არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„იფხიზლეთ ყველაფერში“

„იფხიზლეთ ყველაფერში“

„იფხიზლეთ ყველაფერში“

«გულუბრყვილოს [„გამოუცდელს“, აქ] სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს» (იგავები 14:15).

1, 2. ა) რას გვასწავლის სოდომში მომხდარი ლოტის შემთხვევა? ბ) რა იგულისხმება სიტყვაში „სიფხიზლე“.

როდესაც აბრაამმა ლოტს შესთავაზა, აერჩია ადგილი დასასახლებლად, მან არჩევანი წყალუხვ და ‘უფლის სამოთხის’ მსგავს მხარეზე შეაჩერა. ერთი შეხედვით, ის იდეალური ადგილი იყო, რადგან „ამოირჩია ლოტმა თავისთვის იორდანეს მთელი ხეობა“ და სოდომის მახლობლად კარავში ოჯახთან ერთად დასახლდა. მაგრამ, გარეგნულმა შეფასებამ ლოტი შეცდომაში შეიყვანა, რადგან „მკვიდრნი სოდომისა ბოროტები იყვნენ და ძალზე სცოდავდნენ ღვთის წინაშე“ (დაბადება 13:7—13). ამ ყველაფერს შედეგად ის მოჰყვა, რომ ლოტის ოჯახმა მძიმე დანაკარგი განიცადა. ბოლოს კი ლოტს და მის ქალიშვილებს არასასურველ პირობებში, გამოქვაბულში, მოუწიათ ცხოვრება (დაბადება 19:17, 23—26, 30). ის, რაც ლოტის თვალში გარეგნულად ძალიან კარგი ჩანდა, სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა.

2 ლოტის ისტორიიდან ღვთის დღევანდელ მსახურებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ. გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა დავფიქრდეთ იმ საშიშროებებზე, რომლებიც შეიძლება ამას მოჰყვეს. ამასთანავე, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ შეგვაცდინოს გარეგნულმა ფაქტორებმა. ღვთის სიტყვა მართებულად მოგვიწოდებს: „იფხიზლეთ ყველაფერში“ (1 პეტრე 1:13). ბიბლიის მკვლევარ რ. ს. ჰ. ლენსკის აზრით, სიფხიზლე „გონების მშვიდი, სტაბილური მდგომარეობაა, როცა შეგვიძლია ავწონდავწონოთ და სწორად შევაფასოთ არსებული გარემოება და, ასეთნაირად, სწორი გადაწყვეტილებები მივიღოთ“. განვიხილოთ რამდენიმე სიტუაცია, როდესაც ჩვენი მხრიდან სიფხიზლის გამოვლენაა საჭირო.

საქმიანი წინადადების შემოთავაზებისას

3. რატომ არის სიფხიზლის გამოვლენა საჭირო, თუ ბიზნესში პარტნიორობას გვთავაზობენ?

3 დავუშვათ, კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნება, შესაძლოა თანაქრისტიანი, ბიზნესში პარტნიორობას გთავაზობთ. ის ენთუზიაზმით საუბრობს მომავალ წარმატებებზე და მოგიწოდებთ, სწრაფად დათანხმდეთ მის წინადადებას, რათა ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. შეიძლება იფიქროთ, რომ, თუ შემოთავაზებულ წინადადებას მიიღებთ, თქვენს ოჯახს უკეთესი ცხოვრების შესაძლებლობა მიეცემა. შესაძლოა ისიც დაასკვნათ, რომ სულიერი ინტერესებისთვის უფრო მეტი დრო დაგრჩებათ. მაგრამ იგავების 14:15 გვაფრთხილებს: «გულუბრყვილოს [„გამოუცდელს“, აქ] სწამს ყოველი სიტყვა, გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯს». ხშირად ახალ საქმეს იმდენად ენთუზიაზმით იწყებენ, რომ მხედველობიდან რჩებათ ფულის დაკარგვის ალბათობა, პრობლემები, რომლებმაც შეიძლება შიგადაშიგ იჩინოს თავი, და წინასწარგანუჭვრეტელი ფაქტორები (იაკობი 4:13, 14). მართლაც, რამდენად მნიშვნელოვანია ასეთ დროს სიფხიზლის გამოვლენა!

4. როგორ შეგვიძლია ‘დავაკვირდეთ ჩვენს ნაბიჯებს’ საქმიანი წინადადების შემოთავაზებისას?

4 გონიერი ადამიანი კარგად აწონ–დაწონის შემოთავაზებულ წინადადებას და ისე მიიღებს გადაწყვეტილებას (იგავები 21:5). ხშირად ასეთი მიდგომისას იმ საშიშროებების დანახვაც შეიძლება, რომლებიც ერთი შეხედვით არ ჩანს. განვიხილოთ ასეთი შემთხვევა. დავუშვათ, ვინმე რაიმე საქმის წამოსაწყებად ფულს გთხოვთ და გეუბნებათ, რომ ვალს მაღალი პროცენტით დაგიბრუნებთ. შეიძლება მიმზიდველი წინადადებაა, მაგრამ ღირს გარისკვა? თანახმაა მსესხებელი, ფული უკან იმ შემთხვევაშიც დაგიბრუნოთ, თუ საქმე კარგად ვერ წაუვა? თუ ვალის დაბრუნება ბიზნესის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შეგიძლიათ შეეგუოთ ფულის დაკარგვას, თუ მსესხებელს ბიზნესი ჩაუვარდება? ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რატომ მომმართა ფულის სასესხებლად მე, ნაცვლად იმისა, რომ ბანკიდან აეღო კრედიტი? ბანკი ეჭვის თვალით ხომ არ უყურებს მის გეგმებს?“ ასეთ კითხვებზე დაფიქრება დაგეხმარებათ, რეალურად შეაფასოთ შემოთავაზებული წინადადება (იგავები 13:16; 22:3).

5. ა) რა გონივრული ნაბიჯი გადადგა იერემიამ, როცა მინდორი იყიდა? ბ) საქმიანი გარიგებისას რატომ არის კარგი ხელშეკრულების წერილობითი სახით გაფორმება?

5 როდესაც წინასწარმეტყველმა იერემიამ მინდორი იყიდა თავისი ბიძაშვილისგან, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი იყო, მოწმეების თვალწინ ნასყიდობის საბუთი შეადგინა (იერემია 32:9—12). გონიერი პიროვნება იზრუნებს იმაზე, რომ ნებისმიერი საქმიანი გარიგება, თუნდაც ეს ახლო ნათესავებთან და თანამორწმუნეებთან იყოს დადებული, ოფიციალურად, წერილობითი სახით გააფორმოს *. ასეთი დოკუმენტი, რომელშიც გასაგებად იქნება ახსნილი ხელშეკრულების პირობები, თავიდან აგაცილებთ გაუგებრობებს და ერთიანობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ხოლო, როცა ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, ზოგჯერ იეჰოვას მოწმეებს შორის პრობლემები წამოიჭრება. სამწუხაროდ, ასეთმა პრობლემებმა შეიძლება გული გვატკინოს, გაგვანაწყენოს და სულიერობაც კი დაგვაკარგვინოს.

6. რატომ უნდა დავიცვათ თავი სიხარბისგან?

6 ქრისტიანებმა სიხარბისგანაც უნდა დაიცვან თავი (ლუკა 12:15). სარფიანი მოგების მოლოდინმა ადამიანს შეიძლება თვალები აუხვიოს და მან ვეღარ დაინახოს საფრთხე, რომელიც სარისკო საქმეს მოჰყვება. ასეთ მახეში ისინიც კი გაებნენ, რომლებსაც სერიოზული პასუხისმგებლობები ეკისრათ იეჰოვას ორგანიზაციაში. ღვთის სიტყვა გვაფრთხილებს: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არასოდეს დაგტოვებ და არ მიგატოვებ“» (ებრაელები 13:5). შემოთავაზებულ წინადადებაზე ფიქრისას ქრისტიანმა საკუთარ თავს უნდა ჰკითხოს: „ნამდვილად აუცილებელია ამ საქმეში ჩაბმა?“ უბრალო ცხოვრებითა და იეჰოვას მსახურებაზე კონცენტრირებით თავიდან ავიცილებთ „ყოველგვარ ბოროტებას“ (1 ტიმოთე 6:6—10).

დაუქორწინებლობით გამოწვეული სირთულეები

7. ა) რა სირთულეებს ხვდება ბევრი დაუქორწინებელი ქრისტიანი? ბ) როგორ ვლინდება ღვთისადმი ჩვენი ერთგულება ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას?

7 იეჰოვას ბევრ მოწმეს ძალიან სურს დაქორწინება, მაგრამ ცხოვრების შესაფერის თანამგზავრს ჯერ არ შეხვედრია. ზოგ ქვეყანაში საზოგადოება დიდ ზეწოლას ახდენს დაუქორწინებლებზე. თანამორწმუნეებს შორის ცხოვრების თანამგზავრის პოვნა შეიძლება არც ისე იოლია (იგავები 13:12). მიუხედავად ამისა, ქრისტიანებს ესმით, რომ ბიბლიური მითითებისადმი მორჩილებით, დაქორწინდნენ მხოლოდ „უფალში“, იეჰოვასადმი ერთგულებას ავლენენ (1 კორინთელები 7:39). დაუქორწინებელმა ქრისტიანებმა საზოგადოების ზეწოლასა და ცდუნებას რომ გაუძლონ, ყველაფერში უნდა იფხიზლონ.

8. რა ზეწოლას განიცდიდა სულამითი და როგორ შეიძლება ქრისტიანი და დღესაც აღმოჩნდეს მსგავსი პრობლემის წინაშე?

8 ბიბლიის წიგნში „ქებათა ქება“ მოხსენიებულია სოფელში მცხოვრები ერთი უბრალო გოგონა, სულამითი, რომელმაც მეფის ყურადღება მიიპყრო. ქალიშვილის გულის მოგებას მეფე სიმდიდრით, პრესტიჟითა და საქებარი სიტყვებით ცდილობს. მაგრამ სულამითს სხვა მამაკაცი უყვარს (ქებათა ქება 1:9—11; 3:7—10; 6:8—10, 13). შეიძლება ასეთ სიტუაციაში ქრისტიანი დაც აღმოჩნდეს. თანამშრომელმა ან თქვენმა უფროსმა შესაძლოა კომპლიმენტებით აგავსოთ და თქვენი გულისთვის უკან არაფერზე დაიხიოს. ის შეიძლება ყოველთვის თქვენთან ყოფნის შესაძლებლობებს ეძებდეს. უფრთხილდით ასეთ „სასიამოვნო ყურადღებას“. მართალია, ასეთი ყურადღების მიზეზი ყოველთვის რომანტიკული გრძნობები ან ხორციელი სურვილების დაკმაყოფილება არ არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს ასეა. სულამითის მსგავსად, იყავით „ზღუდე“ (ქებათა ქება 8:4, 10). მტკიცედ უარყავით არასასურველი ყურადღება. თანამშრომლებს თავიდანვე უთხარით, რომ იეჰოვას მოწმე ხართ და მათთან დასამოწმებლად შესაძლებლობები ეძებეთ. ეს თქვენთვის დამცავ „ზღუდესავით“ იქნება.

9. რომელია ზოგი ის საშიშროება, რომელიც ინტერნეტით გაცნობას მოჰყვება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო 25–ე გვერდზე).

9 დღეს პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტის ვებ–საიტები, რომლებიც დაუქორწინებლებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში ეხმარება. ზოგი თვლის, რომ მხოლოდ ამ გზით შეიძლება იმ ადამიანის გაცნობა, რომელსაც სხვანაირად ვერასოდეს შეხვდებოდა. თუმცა, უცნობ ადამიანთან ურთიერთობის გაბმას სერიოზული საშიშროებები მოჰყვება. ინტერნეტში რთულია სიმართლის ტყუილისგან გარჩევა (ფსალმუნები 25:4). სინამდვილეში, ყველა არ არის იეჰოვას მოწმე, ვინც ამას აცხადებს. ამას გარდა, ინტერნეტით სწრაფად შეიძლება ვინმეს მიმართ გრძნობები განგვივითარდეს; ამან კი შესაძლოა განსჯის უნარი დაგვაკარგვინოს (იგავები 28:26). ინტერნეტით იქნება თუ სხვა საშუალებით, არაგონივრულია იმ ადამიანთან დაახლოება, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი იცით (1 კორინთელები 15:33).

10. როგორ შეუძლიათ თანამორწმუნეებს დაუქორწინებლების გამხნევება?

10 იეჰოვას „სათუთი გრძნობები აქვს“ თავისი მსახურების მიმართ (იაკობი 5:11). მან იცის, რომ ქრისტიანებს, რომლებიც მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დაუქორწინებლები არიან, დროდადრო გულგატეხილობა ეუფლებათ. ის აფასებს მათ ერთგულებას. როგორ შეუძლიათ სხვებს დაუქორწინებლების გამხნევება? ყოველთვის უნდა შევაქოთ ისინი ღვთისადმი მორჩილებისა და თავგანწირული სულისკვეთებისთვის (მსაჯულთა 11:39, 40). ასევე შეგვიძლია ისინი გამამხნევებელ შეხვედრებზე დავპატიჟოთ. ბოლოს როდის გააკეთეთ ეს? გარდა ამისა, შეგვიძლია ვილოცოთ და ვთხოვოთ იეჰოვას, რომ დაეხმაროს მათ სულიერი სიმტკიცის შენარჩუნებასა და სიხარულით მსახურებაში. მათ მიმართ გამოვლენილი გულწრფელი ინტერესით ვაჩვენებთ, რომ ღვთის ეს ერთგული მსახურები ჩვენთვის ისეთივე ძვირფასნი არიან, როგორიც იეჰოვასთვის (ფსალმუნები 36:28).

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პირისპირ

11. რა სირთულეებს ვაწყდებით ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემების დროს?

11 მართლაც დამამწუხრებელია, როდესაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემებს ვხვდებით ან, როცა ჩვენს ახლობლებს უწევთ რაიმე ავადმყოფობასთან ბრძოლა (ესაია 38:1—3). ეფექტური მკურნალობის ძიებისას მნიშვნელოვანია ბიბლიური პრინციპების გათვალისწინება. მაგალითად, ქრისტიანები ემორჩილებიან ბიბლიურ მითითებას და თავს იკავებენ სისხლის გადასხმისგან; ასევე ერიდებიან დიაგნოზის დასმისა და მკურნალობის ისეთ მეთოდებს, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული (საქმეები 15:28, 29; გალატელები 5:19—21). თუმცა მას, ვინც სათანადოდ ვერ ერკვევა მედიცინაში, შეიძლება გაუჭირდეს მკურნალობის მეთოდის შერჩევა. რა დაგვეხმარება ვიფხიზლოთ ყველაფერში?

12. როგორ შეუძლია ქრისტიანს შეინარჩუნოს გაწონასწორებული თვალსაზრისი მკურნალობის მეთოდების შერჩევისას?

12 ბიბლიისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების გამოკვლევით „გონიერი . . . აკვირდება თავის ნაბიჯს“ (იგავები 14:15). იმ ქვეყნებში, სადაც საავადმყოფოებისა და ექიმების სიმცირეა, მკურნალობის ერთადერთი ხელმისაწვდომი საშუალება შეიძლება ტრადიციული მედიცინა იყოს, რაშიც ბალახებით მკურნალობა იგულისხმება. თუ არჩევანს ასეთ მკურნალობაზე შეაჩერებთ, უნდა დაფიქრდეთ შესაძლო საშიშროებებზე *. მაგალითად, შეიძლება საჭირო გახდეს იმის გარკვევა, მიმართავს თუ არა ადგილობრივი ექიმბაში სპირიტიზმს. მკურნალობა იმ რწმენას ხომ არ ეფუძნება, რომ ავადმყოფობისა და სიკვდილის მიზეზი ღმერთების ან წინაპართა სულების განაწყენებაა? ან ჩვენს ავადმყოფობას ჯადოს ხომ არ აბრალებენ, რომელიც მტრებმა გაგვიკეთეს? წამლის მომზადების პროცედურაში მსხვერპლშეწირვა, მაგიური ლოცვები ან სპირიტიზმთან დაკავშირებული სხვა რიტუალები ხომ არ არის ჩართული? (მეორე რჯული 18:10—12). ასეთი გამოკვლევა დაგვეხმარება, ყურად ვიღოთ ბიბლიური რჩევა: „ყველაფერი შეამოწმეთ; კარგს ჩაეჭიდეთ“ * (1 თესალონიკელები 5:21). ასეთნაირად, მკურნალობასთან დაკავშირებით გაწონასწორებულ თვალსაზრისს შევინარჩუნებთ.

13, 14. ა) როგორ შეგვიძლია კეთილგონიერების გამოვლენა საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისას? ბ) რატომ არის კეთილგონიერება საჭირო ჯანმრთელობასა და სამედიცინო საკითხებზე მსჯელობისას?

13 კეთილგონიერება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში უნდა გამოვავლინოთ, მათ შორის ჯანმრთელობაზე ზრუნვისას (ფილიპელები 4:5). თუ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზომიერების ფარგლებში ვზრუნავთ, ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ღვთის ძვირფას ძღვენს — სიცოცხლეს. როცა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს ვაწყდებით, ცხადია, შესაბამის ზომებს ვიღებთ. თუმცა, ისიც გვახსოვს, რომ სრულყოფილი ჯანმრთელობის მიღწევა შეუძლებელია მანამ, სანამ „ხალხების განსაკურნავად“ ღვთის დანიშნული დრო არ დადგება (გამოცხადება 22:1, 2). ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჯანმრთელობაზე გადამეტებულ ფიქრს უფრო მნიშვნელოვანი — სულიერი ინტერესები არ შევწიროთ (მათე 5:3; ფილიპელები 1:10).

14 გაწონასწორება და კეთილგონიერება მაშინაც გვმართებს, როცა სხვებთან ჯანმრთელობაზე ან სამედიცინო საკითხებზე ვმსჯელობთ. ასეთი საკითხები ჩვენი მსჯელობის ძირითად თემად არ უნდა იქცეს კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე. გარდა ამისა, მკურნალობასთან დაკავშირებული ჩვენი გადაწყვეტილება ხშირად ბიბლიურ პრინციპებთან, სინდისთან და იმასთან არის დაკავშირებული, თუ როგორი ურთიერთობა გვაქვს იეჰოვასთან. ამიტომ, სიყვარულის გამოვლენა არ იქნება, თუ თანამორწმუნეს თავს მოვახვევთ ჩვენს პირად აზრს ან ვაიძულებთ, უარყოს საკუთარი სინდისის ხმა. მართალია, რჩევებისთვის შეგვიძლია მოწიფულ ქრისტიანებს მივმართოთ, მაგრამ თითოეულმა ‘თავისი სატარებელი უნდა ატაროს’ და გადაწყვეტილება თავად მიიღოს, რადგან „ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს ღვთის წინაშე“ (გალატელები 6:5; რომაელები 14:12, 22, 23).

სტრესთან გამკლავებისას

15. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე სტრესულმა სიტუაციამ?

15 სტრესის დროს იეჰოვას ერთგული მსახურიც კი შეიძლება არაგონივრულად მოიქცეს ან მან არასათანადოდ ილაპარაკოს (ეკლესიასტე 7:7). მძიმე განსაცდელისას იობმა რაღაც მომენტში წონასწორობა დაკარგა. ამის გამო, მას აზროვნების შეცვლა მოუწია (იობი 35:2, 3; 40:6—8). მიუხედავად იმისა, რომ „მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან“, ერთხელ ის განრისხდა და დაუფიქრებლად ილაპარაკა (რიცხვნი 12:3; 20:7—12; ფსალმუნები 105:32, 33). დავითმა სამაგალითო თავშეკავება გამოავლინა და არ მოკლა მეფე საული, მაგრამ, როცა ნაბალმა შეურაცხყო და მისი მსახურები გალანძღა, ის გამწარდა და განსჯის უნარი დაკარგა. განსჯის უნარი მას მხოლოდ მაშინ დაუბრუნდა, როცა საქმეში აბიგაილი ჩაერია. შედეგად დავითმა სისხლისღვრას აარიდა თავი (1 მეფეთა 24:2—7; 25:9—13, 32, 33).

16. რა დაგვეხმარება რისხვისგან თავშეკავებაში?

16 ჩვენც შეიძლება აღმოვჩნდეთ სტრესულ სიტუაციაში და განსჯის უნარი დავკარგოთ. თუ დავითის მსგავსად ყურადღებით ავწონ-დავწონით სხვების ნათქვამს, შეიძლება თავიდან ავიცილოთ განრისხება და ცოდვის ჩადენა (იგავები 19:2). ღვთის სიტყვა გვირჩევს: „თუ აღშფოთდებით, ნუ შესცოდავთ. გულში თქვით, თქვენს საწოლში, და ჩუმად იყავით“ (ფსალმუნები 4:4, აქ [4:5]). გონივრულია, ბოლომდე მოვითმინოთ და როცა დავმშვიდდებით, მერე მივიღოთ გადაწყვეტილება (იგავები 14:17, 29). შეგვიძლია იეჰოვას მივმართოთ მხურვალე ლოცვით „და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს [ჩვენს] გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილიპელები 4:6, 7). ღვთის მშვიდობა დაგვამშვიდებს და დაგვეხმარება, ვიფხიზლოთ ყველაფერში.

17. ყველაფერში რომ ვიფხიზლოთ, რატომ უნდა ვიყოთ იეჰოვაზე დაიმედებულნი?

17 მართალია, ძალიან ვცდილობთ, გონივრულად მოვიქცეთ და თავიდან ავიცილოთ საშიშროებები, მაგრამ შეცდომებს მაინც ყველა ვუშვებთ (იაკობი 3:2). გაუთვითცნობიერებლად დამღუპველი ნაბიჯიც კი შეიძლება გადავდგათ (ფსალმუნები 18:13, 14). გარდა ამისა, ადამიანებს არც უნარი გვაქვს და არც უფლება, იეჰოვასგან დამოუკიდებლად ვიაროთ და სწორად წარვმართოთ ჩვენი ნაბიჯები (იერემია 10:23). რამდენად მადლიერნი ვართ, რომ იეჰოვა გვარწმუნებს: „გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე“ (ფსალმუნები 31:8). დიახ, იეჰოვას დახმარებით შევძლებთ, ყველაფერში ვიფხიზლოთ.

[სქოლიოები]

^ აბზ. 5 წერილობითი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ 1997 წლის 1 აგვისტოს ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30, 31; 1987 წლის 15 აპრილის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 16, 17 (რუს.) და 1983 წლის 8 თებერვლის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 13—15 (ინგლ.).

^ აბზ. 12 სასარგებლო ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ 1994 წლის 15 დეკემბრის „საგუშაგო კოშკში“, გვ. 19—22 (რუს.).

^ აბზ. 12 ასეთი მიდგომა ასევე სასარგებლო იქნება მათთვის, რომლებიც განიხილავენ ზოგიერთი დაავადების მკურნალობის სადავო ალტერნატიულ ვარიანტებს.

როგორ უპასუხებდით?

როგორ შეგვიძლია ვიფხიზლოთ

• საქმიანი წინადადებების შემოთავაზებისას?

• ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას?

• ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების პირისპირ?

• სტრესთან გამკლავებისას?

[სასწავლო კითხვები]

[ჩარჩო 25 გვერდზე]

შეგიძლიათ ენდოთ?

ინტერნეტის ვებ-საიტებზე, რომლებიც დაუქორწინებლებს ცხოვრების თანამგზავრის პოვნაში ეხმარება, წაიკითხავთ:

„ჩვენი დიდი მცდელობის მიუხედავად, პიროვნებების ნამდვილი ვინაობის დადგენის გარანტიას არ ვიძლევით“.

„ჩვენი მომსახურება არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ამ საიტზე არსებული ინფორმაცია ზუსტი, სრული და სასარგებლო იქნება“.

„მოცემულ საიტზე შემოთავაზებული შეხედულებები, რჩევები, წინადადებები ან სხვა სახის ინფორმაცია ჩვენგან არ მომდინარეობს . . . და ყოველთვის საიმედო არ არის“.

[სურათი 23 გვერდზე]

„გონიერი . . . აკვირდება თავის ნაბიჯს“.

[სურათები 24 გვერდზე]

როგორ შეუძლიათ ქრისტიან ქალებს, მიბაძონ სულამითს?

[სურათი 26 გვერდზე]

„ყველაფერი შეამოწმეთ; კარგს ჩაეჭიდეთ“.