

1959 წელს იეჰოვას ორგანიზაციაში სამეფო მსახურების სკოლა დაფუძნდა. ეს სკოლა დაეხმარა სარაიონო ზედამხედველებს, სპეციალურ პიონერებს, მისიონერებსა და კრების უხუცესებს, რომ პასუხისმგებლობები უფრო ეფექტურად შეესრულებინათ. როცა ინდოეთში 1961 წელს სკოლა ჩამოყალიბდა, სკოლის მასწავლებელი ვიყავი. თანდათანობით ასეთი მომზადების წყალობით მთელ ქვეყანაში კრებები ძლიერდებოდა და სულიერად სწრაფად მიიწევდა წინ. როცა ძმებმა გაიგეს, რა იყო სწორი, ღვთის სული აღძრავდა მათ ასე მოქცეულიყვნენ.

დიდი კონგრესებიც ძალიან გამამხნევებელი იყო. ასეთი შეხვედრები ერთიანობას უწყობდა ხელს. ამ კონგრესებიდან ყველაზე მეტად აღსანიშნავი იყო საერთაშორისო კონგრესი „მარადიული სასიხარულო ცნობა“, რომელიც 1963 წელს ქალაქ ახალ დელში ჩატარდა. ინდოეთში მცხოვრებმა მრავალმა მოწმემ ათასობით კილომეტრი გაიარა, და ზოგმა მათგანმა მთელი დანაზოგი დახარჯა, რომ ამ კონგრესს დასწრებოდა. ამ შეხვედრას 27 ქვეყნიდან ჩამოსული 583 დელეგატიც დაესწრო. ადგილობრივი მოწმეები პირველად შეხვდნენ ამდენ და–ძმას ერთად.

1961 წელს მე და მელოდი ბომბეის ბეთელის ოჯახში მიგვიწვიეს. მოგვიანებით ამ ფილიალის კომიტეტის წევრი გავხდი. ამის შემდეგ სხვა დანიშნულებაც მივიღე. წლების განმავლობაში აზიასა და ახლო აღმოსავლეთში სამხარეო ზედამხედველად ვმსახურობდი. რადგან სამქადაგებლო საქმიანობა ბევრ ქვეყანაში აკრძალული იყო, ადგილობრივი მაუწყებლები „გველივით ფრთხილნი და მტრედივით უწყინარნი“ უნდა ყოფილიყვნენ (მათე 10:16).

რიცხობრივი ზრდა და ცვლილებები

1959 წელს, როცა ინდოეთში პირველად ჩავედით, იქ 1 514 აქტიური მაუწყებელი იყო. დღეს კი მათი რიცხვი 24 000–ზე მეტია. ამან განაპირობა ბეთელის ოჯახის ორჯერ გადასვლა ჯერ ბომბეიში, შემდეგ კი ბომბეისთან ახლოს მდებარე ახალ შენობებში. 2002 წლის მარტში ბეთელის ოჯახი კვლავ გადავიდა ახალ კომპლექსში, რომელიც ინდოეთის სამხრეთით, ბანგალორთან ახლოს, აშენდა. ამ ახალ კომპლექსში ბეთელის ოჯახის 240 წევრი მსახურობს და ბიბლიური ლიტერატურა 20 ენაზე ითარგმნება.

მე და მელოდი დიდი სიამოვნებით გადავიდოდით ბანგალორში, მაგრამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო 1999 წელს ავსტრალიაში მოგვიწია წასვლა. ახლა სიდნეის ფილიალში ვმსახურობთ. ინდოეთი დავტოვეთ, მაგრამ საყვარელ მეგობრებსა და სულიერ შვილებს ძალიან დიდი სიყვარულით ვიხსენებთ. ძალიან გვიხარია, როცა მათგან წერილებს ვიღებთ.

მე და მელოდიმ 50 წელზე მეტი გავატარეთ სრული დროით მსახურებაში და ბევრი კურთხევებიც მივიღეთ. ადრე ჩვენი საქმიანობა ადამიანების ფოტოებზე აღბეჭდვა იყო, მაგრამ შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი საქმიანობით დავკავდით — ადამიანებს ვეხმარებოდით, რომ ღვთის მეხსიერებაში დარჩენილიყვნენ. მართლაც რა შესანიშნავი შედეგები მოჰყვა იმას, რომ გადავწყვიტეთ, ღვთის ნება პირველ ადგილზე დაგვეყენებინა! დიახ, იმის კეთებას, რაც ღვთის თვალში სწორია, ნამდვილად მოაქვს ბედნიერება!

[რუკა 15 გვერდზე]

(სრულად გაფორმებული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

ახალი დელი

დარჯილინგი

ინდოეთი

ბომბეი (მუმბაი)

ბანგალორი

მადრასი (ჩენაი)

თირუჩირაპალი

[სურათები 13 გვერდზე]

ჰეიდენი და მელოდი, 1942 წელი.

[სურათი 16 გვერდზე]

ბეთელის ოჯახი ინდოეთში, 1975 წელი.